Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-342(კ-25) 21 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ს-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ს-ემ 2023 წლის 9 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDPP 3 23 00000005 ბრძანების (გ. ს-ის ნაწილში) ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ცაგერის რაიონის სოფელ ...ში, რომელიც მიჩნეულია მეწყერსაშიშ ზონად. მან ჯერ კიდევ 2014 წელს მიმართა განცხადებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო საცხოვრებლის მოძიება მოითხოვა. 2015 წლის შეფასების ფორმის მიხედვით, გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს მიენიჭა დაზიანების მეორე კატეგორია. შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად კი, გ. ს-ის ოჯახს, საბოლოოდ, ჯამურად განესაზღვრა 14 ქულა.

2022 წლის 22 სექტემბერს კვლავ განხორციელდა გ. ს-ის ოჯახის ადგილზე გადამოწმება. სხდომის ოქმში აღინიშნა, რომ განმცხადებელს ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №58-ში 1970 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა ბინა, რომელიც 2013 წელს გადაუფორმა შვილს - ე. ს-ეს. შედეგად, 2023 წელს სააგენტომ გამოსცა ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა მას განაცხადის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, რადგან ჰქონდა შესაძლებლობა შეუფერხებლად ესარგებლა ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №58-ში მდებარე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტი უკანონოა, არ ემყარება რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ექვემდებარება ბათილად ცნობას, ხოლო ეკომიგრანტი ოჯახი - საცხოვრებლით დაკმაყოფილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDPP 3 23 00000005 ბრძანება გ. ს-ის ნაწილში; მოპასუხეს გ. ს-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, აღნიშნავს, რომ გ. ს-ემ 2014 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე. შეფასების შედეგად, მის მიერ დაგროვილ ქულათა ჯამური ოდენობა არის 14. ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე საცხოვრებელ სახლს აღენიშნება მეორე კატეგორიის დაზიანება, მეწყერი. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე ვიზიტი განახორციელეს 2022 წლის 11 იანვარს. მოსარჩელის განმარტებით, სახლი არის ერთსართულიანი ხის ფიცრული. მანამდე იყო ორსართულიანი და დეფორმაციის გამო 1988 წელს მეორე სართული მოხსნა, კონსტრუქცია რომ შეემსუბუქებინა. გ. ს-ეს 1970 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა ქ. ქუთაისში, ...ას ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც 2013 წელს გადაუფორმა შვილს - ე. ს-ეს. შვილი გათხოვილია და ცხოვრობს ქუთაისში, ...ზე, ქმრის საკუთრებაში. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 2022 წლის 28 ნოემბერისა - 9 დეკემბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი №6) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი უარი გ. ს-ეს იმ საფუძვლით, რომ აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებით, რის გამოც იგი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე უტყუარად დგინდება, რომ გ. ს-ის ოჯახის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება არ დგას. ამდენად, სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ მან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება გამოიკვლია, შეისწავლა და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ. ს-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლეებზე ვრცელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებული სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება. „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, დენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ცხოვრება ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ზემოთ დასახელებული №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დაზარალებულთა საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დაზარალებულთა საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. დაზარალებული, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლის მიღებისათვის. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დაზარალებულებისათვის საცხოვრებელი სახლების განაწილება. საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ანდა ასეთი რისკების ზონაში მცხოვრები დაზარალებულის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა. ამგვარი გარემოს მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულების დასკვნით, ხოლო ნგრევადი და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობის მდგომარეობა - შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ)დაზარალებულის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ გ. ს-ემ 2014 წლის 7 ივლისს შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, როგორც ეკომიგრანტმა და დააგროვა 14 ქულა (სახლს აღენიშნება მეორე კატეგორიის დაზიანება - 7 ქულა; სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა; ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისგან - 1 ქულა). ასევე დადგენილია, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, 2022 წლის 28 ნოემბრის - 9 დეკემბრის (სხდომის ოქმი №6) სხდომაზე განიხილა გ. ს-ის ოჯახის საკითხი და არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი, იმ მიზეზით, რომ ოჯახს ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი, კერძოდ, კომისიამ დაასკვნა, რომ გ. ს-ე გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა, რადგან მას შესაძლებლობა ჰქონდა შეუფერხებლად ესარგებლა (ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №58, ბინა №83) შვილის - ე. ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. მითითებული ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDPP 3 23 00000005 ბრძანებით, საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდნენ ამ ბრძანების დანართში მითითებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის, გ. ს-ის ოჯახი განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, 2023 წლის 18 ოქტომბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით დასტურდება, რომ გ. ს-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა არის 64420. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ას ადმინისტრაციული ერთეულის 2024 წლის 26 იანვრის №23-4424026401 ცნობის თანახმად, ადგილზე გასვლით და მოკვლევით დადგინდა, რომ მოქალაქე ე. ს-ე ნამდვილად ცხოვრობს მისამართზე - ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში. მისი ოჯახი შედგება სამი წევრისგან: ე. ს-ე;, მ. ბ-ი (მეუღლე) და ნ. ბ-ი (შვილი). ამასთანავე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის პირველი თებერვლის №80-802403217 ცნობის თანახმად, დასტურდება, რომ გ. ს-ე და მისი მეუღლე - ე. ჭ-ე 2013 წლიდან დღემდე მუდმივად ცხოვრობენ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ანალოგიურ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის განმარტებები: „მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის №ბს-1161(კ-20) განჩინება).

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სახლის ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლად განხილვა იმ პირობებში, როდესაც იქ ცხოვრობს შვილი - ე. ს-ე ოჯახთან ერთად, დაუშვებელია. სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი შვილის საკუთრება იყოს, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ეკომიგრანტის საცხოვრებლით უზრუნველყოფის გონივრული ვადის დაცვის აუცილებლობაც, რაც გათვალისწინებული არ იქნა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ დასკვნებს და დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ცხოვრება ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე კასატორი, რომელიც წარმოადგენს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს არსებობს თუ არა ოჯახის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) მიჩნევის საფუძველი. ამასთან, უნდა განისაზღვროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის 2015 წლის შეფასების ფორმის მიხედვით, გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი სახლს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში დაზიანების მეორე კატეგორია მიენიჭა, ხოლო გ. ს-ემ 2014 წლის 7 ივლისს შევსებული განაცხადის (საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე) საფუძველზე მან, როგორც ეკომიგრანტმა, დააგროვა 14 ქულა, ხოლო 2022 წლის 28 ნოემბრის - 9 დეკემბრის სხდომის ოქმის თანახმად, დაკმაყოფილდნენ ის ეკომიგრანტი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 14 და მეტი წინასწარი სარეიტინგო ქულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ სახეზეა კომისიის მხრიდან არაკანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა, რის გამოც არსებობს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიღებული სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDPP 3 23 00000005 ბრძანების გ. ს-ის ნაწილში ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მოსარჩელე სათანადო საცხოვრებელი ფართით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე