საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-567(გ-25) 21 ივლისი, 2025 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ე. ბ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა, მოპასუხე სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ბ-მა 2025 წლის 21 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიმართ და მოითხოვა „ე. ბ-ის სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ...ის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის 2025 წლის 22 აპრილის №8/კ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან - 2025 წლის 22 აპრილიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად, ... ლარის ოდენობით, ასევე, მოითხოვა მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და ასეთი მოპყრობით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.
ამავე სარჩელით ე. ბ-მა იშუამდგომლა დროებითი განჩინების მიღების შესახებ, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ...ის ...ის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადება ან/და ახალი კადრის დანიშვნა (გარდა მოვალეობის დროებით, დავის დასრულებამდე შემსრულებლისა) მიმდინარე დავაზე საბოლოოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 მაისის განჩინებით ე. ბ-ის სარჩელი მოპასუხის - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე მითითებით ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. საქმის მასალების თანახმად, 2025 წლის 22 აპრილის სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის №8/კ ბრძანების მიხედვით, მოსარჩელე განთავისუფლდა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის …ის …ის თანამდებობიდან, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონისა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების საფუძველზე. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1261 მუხლით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებულ ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესზე და აღნიშნა, რომ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდამავალ პერიოდში (2017-2027წწ.) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაასკვნა, რომ სადავო სამართალურთიერთობაში არ გვაქვს საჯარო, კონკრეტულად ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგნის არსებობა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დაწესებულება ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების პროცესში არცთუ იშვიათად იყენებს ბრძანებას, როგორც გადაწყვეტილების ფორმას, რაც არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული ნების ბრძანების გამოცემის ფორმით გამოხატვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით, მოცემული საქმე, ე. ბ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიმართ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და მისგან არის წარმოშობილი. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისთვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილ უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირია - საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა/სკოლისა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა/კოლეჯისა ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგრეთვე სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მოადგილე, თუ მას არ უკავია ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობა.
დასახელებული კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე (გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), აგრეთვე სახელმწიფო მოსამსახურესა და სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 51-ე მუხლის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 და მე-4 პუნქტების და 62-ე, 64-ე, 66-ე და 124-ე მუხლების მოქმედება, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობიდან ათავისუფლებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სამოქალაქო კოლეგიამ განმარტა რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ მოყვანილი ნორმების შესაბამისად, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის …ის …ის პოზიციაზე ყოფნისას ე. ბ-ი წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირს და მის დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებდა სპეციალური კანონი - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი, შესაბამისად, გარდა გამონაკლისებისა, არ გამოიყენებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (მათ შორის, გამონაკლისებში არ არის მითითებული ამავე კანონის 1261 მუხლის მე-2 პუნქტი).
სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, მოყვანილი იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის დანაწესი, თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი იყო, არამედ იკავებდა ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას და 2025 წლის პირველ აპრილს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირს, რომლის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესიც გათვალისწინებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და მის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ, დავის საგნობრივი განსჯადობის გათვალისწინებით, მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემული დავა ეხება საგნობრივ განსჯადობას, შესაბამისად, უნდა შეფასდეს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლო უნდა დადგინდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლში ჩამოთვლილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველი საქმეები, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსახილველი დავების ჩამონათვალს შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილში ასევე დაზუსტებულია, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა მოხდეს დავის თავისებურებების გათვალისწინებით, რაც მხარეთა ზუსტ განსაზღვრას, სასარჩელო მოთხოვნათა დეტალურ შესწავლასა და გამოსაყენებელი კანონმდებლობის შეფასებას მოითხოვს. მართალია, ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავებში ერთ-ერთ მხარედ აუცილებლად მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ განსჯადობის საკითხში კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მის მონაწილეებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამავე კოდექსის 2.2 მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს ადმინისტრაციული დავის საგანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. „კანონმდებლის მითითება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში: იმ შემთხვევაში, თუ სამართალურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ან სხვა კერძო-სამართლებრივი წყაროს ნორმებით, დავა სამოქალაქო კატეგორიისაა, უკეთუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან საჯარო სამართლის სხვა წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება“ (სუსგ №ბს-844-828(გ-12), 04.04.2013წ.).
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დაკავებული თანამდებობიდან ე. ბ-ის გათავისუფლების შესახებ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის 2025 წლის 22 აპრილის №8/კ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან - 2025 წლის 22 აპრილიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად, ... ლარის ოდენობით, ასევე, მოითხოვა მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და ასეთი მოპყრობით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.
საქმის მასალებში დაცული, კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2018 წლის პირველი მაისის №16/კ ბრძანებით ირკვევა, რომ ე. ბ-ი დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ...ის ...ის თანამდებობაზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-6 მუხლის 1-ლი და 11 ნაწილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 თებერვლის №175 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
„ე. ბ-ის სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ...ის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის 2025 წლის 22 აპრილის №8/კ ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის - თ. ა-ის 2025 წლის 16 აპრილის №01/1/603 წერილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირია - საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა/სკოლისა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა/კოლეჯისა ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგრეთვე სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მოადგილე, თუ მას არ უკავია ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, თუმცა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე (გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), აგრეთვე სახელმწიფო მოსამსახურესა და სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 51-ე მუხლის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 და მე-4 პუნქტების და 62-ე, 64-ე, 66-ე და 124-ე მუხლების მოქმედება, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა/სკოლისა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა/კოლეჯისა ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგრეთვე სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელის მოადგილეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს უფლებამოსილი პირი. ამავე კანონის 102 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილე თავისუფლდება თანამდებობიდან, თუ: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) დაიკავა მისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს შეუთავსებელ საქმიანობას; ე) გადადგა თანამდებობიდან; ვ) გარდაიცვალა; ზ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას; თ) ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას. დასახელებული კანონის 102 მუხლის 31 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობიდან თავისუფლდება: ა) მისი დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) მისი დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობიდან ათავისუფლებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების ზემოთ მოყვანილი ნორმების შესაბამისად, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის …ის …ის პოზიციაზე ყოფნისას ე. ბ-ი წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირს და მის დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებდა სპეციალური კანონი - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი, შესაბამისად, გარდა გამონაკლისებისა, არ გამოიყენებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (მათ შორის, გამონაკლისებში არ არის მითითებული ამავე კანონის 1261 მუხლის მე-2 პუნქტი).
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარდამავალ პერიოდად ჩაითვალა 2017 წლის 1 ივლისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისთვის – 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული მუხლის 11 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და სპორტის და საგარეო საქმეთა სამინისტროების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და მათი სისტემის (სტრუქტურის) თანამშრომელთა, მათ შორის, მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 მარტი, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა, 91 მუხლისა, 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა, 841 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 და 61 პუნქტებისა და 842 მუხლისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, ზემოთ მოყვანილი იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის დანაწესი, თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე არა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი იყო, არამედ იკავებდა ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას და 2025 წლის პირველ აპრილს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირს, რომლის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესიც გათვალისწინებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებაში (საქმეზე №ბს-132-123(კ-07)) განვითარებული მსჯელობა, რომლის თანახმად, დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ დაკავებული თანამდებობიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არც დავა არის თავისი შინაარსის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის. დიდმა პალატამ მიუთითა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მმართველი პირი - ხელმძღვანელი ერთპიროვნულად უძღვება მის საქმიანობას და განსაზღვრულ ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს, აღნიშნული ნიშნით განსხვავდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლისაგან. ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო აქტით, ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რომელიც განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ნათელია, რომ დიდმა პალატამ სსიპ-ის ხელმძღვანელი გამოყო სსიპ-ის სხვა თანამშრომლებისაგან და მისი გათავისუფლების შესახებ აქტის თაობაზე დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას მიაკუთვნა ორი კრიტერიუმის გათვალისწინებით: თანამდებობაზე დანიშვნის წესისა და ხელმძღვანელის უფლებამოსილების საფუძველზე, ანუ, საჯარო მმართველობის ელემენტის არსებობის მხედველობაში მიღებით, სსიპ-ის ხელმძღვანელი საჯარო მოხელედ მიიჩნევა, სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით (სუსგ №ბს-225-224(გ-16), 16.06.2016წ.). მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინება, რომელშიც ყურადღებაა გამახვილებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლზე და რომელიც სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას შეეხება (იხ. სუს 18.03.2025წ. განჩინება №1385(გ-24)საქმეზე).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას მასზედ, რომ ე. ბ-ი წარმოადგენს რა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, რომლის დანიშვნის წესი და უფლებამოსილების ფარგლები გამომდინარეობს საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობიდან, ამასთანავე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მსჯელობისა და სპეციალური კანონის გათვალისწინებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება წარმოადგენს ინდივიდთან საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მისი მართლზომიერების შეფასებაც საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. ე. ბ-ის სარჩელი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიმართ, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ნ. სხირტლაძე