Facebook Twitter

ას-804-1071-05 3 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ახალაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ქონების ყადაღისგან განთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ბ.-ს სარჩელი: ქ.ბათუმში, ... მდებარე ¹43 საცხოვრებელი ბინის იდეალური 1/2 განთავისუფლდა ყადაღისგან და განახლდა ამავე სასამართლოს 2003წ. 22 ოქტომბრის განჩინებით ¹2ბ/10 სამოქალაქო საქმეზე შეჩერებული სააღსრულებო წარმოება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ბ.-ს წარმომადგენელმა ვ.გ.-ემ და მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, ქ.ბათუმში, ... მდებარე ¹43 ბინის ყადაღისაგან განთავისუფლება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 თებერვლის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. განჩინების ასლი ჩაიბარა მხარის წარმომადგენელმა ვ. გ.-ემ, რომელმაც 2005წ. 28 მარტს სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ვერ მოახერხა მარწმუნებელთან დაკავშირება და მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე შეტყობინება.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 29 მარტის განჩინებით აპელანტის წარმომადგენელ ვ.გ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საპროცესო ვადა, აღნიშნული განჩინების ასლი ვ. გ.-ემ ჩაიბარა 2005წ. 29 მარტს, ხოლო მარწმუნებელ მ.ბ.-სთან განჩინების ასლი არ გაგზავნილა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 აპრილის განჩინებით, მ.ბ.-ს წარმომადგენელ ვ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე მ. ბ.-ს წარმომადგენელმა ვ. გ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რომ არ შეატყობინა მხარეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის შესახებ, კერძოდ, არ გაუგზავნა მას ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ განუცხადა სასამართლოს, რომ ვერ უკავშირდება თავის მარწმუნებელს. ვ.გ.-ემ იშუამდგომლა, ასევე, მ.ბ.-ს სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების შესახებ იმის გამო, რომ ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, არის ორსულად, არსად არ მუშაობს, უმუშევარია ასევე მისი მეუღლეც.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 23 მაისის განჩინებით მ.ბ.-ს წარმომადგენელ ვ.გ.-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართელოს სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის მე-7 მუხლით, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განჩინების ასლის ჩაბარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესები. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების იმპერატიული მოთხოვნა კი მდგომარეობს იმაში, რომ უწყება (მოცემულ შემთხვევაში _ განჩინების ასლი) უნდა გაეგზავნოს როგორც მხარეს, ასევე მის წარმომადგენელს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ როგორც 2005წ. 15 თებერვალს, ასევე 2005წ. 29 მარტს მიღებული სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებების ასლები ჩაიბარა მხარის წარმომადგენელმა ვ. გ.-ემ, ხოლო თვით მხარესთან _ მ. ბ.-სთან აღნიშნული განჩინებების ასლები სააპელაციო სასამართლოს არ გაუგზავნია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსთვის ცნობილი იყო წარმომადგენლის მიერ მარწმუნებელ მ.ბ.-სთან დაკავშირების შეუძლებლობის ფაქტი.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ბ.-ს წარმომადგენელ ვ. გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.