Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე ბს-№788(კ-24) 8 ივლისი, 2025 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - თ.ს-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ.ს-იმა 2019 წლის 1 ოქტომბერს სარჩელით, ხოლო 2022 წლის 24 იანვარს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 სექტემბრის №..., №... და №... გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება - თ.ს-ის სახელზე სარეგისტრაციო განცხადებებით მოთხოვნილი უძრავი ნივთების საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

სარჩელის მიხედვით, თ.ს-იმა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცხადებულ საინვესტიციო კონკურსზე, 1997 წელს შეიძინა მრავალდარგოვანი ექსპერიმენტული ...ის მშენებარე ნაწილი, გამარჯვებულად გამოვლინდა და მასთან გაფორმდა სახელშეკრულებო ვალდებულებები, ხოლო 1998 წლის 11 დეკემბერს გაიცა №...დროებითი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რის საფუძველზეც მოსარჩელემ 2019 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თელავში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (1509 კვ.მ, 7754 კვ.მ და 30 კვ.მ) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის მიუხედავად მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ასეთი დოკუმენტის არარსებობის საფუძვლით, რა გარემოებებიც გახდა სასამართლოში სარჩელის წარდგენის საფუძველი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 03 სექტემბრის №..., №... და №... გადაწყვეტილებები, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის) კახეთის რეგიონული ოფისს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა თ.ს-ის სახელზე სარეგისტრაციო განცხადებებით მოთხოვნილი უძრავი ნივთების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცხადებულ საინვესტიციო კონკურსზე გატანილ იქნა თელავში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე თელავის მრავალდარგოვანი ექსპერიმენტალური ...ის მშენებარე ნაწილი და კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა თ.ს-ი. მასთან, აღნიშნული სამმართველოს მიერ 1997 წელს დაიდო ხელშეკრულება. შემდგომში თ.ს-ის სახელზე გაიცა დროებითი და მუდმივი საკუთრების მოწმობები, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ამის მიუხედავად, საჯარო რეესტრმა უსაფუძვლოდ უთხრა უარი თ.ს-ის საკუთრების რეგისტრაციასა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (მუდმივი საკუთრების მოწმობა) ძალაშია და სადავო არ გამხდარა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა ოფისმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მის სახელზე როგორც „დროებითი“, ასევე „მუდმივი“ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თაობაზე და ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ 1998 წლის 11 დეკემბერს გაცემულ №...დროებითი საკუთრების დამადასტურებელ მოწმობასა (ტომი 1, ს.ფ 134) და მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულ დოკუმენტზე (ტომი 1, ს.ფ 48), რომელთა რეკვიზიტები და შინაარსი იყო იდენტური. მათ შორის განსხვავება იყო მხოლოდ ის, რომ 48-ე ფურცელზე დაცულ დოკუმენტზე, როგორც დოკუმენტის დასახელებაში, ასევე მის შინაარსში სიტყვა „დროებითი“ არ ჩანდა და ამ ადგილას იყო სიცარიელე. ორივე დოკუმენტში იგივე იყო გაცემის თარიღი, ნომერი, გაცემის საფუძველი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერაც კი იდენტურ ადგილას იყო დატანილი. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ.ს-ის დროებით საკუთრებაში გადაეცა პირობადადებული ქონება და მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების შესახებ, რაც აუცილებელი იყო მუდმივი საკუთრების მოსაპოვებლად. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 სექტემბრის №..., №... და №... გადაწყვეტილებები მიღებული იყო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რაც თავის მხრივ, გამორიცხავდა აღნიშნული აქტების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თ.ს-ის საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს 1998 წლის 11 დეკემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №...1997 წლის 5 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი, 1997 წლის 21 ივლისის საკონკურსო კომისიის №5 ოქმი, 1997 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება. მითითებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ თ.ს-ის გადაეცა თელავის მრავალდარგოვანი ექსპერიმენტალური ...ის მშენებარე ნაწილი, ფართობი 1 ჰა, შესაბამისი საინვესტიციო კონკურსის საფუძველზე. ხელშეკრულებით მოსარჩელის ვალდებულებები სრულად შესრულდა, რაც საფუძველს იძლეოდა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია მხოლოდ დოკუმენტაციის უსაფრთხოებასა და ურთიერთშესაბამისობაზე. 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-6, მე-11, მე-17 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მათ შორის, საკუთრების უფლების მოწმობა, სრულიად კანონიერად წარმოშობს თ.ს-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივ საკუთრების მოწმობას აღენიშნება სიტყვა „დროებითის“ მექანიკური წაშლის კვალი, და მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც დოკუმენტს არ აღენიშნება არავითარი გარე ზემოქმედების კვალი, უსაფუძვლოა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე აღნიშნული დასკვნის გაკეთება. ამდენად, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი და წინამდებარე საქმეში არსებული საკუთრების უფლების მოწმობა, წარმოადგენს უძრავი ქონების უფლების დამდგენ დოკუმენტს, რომელიც მოპასუხის მხრიდან ექვემდებარება უპირობო რეგისტრაციას. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლება არ აქვს იმსჯელოს მესამე პირის ნაცვლად და მის გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოებები, რაც მისი კომპეტენციის სფეროში არ შედის.

რაც შეეხება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს უნდა გადაეხადა საპრივატიზებო თანხა 293 827 აშშ დოლარის ოდენობით და განეხორციელებინა 118 616 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია, უსაფუძვლოა, რადგანაც სახელმწიფო ქონების სამინისტროს 1997 წლის 10 ივლისის №04-290/5-7 წერილის თანახმად, იმდროინდელი მინისტრის მოადგილე დ. გელაშვილი ატყობინებს ბატონ თ.ს-ის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 26 აგვისტოს №278 ბრძანებულებით განსაზღვრული წესის შესახებ. კერძოდ, ხსენებული ბრძანებულების თანახმად, დაუმთავრებელი მშენებარე ობიექტის პრივატიზების განხორციელება დასაშვებია 50% იანი ფასდაკლებით. ამდენად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო როგორც 2019 წლის 16 მაისის წერილში, ისე მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში უთითებს, რომ თ.ს-ის მიერ ზემოაღნიშნულ სახელშეკრულებო ვალდებულებაში მითითებული ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდის, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების, მის სახელზე მუდმივი საკუთრების მოწმობის გაცემის და შესაბამისად, დროებით საკუთრების მოწმობაში მითითებული ქონების პრივატიზების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააგენტოს არქივში მოძიებულ ვერ იქნა. აღსანიშნავია, რომ თ.ს-ის მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება პირნათლად არის შესრულებული, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იმთავითვე წარდგენილი იქნა ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონულ სამმართველოში. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა თ.ს-ის სახელზე. შესაბამისად, სააგენტოს ამგვარი პოზიცია ცხადყოფს სახელმწიფოს დაინტერესებას მოსარჩელის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის დროებითი პრივატიზებები, მათი საბოლოო სახით შესრულებამდე მაინც რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. ასე, მაგალითად, შემძენი რეგისტრირდება ქონების მესაკუთრის გრაფაში, ხოლო გამყიდველი „სახელმწიფო“ რეგისტრირდება ვალდებულების გრაფაში და საინვესტიციო ვალდებულებების სრულად შესრულებამდე შემძენი რჩება შეზღუდულ მესაკუთრედ, ხოლო ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ უქმდება სახელმწიფოს ვალდებულება და შემძენი ხდება მესაკუთრე. სააპელაციო პალატამ ისე გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სრულად უარი თქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ საერთოდ არ იმსჯელა მოსარჩელის კანონიერ ინტერესებზე და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ალბათობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თ.ს-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; VaN de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების კანონიერება, რაც თავის მხრივ მოიცავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონიერების შეფასების საკითხს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის, მიუხედავად იმისა, სარეგისტრაციო მოთხოვნა შეეხება მიწის ნაკვეთს, მიწის ნაკვეთთან ერთად შენობა-ნაგებობას თუ მხოლოდ შენობა-ნაგებობას.

საქმის მასალებით დგინდება, რომ თ.ს-იმა კახეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა №..., №... და №... სარეგისტრაციო განცხადებები და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ 1998 წლის 11 დეკემბერს გაცემული №... საკუთრების დროებითი დამადასტურებელი მოწმობის, 1997 წლის 21 ივლისის საპრივატიზებო ობიექტების საკონკურსო კომისიის სხდომის №5 ოქმისა და 1997 წლის 05 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია თელავში, ...ის დასახლებაში მდებარე სამ მიწის ნაკვეთზე (1509 კვ.მ, 7754 კვ.მ და 30 კვ.მ), რაც არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მარეგისტრირებელმა ორგანო წარდგენილი დოკუმენტები არ მიიჩნია უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებად.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თ.ს-ი მისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა სწორედ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცხადებულ საინვესტიციო კონკურსზე მონაწილეობასა და მასში გამარჯვების შედეგად საკუთრების შეძენაზე, რა დროსაც მოქმედებდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონი (09.07.1997წ.).

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლი ადგენდა პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმების წესს; კერძოდ, პირველი პუნქტის მიხედვით, კონკურსით, აუქციონით და პირდაპირი მიყიდვით პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის ფორმდებოდა სანოტარო წესით დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას კი – საიჯარო ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადიოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემოდა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 2 თვის ვადაში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ თ.ს-ის სახელზე გაცემულია არა მუდმივი, არამედ დროებითი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №... სადაც მითითებულია, რომ თ.ს-ის დროებით საკუთრებაში გადაეცა თელავის მრავალდარგოვანი ექსპერიმენტალური ...ის მშენებარე ნაწილი, მდებარე - თელავი, ...ის დასახლება, მიწის ფართობი - 1 ჰა, 1997 წლის 13 აგვისტოს №159 ხელშეკრულების საფუძველზე. სწორედ ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ საინვესტიციო კონკურსის წესით გამარჯვებულმა თ.ს-იმა საკუთრებაში მიიღო ...ის დასახლებაში მდებარე თელავის მრავალდარგოვანი - ექსპერიმენტალური ...ის მშენებარე ნაწილი და ქონება მყიდველს გადაეცა 1997 წლის 5 აგვისტოს №1 მიღება-ჩაბარების თანდართული აქტით, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. საინვესტიციო კონკურსით გაყიდული ობიექტის ფასი შეადგენდა 293 827 აშშ დოლარს, რომლის ღირებულების დაფარვა უნდა მომხდარიყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 26 აგვისტოს №278 ბრძანების შესაბამისად (№278 ბრძანება ითვალისწინებდა სახელმწიფო ობიექტის ღირებულების ფასდაკლებას 50 პროცენტით, ამასთან, დარჩენილი თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, მაგრამ არა უგვიანეს 10 წლისა). ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების მიხედვით, ინვესტიციის მთლიანი მოცულობის - 118 616 დოლარის დაბანდება უნდა უზრუნველყო 2 (ორი) წლის განმავლობაში. მითითებული ხელშეკრულების მე-7 პუნქტის შესაბამისად, გამყიდველი იღებდა ვალდებულებას მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების შესრულებისა და ობიექტის ღირებულების გადახდის შემდეგ გაეფორმებინა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 26 აგვისტოს №278 ბრძანების შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდისა (დასტურდება მხოლოდ „ბე-ს“ სახით 19 099 ლარის გადახდა) და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, რის თაობაზედ ამომწურავად მიეთითა სააპელაციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად საკასაციო პალატა ასკვნის, მოსარჩელის უფლება თელავში, ...ის დასახლებაში მდებარე უძრავ ქონებაზე არ დასტურდება, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებული იყო განაცხადის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას და სადავო ადმინისტრაციული აქტების მომზადება-გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან მიმართებით ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და კასატორი დამატებით ვერ მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე 25.06.2024წ. №906 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - თ.ს-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს 25.06.2024წ. №906 საგადახდო დავალებით ს.კ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა