საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-283(კ-25) 10 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო
მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ა
მესამე პირები - სს „...ის“ ექიმი ზ. დ-ე და ექიმი მ. ზ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 18 ნოემბერს მ. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 25 აპრილს სს ,,...აში“ გაიკეთა მესამე საკეისრო კვეთა. პაციენტის სურვილით საკეისრო კვეთის დროს აგრეთვე დაიგეგმა ქირურგიული ... . ოპერაციის დროს განვითარდა ჯანმრთელობის მკვეთრი გართულება, რის გამოც სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებით მას ჩაუტარა დაუგეგმავი ...ის ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო არასახარბიელო, მას ჰქონდა ძლიერი ტკივილები, მიუხედავად ამისა, სამედიცინო დაწესებულებამ არ გაუწია სათანადო დახმარება, რის გამოც მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.
მოსარჩელემ 2019 წლის 14 ივნისს საჩივრით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და მოითხოვა ექიმების მიერ დაშვებული შეცდომის დადგენა და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენება და ზიანის ანაზღაურება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 29 სექტემბრის №9 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელემ შეიტყო, რომ სს „...ის“ ექიმ ზ. დ-ეს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, ხოლო ექიმ მ. ზ-ას მიეცა ,,წერილობითი გაფრთხილება“.
მოსარჩელემ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 29 სექტემბერს №9 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, მოსარჩელე მ. გ-ას მონაწილეობით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაებნენ სს „...ის“ ექიმები ზ. დ-ე და მ. ზ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 29 სექტემბერს №9 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ექიმების - ზ. დ-ისა და მ. ზ-ას პროფესიულ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში და მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები სრულყოფილად არ გამოკვლეულა, არ შეფასებულა ოპერაციის შემდგომ გამოწვეული გართულების ადეკვატური იყო თუ არა მ. გ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ზედმიწევნით ზუსტად გამოიკვლიოს პაციენტის მიმართ ჩატარებული სამედიცინო დახმარების ყველა პერიოდი და მკურნალობის ყველა ეტაპისათვის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მომჩივანი კონკრეტულად მიუთითებს მისთვის პრობლემურ საკითხზე, განსაზღვროს ადგილი ჰქონდა თუ არა რომელიმე ექიმის მხრიდან სამედიცინო საქმიანობის არასწორად წარმართვას და ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაადგინოს არსებობს თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი არასათანადო მკურნალობასა და პაციენტის მიმართ დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევა/დადგენის შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე არსებობს თუ არა პროფესიული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საფუძვლები და ვის მიმართ, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. სასამართლოს მოსაზრებით კი, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად არ განხორციელებულა მასზე დაკისრებული ვალდებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მხარის მითითება, რომ „მოსარჩელეს შეზღუდული ჰქონდა საკუთარი ჯანმრთელობის უფლების დაცვის საშუალება“ მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ დასაბუთებას, რადგან რეგულირების სააგენტოში მ. გ-ას საჩივრის წარმოდგენის მომენტიდან განხორციელებული იქნა ყველა ის მოქმედება, რაც უკავშირდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხის შესწავლას. მოსარჩელე საჩივრის წარმოდგენიდან ჩართული იყო ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამასთან, კასატორის მითითებით, პროფესიული განვითარების საბჭომ, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოკვლეული მასალების, დამდგარი შედეგის და ექიმთა ქმედებების შესწავლით, „პაციენტის უფლებების შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების შესაბამისად, მიიღო სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 29 სექტემბერს №9 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების, რომლითაც სს „...ის“ ექიმ -ზ. დ-ეს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, ხოლო ექიმ -მ. ზ-ას მიეცა ,,წერილობითი გაფრთხილება“ კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. მოსარჩელე ასევე ითხოვდა მოპასუხისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, მოსარჩელე მ. გ-ას მონაწილეობით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
სადავო სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა პაციენტ მ. გ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შემოწმების შედეგები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის მიხედვით, პაციენტი არის ნებისმიერი პირი, რომელიც მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით, ამავე მუხლის ,,თ“ პუნქტის თანახმად, მომსახურება არის დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული ნებისმიერი მანიპულაცია და პროცედურა, ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, კი პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადად სამედიცინო საქმიანობა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას, შენარჩუნებასა და აღდგენას ემსახურება. სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) არის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), იგი ხორციელდება დადგენილი წესით („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ. „ჩ1“ ქვ.პ.). ჯანმრთელობის დაცვის სექტორი წარმოადგენს მაღალი რისკის სფეროს, ვინაიდან არასაიმედო მოვლენების დადგომა უფრო ხშირად უკავშირდება მკურნალობას. მკურნალობა კი პირდაპირ კავშირშია დასმულ დიაგნოზთან. არასრულყოფილმა და არასაკმარისმა კვლევებმა, არასწორად დასმულმა დიაგნოზმა ან მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს გართულება და პაციენტისთვის ტანჯვის მიყენება. ამდენად, სამედიცინო დახმარება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებაა, რაც განაპირობებს მისი შედეგების სწორი სამართლებრივი შეფასების აუცილებლობას. მცდარი სამედიცინო ქმედება არის ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისთვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ. „ო“ ქვ.პ.). კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ექიმის ქმედება არ უნდა იყოს წინასწარ განზრახული, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ექიმის პროფესიულ შეცდომად აღარ ჩაითვლება და შესაძლოა დადგეს სხვა სახის პასუხისმგებლობა (იხ. სუსგ 01.07.2013წ. საქმე №ას-247-237-2013, 01.07.2013წ., 22.01.2016წ. საქმე №ას-1102-1038-2015)). საექიმო შეცდომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, მაგ. შეცდომა, რომელიც გამოწვეულია ექიმის პროფესიული ან პიროვნული (უყურადღებობა, თავდაჯერებულობა და სხვ.) თვისებებით, დიაგნოსტიკური, ტექნიკური ან ტაქტიკური საფუძვლებით. საექიმო შეცდომა ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ფასდება, ვინაიდან ექიმის მცდარმა ქმედებამ შეიძლება პაციენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ექიმის მიერ საკითხის ინდივიდუალური არცოდნა ან პროფესიული სისუსტე გამამართლებელი გარემოება არ არის. შეცდომის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. ობიექტურ ფაქტორებს მიეკუთვნება სამედიცინო მომსახურების გაწევის სათანადო პირობების არარსებობა, დაავადებების მკურნალობის არსებული პირობების არასრულყოფილება, ავადმყოფის მდგომარეობის სიმძიმე და სხვ., სუბიექტური ფაქტორები შეიძლება იყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის არასაკმარისი განათლება, ავადმყოფის არასაკმარისი გამოკვლევა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების არასწორი ინტერპრეტაცია და სხვ.. სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცესის ბუნებიდან გამომდინარე შეცდომა შეიძლება იყოს დიაგნოსტიკური, ტაქტიკური და ტექნიკური (იხ. სუსგ 07.06.24 საქმე №ბს-756).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას, საბჭოს მეშვეობით ახორციელებს სამინისტრო. აღნიშნული კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. ამავე კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და "ბ" ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, ასევე, სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება. ხოლო ამავე კანონის 79-ე მუხლით რეგლამენტირებულია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება, კერძოდ: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობასთან; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს; დ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ამ კანონით დადგენილი ვადის გასვლა, თუ მანამდე სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელმა ვერ მოახერხა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულება; ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ანდა პაციენტისათვის მატერიალური ზიანის მიყენება; ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელისათვის თავისუფლების აღკვეთის ან მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; ზ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენა.
სამედიცინო მომსახურება მიმართულია განსაკუთრებულ სიკეთეზე - ადამიანის ჯანმრთელობაზე. მისი შედეგი იკვეთება მომსახურების დასრულების შემდეგ. უფლება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვაზე მოიცავს პაციენტის უფლებას მიიღოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურება. „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. კანონის ზემოაღნიშნული დათქმები პაციენტის უფლებასთან ერთად ადგენს სამედიცინო მომსახურების გამწევის ვალდებულებას სამედიცინო მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტებითა და უახლესი მიღწევებით მედიცინის სფეროში. მართალია ჯანმრთელობის უფლება მოხსენებული არ არის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებს შორის, თუმცა იმ პოზიტიურ ვალდებულებებთან ერთად, რომელიც გამომდინარეობს კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებიდან, ყოველმა ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა შემოიღოს წესები, რომელიც დაავალდებულებს სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებს მიიღონ შესაბამისი ზომები პაციენტის ფიზიკური ხელშეუხებლობის დასაცავად, ასევე სამედიცინო დაუდევრობის მსხვერპლთათვის შექმნან ხელმისაწვდომი პროცედურები (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „იურიკა ხორვატიის წინააღმდეგ“, 02.05.2017წ. §84; „ტუსა რუმინეთის წინააღმდეგ“, 30.08.2022წ. §82). თუ სიცოცხლის ან ფიზიკური მთლიანობის უფლებების დარღვევა არ არის განზრახ გამოწვეული, კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებით დაწესებული პოზიტიური ვალდებულება შეიქმნას ეფექტიანი სასამართლოს სისტემა სულაც არ მოითხოვს ყველა შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებას. სამედიცინო დაცვის სფეროში ეს ვალდებულება შესრულდება, თუ სამართლებრივი სისტემა მსხვერპლებს აძლევს სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობას სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამოუკიდებლად ან სისხლისსამართლებრივ დაცვის საშუალებასთან ერთობლიობაში, რაც იძლევა შესაბამისი ექიმებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას და შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალების მიღებას, შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას დისციპლინური ღონისძიებებიც (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე „ვო საფრანგეთის წინააღმდეგ“, 08.04.2004წ., §90, „გრეი გერმანიის წინააღმდეგ“, 22.05.2014წ. §80-82). პაციენტის უფლება უსაფრთხოებაზე პრაქტიკულად მოიცავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვასა და პრევენციულ ღონისძიებებზე უფლებებს. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უსაფრთხო მომსახურება მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას. აღნიშნული უფლებები წარმოადგენს ადამიანის ძირითად უფლებებს და წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას შექმნას ისეთი პირობები, რომ თითოეული მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას(იხ. სუსგ 07.06.24 საქმე №ბს-756).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 14 ივნისს მ. გ-ამ N84886 საჩივრით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სს „...აში“ მის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხის შესწავლის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის N15/131-19 ბრძანებით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ნება დაერთო შეემოწმებინა მ. გ-ას მიმართ სს „...აში“ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი.
სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 13 აგვისტოს N02/43089 წერილით, სსიპ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კანცელარიას, გადაეგზავნა მ. გ-ას სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზიისთვის, შესაბამისი ექიმ - სპეციალისტის ჩართულობით (მეანო გინეკოლოგია). პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 29 სექტემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით სს „...ის“ ექიმ ზ. დ-ეს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, ხოლო ექიმ მ. ზ-ას მიეცა ,,წერილობითი გაფრთხილება‘’. სადავო საოქმო გადაწყვეტილების თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა მშობიარობის ისტორიაში არსებული დარღვევები, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებში (ფორმა N IV-100/ა) (N1840; N1861; N1864, გაცემულია 02.05.2019წ; ექიმი მ. ზ-ა) მე-10 პუნქტში (გადატანილი დაავადების) დაფიქსირებულია: „...ი, ...ა, ...ი. 1997 წელს გადატანილი ...ი”. ასევე მე-13 პუნქტში (ავადმყოფობის მიმდინარეობა) დაფიქსირებულია „დიაგნოზიდან გამომდინარე ...ის დასკვნის საფუძველზე ნაწარმოებია საკეისრო კვეთა“, რაც არ დასტურდება „მშობიარობის ისტორიის“ მონაცემებით. ამდენად, გამოიკვეთა ექიმ მ. ზ-ას პასუხისმგებლობის წინაპირობები, ხოლო ზ. დ-ის ნაწილში კომისიამ რეცენზენტის განმარტებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მ. გ-ას გართულება უკავშირდება, არა ქირურგის მიერ დაშვებულ ტექნიკურ შეცდომას, არამედ ოპერაციის ჩატარების დროს მოსალოდნელ რისკებს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებდა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ არასწორად მოხდა ექიმების ქმედების შეფასება, პროფესიული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ის დავობდა არა სამედიცინო მანიპულაციების საჭიროებებზე (მშობიარობის შემდგომ ოპერაციის საჭიროებაზე), არამედ პოსტოპერაციულ პერიოდში, სამედიცინო პერსონალის მხრიდან მისი მდგომარეობის არასათანადოდ შეფასებასა და უგულებელყოფაზე, რამაც საბოლოოდ მისი, როგორც პაციენტის უფლებების დარღვევა გამოიწვია ფიზიკური და მორალური მდგომარეობის გაუარესებით. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საბჭომ არ განახორციელა ინფორმირება და არ უზრუნველყო მისი დასწრება კომისიის სხდომაზე, რაც ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ დავაზე შესაფასებელია განხორციელდა თუ არა მოპასუხის მიერ სრულყოფილად მ. გ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა (პოსტოპერაციული პერიოდის მართვის ნაწილში), არსებობდა თუ არა მოპასუხის ვალდებულება სრულყოფილად შეესწავლა პაციენტის მიმართ ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის ყველა ეტაპი/ელემენტი და სწორი იყო თუ არა საბჭოს გადაწყვეტილება, როდესაც მან ექიმების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დაკისრების თვალსაზრისით, მხოლოდ მშობიარობის შემდეგ ოპერაციის საჭიროების და მისი მიმდინარეობის საკითხი განიხილა, შეაფასა და აქტი გამოსცა რეცენზენტის დ. გ-ას რეცენზიაზე დაყრდნობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „პროფესიული განვითარების საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საბჭოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადება-საჩივრების განხილვა, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების, ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულია მხოლოდ რეცენზენტის დ. გ-ას მოხსენება იმის შესახებ, რომ მ. გ-ას ჩაუტარდა საკეისრო კვეთა (რიგით მე-3). მასიური სისხლდენის დროს დასჭირდა რელაპარატომია. მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა იატროგენულ დაზიანებას, პაციენტი გადარჩა. ასეთ დროს შარდსაწვეთის დაზიანება არის ყველაზე ხშირი გართულება. გართულება უმეტესად დიაგნოსტირდება ოპერაციის შემდეგ და აღნიშნული უკავშირდება, არა ქირურგის მიერ დაშვებულ ტექნიკურ შეცდომას, არამედ ოპერაციის ჩატარების დროს მოსალოდნელ რისკებს. დ. გ-ამ განმარტა, რომ პაციენტს გაუკეთდა ...ა, ...ა. გართულება ამ დროს არის უიშვიათესი და სავარაუდოდ, 1%-ზე ნაკლები. შესაძლებელია, კარდინალურ იოგებზე მუშაობისას სისხლდენის შესაჩერებელი ღონისძიებების გატარებისას შარდსაწვეთი დაზიანდა. ეს აიხსნება, იმით, რომ იყო მე-3 საკეისრო კვეთა, შესაძლებელია ადგილი ჰქონდა შეხორცებით პროცესებს, საშვილოსნოს ყელი დაჭიმული და ამოტანილი იყო შარდის ბუშტი და შარდსაწვეთიც. დ. გ-ამ გამოთქვა მოსაზრება, რომ მასიური სისხლდენის დროს, სისხლიანი შარდი შესაძლებელია გამოეწვია შარდის ბუშტის მიჭყლეტას, ნაკერში მოყოლის გამო. თუმცა, გადაჭრისა და გადაკვანძის შემთხვევაშიც, მეორე თირკმელი მაინც მუშაობს და შესაძლებელია შარდი ყოფილიყო სისხლის გარეშე და ექიმი შესულიყო შეცდომაში. მესამე საკეისრო კვეთის შემდეგ რელაპარატომია საკმაოდ რთული საწარმოებელია. საბჭოს გადაწყვეტილება არ ასახავს იმ მნიშვნელოვან გარემოებას - შესრულებული იყო თუ არა კანონით დადგენილი ვალდებულება, პაციენტის გამოკვლევა, მოვლა, მკურნალობასთან დაკავშირებით; დასადგენია არსებობდა თუ არა სავალდებულო პირობა იმისა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებების გათვალისწინებით, დასმულიყო მკურნალობის სხვადასხვა ეტაპების კვლევის და, შესაბამისად, სხვა სპეციალობის მქონე ექიმის რეცენზიის წარდგენა/შეფასების სავალდებულოობის საკითხი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა იმის შესაძლებლობა, რომ მისი კომპეტენციისა და ვალდებულებების ჭრილში მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც გარემოებების სრულყოფილი შესწავლის და გამოკვლევის შედეგი იქნებოდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შეიბოჭოს სამართლით და მოექცეს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოების განმარტებას, რომ მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო, რომელიც არის პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ზედმიწევნით ზუსტად გამოიკვლიოს პაციენტის მიმართ ჩატარებული სამედიცინო დახმარების ყველა პერიოდი და მკურნალობის ყველა ეტაპი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე კონკრეტულად მიუთითებს მისთვის პრობლემურ საკითხზე, განსაზღვროს ადგილი ჰქონდა თუ არა რომელიმე ექიმის მხრიდან სამედიცინო საქმიანობის არასწორად წარმართვას და ასეთი არსებობის შემთხვევაში, დაადგინოს არსებობს თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი არასათანადო მკურნალობასა და პაციენტის მიმართ დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევა/დადგენის შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე არსებობს თუ არა პროფესიული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საფუძვლები და ვის მიმართ, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. სასამართლოს მოსაზრებით კი, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად არ განხორციელებულა მასზე დაკისრებული ვალდებულება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. დაინტერესებული პირის მონაწილეობის სავალდებულოობა განპირობებულია იმით, რომ მხარეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მისაღები აქტის მიმართ, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია რათა თავიდან იქნეს აცილებული საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა. აღნიშნული პრინციპი გამყარებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლითაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მ. გ-ას უნდა მისცემოდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით სათანადოდ სარგებლობის შესაძლებლობა, ვინაიდან, ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი – მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოებს - მიიღონ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება კი გულისხმობს არა მხოლოდ მის მატერიალურ-სამართლებრივ, არამედ ფორმალურ-სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობას (ფორმალური და მატერიალური კანონიერება). დაინტერესებული პირის - განსახილველ შემთხვევაში პაციენტის - ადმინისტრაციულ წარმოებაში მიუწვევლობა, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანს მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის საკითხის შეფასება წარმოადგენს, არის ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარზე 10.04.25წ. №02392 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარზე 10.04.25წ. №02392 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე