Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-224(კ-25) 8 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ.გ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2023 წლის 27 სექტემბერს მ.გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2023 წლის 28 აგვისტოს, 2023 წლის საგნის (ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური)) გამოცდის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მ.გ-ის მიერ №10, №15.9, №16.2, №16.3 და №22 დავალებებზე წარდგენილი პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხისთვის №10, №15.9, №16.2, №16.3 დავალებების ნაწილში მ.გ-ისათვის (თითოეულში თითო ქულის) ჯამში - 4 ქულის, და №22 დავალებაში - 2 ქულის, მთლიანობაში - 6 ქულის მომატების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, მ.გ-ემ 2023 წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი საფეხურის გამოცდაში და შემდგომ გაასაჩივრა მიღებული ქულა. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული გამოცდის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განცხადებაზე, განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება არ არის ფაქტობრივად დასაბუთებული, რამდენადაც არ არის მითითებული თუ შეფასების სქემის რომელ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა მ.გ-ის ნაშრომი. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი ნაშრომი არ იქნა შეფასებული სწორად და გასაჩივრების შედეგად შესაძლებელი იყო მისთვის ქულების მომატება №10, №15.9, №16.2, №16.3 და №22 დავალებებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2023 წლის 28 აგვისტოს, 2023 წლის საგნის (ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური)) გამოცდის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება, მ.გ-ის მიერ №16.2 და №16.3 დავალებებზე წარდგენილი პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხეს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა №16.2 და №16.3 დავალებების ნაწილში მ.გ-ისათვის (თითოეულში თითო ქულის) ჯამში 2 ქულის მომატების თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.გ-ემ მონაწილეობა მიიღო 2023 წლის საგნის (ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური)) გამოცდაში, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენდა 53-ს. გამოცდაზე მ.გ-ის პასუხები შეფასდა საერთო ჯამში 30 ქულით, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, რომელმაც მოსარჩელეს სადავო აქტით მოუმატა 1 ქულა სხვა დავალების (№10) ნაწილში, ხოლო №16 დავალების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, საბოლოოდ, მოსარჩელის საგამოცდო ნაშრომი შეფასდა 31 ქულით.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2023 წლის 7 აგვისტოს №119/23 ბრძანების დანართი №4-ით დამტკიცდა გამოცდის შეფასების სქემები, რომელთა თანახმად №16.2 და №16.3 დავალებები ფასდებოდა მაქსიმუმ 2 ქულით. ამასთან, განსაზღვრული იქნა როგორც 2, ასევე 1 და 0 ქულების დაწერის წინაპირობები. შეფასების სქემაში აღინიშნა გასათვალისწინებელი პირობა: თუ სწორ პასუხთან ერთად აპლიკანტი არასწორ პასუხსაც მიუთითებდა, შეფასდებოდა 0 ქულით; თუ დავალებებზე პასუხის გაცემისას დარღვეული იქნებოდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, აპლიკანტს დავალების შეფასებისას დააკლდებოდა 1 ქულა.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ №16.2 და №16.3 დავალებები ე.წ. ღია დავალებები იყო, რომელიც იძლეოდა აპლიკანტის მხრიდან მსჯელობის შესაძლებლობას. ამგვარად, დასახელებულ დავალებებთან მიმართებით, სასამართლომ მოსარჩელის მიერ გაცემული პასუხისა და სამინისტროს მიერ დამტკიცებული შეფასების სქემის კრიტერიუმების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნია, რომ მ.გ-ის მიერ გაცემულ პასუხში ჩანდა საკითხის ცოდნა - პასუხი გაცემული იყო იმგვარად, რომ შეესაბამებოდა 1 ქულით შეფასების სქემას. ხოლო რაც შეეხება თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევას, პირველ რიგში სასამართლომ აღნიშნა, რომ შეფასების სქემა 16.2 და 16.3 დავალებებთან მიმართებით არ მოიცავდა აღნიშნულ პირობას, ხოლო მეორეს მხრივ - არასრულყოფილი იყო მოპასუხის პოზიცია, თუ კონკრეტულად რომელი ნორმების დარღვევა გახდა მინიჭებული ქულების განულების საფუძველი. ამგვარად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.გ-ის მიერ №16.2. და №16.3. დავალებებზე გაცემული პასუხები შესაბამისობაში იყო სქემით გათვალისწინებული 1 ქულის შეფასების კრიტერიუმთან და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება მ.გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.გ-ის სარჩელი ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური) 2023 წლის გამოცდის №16.2 და №16.3 საგამოცდო დავალებების ნაწილში გამოცდის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2023 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეები საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს ძირითადად ეთანხმებოდნენ და სადავო იყო მხოლოდ ის, მოიცავდა თუ არა №16.2 და №16.3 დავალებათა შეფასების სქემა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევის გამო შეფასებისათვის 1 ქულის დაკლების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ცენტრმა როგორც საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით, ისე - სააპელაციო საჩივრითაც აღიარა, რომ მ.გ-ეს №16.2 და №16.3 დავალებებზე გაცემული პასუხების შეფასებისას უნდა მინიჭებოდა 1-1 ქულა; საბოლოოდ კი ამ დავალებებში 0-0 ქულით შეფასება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ გაცემულ პასუხებში მოსარჩელემ დაარღვია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცენტრის 2023 წლის 7 აგვისტოს №119/23 ბრძანების დანართი №4-ით დამტკიცებული გამოცდის შეფასების სქემა მთავრდებოდა შემდეგი პირობით: „გაითვალისწინეთ! თუ დავალებებზე პასუხის გაცემისას დარღვეულია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, აპლიკანტს დავალების შეფასებისას დააკლდება 1 ქულა“. ამასთან, არ იყო სპეციალურად მითითებული, რომ ეს პირობა სქემის მხოლოდ რომელიმე და არა ყველა ნაწილს მიემართებოდა. შესაბამისად პალატამ დაასკვნა, რომ ეს პირობა მოქმედებდა გამოცდის ნებისმიერ დავალებაზე გაცემული პასუხების შეფასებისას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ მ.გ-ემ დაუშვა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების ცენტრის მიერ იდენტიფიცირებული დარღვევები და მან არც უარყო ამ დარღვევების არსებობა, ამდენად პალატამ არ გაიზიარა მ.გ-ის მითითება, რომ შესაძლო დარღვევების ჩამონათვალი ცენტრის მიმართ არ იყო ამომწურავად განსაზღვრული და შესაბამისად, აღნიშნული პირობა იყო ბუნდოვანი და არასაკმარისად განჭვრეტადი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით №16.2 და №16.3 დავალებების ნაწილში (თითო-თითო ქულის მომატება) სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ №16.2 და №16.3 დავალებებს სხვა დავალებების მსგავსად აქვთ საკუთარი 2, 1 და 0 ქულიანი შეფასების ინდიკატორები, რომლებშიც თანამედროვე სალიტერატურო ენის დარღვევის შემთხვევაში, ქულის განულება და დაკლება ნახსენები არ არის, მაშინ როდესაც ესეს იმავე სქემით შედგენილ შეფასების კრიტერიუმში, დაკონკრეტებული და გამოყოფილია თანამედროვე ენის დარღვევა როგორც ცალკე შესაფასებელი კრიტერიუმი და იქვე არის მითითებული, თუ რა შემთხვევაში მიიღებს აპლიკანტი 0, 1 ან 2 ქულას.

კასატორი მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც ტესტი ყველანაირად ამოწმებს მასწავლებლის ცოდნას, კონკრეტული დავალება კი მსჯელობას და გააზრებას მოითხოვს, შეფასების სქემის მიხედვით ზუსტად გააზრებული კითხვის პასუხის განულება, ბრჭყალებს გარეთ „ში“ თანდებულის განთავსების გამო, რომელიც პასუხს შინაარსობრივად არ ცვლის, უსამართლობა და აპლიკანტის უფლების ცალსახა დარღვევაა. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მან „ტურფა სამყაროში“ მოიაზრა მეტაფორა და არა ნაწარმოების სათაური. კასატორი ხაზს უსვამს, რომ შეფასების კრიტერიუმი კონკრეტულად ითვალისწინებდა იმ შემთხვევას, როდესაც 0 ქულა იწერებოდა, მის პასუხში კი გაანალიზებული იყო შედარების საფუძველი და მსჯელობა ზუსტად შეესაბამებოდა კრიტერიუმში დაკონკრეტებულ ორ ქულიან შეფასებას, მოწინააღმდეგე მხარე კი მიიჩნევდა, რომ მართალია აპლიკანტს სწორად ჰქონდა გაანალიზებული შედარების საფუძველი და პასუხობდა გამომწვევ მიზეზზე კითხვას, მაგრამ მისი განულება სამართლიანი იყო და არგუმენტად, სალიტერატურო ენის დარღვევას ასახელებდა. კასატორმა იგივე არგუმენტი მიუთითა 16.3 დავალებასთან დაკავშირებითაც, რომლის განულების მიზეზი „არქონის“ ცალ-ცალკე დაწერა იყო მაშინ, როდესაც მისი პასუხი განაზოგადებდა პრობლემას და ხსნიდა განმაპირობებელ მიზეზს.

კასატორმა უარყო მოპასუხის მითითება იმ გარემოებაზე, თითქოს მოსარჩელემ იცოდა და აღიარებდა დარღვევებს, რაც მან დააფიქსირა სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზეც. ამასთან, კასატორის მითითებით, ნაშრომი გასაჩივრებამდე გადახედილ იქნა ტრენერების მიერ, რომლებიც იცნობენ შეფასების ფორმას და ჰქონდათ უკუკავშირი განულების არასამართლიანობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება არგუმენტს, რომ ტესტი გრამატიკის წიგნი არ არის და მასში არ უნდა იყოს შეცდომათა განმარტება, ამაზე კასატორი არ დავობს, თუმცა აღნიშნავს, რომ დავა ეხება დავალების შეფასების კრიტერიუმს და იმას, რომ ცალკე დაყოფილი შეფასების სქემა არის სწორედ კონკრეტული დავალების შემფასებელი და არა ზოგადი გასათვალისწინებელი მითითება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ.გ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია მ.გ-ის სასარჩელო მოთხოვნა №16.2, №16.3 დავალებებზე წარდგენილი პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში 2023 წლის 28 აგვისტოს, 2023 წლის საგნის (ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური)) გამოცდის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის №16.2, №16.3 დავალებების ნაწილში მ.გ-ისათვის (თითოეულში თითო ქულის) ჯამში 2 ქულის მომატების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილების დანართით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მე-3 მუხლის დანაწესზე, რომლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასწავლებლობის მსურველის ან პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება/დადასტურებას ახორციელებს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგნობრივი კომისია არის ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო. ამავე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, შეფასების სქემა განმარტებულია როგორც ცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება აპლიკანტების ნაშრომების გასწორება. დასახელებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.

ზემოაღნიშნული წესის მე-20 მუხლის მიხედვით, აპლიკანტს უფლება აქვს, საპრეტენზიო განაცხადი ამ თავით დადგენილი წესით წარადგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ან/და ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.გ-ემ მონაწილეობა მიიღო 2023 წლის საგნის (ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური)) გამოცდაში. მ.გ-ეს საგამოცდო ტესტის ინსტრუქციით ეცნობა, რომ გამოცდის წარმატებით შესრულების შემთხვევაში მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენდა 53-ს და ტესტის შესასრულებლად მას განესაზღვრა 4 საათი. ინსტრუქციის თანახმად, გამომცდელს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ თუ სწორ პასუხთან ერთად არასწორ პასუხსაც მიუთითებდა, ქულას ვერ მოიპოვებდა. ხოლო თუ პასუხის გაცემისას დაარღვევდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს, დააკლდებოდა ქულა. გამოცდაზე მ.გ-ის პასუხები შეფასდა საერთო ჯამში 30 ქულით, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, რომელმაც მოსარჩელეს სადავო აქტით მოუმატა 1 ქულა სხვა დავალების (№10) ნაწილში, ხოლო №16 დავალების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, მოსარჩელის საგამოცდო ნაშრომი შეფასდა 31 ქულით. ამდენად, ვინაიდან კომპეტენციის ზღვარი შეადგენდა 31.80 ქულაზე მეტს, მ.გ-ემ ვერ გადალახა კომპეტენციის დასადასტურებლად დაწესებული მინიმალური ზღვარი.

დადგენილია, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2023 წლის 7 აგვისტოს №119/23 ბრძანების დანართი №4-ით დამტკიცდა გამოცდის შეფასების სქემები, რომელთა თანახმად №16.2 და №16.3 დავალებები ფასდებოდა მაქსიმუმ 2 ქულით. ამასთან, განსაზღვრული იქნა როგორც 2, ასევე 1 და 0 ქულების დაწერის წინაპირობები. კერძოდ, №16.2 დავალების შემთხვევაში განისაზღვრა, რომ დავალება შეფასებოდა 2 ქულით თუ: ა.ა) გამოსაცდელის პასუხში მოცემული იქნებოდა დამაჯერებელი, გამართული მსჯელობა; აპლიკანტი სწორად გააანალიზებდა შედარების საფუძველს (რით ჰგავს ლექსში აღწერილი სამყარო ცხედარს); სწორად ხსნის სამყაროს „სიკვდილის“ მიზეზს – რაციონალური (აზრი) და ემოციური (გრძნობა) საყრდენების გარეშე დარჩენა; ა.ბ) 1 ქულა - აპლიკანტს იდენტიფიცირებული აქვს შედარების საფუძველი, თუმცა პასუხი ზედაპირული და სქემატურია; აპლიკანტი შემოიფარგლება 3-4 სიტყვით; ა.გ) 0 ქულა - შესრულებულია ქვემოთ მოცემულთაგან ერთ-ერთი პირობა: არასწორადაა გაგებული შედარების საფუძველი, მსჯელობა მცდარია; პასუხში წარმოდგენილია მხოლოდ პერიფრაზი; პასუხში წარმოდგენილია ზოგადი ფრაზები: „სიმართლე გაქრა“, „ბოროტება გამეფდა“ და ა.შ. პასუხი არ არის მოცემული. ხოლო №16.3 დავალება შეფასებოდა 2 ქულით თუ ბ.ა) მოცემულია სწორი, დამაჯერებელი, გამართული მსჯელობა; აპლიკანტი განმარტავს დავალების პირობის ორივე კომპონენტს: განაზოგადებს პრობლემას - დეგრადირებული, უსამართლო, მტრული ქვეყანა... განუკითხაობა და შუღლი ძმათა შორის... ჰუმანიზმის, თანაგანცდის დეფიციტი... ხსნის განმაპირობებელ მიზეზს – აზრისა და გრძნობისგან (ადამიანობისგან) დაცლა, გრძნობისა და აზრის დეფიციტი ადამიანის დეჰუმანიზაციას, ცხოველურ საწყისებთან დაბრუნებას იწვევს...; ბ.ბ) 1 ქულა - შესრულებულია ქვემოთ მოცემულთაგან ერთ-ერთი პირობა: აპლიკანტს იდენტიფიცირებული აქვს როგორც პრობლემა, ისე განმაპირობებელი მიზეზი, თუმცა მსჯელობა ზედაპირული და სქემატურია; შემოიფარგლება 3-4 სიტყვით; მოცემულია დამაჯერებელი, გამართული მსჯელობა დავალების მხოლოდ ერთი კომპონენტის (პრობლემა ან მიზეზი) მიხედვით; ბ.გ) 0 ქულა - შესრულებულია ქვემოთ მოცემულთაგან ერთ-ერთი პირობა: პასუხი არამართებულია; პასუხი არ არის მოცემული. ხაზგასასმელია, რომ შეფასების სქემაში აღნიშნული იყო გასათვალისწინებელი პირობა: თუ სწორ პასუხთან ერთად აპლიკანტი არასწორ პასუხსაც მიუთითებს, შეფასდება 0 ქულით; თუ დავალებებზე პასუხის გაცემისას დარღვეულია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, აპლიკანტს დავალების შეფასებისას დააკლდება 1 ქულა.

დადგენილია, რომ №16 დავალებით განისაზღვრა შემდეგი: გამოცდაში მონაწილე პირს უნდა წაეკითხა ფრაგმენტი ვაჟა-ფშაველას ლექსიდან „აზრი და გრძნობა“ და შეესრულებინა 16.1-16.3 დავალებები. №16.2 დავალების თანახმად, მოსარჩელეს უნდა ემსჯელა რატომ ადარებდა პოეტი „ტურფა სამყაროს“ სუდარაგადაფარებულ ცხედარს, მოსარჩელემ უპასუხა შემდეგი: „ტურფა სამყარო“-ში არ არის თავისუფალი აზროვნება და გაცივდა ადამიანური გრძნობები, ამიტომაც ის სუდარაში გახვეულ მიცვალებულს გავს. უგრძნობია და უემოციო.“. ამ დავალების მაქსიმალური შეფასება იყო - 2 ქულა; მოსარჩელის პასუხი შეფასდა 0 ქულით. ხოლო, №16.3 დავალებით მოსარჩელეს უნდა განეზოგადებინა ლექსის შესაბამის ნაწყვეტში წამოჭრილი პრობლემა და ემსჯელა რამ განაპირობა ის, რაზეც მოსარჩელის პასუხი იყო შემდეგი: „ტექსტში წამოჭრილია უსამართლობის, შემწყნარებლობის არ ქონის ადამიანებს შორის დაპირისპირების პრობლემა, რაც ძლიერის მხრიდან სუსტის ჩაგვრამ განაპირობა.“ ამ დავალების მაქსიმალური შეფასება იყო - 2 ქულა; მოსარჩელის პასუხი შეფასდა 0 ქულით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში მ.გ-ის მიერ დაშვებული იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების ცენტრის მიერ იდენტიფიცირებული დარღვევები და სადავო საკითხის გადასაწყვეტად, აუცილებელი იყო სწორედ იმის შეფასება, რამდენად მოიცავდა №16.2 და №16.3 დავალებათა შეფასების სქემა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევის გამო შეფასებისათვის 1 ქულის დაკლების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას ზემოაღნიშნული მითითების ბუნდოვანებასთან დაკავშირებით და ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ შეფასების სქემებში სალიტერატურო ენის ნორმების ყველა შესაძლო დარღვევის ამომწურავი ჩამონათვალის ასახვა პრაქტიკულად შეუძლებელი და არაგონივრული იქნებოდა. როგორც აღინიშნა, შეფასების სქემა მთავრდებოდა იმ პირობით, რომ თუ დავალებებზე პასუხის გაცემისას დარღვეული იქნებოდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, აპლიკანტს დავალების შეფასებისას დააკლდებოდა 1 ქულა. შესაბამისად ცალსახაა, რომ აღნიშნული იმპერატიული ჩანაწერი მიემართებოდა ტესტში მოცემულ ყველა დავალებას და არა მხოლოდ რომელიმე ნაწილს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ.გ-ის (პ/ნ:...) მიერ საკასაციო საჩივარზე 13.02.2025წ. №25920261008 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. მ.გ-ეს (პ/ნ:...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.02.2025წ. №25920261008 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა