Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-523(კ-25) 24 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

მესამე პირი - შპს “...ი”

მესამე პირი - შპს “თ...ი”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 8 სექტემბერს ნ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „თ...ის“ მიმართ. მოგვიანებით, მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეთა წრიდან ამორიცხა შპს „თ...ი“.

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის ივლისში მ. ზ-ასგან შეიძინა ქ. თბილისში, ... ქ. N10-ში მდებარე მშენებარე ბინა. მოსარჩელე ჯერ კიდევ დაუსრულებელ მდგომარეობაში მყოფ კორპუსში გადავიდა საცხოვრებლად. მ. ზ-ასთან მოსარჩელეს ბინიდან გამოსახლების თაობაზე აქვს სასამართლო დავა. მოსარჩელე გაზის გადასახადს უწყვეტად იხდიდა N... სააბონენტო ნომერზე. მ. ზ-ას მოთხოვნის საფუძველზე მოსარჩელეს გაზმომარაგების კომპანიამ ჩაუჭრა გაზი. სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსარჩელეს აღუდგინეს გაზმომარაგების მიწოდება. მოგვიანებით, მოსარჩელეს კვლავ შეუწყდა გაზმომარაგება, რასაც არაკანონიერად მიიჩნევს.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის №38/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც შპს "ნ...ის" დაევალება ნ. გ-ის სარგებლობაში არსებული ფართის (მდებარე - ქ. თბილისი, ... ქ. №10 ს.კ. ... საცხოვრებელ კორპუსის მე-6 სართულის ზემოთ დაშენებული ფართი - მანსარდი), აბონენტად აყვანა და ბუნებრივი აირის მიწოდება.

დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც შპს “თ...ის” დაევალება მოსარჩელე ნ. გ-ის სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე (ქ. თბილისი, ... ქ. N10 ს/კ N...), საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულის ზემოთ დაშენებული ფართი - მანსარდი) ბუნებრივი აირის მიწოდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას დაევალა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც შპს „თ...ი“ მოსარჩელე ნ. გ-ის სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე (მდებარე: ქ. თბილისი ... ქ.N10 (ს/კ ...; საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულის ზემოთ დაშენებული ფართი - მანსარდი) უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება შპს “თ...ი”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება შპს “...ი”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მე-7 სართულზე (დაშენებული ფართი). ზემოაღნიშნული ობიექტი წარმოადგენს არარეგისტრირებულ ფართს. ნ. გ-ი მარაგდებოდა მე-6 სართულზე განთავსებული ბინის გაზის მრიცხველიდან. განშტოება მოწყობილი იყო თვითნებურად, კომპანიისთვის შესაბამისი მიმართვის გარეშე და დადგენილი წესების დარღვევით, რის გამოც განხორციელდა ნ. გ-ისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა.

სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტი ცხოვრობს ფართში, რომელიც არ არის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული. შესაბამისად, არც ვინმეს საკუთრებაშია აღრიცხული. აბონენტად რეგისტრაციისა და ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის “ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესების” თანახმად, საჭიროა ფართის კანონიერი ფორმით არსებობა, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” პირველ, მე-3, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე და მე-18 მუხლებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ვალდებულებაა დააკმაყოფილოს ყველა ის მოთხოვნა, რაც ნორმატიულად არის გაწერილი საცალო მომხმარებლისთვის აბონენტად რეგისტრაციისთვის და ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა დაინტერესებულ პირს არ შეუზღუდოს უფლება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში მიღებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2.09.2021წ. N38/3 გადაწყვეტილება უკანონოდ არ ზღუდავს აპელანტის უფლებას გაზიფიცირებაზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის Nბს-1534(კ-18) განჩინება განსხვავდებოდა მოცემული დავის ფაქტობრივი გარემოებებისგან.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარში მოხმობილი განჩინების თანახმად, მხარეთა შორის მიმდინარეობდა გამოსახლების პროცესი, რომლის დაჩქარების მიზნით, ქონების მესაკუთრემ მიმართა ლიცენზიანტ კომპანიას მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გაზმომარაგების შეწყვეტის თაობაზე. განსახილველი დავის ფარგლებში კი გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საფუძვლად დაედო არა ქონების მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე შპს “თ...ის” მხრიდან გაზმომარაგების შეწყვეტა, არამედ სახეზე იყო უკანონო დაშენება (მე-7 სართული), რომელსაც არ ჰყავს კანონიერი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე, ფართი არ არის გაზიფიცირებული და ნ. გ-ს გამომავალი ქსელი თვითნებურად ჰქონდა მიერთებული მრიცხველთან, რომელიც პროექტის თანახმად ეკუთვნის სხვა სუბიექტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, ასევე "ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ქ. N10-ში მდებარე ბინაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს "...ის” სარჩელი მისი ბინიდან გამოსახლების თაობაზე. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის N1534(კ-18) განჩინებაზე, რომელშიც განიმარტა, რომ საკუთრების უფლება არაა აბსოლუტური ხასიათის, ყველა ადამიანს გააჩნია ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლება, რაშიც უდაოდ მოიაზრება კომუნალური მომსახურების მიღების უფლება, რომელიც აუცილებელი საჭიროებებიდან გამომდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის არის განკუთვნილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის №38/3 გადაწყვეტილების კანონიერება. მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს მის სარგებლობაში არსებულ ფართზე აბონენტად აყვანასა და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენაში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 1 სექტემბერს ნ. გ-მა მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას განცხადებით, რომლითაც მოითხოვა კომისიის ეშუამდგომლა შპს ,,თ...ის“ წინაშე გაზმომარაგების მიწოდების აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნ. გ-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ქ. №10-ში, მას კანონმდებლობით დადგენილი წესით საცხოვრებელი ფართით სარგებლობის უფლება შეწყვეტილი არ აქვს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის 1 სექტემბერს №3/02-16-6088 წერილით მიმართა შპს "თ...ის“ და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ან გამოსახლების აღსრულების განხორციელებამდე ნ. გ-ს და მის ოჯახს არ ეზღუდებოდა საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლება, კომპანიას დაევალა ერთი დღის ვადაში ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა. შპს “თ...ის” მარეგულირებელი კომისიისადმი მიმართული 8.09.2020წ. წერილის თანახმად, ნ. გ-ს არ შეუწყდება გაზმომარაგება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის აღსრულების განხორციელებამდე.

2021 წლის 30 ივნისს ნ. გ-მა განმეორებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას და მოითხოვა კომისიას ეშუამდგომლა შპს ,,თ...ის“ წინაშე მისთვის გაზმომარაგების მიწოდების აღდგენის თაობაზე. მარეგულირებელმა კომისიამ წერილით მიმართა შპს “თ...ის” და ერთი დღის ვადაში ნ. გ-ისთვის შეწყვეტილი გაზმომარაგების აღდგენა მოითხოვა.

შპს “თ...ის” 22.07.2021წ. წერილის თანახმად, 2021 წლის 23 ივნისს, კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს ქ. თბილისში, ... ქ. N10-ში მე-7 სართულზე მდებარე ფართი. ფართი არ არის გაზიფიცირებული და ნ. გ-ს გამომავალი ქსელი თვითნებურად ჰქონდა მიერთებული მრიცხველზე (N...), რომელიც პროექტის მიხედვით ეკუთვნის სხვა სუბიექტს. აღნიშნულის გამო, იმავე დღეს ნ. გ-ს გაზმომარაგება აირშედუღებით შეუწყდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. გ-ის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ქ. თბილისში, ... ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე არსებული ფართი წარმოადგენს დაშენებულ, არარეგისტრირებულ ფართს, რომელსაც არ ჰყავს მესაკუთრე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის №38/3 გადაწყვეტილებით, ნ. გ-ის მოთხოვნა, შპს ,,თ...ისათვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში უარის თქმის მიზეზად მითითებულია, რომ უძრავი ქონება, რომელშიც ნ. გ-ი ითხოვდა ბუნებრივი გაზის მიწოდების დავალებას, წარმოადგენდა საცხოვრებელ კორპუსზე დაშენებულ ფართს, რომელიც არ იყო რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეს კანონი ადგენს ზომებს მიწოდების უსაფრთხოების ისეთი დონის დაცვის მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების გამართულად ფუნქციონირებას. ეს კანონი ასევე ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება მიწოდების უსაფრთხოების პოლიტიკა, ბაზრის მონაწილეთა ვალდებულებები და მიწოდების უსაფრთხოების დაცვის პროცედურები, კონკურენტული ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობის გათვალისწინებით. ამავე კანონის 101.1 მუხლის თანახმად, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მიწოდება ხორციელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით (ძალადაკარგულია 1.01.2026 წლიდან 28.12.2021წ. N60 კანონით) დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესები“, (შემდგომში “წესები”) რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიანტს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამავე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების, გამანაწილებლის, ლიცენზიანტისა და მომხმარებლის ვალდებულებას, დაიცვან წესებში მითითებული ნორმები. მითითებული წესების მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მიმწოდებელს ან განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, ან მოსთხოვოს მას ისეთი პირობის შესრულება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.

მითითებული „წესების“ მე-2 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზით მომარაგების ძირითად პრინციპს წარმოადგენდა მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ექსპლუატაცია გაუწიოს და გამართულ მდგომარეობაში იქონიოს გამანაწილებელი ქსელი, ანგარიშსწორებისათვის მოაწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი (აღრიცხვის კვანძები) და უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა. ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენის მიზნით, ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების შესაბამისად, აწარმოოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან, ასევე, ამ დანადგარების შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (მათ შორის, სამონტაჟო-საექსპლუატაციო დოკუმენტაციასთან) შესაბამისობის სისტემატური შემოწმება და განახორციელოს სათანადო რეაგირება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ დაირღვევა ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნები.

მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები განისაზღვრა ზემოაღნიშნული წესების მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, საცალო მომხმარებელმა (აბონენტმა), რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი, ამ წესების შესაბამისად განაცხადი უნდა წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ მიმწოდებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "ე“ პუნქტის თანახმად, განაცხადში მითითებული უნდა იქნეს: იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა. ამავე წესების მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით პირმა განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირს მის მიერ უძრავი ქონებით დროებითი სარგებლობისას, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს: უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. მითითებული წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად.

ზემოთმოხმობილი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ლიცენზიატი კომპანიისთვის პირის აბონენტად რეგისტრაციის დროს აუცილებელია უძრავის ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობის ან უძრავი ქონებით დროებითი სარგებლობისას ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის წარდგენა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ. გ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებად აღრიცხული არ არის. შესაბამისად, ქ. თბილისში, ... ქუჩა N10-ში, მე-7 სართულზე განთავსებული უძრავი ქონება სამართლებრივ ჩარჩოში არ მოქცეულა და არც სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი გამხდარა. უდავოა, რომ ნ. გ-ს მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა ადმინისტრაციულ ორგანოში არ წარუდგენია, რაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესებით“ (შემდგომში “წესები”) გამორიცხავდა მის სადავო ფართზე აბონენტად რეგისტრაციასა და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25.1 მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. გაზმომარაგება ის აუცილებელი პირობაა, რომელიც ყველა პირს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი, მათ შორის, იმ პირსაც, რომელიც შესაძლოა არამართლზომიერად სარგებლობდეს უძრავი ქონებით - დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, მიუხედავად მისი შემოსავლებისა და სოციალური სტატუსისა. ცხოვრების სათანადო დონის რეალიზაციის წინაპირობა არის ის, რომ პირი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ახორციელებს ყველა ღონისძიებას, რათა თავისთვის შეიქმნას პირობები, რომელიც მისი ცხოვრების სათანადო დონეს უზრუნველყოფს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (საქმე Nბს-ბს-1534(კ-18), 14.03.2019წ.) არსებითად განსხვავდება მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისაგან. შესაბამისად, სახეზე არა არის დივერგენცია. კასატორის მიერ მოხმობილ საქმეში საკვანძო საკითხს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრემ ლიცენზიატ კომპანიას მიმართა მის საკუთრებაში არსებული ბინის გაზმომარაგების შეწყვეტის თაობაზე იმ პირობებში, როდესაც მიმდინარეობდა დავა უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერებასთან დაკავშირებით და ზემოაღნიშნული გზით მესაკუთრე შეეცადა გამოსახლების პროცედურის დაჩქარებას. მითითებულ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მესაკუთრის უფლების დაცვის პროპორციულ ქმედებას არ წარმოადგენდა უძრავი ნივთის მფლობელისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა. მესაკუთრე საკუთრების უფლებას ბოროტად იყენებდა, რადგან იგი საკანონმდებლო რეგულაციის გვერდის ავლით ცდილობდა დასახული მიზნისთვის მიეღწია. ამგვარი მიზნის მიღწევაში დამხმარე როლი არ უნდა შეასრულოს გაზმომარაგების კომპანიამ. სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება არ დაუშვას და ხელი შეუშალოს მსგავსი ოპერაციის განხორციელებას. (სუსგ 14.03.2019წ. საქმე Nბს-ბს-1534(კ-18)).

საკასაციო სასამართლო ხასგასმით აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ნ. გ-ს მის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგა 3.09.2020წ. მოსარჩელესთვის განმეორებით გაზმომარაგების შეწყვეტა კი განაპირობა არა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრის მხრიდან გაზმომარაგების კომპანიისთვის მიმართვამ, არამედ ლიცენზიანტი კომპანიის მიერ უძრავი ქონების შემოწმებამ, რა დროსაც გამოვლინდა, რომ ნ. გ-ს გამომავალი ქსელი თვითნებურად ჰქონდა მიერთებული სხვა ბინის მრიცხველზე (N...), რომელიც პროექტის მიხედვით ეკუთვნის სხვა სუბიექტს. კასატორის მიერ მითითებულ საქმესა და განსახილველი დავის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობა, ერთ შემთხვევაში ფართი აღრიცხული იყო კონკრეტული პირის საკუთრებად, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სადავო მისამართზე მდებარე ფართზე ვინმეს საკუთრების უფლება საქმის მასალებით არ დგინდება. საგულისხმოა, რომ სადავოდ ქცეულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია, რომ ნ. გ-ის საცხოვრებელი ბინა გაზით მარაგდებოდა მე-6 სართულზე განთავსებული ბინისთვის განკუთვნილი N... მრიცხველიდან. მრიცხველის შემდეგ შიდა ქსელის ერთი განშტოების მეშვეობით გაზი მიეწოდებოდა მე-6 სართულზე მდებარე უძრავ ქონებას, ხოლო მეორე განშტოებით ნ. გ-ს. ფაქტობრივად, სხვადასხვა სართულზე განთავსებული ორი უძრავი ქონება გაზით მარაგდებოდა ერთი მრიცხველის მეშვეობით, რაც წარმოადგენს კომისიის 9.07.2009წ. N122 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდების და მოხმარების წესების" მოთხოვნათა დარღვევას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ შპს "თ...ის" 12.06.2021წ. N06677771 აქტზე, რომელშიც მითითებულია, რომ უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა 15 მმ-იანი ონკანი.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზანი კომუნალურ მომსახურებათა სფეროში, უპირველესად, გულისხმობს აღნიშნულ მომსახურებათა სისტემის გამართულად ფუნქციონირებას. აღნიშნული სისტემა არა მხოლოდ უნდა ანიჭებდეს თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობას, წვდომა ჰქონდეს სისტემაში შემავალ თითოეულ მომსახურებასთან, დადოს ხელშეკრულება ასეთი მომსახურების გამწევთან, არამედ, იმავდროულად, გულისხმობს იმგვარი სისტემის არსებობას, რომელშიც მომხმარებლებისათვის უზრუნველყოფილია მათთვის საჭირო მომსახურებასთან/რესურსთან უსაფრთხო, შეუფერხებელი და საიმედო წვდომა (საქმე NN1/2/1248, 5.07.2021წ). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც მიმართული იქნება ინტერესების დაბალანსებისაკენ და უზრუნველყოფს მომხმარებელთა მიერ სამართლიანი პირობებით წვდომასა და სარგებლობას ბაზარზე არსებულ მისთვის საინტერესო/საჭირო პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით არეგულირებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ნ. გ-ის უფლების მზღუდავი აქტი შეესაბამება კანონს და პროპორციულია ლეგიტიმურ მიზანთან, უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოების უსაფრთხოება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის №38/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა