Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-419(კ-25) 17 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. გ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 26 ივლისს ნ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 30 ივნისის IDP 1 23 00001444 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ნ. გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 30 ივნისის IDP 1 23 00001444 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ნ. გ-ეს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა იმ პირობებში, როდესაც მისი ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრების ფაქტი დასტურდებოდა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობებით. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდებოდა ნ. გ-ის მეზობლად სოფელ ...ში მცხოვრები პირების მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული თანხმობებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ბათილად ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 30 ივნისის IDP 1 23 00001444 ბრძანება და დაევალა მოპასუხეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ. გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 იანვარს ნ. გ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა ქურთის თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული 2018 წლის 16 იანვრის N08 ცნობა, რომლის თანახმად, ნ. გ-ე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. სამინისტროს მიერ განმცხადებელთან გასაუბრების კითხვარში მითითებულია, რომ ნ. გ-ე დაიბადა ... წელს, ცხინვალში; 1977 წელს დაამთავრა სოფელ ...ის საშუალო სკოლა, ხოლო 1978 წელს - ... სასწავლებელი. ნ. გ-ის მეუღლე დასაქმებულია ქ. რუსთავის ... ქარხანაში, ნ. გ-ეც 1981-1995 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის ... ქარხანაში. სამსახურის დაკარგვის შემდეგ დაბრუნდა სოფელში საცხოვრებლად და 2008 წლამდე ცხოვრობდა სოფელ ...ში, ცოლ-შვილი ცხოვრობდა რუსთავში. მეუღლე ხშირად ჩადიოდა სოფელ ...ში. თავად ნ. გ-ე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში, ჰქონდა ხეხილის ბაღი, მისდევდა სოფლის მეურნეობას, ჰყავდა მსხვილფეხა საქონელი. 2008 წლის შემდეგ ცხოვრობს სოფელ ...ში, ოჯახი ცხოვრობს რუსთავში.

ასევე დადგენილია, რომ ნ. გ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით დაადგინა, რომ ნ. გ-ეს 1980 წლიდან რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდება ქ. რუსთავი, ..., კორპ. 5, ბინა 27. ამავე წარმოების ფარგლებში სამინისტრომ გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომლის 2018 წლის 1 თებერვლის MIA 6 18 00254010 წერილითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ ნ. გ-ე უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს ქ. რუსთავში, ... კორპ. №5, ბინა №27-ში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 2 მაისის N1451 ბრძანებით, ნ. გ-ეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ივლისს ნ. გ-ემ კვლავ მიმართა განცხადებით (რეგისტრაციის ნომერი N72169) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 26 ივლისის N96 ცნობა, რომლის თანახმად, ნ. გ-ე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 29 აგვისტოს N01/2861-ს წერილით, ნ. გ-ეს N72169 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებულ მის მოთხოვნაზე უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება. ამასთან, განემარტა, რომ მის განცხადებაში არ იყო მითითებული რაიმე ახალი ან შეცვლილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და ის არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ. ასევე, არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, ნ. გ-ეს უარი ეთქვა N72169 განცხადების განხილვაზე.

2020 წლის 5 მარტს ნ. გ-ემ განცხადებით (რეგისტრაციის N10504) მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 26 ივლისის N96 ცნობა, ასევე, ამავე გამგეობის 2020 წლის 5 მარტის N106 ცნობა, რომლის თანახმად, ნ. გ-ე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ამჟამად ცხოვრობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის დევნილთა დასახლებაში, კოტეჯი N.... სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის N03/4144 წერილით, ნ. გ-ეს N10504 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებულ მის მოთხოვნაზე უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება. ამასთან, მას განემარტა, რომ განცხადებაში არ იყო მითითებული რაიმე ახალი ან შეცვლილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და ის არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ. ასევე, არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. გ-ეს უარი ეთქვა N10504 განცხადების განხილვაზე.

დადგენილია, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს ნ. გ-ემ კვლავ მიმართა განცხადებით (რეგისტრაციის N41454) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა ლ. ჭ-ისა და ე. ჭ-ის სანოტარო წესით დამოწმებული დასტური და ე. გ-ისა და დ. ლ-ის ასევე სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა. მითითებული წერილობითი დოკუმენტებით, ლ. ჭ-ე და ე. ჭ-ე ადასტურებდნენ, რომ ნ. გ-ე 2008 წლის ომის დროს იმყოფებოდა ე. გ-ის მეზობლად მდებარე მამაპაპურ სახლში, რომელიც მდებარეობს გორის რაიონში, ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ამასთან, ე. გ-ე და დ. ლ-ე ადასტურებდნენ, რომ ნ. გ-ე 2000 წლიდან 10.08.2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. 1977 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. 2008 წლის ომის დროს ნ. გ-ე იმყოფებოდა მათი სახლის მეზობლად მდებარე თავის მამაპაპისეულ სახლში. 2008 წლის 10 აგვისტოს, ომის დროს, მათ ერთად იძულებით დატოვეს სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლები.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 1 ოქტომბრის N03/14538 წერილით, ნ. გ-ეს N41454 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებული საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ უკვე განხილული და გადაწყვეტილი იყო. ამასთან, განმცხადებელს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი და მიეთითა, რომ მის განცხადებაში არ იყო მითითებული რაიმე ახალი ან შეცვლილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და ის არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ. ასევე, არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს ეცნობა, რომ სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს განეხილა მის N41454 განცხადებაში დასმული საკითხი. მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. გ-ის მიერ გასაჩივრდა სასარჩელო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქმე Nბს-1206(კ-22)), ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 1 ოქტომბრის №03/14538 გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ. გ-ის 2020 წლის 29 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას არ შეუსწავლია და არ შეუფასებია განმცხადებლის მიერ თანდართული მოწმეთა ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები, მოსარჩელე ნ. გ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს განმცხადებლის მიერ წარდგენილი გარემოებები არის თუ არა ახლად გამოვლენილი და ისინი ქმნიან თუ არა განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობებს.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2023 წლის 30 ივნისს მიღებული იქნა IDP 1 23 00001444 ბრძანება, რომლის თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 28 ივნისის IDP 4 23 00673541 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, ნ. გ-ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 30 ივნისის IDP 1 23 00001444 ბრძანების კანონიერებას. ასევე, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ნ. გ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ. გ-ე დაიბადა ქალაქ ცხინვალში, დაამთავრა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საშუალო სკოლა და შემდგომ, დროის გარკვეული პერიოდი მუშაობდა ქალაქ რუსთავში, თუმცა 2008 წლის ომამდე დაბრუნდა სოფელში და ომის დაწყების შემდგომ მოუწია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვება. საკასაციო პალატის განმარტებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია ქალაქ რუსთავში, უპირობოდ არ გამორიცხავს იძულებით გადაადგილებამდე სოფელ ...ის მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნევის ფაქტს. მისამართზე რეგისტრაცია არ ადასტურებს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობებით ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადასტურებს ნ. გ-ის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრებისა და ამჟამად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის დევნილთა დასახლებაში, კოტეჯი N..., ცხოვრების ფაქტს. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით, მეზობლები, მოწმეები ადასტურებენ, რომ ნ. გ-ე 2008 წლის ომის დროს იმყოფებოდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თავის მამაპაპისეულ სახლში, რომელიც 2008 წლის 10 აგვისტოს იძულებით დატოვა.

ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას იმის თაობაზე, რომ დასტურდება ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნ. გ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რაც ქმნიდა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი