საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-430(2კ-25) 15 ივლისი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,...ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 5 ოქტომბერს შპს ,,...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 მაისის N ბ60.01221314 ბრძანებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 5 სექტემბრის N796 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურისთვის შპს ,,...ის“ 2022 წლის 6 მაისის განაცხადების ვადის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 მაისის Nბ60.01221314 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 5 სექტემბრის N796 ბრძანება; მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ვადის აღდგენის შესახებ 2022 წლის 6 მაისის (N10/0122126867-60) განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ გაშვებული ვადის აღდგენისათვის უნდა არსებობდეს ვადის გაშვების ობიექტური მიზეზები, რომლებიც დაადასტურებს პირის არაბრალეულობას გასაჩივრების ვადის გაშვებაში. ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებებით, რომლებიც დაადასტურებს, რომ საპატიო მიზეზის არსებობის პირობებში შეუძლებელი ან განსაკუთრებით გართულებული იყო დადგენილი ვადის დაცვა. მითითებული ნორმის შესაბამისად, გაშვებული ვადის აღდგენა არ განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს არაბრალეულად გაშვებული ვადის აღდგენას ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა 100-ის თანახმად, დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს ,,...ის“ დირექტორი დ. კ-ა 2022 წლის 21 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით იყო ავად და მდგომარეობის სიმძიმის შესაბამისად, მას წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ არ არსებობდა ვადის გაშვების საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის (ფორმა 100) ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოების აპელირება მასზედ, რომ შპს „...ის“ დირექტორს, დ. კ-ას, შეეძლო 2022 წლის 21 აპრილამდე შემოებრუნებინა განაცხადი და არ დალოდებოდა ვადის ბოლო დღეს და განმარტა, რომ აღნიშნული პოზიცია არ პასუხობს კანონის მიზნებს და უხეშად ლახავს პირის უფლებებს - სრულად ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის განსაზღვრული ვადით. შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა ქმნიდა იმ გარემოების მტკიცების საფუძველს, რომ ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურმა.
კასატორებმა საკასაციო საჩივრებში მიუთითეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლზე, 94-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4 ნაწილებზე და განმარტეს, რომ 2022 წლის 6 მაისს მოსარჩელის მიერ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ N10/0122126867-60 განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტში (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული იმგვარ საპატიო მიზეზად, რომელიც, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას და ამავე სამსახურის მიერ შპს „...ის“ დირექტორისთვის, დ. კ-ასთვის 2022 წლის 10 მარტის 5841176 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის გათვალისწინებული ვადის აღდგენას. აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, პაციენტის ავადმყოფობა მიმდინარეობდა 2022 წლის 21 აპრილიდან 2022 წლის 26 აპრილამდე პერიოდში, ხოლო არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 მარტის N5841176 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ბოლო ვადა სრულდებოდა 2022 წლის 21 აპრილს. შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ არ განახორციელა დ. კ-ამ, ხსენებული 2022 წლის 10 მარტის N5841176 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრა 2022 წლის 21 აპრილამდე. ამდენად, ხარვეზის აღმოუფხვრელობა არ იყო დაკავშირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა თავისუფლად იყო შესაძლებელი არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.tas.ge) საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 მაისის Nბ60.01221314 ბრძანების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 5 სექტემბრის N796 ბრძანების კანონიერება და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურისათვის გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ 2022 წლის 6 მაისის (N10/0122126867-60) განცხადების დაკმაყოფილების დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 1 მარტს შპს „...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და აცნობა, რომ მისთვის მიუღებელი იყო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (61-01220472939), რომლითაც გამოხატულ იქნა თანხმობა ადგილმონაცვლეობაზე, რადგან მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საექსპერტო შეფასება მოხდება მისი ძველი (სზ6) და არა არსებული (სსზ2) ზონით. შესაბამისად 2022 წლის 7 მარტს მოთხოვნილ იქნა განცხადების (AR1610902, 24.06.2018) განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 მარტის N5841176 შუალედური გადაწყვეტილებით განმცხადებელს კვლავ განემარტა, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის მიზნით, საკითხი განსახილველად გადაიგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში პოზიციის დასაფიქსირებლად. ზემოაღნიშნული უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე მას ეცნობებოდა შეტყობინების სახით, რის შემდგომაც საჭირო იქნებოდა შემოებრუნებინა განაცხადი. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ თუნდაც შეტყობინების მიუღებლობის შემთხვევაში ზემოაღნიშნული განაცხადი საჭირო იყო შემოებრუნებინა 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
დადგენილია და სადავო არაა, რომ განაცხადის შებრუნების ბოლო ვადა იყო 2022 წლის 21 აპრილი.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დადგენილ ვადაში სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის ელექტრონულ პორტალზე (www.tas.ge) არ იქნა წარდგენილი განაცხადი, შესაბამისად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ შპს „...ის“ 2018 წლის 26 ივნისის განაცხადი განუხილველად იქნა დატოვებული.
2022 წლის 6 მაისს შპს „...ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც აცნობა, რომ მათი შუალედური გადაწყვეტილების (N5841176, 10.03.2022) შესაბამისად მოსარჩელის მიერ ვერ მოხდა განაცხადის შებრუნება დადგენილ ვადაში (განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა - 2022 წლის 21 აპრილი), რადგან 2022 წლის 21 აპრილს სამუშაო დღის დასრულებამდე კომპანია იყო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პასუხის მოლოდინში, ხოლო პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, აღნიშნული კალენდარული დღის ამოწურვამდე, მოსარჩელე აპირებდა განაცხადის შემობრუნებას. ის კომპანიის ერთადერთი წარმომადგენელია ვისაც გააჩნდა წვდომა კომპანიის ელექტრონულ ვებგვერდთან (tas.ge-ზე). დ. კ-ა 21.04.2022 წელს გახდა ძლიერ ავად და დასჭირდა სამედიცინო ჩარევა (დანართის სახით წარდგენილ იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფორმა N100), რის გამოც მან ფიზიკურად ვერ შევძლო თბილისის არქიტექტურის სამსახურში განაცხადის შებრუნება, შესაბამისად, აღნიშნული განაცხადი დარჩა განუხილველი. ამრიგად, საპატიო მიზეზზე მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს „...ის მიერ მოთხოვნილ იქნა გაშვებული ვადის აღდგენა და 2018 წლის განაცხადის (AR1610902) განხილვის გაგრძელება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 მაისის Nბ60.01221314 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ დირექტორის - დ. კ-ას 2022 წლის 6 მაისის N10/0122126867-60 განცხადება და განმცხადებელს უარი ეთქვა 2022 წლის 10 მარტის N5841176 გადაწყვეტილებით დადგენილი ვადის აღდგენაზე. აღნიშნული ბრძანება საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 5 სექტემბრის N796 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ დირექტორის - დ. კ-ას 2022 წლის 13 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს ადმინისტრაციული ორგანოების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გასაჩივრებისათვის განკუთვნილი ვადის აღდგენის შესაძლებლობის გამოუყენებლობის საკითხი წარმოადგენს, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გაიზიარეს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნიეს, რომ არ არსებობდა გასაჩივრების ვადის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
ამდენად, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივანმა სარწმუნო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს, საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში ისეთი დაუძლეველი ძალის არსებობა, რაც საჩივრის შეტანას ხდიდა შეუძლებელს ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას. „ამასთან, გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის უფლებამოსილება განეკუთვნება საჩივრის განსახილველად უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ვადის აღდგენის საკითხის განხილვისას შესაბამისმა ორგანომ ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა კანონით დადგენილი ვადის გაშვება. უნდა შეაფასოს, რამდენად ობიექტურ ხასიათს ატარებს ის მიზეზები, რამაც ვადის გაშვება გამოიწვია“ (სუსგ 30.09.2021წ საქმეზე Nბს-308(კ-21)).
ზემოხსენებულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რამდენადაც გასაჩივრების ვადის აღდგენა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, იგი ვალდებულია დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება შესაბამის გარემოებებსა თუ სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით დაასაბუთოს, ხოლო ფაქტობრივი დასაბუთება სწორედ გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევა-შეფასებას დააფუძნოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ... ,,...ის“ მიერ გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N789 ცნობაზე, რომლის თანახმად, დ. კ-ა ავადმყოფობდა 2022 წლის 21 აპრილიდან - 2022 წლის 26 აპრილამდე პერიოდში, ავადმყოფობა მიმდინარეობდა შემდეგი სიმპტომებით: ...ა, ...ე, ...ა, ...ი. ამავე ცნობაში ასევე აღინიშნა, რომ პაციენტს მიეცა ექიმის შემდეგი რეკომენდაცია - ბინაზე მკურნალობა და წოლითი რეჟიმი.
საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად ვერ გაიზიარებს კასატორების განმარტებას, რომ გაშვებული ვადის აღდგენის საპატიო გარემოებად არ უნდა იქნეს მიჩნეული შპს „...ის“ დირექტორის - დ. კ-ას ავადმყოფობა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსარჩელის მდგომარეობა სწორედ გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ბოლო პერიოდში, პირს ვერ მოეთხოვება საჩივრის წარდგენა შეტყობინების ჩაბარებისთანავე, ასევე ვერ დაევალება ვადის დენის ბოლო დღეებისათვის თავისი მდგომარეობის წინასწარ განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა ქმნიდა იმ გარემოების მტკიცების საფუძველს, რომ ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 მაისის Nბ60.01221314 ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 5 სექტემბრის N796 ბრძანების ბათილად ცნობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურისათვის ვადის აღდგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარზე 15.04.2025წ. №00522 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.04.2025წ. №00522 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე