Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე #ბს-524(კ-25) 24 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ე-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 26 დეკემბერს მ. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლებიდან დღემდე იგი ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, ... ქ. #31-ში მდებარე 556.00 კვ.მ მიწის ნაკვეთით. ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მან მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც 2022 წლის 11 ნოემბრის #2727 განკარგულებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულფასოვნად შეისწავლა საქმეში არსებული დოკუმენტები, კერძოდ, ფაქტები და გარემოებები, რომლითაც დგინდება კანონის ამოქმედებამდე მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და საცხოვრებელი სახლის განთავსების ფაქტი. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო აქტი გამოცემულია ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების გარეშე.

ამდენად, მოსარჩელემ (1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის #2727 განკარგულების ბათილად ცნობა და (2) მოპასუხისათვის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებს. ამასთან სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო აქტი მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე და დაცული იყო მათი მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ე-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის #2727 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ე-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 ოქტომბრის #... წერილობითი მიმართვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გაეგზავნა მ. ე-ის განცხადება, ქალაქ თბილისში, ... ქუჩის #31-ის მიმდებარედ არსებულ 556 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 11 ნოემბრის #2727 განკარგულებით მ. ე-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მ. ე-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია 2023 წლის 6 ივლისის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, რომლითაც მ. ე-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მეზობლები - მ. მ-ი და ვ. ი-ი ადასტურებენ, რომ 1985 წლიდან ქ. თბილისში, ... ქუჩის #31-ის მიმდებარე 556 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობდნენ მ. ე-ის მშობლები, 2000 წლიდან ფლობას აგრძელებს მ. ე-ე, რომელიც დღემდე ცხოვრობს, ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით. ისინი, ასევე, ადასტურებენ, რომ 2007 წლამდე აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განთავსებული იყო ხის ნაგებობა (საცხოვრებელი), 2007 წლიდან მ. ე-ემ ააშენა 20 კვ.მ ფართობის ბლოკის შენობა/საცხოვრებელი ნაგებობა, სადაც დღემდე ცხოვრობს მამასთან ერთად.

ამასთან, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო საექსპერტო კვლევითი ჯგუფის შპს „...ის“ 2023 წლის 23 მაისის საექსპერტო დასკვნა ქ. თბილისში, ... ქუჩის (ყოფილი ...ის მე-7) #31-ში მ. ე-ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ერთსართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ხანდაზმულობის დადგენის შესახებ საექსპერტო კვლევა. ზემოაღნიშნული დოკუმენტით დგინდება, რომ მ. ე-ის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობა, ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, მასალისა და კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობის გათვალისწინებით, ადასტურებს ხანდაზმულობას დაახლოებით 17-18 წლის პერიოდით.

ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2005 წლის მონაცემებით სადავო მიწის ნაკვეთზე გარკვევით არ ჩანს ის შენობა, რომელიც დღეის მდგომარეობით არის განთავსებული სადავო ტერიტორიაზე, თუმცა 2010 და შემდგომი თარიღების მონაცემებით, ამ მიწის ნაკვეთზე დასახელებული შენობის არსებობა დასტურდება. ამასთან, პალატის მითითებით, დასტურდება და მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ მითითებული ტერიტორიის 2006-2009 წლის ორთოფოტოები არ იძებნება.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შპს „თ...ის“ 2023 წლის 8 მაისის წერილზე, რომლის მიხედვით, აბონენტი (#...) ნ. ე-ე, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის ძმას, (მისამართი: ქალაქი თბილისი, ...ის #7 ქუჩა, ბინა #26) კომპანიის ბილდინგის მონაცემთა ბაზაში აბონენტად რეგისტრირებულია 2006 წლის 1 ივნისიდან. წერილს ერთვის აბონენტის ბარათი, რომლის მიხედვით, 28.11.2007წ. - 27.04.2023წ. პერიოდში დასახელებულ მისამართზე აბონენტად რეგისტრირებულია ნ. ე-ე. საქმის მასალებში, ასევე, დაცულია შპს „ყ...ის“ 2018 წლის აქტები და 2006წ. - 2017წ. ქვითრები, რომლის მიხედვით, მისამართზე: ქალაქი თბილისი, ...ის #7 ქუჩა, ბინა #26, აბონენტი (#...) არის ნ. ე-ე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასტურდებოდა მ. ე-ის მიერ კანონის ამოქმედებამდე სადავო ტერიტორიის დაკავებისა და მასზე შენობის განთავსების ფაქტი. სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ე-ის მიერ სადავო ქონების კანონის ამოქმედებამდე ფლობის ფაქტს ადასტურებდა საქმეში დაცული ორთოფოტოები, კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრები, ექსპერტის დასკვნა, მოწმეთა განმარტებები, რისი გამაქარწყლებელი მტკიცებულებაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა წარმოდგენილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს შპს „თ...ისა“ და შპს „ყ...ის“ წერილებზე, რომლესაც ერთვის აბონენტის ბარათი და ირკვევა, რომ 2007-2023 წლებში დასახელებულ მისამართზე აბონენტად რეგისტრირებულია ნუზარ ეკალაძე. შესაბამისად, კასატორი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულება ვერ ადასტურებს კანონის ამოქმედებამდე მ. ე-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტს.

ამასთან, კასატორი ხაზგასმით მიუთითებს, რომ 2005 წლის ორთოფოტოზე შენობა არ ჩანს. კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხედველობაში არ უნდა მიეღო საქმეში წარმოდგენილი შპს „...ის“ 2023 წლის 23 მაისის ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომელიც შეიცავს სწორ და უტყუარ ინფორმაციას. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა-ნაგებობის ხნოვანება არანაკლებ 17-18 წელია, 2005 წლის აეროფოტოგადაღებით კი დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული რაიმე ობიექტი.

რაც შეეხება მოწმეთა დამოწმებულ განცხადებებს, კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას. იგი უნდა შეფასდეს მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და იმ შემთხვევაში, თუკი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება მოწმეთა მიერ მითითებული გარემოება, აღნიშნული არ უნდა იქნეს მიჩნეული ცალსახად დადასტურებულად.

კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, აეროფოტოგადაღება უპირისპირდება მოწმეთა ჩვენებებსა და ექსპერტიზის დასკვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ 11.11.2022წ. #2727 განკარგულების კანონიერება და მოპასუხისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო განკარგულებით მ. ე-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, არ დასტურდებოდა მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და აეროფოტოგადაღებებით დადგენილად ჩათვალა, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული შენობა-ნაგებობა განთავსებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.

ამავე კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ კომუნალური გადასახადის ქვითრებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის #7 ქუჩაზე, ბინა #26ა-ში აბონენტად (აბონენტის #...) რეგისტრირებულია ნ. ე-ე, ქალაქ თბილისში, ...ის №7 ქუჩაზე, ბინა #26-ში აბონენტად (აბონენტის №...) რეგისტრირებულია ნ. ე-ე. ასევე, დასტურდება, რომ ქალაქი თბილისი, ... დასახლება, VII ქუჩა #26-ის (ს.კ. ...) დღევანდელი მისამართია: ქალაქი თბილისი, ... ქუჩა #29. ქალაქი თბილისი, ... ქუჩა #31 კი განესაზღვრა გეოგრაფიულ ობიექტს, რომელიც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის. ამასთან, მისამართი - ქალაქი თბილისი, ... დასახლება, VII ქუჩა #26ა - არ იძებნება.

საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში დაცულ, მ. ე-ის მეზობლების - მ. მ-ისა და ვ. ი-ის 2023 წლის 6 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ქალაქ თბილისში, ... ქუჩის #31-ის მიმდებარედ 556 კვ.მ მიწის ნაკვეთის მ. ე-ის მიერ ფლობის, სარგებლობის, ასევე, ამ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების მ. ე-ის მიერ აშენების ფაქტს.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს 2024 წლის 14 ნოემბერს ნოტარიულად დამოწმებულ ნ. ე-ის განცხადებას/თანხმობას, რომლის მიხედვითაც, ნ. ე-ე თანახმაა ქ. თბილისში, ...ის #31-ში მდებარე 556 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართი სრულად დაირეგისტრიროს მ. ე-ემ შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.

ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მიერ შპს „თ...ისა“ და შპს „ყ...ის“ წერილებზე დაყრდნობით იმ გარემოების მტკიცებას, რომ რამდენადაც 2007-2023 წლებში დასახელებულ მისამართზე აბონენტად რეგისტრირებულია ნ. ე-ე და არა მ. ე-ე, მოსარჩელე არ ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ე-ის დასახელებულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციის ფაქტი იმთავითვე არ გამორიცხავს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მ. ე-ის მიერ ფლობას, რამდენადაც აბონენტის ბარათებისა და საქმეში დაცული სხვა მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით, დასტურდება მოთხოვნილი უძრავი ქონების, ზოგადად, მ. ე-ის ოჯახის მიერ ფლობა-სარგებლობა 2007 წლამდე პერიოდში.

მითითებულის გარდა, საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „...ის“ 2023 წლის 23 მაისის ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზეც, რომლის მიხედვით, მოქალაქე მ. ე-ის სარგებლობაში არსებული ერთსართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობა ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, მასალისა და კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობის გათვალისწინებით ადასტურებს ხანდაზმულობას დაახლოებით 17-18 წლის პერიოდით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს ზემოაღნიშნული საექსპერტო დასკვნის შინაარსის არასანდოობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად კი, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოსათვის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი საექსპერტო დასკვნა არ სარგებლობს წინასწარ დადგენილი მტკიცებულებითი ძალით. საქმესთან დაკავშირებული გარემოებების და საქმეში დაცული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საექსპერტო დასკვნაში მოცემულია შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის მხოლოდ მიახლოებითი პერიოდი, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებებს დასკვნის არასანდოობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მ. ე-ის სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ ზემოაღნიშნული საექსპერტო დასკვნა, არამედ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა მ. ე-ის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობასა და მისით სარგებლობას 2007 წლამდე პერიოდში.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზი, კერძოდ, ორთოფოტოები, საექსპერტო დასკვნა, შპს „თ...ის“ 2023 წლის 8 მაისის წერილი, შპს „ყ...ის“ 2018 წლის აქტები და 2006 - 2017 წლის ქვითრები, ასევე, მ. ე-ის მეზობლების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები და ნ. ე-ის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, ერთობლივად იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელე მ. ე-ე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთით და ხსენებული კანონის ამოქმედებამდე აწარმოებდა მასზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა