საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-811(კ-24) 22 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე (მომხსენებელი) გენადი მაკარიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხ. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქედის მუნიციპალიტეტის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მესამე პირები - ა. დ-ე, მ. ც-ე, ნ. მ-ე, მ. მ-ე, ლ. ე-ე, რ. ც-ე, მ. ბ-ე, ს. დ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხ. ე-ემ სასარჩელო (დაზუსტებული სარჩელი) განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის, აჭარის ა/რ მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის №639 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 ივლისის №20 განკარგულება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №1805 ბრძანება ა. დ-ის, მ. ც-ის, ნ. მ-ის, მ. მ-ის, ლ. ე-ის, რ. ც-ის, მ. ბ-ის და ს. დ-ის ნაწილში; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო და აჭარის ა/რ თვითმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შერეული კომისიის 2021 წლის 29 აპრილის №27 რეკომენდაცია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ხ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ 2021 წლის 29 აპრილის №27 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში, საქმის წარმოება შეწყდა.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ე-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით ხ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ე-ემ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, ხ. ე-ე ოჯახთან ერთად 1985 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ყოფილი ...ის საცხოვრებელ სახლში, რომელიც აღარ გამოიყენებოდა დანიშნულებით და იყო ამორტიზირებული. სარდაფში დიდი რაოდენობით იყო ქვამარილი. ხ. ე-ემ გაარემონტა სახლი, გაიტანა ქვამარილი და მიიყვანა სახლში ვარგის მდომარეობაში. 1993 წელს ხ. ე-ემ კოლმეურნეობისგან შეიძინა ეს სახლი, რაზეც არსებობდა ხელშეკრულება და არსებობს თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს საცხოვრებელი სახლის ნაწილში უკანონოდ შეიჭრნენ სოფელ ...ის მაცხოვრებლები: მ. ც-ე, ა. დ-ე და ნ. მ-ე. ხ. ე-ემ არაერთხელ მიმართა შესაბამის ორგანოებს, რომ მომხდარიყო უკანონოდ შესახლებულების მიერ ფართის დაცლა, თუმცა ქედის რაიონის მაშინდელი გამგებლის თხოვნით, მათ დართოთ ნება, დროებით ეცხოვრათ მოცემულ ფართში. ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 ივნისის №639 ბრძანებით ცნობილი გახდა, რომ ხ. ე-ის საცხოვრებელი სახლი დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტის საკუთრებად ისე, რომ ხ. ე-ე არავის მიუწვევია წარმოების დროს და არც მისი მოსაზრება მოუსმენიათ. ქედი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 ივლისის განკარგულებით კი, აღნიშნული ქონება უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. სახელმწიფო და აჭარის ა/რ თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შერეული შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 29 აპრილის №27 ოქმით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ფართი, ყოფილი ...ის სახლი, საკუთრებაში გადაეცათ ა. დ-ის, ნ. მ-ის და მ. ც-ის ოჯახებს, რაც დარეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.
კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 1992 წლის №949 დეკრეტით კოლმეურნეობებს მიეცათ უფლება, გაესხვისებინათ მათ საკუთრებაში რიცხული ქონება. სადავოდ ქცეული სახლი იყო კოლმეურნეობის საკუთრება. ამდენად, კოლმეურნეობა უფლებამოსილი იყო, გაესხვისებინა ეს სახლი. მესამე პირები უკანონოდ შეიჭრნენ სადაო ფართში, რომელსაც ხ. ე-ე ფლობდა მართლზომიერად. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და გაუგებარია სადაო ფართების მათთვის საკუთრებაში გადაცემა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ე-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონება (ყოფილი ...ის (...ის) შენობა) - 1300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 71,41 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ს/კ ..., დარეგისტრირდა თ., მ., ნ., ქ. და ხ. ე-ეების, ასევე ც. ბ-ის საკუთრებად (ტ. 1, ს.ფ. 162-182); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რის შედეგადაც 2015 წლის 18 მაისს რეესტრმა გამოსცა №... გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 162-182, ტ.2. ს.ფ. 257-264); გ) ხ. ე-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს (მოპასუხეები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახური, მესამე პირები - ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მ. ე-ე, ქ. ე-ე, თ. ე-ე, ც. ბ-ე, ა. დ-ე, მ. ც-ე, ნ. მ-ე) და მოითხოვა „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 თებერვლის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 18 მაისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ხ. ე-ის სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 1998 წლის 5 თებერვლის სოფელ ...ის საერთო/ მეკომურთა კრების ოქმი №1-ით დამტკიცდა სარეფორმო კომისიის გადაწყვეტილება ხ. ე-ისათვის ... ეზოში დამატებით სახნავი მიწის გამოყოფის შესახებ. კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შევიდა ცვლილებები საკომლო ჩანაწერებში და ხ. ე-ის ოჯახს მიეკუთვნა 0.13 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფელი ...ი, ... ეზო. ხ. ე-ემ საჯარო რეესტრში წარადგინა საკომლო ამონაწერი, სოფელ ...ის საერთო კრების გადაწყვეტილება და ამ დოკუმენტების საფუძველზე, საჯარო რეესტრმა მიწის ნაკვეთზე მოახდინა მისი საკუთრების უფლებების რეგისტრაცია. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით აცნობა საჯარო რეესტრს, რომ თითქოს, ხ. ე-ეზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სხვაგან და არა იქ, სადაც მოხდა მისი იდენტიფიცირება. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, სადაც თავისი მოსაზრება და დოკუმენტაცია წარადგინა ხ. ე-ემ, თუმცა სამსახურმა არ გაითვალისწინა მოსარჩელის არგუმენტები, დაეყრდნო მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის წერილს და გააუქმა მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება ხ. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ხ. ე-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა სამსახურის გადაწყვეტილება, თუმცა სააგენტომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და სრულად გაიზიარა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მოტივაცია. ხ. ე-ე წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს იმ მიწის ნაკვეთისა, რომელზედაც მოხდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მას სხვა მიწის ნაკვეთი ყოფილი ... ტერიტორიაზე არ გააჩნია და არც გააჩნდა არასდროს. მიწის ნაკვეთზე დარგულია მრავალწლიანი ნარგავები, რითაც დასტურდება, რომ ამ მიწის ნაკვეთს ხ. ე-ე ფაქტობრივად ფლობს დიდი ხანია, რასაც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა რატომღაც არ მიაქციეს ყურადღება. ხ. ე-ის მიერ, თავის დროზე, ასევე შესყიდულ იქნა მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა, გადახდილი იქნა შესაბამისი ღირებულება, რაზედაც არსებობს შესაბამისი დოკუმენტი და რაც წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს, თუმცა საჯარო რეესტრმა არ მიაქცია ყურადღება (ტ. 1, ს.ფ. 162-182); დ) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ. 1, ს.ფ. 162-182); ე) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით ხ. ე-ის, მ. ე-ის, ნ. ე-ის და თ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 183-189); საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ხ., მ. და ნ. ე-ეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება (ტ. 1, ს.ფ. 190-192); ვ) ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18 ივნისის №639 ბრძანებით დადგინდა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 782 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 321,3 კვ.მ შენობა-ნაგებობა დარეგისტრირდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ტ. 1, ს.ფ. 12); აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 782 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული №1 შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 321,3 კვ.მ, ს/კ ... დარეგისტრირდა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ტ.1. ს.ფ. 223-224); ზ) ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 15 აგვისტოს №853 ბრძანების მიხედვით, ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების მართვის განყოფილების წერილობით მოთხოვნა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 782,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული ერთი ერთეული 321,3 კვ.მ (საერთო ფართი) შენობა-ნაგებობის - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ს/კ ...) ბინა ერთეულებად დაყოფის შესახებ აკმაყოფილებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 70-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს (ტ.1, ს.ფ. 13); თ) ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 15 აგვისტოს №853 ბრძანების საფუძველზე, 782 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე №1 შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 321,3 კვ.მ, საკადასტრო კოდებით: ... (ბინა №1 ფართი 97,60 კვ.მ); ... (ბინა №2, ფართი 29,80 კვ.მ); ... (სართული 1, ბინა №3, ფართით 81,30 კვ.მ, სარდაფი 18,50 კვ.მ) და ... (სართული 1, ბინა №4, ფართით 62,80 კვ.მ, სარდაფი 31,30 კვ.მ) დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ტ.1, ს.ფ. 32-41); ი) სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის 2021 წლის 29 აპრილის №27 სხდომაზე მიღებული №19 რეკომენდაციით ეთხოვა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქედი მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე ფართების აჭარის ა/რ საკუთრებად აღრიცხვასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიების გატარება (ტ.1, ს.ფ. 50-56, 208-211); კ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 ივლისის №20 განკარგულებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე ბინა №4 - 62,8 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და სარდაფი - 31,30 კვ.მ ფართი (ს/კ ...) (ტ.1, ს.ფ. 24); ლ) სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/თვითმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის 2021 წლის 29 აპრილის №27 სხდომაზე მიღებული №19 რეკომენდაციის შესაბამისად, აჭარის ა/რ მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №1805 ბრძანებით, აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ ნ. მ-ეს და მ. მ-ეს (ბინა №2, ს/კ ...); ა. დ-ეს, ს. დ-ეს და მ. ბ-ეს (ბინა №3, ს/კ ...), მ. ც-ეს, ლ. ე-ეს და რ. ც-ეს (ბინა №4, ს/კ ...) (ტ. 1, ს.ფ. 214, 215-217, 57-59);
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
განსახილველ საქმეზე დავის საგანია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის №639 გადაწყვეტილება რომლითაც, ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ყოფილი ...ის (...ის) შენობა აღირიცხა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებად. მოსარჩელეს ასევე გასაჩივრებული აქვს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 ივლისის №20 განკარგულება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №1805 ბრძანება. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სადაო ქონება თავდაპირველად საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას, ხოლო შემდეგ მოხდა ქონების განკარგვა მის მოსარგებლეებზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის გზით.
სადავო აქტების კანონიერების შეფასების მიზნით საკასაციო სასამართლო, მსგავსად ქვედა ინსტანციის სასამართლოებისა, მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ხ. ე-ის სარჩელი სადავო ქონებაზე - ყოფილი ...ის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, მისი საკუთრების უფლების არსებობასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, კერძოდ, დასახელებული მუხლის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 1.2 მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული დანაწესი ვრცელდება აგრეთვე ადმინისტრაციულ წესით განსახილველ საქმეებზეც (იხ. სუს-ს 2019 წლის 12 ივნისის №ბს-1201(კ-18) გადაწყვეტილება).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 მაისის №... გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე სააგენტოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილება ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონების (ყოფილი ...ის (...ის) შენობა) - 1300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული 71,41 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ ...) თ., მ., ნ., ქ. და ხ. ე-ეების, ასევე ც. ბ-ის საკუთრებად რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ხ. ე-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს (მოპასუხეები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახური, მესამე პირები - ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მ. ე-ე, ქ. ე-ე, თ. ე-ე, ც. ბ-ე, ა. დ-ე, მ. ც-ე, ნ. მ-ე) და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 18 მაისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ხ. ე-ის სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ სოფელ ...ის საერთო/ მეკომურთა 1998 წლის 5 თებერვლის კრების №1 ოქმით დამტკიცდა სარეფორმო კომისიის გადაწყვეტილება ხ. ე-ისათვის ... ეზოში დამატებით სახნავი მიწის გამოყოფის შესახებ. კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შევიდა ცვლილებები საკომლო ჩანაწერებში და ხ. ე-ის ოჯახს მიეკუთვნა 0.13 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფელი ...ი, ... ეზო. ხ. ე-ემ საჯარო რეესტრში წარადგინა საკომლო ამონაწერი, სოფელ ...ის საერთო კრების გადაწყვეტილება და ამ დოკუმენტების საფუძველზე, საჯარო რეესტრმა მიწის ნაკვეთზე მოახდინა მისი საკუთრების უფლებების რეგისტრაცია. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით აცნობა საჯარო რეესტრს, რომ თითქოს, ხ. ე-ეზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სხვაგან და არა იქ, სადაც მოხდა მისი იდენტიფიცირება. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, სადაც თავისი მოსაზრება და დოკუმენტაცია წარადგინა ხ. ე-ემ, თუმცა სამსახურმა არ გაითვალისწინა მოსარჩელის არგუმენტები, დაეყრდნო მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის წერილს და გააუქმა მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება ხ. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელე განმარტავდა, რომ იგი წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს იმ მიწის ნაკვეთისა, რომელზედაც მოხდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მას სხვა მიწის ნაკვეთი ყოფილი ...ის ტერიტორიაზე არ გააჩნია და არც გააჩნდა არასდროს. მიწის ნაკვეთზე დარგულია მრავალწლიანი ნარგავები, რითაც დასტურდება, რომ ამ მიწის ნაკვეთს ხ. ე-ე ფაქტობრივად ფლობს დიდი ხანია, რასაც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა რატომღაც არ მიაქციეს ყურადღება. ხ. ე-ის მიერ, თავის დროზე, ასევე შესყიდულ იქნა მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა, გადახდილი იქნა შესაბამისი ღირებულება, რაზედაც არსებობს შესაბამისი დოკუმენტი და რაც წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა აღნიშნული დავაზე ხ. ე-ის მიერ წარდგენილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
საყურადღებოა, რომ წინამდებარე დავაზე ხ. ე-ე თავისი სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს იმავე ფაქტობრივ გარემოებებს, რომელზეც იგი მიუთითებდა ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული დავის განხილვის დროს. კერძოდ, წინამდებარე დავაზე მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1985 წლიდან ცხოვრობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ყოფილი ...ის საცხოვრებელ სახლში. ფართის სარგებლობაში მიღების მომენტისათვის შენობა აღარ გამოიყენებოდა დანიშნულებით, იყო ამორტიზირებული და სარდაფში შენახული იყო ქვამარილი. მოსარჩელემ სახლი მოიყვანა საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში და 1993 წელს აღნიშნული სახლი შეიძინა კოლმეურნეობისაგან, რაზეც გააფორმეს ხელშეკრულება და გადაიხადა შეძენის ღირებულება. 90-იანი წლების ბოლოს, საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ ა. დ-ე, მ. ც-ე და ნ. მ-ე. ხ. ე-ემ არაერთგზის მოსთხოვა უფლებამოსილ ორგანოებს ფართიდან გაესახლებინათ შეჭრილი პირები, მაგრამ ქედის მაშინდელი გამგეობის ხელმძღვანელების თხოვნით, ფართში თვითნებურად შეჭრილ პირებს ნება დართო მის ფართში დროებით ეცხოვრათ. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონიერ ძალაში შესული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ სადაო ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ ხ. ე-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ 1998 წლის 5 თებერვლის სოფ. ...ის მეკომურთა კრების №1 ოქმის შესაბამისად მის კომლს გამოეყო 1300 კვ. მეტრი მიწის ის ნაკვეთი, რომელიც ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 თებერვალის №... გადაწყვეტილებით ... საკადასტრო კოდით აღირიცხა თ., მ., ნ., ქ. და ხ. ე-ეებისა და ც. ბ-ის საკუთრებაში. სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ ხ. ე-ის მიერ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ არის 1998 წლის 5 თებერვლის სოფ. ...ის მეკომურთა კრების №1 ოქმის შესაბამისად ხ. ე-ის კომლზე გამოყოფილი 0,13ჰა სახნავი მიწის ნაკვეთების იდენტური, რადგან აღნიშნული ოქმით ხ. ე-ეზე გამოყოფილა ,,სახნავი’’ მიწის ნაკვეთი, წარდგენილი ნახაზი კი, მოიცავს შენობა ნაგებობას, შენობის მიმდებარე ეზოს და მრავალწლოვან ნარგავებს. ასევე არ დგინდება ხ. ე-ის მიერ აღნიშნული შენობა ნაგებობის შესყიდვის ფაქტი. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 თებერვლის N... გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესს“ და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, კანონიერად მოხდა რეგისტრაციის გაუქმება.
ამავე ადმინისტრაციულ დავაზე საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებაში აღნიშნულია შემდეგი: „საქმის მასალებით არ დგინდებოდა ხ. ე-ისთვის მთლიანი შენობის გამოყოფა, ხოლო მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის თაობაზე უტყუარი მტკიცებულება ხ. ე-ის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. მხოლოდ მეკომურთა კრების 05.02.1998წ. №1 ოქმის წარდგენა მარეგისტრირებელ ორგანოში, რომლითაც ხ. ე-ეს გამოეყო 0.13 ჰა სახნავი მიწა, არ იყო საკმარისი შენობასა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი არ ადასტურებდა შენობის გადაცემას, ვერ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, ამასთან, ხ. ე-ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა მის მიერვე წარდგენილ კრების ოქმის შინაარსს. ხ. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 18.05.2015წ. №... გადაწყვეტილებით, ხოლო ამავე სარეგისტრაციო სამსახურის 25.05.2015წ. №... გადაწყვეტილებით ხ. ე-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რომლითაც ხ. ე-ეს განესაზღვრა ვადა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენისათვის. ხ. ე-ის მიერ აღნიშნული ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, რაც სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 25.06.2015წ. №... გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ არასწორად გაუქმდა გადაწყვეტილება ხ. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ხ. ე-ეს მიეცა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით, რაც მას არ განუხორციელებია, ხოლო მარეგისტრირებელ ორგანოს ან სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება შეადგინოს მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, აღნიშნული ვალდებულება კანონმდებლობით განმცხადებელს ეკისრება (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 25-ე, 30-ე მუხ.)“.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით ის უფლების დამდგენი დოკუმენტია შეფასებული, რაზეც წინამდებარე სარჩელზეც აფუძნებს მხარე თავის მოთხოვნებს, პრეიდუციული ძალა უნდა მიენიჭოს მოცემულ დავაში და დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ ხ. ე-ეს სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია. აღნიშნული კი ვრცელდება, როგორც მის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ, ისე ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ყოფილი ...ის მთელ შენობა-ნაგებობაზე (ფართი 321,3 კვ.მ).
რაც შეეხება თავად გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის №639 გადაწყვეტილებით სადაო უძრავი ქონება აღირიცხა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებად. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის 15 ივლისის №20 განკარგულებით აღნიშნული ქონება საკუთრებაში გადასცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №1805 ბრძანებით სადაო ქონება განიკარგა მის მოსარგებლეებზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის გზით.
კასატორი პრეტენზიას აცხადებს მესამე პირებზე გადაცემულ ქონებაზე, თუმცა, გარდა იმისა, რომ ამავე უძრავ ქონებაზე თვითონ კასატორს მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია, მან ვერც იმ სამართლებრივ არგუმენტებზე მიუთითა, თუ რა საკანონმდებლო ნორმები დაარღვიეს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სადაო აქტების გამოცემის დროს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (1); ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (2); საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (3). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები (1); თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი (2). ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მტკიცების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა სადავო აქტი და ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.
,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 14 ნოემბრის №285 ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ უნდა უზრუნველყოს მუშაობის წესის შემუშავება და კრიტერიუმების დადგენა, რომლის გათვალისწინებით მოხდება კომისიის მიერ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შესწავლა და ამ ფართებით მოსარგებლე პირების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების/დასკვნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის წარდგენა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 14 ნოემბრის №285 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 4 აპრილის №79 ბრძანების თანახმად, კომისიამ თავის საქმიანობისას უნდა იხელმძღვანელოს ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მოსარგებლეთათვის საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 მარტის №8 დადგენილებით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 მარტის №8 დადგენილების №3 დანართით განსაზღვრულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ფაქტობრივ მფლობელთათვის საკუთრებაში გადაცემის წესი. აღნიშნული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად, (1) თუ კომისიას ფაქტობრივი მფლობელის მიერ განცხადება წარედგინა იმ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას და დადგინდება, რომ ფართის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის შემთხვევაში არსებობს კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის საფუძველი, მაშინ კომისია აღნიშნული ფართის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაწყების თაობაზე წინადადებას წარუდგენს სამინისტროს. (2) წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ფართის სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, კომისია დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს საერთო საფუძველზე ამ წესის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის 2021 წლის 29 აპრილის №27 სხდომაზე განხილულ იქნა სადაო უძრავი ქონების მე-3 პირებზე გადაცემის საკითხი და დადგინდა, რომ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებდა ,,წესის’’ მე-8 მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, სხდომაზე მიღებული №19 რეკომენდაციით ეთხოვა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქედი მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე ფართების აჭარის ა/რ საკუთრებად აღრიცხვასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიების გატარება.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე), აგრეთვე წილები/აქციები (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისა) სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ავტონომიურ რესპუბლიკას – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხოლო თბილისის შემთხვევაში – თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით.
ამდენად, მითითებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, გათვალისწინებით იმისა, რომ კომისიის მიერ გაცემული იყო დადებითი რეკომენდაცია, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილი იყო გამოეცა 2021 წლის 15 ივლისის №20 განკარგულება და უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკისათვის ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ამ კანონით დადგენილი წესით ქონებას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემს ფიზიკურ პირებს, ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ შექმნილი შესაბამისი კომისი(ებ)ის რეკომენდაციის საფუძველზე, სოციალური პირობების გაუმჯობესების ან/და ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აჭარის ა/რ მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №1805 ბრძანება, რომლითაც აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ ნ. მ-ეს და მ. მ-ეს (ბინა №2, ს/კ ...); ა. დ-ეს, ს. დ-ეს და მ. ბ-ეს (ბინა №3, ს/კ ...), მ. ც-ეს, ლ. ე-ეს და რ. ც-ეს (ბინა №4, ს/კ ...), სრულ შესაბამისობაშია საკანონმდებლო მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები უფლებამოსილნი იყვნენ გამოეცათ განსახილველ დავაში გასაჩივრებული აქტები. ამასთან, საქმის განხილვის შედეგად არ დადასტურდა, რომ სადაო აქტები კანონის დარღვევითაა გამოცემული. თავის მხრივ, არც ხ. ე-ეს არ წარმოუდგენია მათი უკანონობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინება;
3. ხ. ე-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.09.2024წ. №4470 საგადასახადო დავალებით ჯ. ქ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია