საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-825 (კ-24) 03 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ვ-მა 27.03.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.07.2022წ. №IDP 9 22 00000606 ბრძანების ბათილად ცნობა და ნ.ვ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2024წ. გადაწყვეტილებით ნ.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.07.2022წ. №IDP 9 22 00000606 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა ნ.ვ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2024წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4, 6.1, 13.2, 13.3 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტზე და აღნიშნა, რომ ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საქმეში დაცული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.10.2017წ. ექსპერტიზის №005992217 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე სამსართულიანი შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა. ამავე დასკვნის თანახმად, შენობაზე აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებლი პროექტის მიხედვით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის გარემოებების მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.04.2021წ. გადაწყვეტილებით ნ.ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 18.11.2019წ. №04-1883/ო ბრძანება, რომლითაც ნ.ვ-ის უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, შესაბამისად, მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 01.07.2022წ. №59 ოქმით, კომისიამ განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით ნ.ვ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. კომისია დაეყრდნო მონიტორინგის შედეგებს, რომელიც განხორციელდა 21.06.2022წ.. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.07.2022წ. № IDP 9 22 00000606 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 01.07.2022წ. გადაწყვეტილების საფუძველზე ნ.ვ-ის, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დევნილ ოჯახს არ შეიძლება ეთქვას გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო და მიეთითოს მეუღლის ალტერნატიულ საცხოვრებელზე, მაშინ როდესაც სააგენტოსთვის ცნობილია, რომ ნ.ვ-ის მის ყოფილ მეუღლესთან თ.ა-სთან რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილი აქვს 1995 წლის 28 ნოემბრიდან. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ყოფილი მეუღლის საკუთრებაში ბინის არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფართის მესაკუთრე ვალდებულია აღნიშნულ პირს დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან მისცეს მასში ცხოვრების უფლება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით სააგენტომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოსარჩელეს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და არ გაითვალისწინა ის, რომ ნ.ვ-ი ცხოვრობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნგრევად ობიექტში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ 2019 წელს სააგენტოს მიერ განხორციელდა ...ის ქ. №...-ში მდებარე ობიექტის მონიტორინგი, რა დროსაც ნ.ვ-ი მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებს ადგილზე არ დახვდა. მისამართზე იმყოფებოდნენ ნ.ვ-ის ახლობლები, მოსარჩელის ნათლულის ოჯახი. კასატორმა მიუთითა, რომ იმავე ეზოში მოსარჩელის მეუღლე ფლობს საკუთრებას. სწორედ ამ მისამართზე იმყოფებოდა მოსარჩელე მონიტორინგის განხორციელების დროს. მონიტორინგის თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ ნ.ვ-მა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მეუღლის სახლიდან გამოიტანა. კასატორმა აღნიშნა, რომ მეორე მონიტორინგი განხორციელდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კერძოდ, 21.06.2022წ. მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილზე განხორციელებული ვიზიტის დროს მისამართზე მოსარჩელე იმყოფებოდა შვილთან ერთად. კასატორის მოსაზრებით ადმინისტრაციულმა ორგანომ დეტალურად შეისწავლა მოსარჩელის საკითხი და ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება. მონიტორინგის მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად, რომელმაც 01.07.2022წ. იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე კრიტერიუმების გარეშე ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართით. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარს საფუძვლად დაედო მოსარჩელის მეუღლის საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის ფაქტი. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრების შესახებ და აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მტკიცების ტვირთის სრულად გადაკისრებას და აღნიშნულის ხარჯზე მოწინააღმდეგე მხარის პასიურ მდგომარეობაში ყოფნას. კასატორი თვლის, რომ სააგენტოს არ დაურღვევია სზაკ-ის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლები, ხოლო მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი სათანადოდ არის დასაბუთებული. კასატორმა აღნიშნა, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის დევნილი ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ამასთან, "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" 1.3 მუხლის მიხედვით ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნია. კასატორის მოსაზრებით სააგენტოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილება არ განხორციელებულა კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულვებელყოფით, რა მიზნითაც მინიჭებული აქვს მას აღნიშნული უფლებამოსილება. მოსარჩელის საკითხის განხილვისას კომისიას წარედგინა მონიტორინგის სამსახურის მიერ აღნიშნულ ობიექტში ჩატარებული გადამოწმების შედეგად შედგენილი მონიტორინგის მასალა. ვინაიდან მოსარჩელე არ ცხოვრობდა მითითებულ ობიექტში, უარი ეთქვა მას საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. კასატორმა მიუთითა "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის 12.2 მუხლის "ა" ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ დევნილი ვალდებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ. შესაბამისად მოსარჩელის მიერ დარღვეულია კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება, რადგან მას სააგენტოსთვის არ უცნობებია მისამართის ცვლილების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელე ნ.ვ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია: ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №... ("..."). აღნიშნული ობიექტის ავარიული (ნგრევადი) მდგომარეობა დადასტურებულია საქმეში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. აღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფის მიზნით მონირტორინგი განხორციელდა 11.06.2019წ.. მონიტორინგის აღწერის ფორმაში მითითებულია, რომ მოსარჩელე ნ.ვ-ი მონიტორინგის თანამშრომლებს მისამართზე არ დახვდათ და იგი გადმოვიდა გვერდით მდებარე სახლიდან. ნ.ვ-ის განმარტებით, მას ფართი მოკავებული აქვს 1993 წლიდან. მეუღლესთან - თ.ა-სთან განქორწინებულია 1995 წლიდან. ჰყავს ერთი შვილი, რომელიც დაოჯახებულია და ოჯახთან ერთად ცხოვრობს გერმანიაში 2015 წლიდან. მონიტორინგის დროს გვერდზე მდებარე სახლიდან გადმოვიდა თ.ა-ი, რომელმაც განაცხადა, რომ სახლი ეკუთვნის მის ყოფილ მეუღლეს, აღნიშნულ ფართში აცხოვრებს ნათლულს და მის ოჯახს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. #39 ოქმით, მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. ...-ში ("...") ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 18.11.2019წ. #04-1883/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. გადაწყვეტილების საფუძველზე ნ.ვ-ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. ზემოაღნიშნული ბრძანება ნ.ვ-იმა გაასაჩივრა სასამართლოში და ამავდროულად მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის გამოცემის დავალდებულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.04.2021წ. გადაწყვეტილებით ნ.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 18.11.2019წ. #04-1883/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააგენტომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 21.06.2021წ. მონიტორინგი განახორციელა თბილისში, ...ის ქ. ...-ში, "...ის" შენობაში, რა დროსაც მოსარჩელე ადგილზე იმყოფებოდა. მან განმარტა, რომ მისამართზე ცხოვრობს 1993 წლიდან, არის მარტოხელა პენსიონერი, მისი ვაჟი მეუღლესთან ერთად იმყოფება გერმანიაში. ნ.ვ-მა ასევე მიუთითა, რომ მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრობს იმავე ეზოში, კორპუსის უკან მდებარე კერძო სახლში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 01.07.2022წ. #59 სხდომის ოქმის თანახმად, ნ.ვ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.07.2022წ. #IDP 9 22 00000606 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 01.07.2022წ. გადაწყვეტილების საფუძველზე ნ.ვ-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), ხოლო ამავე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქაალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.04.2021წ. გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს სახლში არ ყოფნისა და მოსარჩელის ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში გადასვლის ფაქტი არ წარმოადგენდა საკმარის გარემოებას ნ.ვ-ის მისამართზე არ ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებული პირები ადასტურებდნენ სადავო შენობაში მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტს. სკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებაში გაკეთებული მითითებები და მოსარჩელეს ფაქტობრივად ისევ იმავე საფუძვლით, კერძოდ ყოფილი მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელში ცხოვრების შესაძლებლობის გამო უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღსანიშნავია, რომ მეორე მონიტორინგის განხორციელების დროს, 21.06.2022წ. მოსარჩელე მონიტორინგის თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ, შესაბამისად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სარგებლობდა მეუღლის ბინით და არ წარმოადგენდა ...ის ქ. ...-ში მდებარე ობიექტის მუდმივ მაცხოვრებელს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საცხოვრებელი ადგილის დროებით, პერიოდულად დატოვება უტყუარად არ ადასტურებს მოსარჩელისათვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობას. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ არის ნგრევადი ობიექტის მაცხოვრებელი და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით ნ.ვ-ის საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის და "...ის" შენობაში არ ცხოვრების ფაქტს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ.ვ-ის ყოფილი მეუღლეს, რომელთანაც განქორწინებულია 28.11.1995წ., საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება და ცხოვრობს მოსარჩელის მეზობლად, არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ყოფილის მეუღლის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ფაქტს. ამასთან, ფართის მესაკუთრე არ არის ვალდებული სხვას დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან მისცეს მასში ცხოვრების უფლება. აღსანიშნავია, რომ ნ.ვ-ის დევნილის მოწმობაში დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. ... ("..."). საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ თავად ადმინისტრაციული ორგანოც ნ.ვ-ის ზემოაღნიშნულ მისამართზე უგზავნიდა კორესპონდენციას. შესაბამისად, საქმეში დაცული მასალების გათვალისწინებით, არ დასტურდება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის და მოსარჩელის მიერ მისი ფლობის ფაქტი, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი