საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-220(კ-25) 08 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. ზ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სახელმწიფო პენსიის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ. ზ-ემ 2023 წლის 19 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის 2023 წლის 28 აპრილის №SSA 3 23 00445705 ბრძანების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 4 23 00555173 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ლ. ზ-ისთვის სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის აღდგენის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ლ. ზ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის, სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურების დაკისრება 2023 წლის 28 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე დასაქმებული იყო სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ში ...ის თანამდებობაზე. სახელმწიფო პენსიის შეწყვეტამდე ყოველთვიურად იღებდა პენსიას 354 ლარის ოდენობით, საიდანაც 295 ლარი იყო სახელმწიფო პენსია, ხოლო 59 ლარი - მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატი. 2023 წლის 1 მაისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრიდან მოსარჩელემ მიიღო 2023 წლის 28 აპრილით დათარიღებული წერილი მასზე, რომ 2023 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო პენსია შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. აღნიშნული წერილი მოსარჩელემ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით ლ. ზ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვისცენტრის 2023 წლის 28 აპრილის №SSA 3 23 00445705 ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 4 23 00555173 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ზ-ეს 2023 წლის 28 აპრილიდან აღუდგებოდა სახელმწიფო პენსია და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატი კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასევე დაევალა ლ. ზ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის, სახელმწიფო პენსიისა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურება, 2023 წლის 28 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 1200 ლარისა და მგზავრობის ხარჯის 50 ლარის ანაზღაურება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ზ-ეს 2023 წლის 01 მაისიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატი, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრს ლ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 600 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 და მე-17 მუხლებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლზე, 1261 მუხლზე, „მუზეუმების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებაზე და აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიერ გამონაკლისის სახით იყო შემოთავაზებული საქმიანობის კონკრეტული სფეროები, რომლებიც არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო საჯარო სამსახურში საქმიანობად და მათ შორის იყო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და მუზეუმები. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად ლ. ზ-ე დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ში და აღნიშნა, რომ ...ი წარმოადგენდა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნაწილს, თუმცა იგი არ წარმოადგენდა სააგენტოს სამსახურს, სტრუქტურულ ერთეულს. პალატის განმარტებით, ...ში დასაქმებული პირი წარმოადგენდა სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმ-ნაკრძალში, დასაქმებულ პირს, მუზეუმ-ნაკრძალების საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე. სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ შეიძლებოდა გაიგივებულიყო სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან (სამსახურებთან), ვინაიდან აღნიშნული სამსახურები გამიჯნული იყო სააგენტოს დებულებითაც და ამგვარი მსჯელობის საშუალებას არ იძლეოდა სახელმძღვანელო კანონმდებლობა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში როდესაც მუზეუმის ტიპის დაწესებულებაში საქმიანობის განხორციელება კანონის არაორაზროვანი და განჭვრეტადი ჩანაწერის მიხედვით მიჩნეული იყო „საჯარო სამსახურის“ ცნების მიზნებისათვის საგამონაკლისო საქმიანობად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ლ. ზ-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძვლები. პალატამ დამატებით განმარტა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდებოდა საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, შესაბამისად, ბუნებრივი იყო კანონმდებლის მიზანი - საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესებულიყო სპეციალური შეზღუდვები, თუმცა საკითხის შეფასების პროცესში, არანაკლებ პრინციპულ გარემოებას წარმოადგენდა სწორად დადგენილიყო ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია-მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მოქალაქის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის მიერ.
კასატორების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის, წარმომადგენელი მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განმარტავს, რომ ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საპენსიო ასაკი, რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებული პირობაა, რომ სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ლ. ზ-ეს 2023 წლის 01 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. კასატორის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს სამუშაო ფორმატზე, სადაც შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტური ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა და ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზემ ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. ამავე დებულების მე-8 მუხლის თანახმად, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები შედის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ შემადგენლობაში და ვერ მოხდება აღნიშნული მუზეუმის სააგენტოსგან გამიჯვნა. შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში კანონით დადგენილი პირობებით იზღუდება სახელმწიფო გასაცემელის (პენსიის) მიღების უფლება.
სააგენტოს წარმომადგენელი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის სადავო აქტები მიღებულია კანონის სრული დაცვით, საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ლ. ზ-ეს ზედმეტად აქვს მიღებული სახელმწიფო პენსია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება. ამდენად, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამასთან, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად კი განსაზღვრულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის უფლება ექცევა ადამიანის სოციალურ უფლებებში და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მისი ვალდებულების აღიარებას ხანდაზმულ მოქალაქეთა მიმართ. აღნიშნული უფლებების სრულყოფილი რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან როგორც პენსიის დანიშვნა/გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი, ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული უფლების შეზღუდვისგან თავის შეკავება და შეზღუდვის დაშვება მხოლოდ კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როდესაც გამოყენებული საშუალება წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს (1.1 მუხ.). დასახელებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლად განსაზღვრავს საპენსიო ასაკის მიღწევას. აღსანიშნავია, რომ დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი პენსიის შეწყვეტის (მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდს.
ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონის მიზნებისთვის საჯარო საქმიანობის ცნებას და იგი განმარტებულია, როგორც საჯარო საქმიანობა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თავის მხრივ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საჯარო სამსახური განმარტებულია, როგორ სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). ამავე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად კი, საჯარო მოსამსახურე არის პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ზ-ე დაბადებულია ... წლის ... ..., არის საპენსიო ასაკს მიღწეული პირი. მას დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია. შეწყვეტამდე იგი იღებდა პენსიას 354 ლარის ოდენობით, საიდანაც 295 ლარი იყო სახელმწიფო პენსია, ხოლო 59 ლარი - მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 16 ივნისის ცნობის თანახმად, ლ. ზ-ე დასაქმებულია სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ში ...ის თანამდებობის პოზიციაზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის 2023 წლის 28 აპრილის №SSA 4 23 00445705 შეტყობინებით ლ. ზ-ეს ეცნობა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, შეუწყდა სახელმწიფო პენსია 2023 წლის 01 მაისიდან. აღნიშნული შეტყობინება გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 4 23 00555173 გადაწყვეტილებით ლ. ზ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის 25 მაისისა და 29 მაისის ელექტრონული შეტყობინებებით, ბიურომ მოსარჩელეს განუმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და ამავე კანონის 1261 მუხლის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არასამეწარმეო იურიდიულ პირში (მუზეუმი) განხორციელებული საქმიანობა არ განეკუთვნებოდა საჯარო სამსახურს და არც აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელებული საქმიანობა განეკუთვნებოდა საჯარო საქმიანობას. ასევე, მასში დასაქმებული პირები არ წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ასევე, სააგენტოს შემადგენლობაშია უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი, გრემის მუზეუმი, მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი და ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი (1 მუხ.). სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები) (8.1 მუხ.). სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების შემადგენლობაში შედის ...ი (8.2 მუხ. „კ“ ქვ.პ.). მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება-განხორციელება; ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება (მე-9 მუხ.).
საკასაციო სასამართლო დასახელებული მიზნების, მიმართულებების და ფუნქციების გაცნობის, აგრეთვე საქმის გარემოებების ანალიზის შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ...ში მოსარჩელის საქმიანობის არასაჯარო ხასიათზე და მიიჩნევს, რომ მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მუზეუმის დაწესებულებას და მასში დასაქმებული პირის საქმიანობა, ავტომატურად არ ადასტურებს, რომ დასახელებული პირი ახორციელებს საჯარო საქმიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა