Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-427(კ-25) 24 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე)– საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 24 თებერვალს ნ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა: 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2022 წლის 27 ოქტომბრის №MOD 8 22 01250958 წერილი; 2. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად ნ. თ-ის წელთა ნამსახურობაში სწავლის პერიოდის ჩათვლაზე, ამის შესაბამისად წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე და წარდგინების უარის თქმის ნაწილში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2023 წლის 26 იანვრის №MOD 2 23 00000003 ბრძანება; 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2023 წლის 11 მაისის №MOD 6 23 00530027 წერილი; 4. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად ნ. თ-ის წელთა ნამსახურობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდის და ერაყის რესპუბლიკაში მშვიდობის შენარჩუნებისა და აღდგენით ოპერაციებში მონაწილეობის პერიოდის ჩათვლაზე, ამის შესაბამისად წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე და წარდგინების უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2023 წლის 21 ივნისის №MOD 9 23 00000019 ბრძანება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშების დავალება, კერძოდ ... პროფსასწავლებელში 1.09.1988წ-დან 30.06.1989წ-მდე (9 თვე და 29 დღე) სწავლის და ... სასწავლებელში 14.08.1990წ-დან 26.02.1993წ-მდე სწავლის (2 წელი, 5 თვე, 25 დღე) პერიოდების ნამსახურების სტაჟში ჩათვლა, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში 15/07/1993 წლიდან 27/09/1993 წლამდე მონაწილეობის პერიოდის ერთი კალენდარული დღის სამ კალენდარულ დღედ და ერაყის რესპუბლიკაში მშვიდობის შენარჩუნებისა და აღდგენით ოპერაციებში 2008 წლის 15 იანვრიდან 2008 წლის 10 აგვისტომდე მონაწილეობის პერიოდის 1 კალენდარული დღის ნამსახურობის 2 კალენდარულ დღედ ჩათვლა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - წარდგინების გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2022 წლის 27 ოქტომბრის №MOD 8 22 01250958 (წერილი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2023 წლის 26 იანვრის №MOD 2 23 00000003 ბრძანება, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად ნ. თ-ის წელთა ნამსახურობაში სწავლის პერიოდის ჩათვლაზე, ამის შესაბამისად წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე და წარდგინების უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2023 წლის 11 მაისის №MOD 6 23 00530027 (წერილი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2023 წლის 21 ივნისის №MOD 9 23 00000019 ბრძანება, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად ნ. თ-ის წელთა ნამსახურობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდის და ერაყის რესპუბლიკაში მშვიდობის შენარჩუნებისა და აღდგენით ოპერაციებში მონაწილეობის პერიოდის ჩათვლაზე, ამის შესაბამისად წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე და წარდგინების უარის თქმის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, ... პროფსასწავლებელში 1.09.1988წ-დან 30.06.1989წ-მდე (9 თვე და 29 დღე) სწავლის და ... სასწავლებელში 14.08.1990წ-დან 26.02.1993წ-მდე სწავლის (2 წელი, 5 თვე, 25 დღე) პერიოდების ნამსახურების სტაჟში ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში 15/07/1993 წლიდან 27/09/1993 წლამდე მონაწილეობის პერიოდის ერთი კალენდარული დღის სამ კალენდარულ დღედ და ერაყის რესპუბლიკაში მშვიდობის შენარჩუნებისა და აღდგენით ოპერაციებში 2008 წლის 15 იანვრიდან 2008 წლის 10 აგვისტომდე მონაწილეობის პერიოდის 1 კალენდარული დღის ნამსახურობის 2 კალენდარულ დღედ ჩათვლით და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - წარდგინების გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ. მოსარჩელეს ნამსახურობის სტაჟში ჩაუთვალეს ... პროფსასწავლებელში 1.09.1998 წლიდან-30.06.1989 წლამდე (1 წელი და 29 დღე) და ... სასწავლებელში 14.08.1990 წლიდან 26.02.1993 წლამდე (2 წელი, 5 თვე და 25 დღე) სწავლის პერიოდები. ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში 15.07.1993 წლიდან 27.09.1993 წლამდე მონაწილეობის პერიოდის ერთი კალენდარული დღე ჩაითვალა სამ კალენდარულ დღედ, ხოლო ერაყის რესპუბლიკაში მშვიდობის შენარჩუნებისა და აღდგენით ოპერაციებში 2008 წლიდან 15 იანვრიდან 2008 წლის 10 აგვისტომდე მონაწილეობის პერიოდის 1 კალენდარული დღე ჩაითვალა ნამსახურობის 2 დღედ. კასატორი არ ეთანხმება ზემოაღნიშნული პერიოდების ნამსახურობის სტაჟში ჩათვლას.

კასატორი აღნიშნავს, რომ ერთმანეთისაგან არსობრივად უნდა გაიმიჯნოს საერთო სტაჟი და წელთა ნამსახურობა. საერთო სტაჟი აერთიანებს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სტაჟს და დამატებით შეიძლება მოიცავდეს სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდსაც. სამხედრო წელთა ნამსახურობა კი საკუთარი არსიდან გამომდინარე მოიცავს მხოლოდ საკუთრივ სამხედრო სტაჟს და მასში სპეციფიკიდან გამომდინარე გათვალისწინებული ვერ იქნება სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდი. ზემოაღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის "ა" ქვეპუნქტის დისპოზიციიდან. მითითებული ნორმა პირდაპირ აქცენტს აკეთებს სამხედრო წელთა ნამსახურობაზე და არა შრომის საერთო სტაჟზე. ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრ კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი) პერიოდისა აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდისა) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. კანონმდებლის ნებას ყოველთვის წარმოადგენდა სამხედრო სტაჟში მხოლოდ სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდის გათვალისწინება, რასაც ასევე ადასტურებს საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. N238 დადგენილების მე-16 თავის მე-6 პუნქტის "გ" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები მოიცავს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს (კურსანტი, მსმენელი), აგრეთვე, სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს. სამხედრო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდის გათვალისწინება ქვეყანაში უთანასწორო მდგომარეობას შექმნის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის ნამსახურობის წლებში სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და ერაყის რესპუბლიკაში მშვიდობის შენარჩუნებისა და აღდგენით ოპერაციებში მონაწილეობის პერიოდების შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლაზე უარის თქმის კანონიერება, ასევე მოპასუხისთვის კომპენსაციის დანიშვნის მიზნით უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი წარდგინების გაგზავნის დავალდებულება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. თ-ი 1988 წლის 1 სექტემბერს ჩაირიცხა ... სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1989 წლის 30 ივნისს. 1989 წლის 23 ივნისის სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით ნ. თ-ს მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია.

ნ. თ-ი 1990 წელს ჩაირიცხა ... სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1993 წელს. სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 24.02.1993წ. გადაწყვეტილებით ნ. თ-ს მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სოციალური საკითხების სამმართველოს №001546 ცნობის თანახმად, ნ. თ-ი 1993 წლის 19 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებული არის დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან და სარგებლობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით.

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ... საარმიო კორპუსის მეთაურის 17.09.1993 წლის №35 ბრძანებით, თ-ი ნ., 1993 წლის 17 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ... საარმიო კორპუსის №... ს/ნ-ის ... ასეულის ...ის თანამდებობაზე. საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებების შესაბამისად, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.01.2008წ. №76 ბრძანებით კაპრალი ნ. თ-ი, მშვიდობის შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად 2008 წლის 15 იანვრიდან 6 თვის ვადით (მისიის დასრულებამდე) მივლინებული იქნა ერაყში; სამხედრო ნაწილი ...-ის მეთაურის 11.08.2009წ. №1 ბრძანებით, ნ. თ-ს შეუწყდა მივლინება ერაყის რესპუბლიკაში და 2009 წლის 10 აგვისტოდან ჩაითვალა საქართველოში დაბრუნებულად.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 9.12.2016წ. №7616 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-... კაპრალი ნ. თ-ი ზღვრული ასაკით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2016 წლის 15 დეკემბრიდან.

2022 წლის 13 ოქტომბერს, ნ. თ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 27.10.2022წ. №MOD 8 22 01250958 აქტით განიმარტა, რომ პირადი საქმის მიხედვით, 1994 წლის 1 ივნისიდან 1996 წლის 20 ივლისამდე, 2005 წლის 8 ივლისიდან 2016 წლის 15 დეკემბრამდე სამხედრო სამსახურში ნ. თ-ის ნამსახურობა შეადგენს 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს (სულ 18 წელს, 6 თვეს და 11 დღეს). ამდენად, მოსარჩელეს უარი ეთქვა კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების გადაგზავნის თაობაზე, რადგან არ სრულდება კანონით დადგენილი პირობები.

ზემოაღნიშნული წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით ნ. თ-მა მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ნ. თ-მა ასევე მოითხოვა ...ის სასწავლებელში სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურეობაში ჩათვლა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში 15.07.1993 წლიდან 27.09.1993 წლამდე მონაწილეობის პერიოდის ერთი კალენდარული დღის სამ კალენდარულ დღედ ჩათვლა, ერაყის რესპუბლიკაში მშვიდობის შენარჩუნებისა და აღდგენით ოპერაციებში 2008 წლის 15 იანვრიდან 2008 წლის 10 აგვისტომდე მონაწილეობის პერიოდის 1 კალენდარული დღის ნამსახურობის 2 კალენდარულ დღედ ჩათვლა, სამხედრო ნამსახურობის ვადის 1993 წლის 17 სექტემბრიდან ათვლა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ნამსახურობის წლების დაანგარიშება და წარდგინების გაცემა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2023 წლის 26 იანვრის №MOD 2 23 00000003 ბრძანებით, ნ. თ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ. თ-ის სამხედრო ნამსახურობის ვადის 1993 წლის 17 სექტემბრიდან ათვლის შესახებ უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და შეფასების შედეგად ნ. თ-ის 19.07.1993 წლიდან 27.09.1993 წლამდე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდის 1 დღის 3 დღედ სამხედრო ნამსახურობის წლებში ჩათვლის და ერაყის რესპუბლიკაში მშვიდობის შენარჩუნებისა და აღდგენით ოპერაციებში, 2008 წლის 15 იანვრიდან 2008 წლის 10 აგვისტომდე, მონაწილეობის პერიოდის 1 დღის ნამსახურობის ორ დღედ ჩათვლის შესახებ დაკმაყოფილების ან/და უარის თქმის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2023 წლის 11 მაისის №MOD 6 23 00530027 აქტის თანახმად, არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ნ. თ-ის შრომის საერთო სტაჟი შეადგენს 19 წელს, 4 თვეს, 27 დღეს. ამავე აქტში მიეთითა, რომ აფხაზეთის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი (1993 წლის 19 ივლისიდან 29 სექტემბრამდე) და სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის პერიოდი (2008 წლის 15 იანვრიდან 11 აგვისტომდე) წელთა ნამსახურობაში გათვალისწინებული არ არის შეღავათიანი გაანგარიშებით (შესაბამისად, ერთი დღე სამ დღედ და ერთი დღე ორ დღედ), რადგან სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობაა 20 და 20-ზე მეტი წელთა ნამსახურობა კალენდარული დაანგარიშებით, ხოლო საშეღავათო პერიოდების გათვალისწინება ხდება სახელმწიფო გასაცემლის გაანგარიშების დროს. შრომის საერთო სტაჟი შეადგენს 20 წელზე ნაკლებს, არ სრულდება კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები, შესაბამისად ცენტრი მოკლებული იყო ნ. თ-ის მოთხოვნის, წელთა ნამსახურების ანგარიშის შედგენის შესახებ დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული აქტი ნ. თ-მა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში. მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.

ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი დადგენილია, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ნორმა არ ითვალისწინებდა მოსამსახურის სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში უპირობოდ ჩათვლას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე მიღების შესაძლებლობას. დისკრეციის ფარგლებში გამოცემული აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (სზაკ-ის 7.2 მუხ.).

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა ეთქვას უარი მოსარჩელეს სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სიტყვა "შეიძლება" არ უნდა განიმარტოს ფიზიკური პირის საზიანოდ და უარი სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე საჭიროებს დასაბუთებას, მხოლოდ მკაცრი საკანომდებლო მოწესრიგების არსებობის პირობებში.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 21.09.2023წ. კანონით ცვლილება შევიდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. ამდენად, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად იმპერატიულად დადგინდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება სამოქალაქო სასწავლებელში სწავლების პერიოდის სამხედრო მოსამსახურის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის თაობაზე.

კასატორი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. საკასაციო სასამართლო ხასგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ცვლილება კანონში შევიდა 2023 წლის 21 სექტემბრის N3519 კანონით, ხოლო მოსარჩელის მიმართ გამოცემული სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 27.10.2022წ. წერილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 26.01.2023წ. №MOD 2 23 00000003 ბრძანება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 11.05.2023წ. №MOD 6 23 00530027 წერილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 21.06.2023წ. №MOD 9 23 00000019 ბრძანება, მიღებულია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის ამოქმედებამდე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობა უპირველესად უნდა შემოწმდეს სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში.

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი დადგენილია, რომ ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ,,კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას.“ (სუსგ Nბს-698-691(კ-16), 13.07.2017 წელი). ,,საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.“ (სუსგ Nბს-57-52(კ-13), 3.10.2013 წელი).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე მე-6 პუნქტის დამატება ვერ გავრცელდება შესაბამის ცვლილებამდე წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე, რადგან იგი არ შეიცავს დათქმას ნორმისთვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ადმინისტრაციულ ორგანოს ნ. თ-ის მოთხოვნაზე მსჯელობისას უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი ნორმატიული აქტებით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის კანონის უკუძალა, კასატორის მიერ მითითებული საკანონმდებლო ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს ნ. თ-ის უფლებაზე ჩაეთვალოს სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდი ნამსახურობის წლებში.

კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. N238 დადგენილებაზე, რომლის მე-16 თავის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს მხოლოდ საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. N238 დადგენილება კანონქვემდებარეა ნორმატიული აქტია, რომელიც მიღებულია "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

საკასაციო სასამათლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტს წარმოადგენდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩათვლოდა სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა იერარქიულად მაღლა მდგომი საკანონმდებლო აქტით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლის თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა (სუსგ №ბს-1261(კ-24), 18 თებერვალი, 2025 წელი; Nბს-298(კ-23) 24 ივლისი, 2024 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე სწორი შეფასება არ მიეცა, როგორც წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე ნ. თ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხს, ვინაიდან მოსარჩელეს კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საერთო სტაჟში უნდა ჩათვლოდა სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდი, რაც ჯამში შეადგენდა 20 კალენდარულ წელზე მეტს. შესაბამისად, პალატას მიიჩნია, რომ მოსარჩელე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე სრულად აკმაყოფილებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონით დადგენილ ნორმებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის, რაც სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველია.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურებაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის (ძალადაკრგულია 21.09.2023წ. N3500 კანონით) მე-15 მუხლის პირველი პუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია ნამსახურევი წლების დაანგარიშების წესი. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არ არის გამხდარი მოსარჩელის საბრძოლო მოქმედებებში და მშვიდობის შენარჩუნების/აღდგენის ოპერაციებში მონაწილეობის ფაქტები, შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა ზემოაღნიშნული პერიოდების ნ. თ-ისთვის განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდად და წელთა ნამსახურებაში შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა