საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-486(კ-25) 23 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. კ-ე, მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 2 ნოემბერს მ. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და დაზუსტებული სარჩელის წარდგენის შემდგომ მოპასუხედ მიუთითა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მოსარჩელემ მოითხოვა მ. კ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბრის №1000896495 დასკვნის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მ. კ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს პრეზიდენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით, მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბრის №1000896495 დასკვნა მ. კ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მ. კ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბრის №1000896495 დასკვნის კანონიერების შემოწმება, რომლითაც მ. კ-ეს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მიეცა უარყოფითი რეკომენდაცია. ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად არსებობდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, მ. კ-ისთვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის პირველ, მე-9, მე-16, მე-17 მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოსარჩელის განაცხადის ფორმაში მოქალაქეობის მინიჭების კანონიერ საფუძვლად მითითებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ პუნქტი. კერძოდ, მხარის განმარტებით, მას საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდა და მისი ოჯახი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო იყო ემიგრაციაში წასული. აღნიშნულის მიუხედავად, გასაჩივრებულ დასკვნაში არ არის მითითებული მოსარჩელის მიმართ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული პირობების გამომრიცხავი გარემოებები. გასაჩივრებული დასკვნა, თავის მხრივ, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და არ არის გამოკვლეული მ. კ-ის ოჯახის ემიგრაციაში წასვლის პერიოდი და მოტივი. გარდა ამისა, კომისიის სხდომის ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ წარმატებით იქნა დაძლეული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ გავლილი ტესტირების შედეგების მიხედვით, მისი ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გაუგებარია ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას. გასაჩივრებული დასკვნა, თავის მხრივ, ეფუძნება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის სხდომის ოქმს, სადაც კომისიის წევრების არაერთგვაროვანი პოზიციაა დაფიქსირებული მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია მიეთითებინა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივად მ. კ-ე ასახელებს იმ გარემოებას, რომ იგი ეთნიკურად ქართველია და საქართველო მიაჩნია საკუთარ სამშობლოდ, რომელიც უყვარს და სურს დარჩენილი ცხოვრება აქ გაატაროს. ამასთან, საგულისხმოა მისი ნათესავების საქართველოში ცხოვრების ფაქტი და მისი მრავალჯერადი ვიზიტები სამშობლოში. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები არ გამოვლენილა, ხოლო საქმის მასალებით მოსარჩელის კავშირი საქართველოსთან დადასტურებულია, გაურკვეველია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება აპელანტის მხრიდან დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის საჭიროების შესახებ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ჩამოაყალიბოს და მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი იყოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. კ-ის კავშირი საქართველოსთან სარწმუნო იყო, რაც ქმნიდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადების შესაძლებლობას. შესაბამისად, არსებობდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბრის №1000896495 დასკვნის ბათილად ცნობისა და სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რომლითაც მ. კ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მომზადებული იქნება დადებითი დასკვნა, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება პრეზიდენტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
კასატორი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა, რომ განმცხადებლისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდეს. სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას მათ შორის მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდეს და იგი ან მისი წინაპარი სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი იყოს. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მ. კ-ე მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებებზე, რომ იგი არის ქართველი, საქართველო არის მისი სამშობლო, არის ქართული ტრადიციებით აღზრდილი, მისი ბებია, ბიძა და ბიძაშვილები ცხოვრობენ საქართველოში, სადაც წელიწადში ხუთჯერ ჩადის. ასევე, ეხმარება თავის ნათესავებს საქართველოში და სამომავლოდ გეგმავს საქართველოში მუდმივად ცხოვრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ დასახელებული გარემოებები პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საფუძველს არ ქმნის. ამასთან, კასატორი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 24-ე მუხლსა და ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, რომელშიც ირიბად ერევა სასამართლო და უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშე ავალდებულებს სააგენტოს გამოსცეს დადებითი დასკვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 6 ივლისს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. კ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, წარუდგინა მ. მ-ის, ე. ე-ის და დ. ვ-ას წერილობითი რეკომენდაციები და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. განცხადებაში მითითებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ მ. კ-ე არის ეროვნებით ქართველი, საქართველო არის მისი სამშობლო, იგი არის ქართული ტრადიციებით აღზრდილი; მისი ბებია, ბიძა და ბიძაშვილები ცხოვრობენ საქართველოში, სადაც წელიწადში ხუთჯერ ჩამოდის, ასევე ეხმარება თავის ნათესავებს საქართველოში და სამომავლოდ გეგმავს მუდმივად საცხოვრებლად საქართველოში გადმოსვლას. განცხადებაზე თანდართულ რეკომენდაციაში მ. მ-ი აღნიშნავს, რომ იგი მ. კ-ეს ბავშვობიდან იცნობს და მიუხედავად იმისა, რომ ის მოსკოვში იზრდებოდა, დიდ დროს ატარებდა საქართველოში. მან ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ არ დაეკარგა ქართველობა, არის პატრიოტი, ამაყობს საქართველოს ისტორიით, მისი სახით საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო ქართველს დაიბრუნებს. ე. ე-ი თავის წერილობით რეკომენდაციაში მ. კ-ეს დადებით პიროვნებად ახასიათებს; მიუთითებს, რომ იგი გამოირჩევა განსაკუთრებული ერთგულებით, კომუნიკაბელურობით, თავაზიანობით, ზრდილობით, მან შეინარჩუნა ქართული წეს-ჩვეულებები და ქართულ ენაზე საუბარი, შესაბამისად, ნამდვილად იმსახურებს გახდეს საქართველოს მოქალაქე. დ. ვ-ას წერილობით რეკომენდაციაში მითითებულია, რომ მ. კ-ე არის მისი ოჯახის უახლოესი ადამიანი (დეიდაშვილის შვილი) და მას იცნობს დაბადებიდან. იგი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, არის ძალიან გაწონასწორებული და წესიერი ადამიანი, სულით ქართველი და ქართული ტრადიციების მატარებელი.
დადგენილია, რომ მ. კ-ის 2023 წლის 6 ივლისის განცხადების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც სააგენტომ სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა ინფორმაცია მ. კ-ის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივლისის №SSG 8 23 00166210 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მ. კ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ასევე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2023 წლის 21 ივლისის №00004033 წერილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს მ. კ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №MIA 5 23 02081185 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ მ. კ-ის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს.
ასევე დადგენილია, რომ მ. კ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენის მიზნით, 2023 წლის 8 სექტემბერს მოქალაქეობის საკითხთა კომისია გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველ პირს მ. კ-ეს, რის შესახებაც შედგა №22226 სხდომის ოქმი. მითითებული ოქმის თანახმად, კომისიამ გამოარკვია, რომ მ. კ-ე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. იგი დაიბადა რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში. საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთში, სადაც დასაქმებული იყო აუდიტორულ კომპანიაში. ამჟამად, დასაქმებულია „...ში“ პროექტების მენეჯერად. მამა გარდაცვლილი ჰყავს, მან 2023 წელს რუსეთში დაიბრუნა მამის გვარი. დედა და ძმა არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, დედა დასაქმებულია სილამაზის სალონში (ქ. მოსკოვში), ხოლო ძმა დასაქმებულია ადვოკატად (ქ. მოსკოვში). მ. კ-ეს საქართველოში ჰყავს ნათესავები, სადაც პერიოდულად ჩამოდის, იგი საქართველოში ქონებას არ ფლობს. ამავე სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ კომისიამ ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ტესტირების (მატერიალური ფორმით) გზით შეაფასა მ. კ-ის ცოდნის დონე და დაადგინა, რომ მ. კ-ის ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), საქართველოს ისტორია - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), სამართლის ძირითადი საფუძვლები - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა). კომისიამ შეისწავლა საქმის მასალები, შეფასება მისცა მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს, ინფორმაციას და მიიჩნია, რომ მ. კ-ე ვერ აკმაყოფილებდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კომისიის ერთი წევრის მიერ წარდგენილია განსხვავებული მოსაზრება - დადებითი პოზიცია, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - მ. კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხზე.
დადგენილია, რომ 2023 წლის 11 სექტემბერს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, მოამზადა უარყოფითი დასკვნა №1000896495, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ მ. კ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბრის №1000896495 დასკვნის კანონიერებას. ასევე, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის მ. კ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადების დავალება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15 მუხლის მსგავსი „მოქალაქეობის უფლება“ ან კონკრეტული მოქალაქეობის მიღების ან შენარჩუნების უფლება არ არის გარანტირებული კონვენციით ან მისი ოქმებით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მოქალაქეობის თვითნებურმა უარყოფამ გარკვეულ გარემოებებში შეიძლება წამოჭრას საკითხი კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაზე, ასეთი უარყოფის გავლენის გამო პიროვნების პირად ცხოვრებაზე (Karassev, Slivenko and Others v. Latvia (dec.) [GC], no 48321/99, § 77, ECHR 2002-II). საკითხი, აქვს თუ არა განმცხადებელს სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების სადავო უფლება, უნდა გადაწყდეს ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის მითითებით (Kolosovskiy v. Latvia (dec.), no. 50183/99, 2004.29.01). კრიტერიუმების არჩევა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების მიზნით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავშირებულია სახელმწიფოსა და დაინტერესებულ ინდივიდს შორის არსებული კავშირის ბუნებასთან, რომლის განმტკიცების უზრუნველყოფასაც საჭიროდ მიიჩნევს თითოეულ საზოგადოება.
,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით;
ბ) ნატურალიზაციით; ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით; ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხს არეგულირებს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. ამასთან, მითითებული მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
აღნიშნული ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ზოგადი პროცედურის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისაგან, 2 წევრი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და 2 წევრი − საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების წარდგინებით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. აღნიშნული დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია: ა) მოიწვიოს განმცხადებელი ან დაინტერესებული პირი, წარდგინების შემტანი ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე პირი, რომლის მოწვევასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს განსახილველ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად, მიიღოს მათგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება; ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ასევე სხვა ორგანიზაციებიდან მიიღოს აუცილებელი დოკუმენტაცია და წერილობითი დასკვნები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით. მითითებული დებულების მე-19 მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის მიხედვით, დადგენილი წესით კანონის მე-12, მე-14, მე-17 და 311 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის შესაბამის პროცედურებს ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცოდნის დონის შემოწმება კომისიის მიერ შესაძლებელია როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრების გზით. განმცხადებელი, განცხადების რეგისტრაციისას, მიუთითებს ცოდნის დონის შემოწმების რომელ ფორმას ირჩევს. აღნიშნული მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია აფასებს პირის მიერ სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის დონესა და სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები; ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 211 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად კი, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ. დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე განცხადებისა და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოსარჩელის განაცხადის ფორმაში მოქალაქეობის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ პუნქტი. კერძოდ, მ. კ-ის მოთხოვნა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ იგი ეთნიკურად ქართველია, საქართველო მიაჩნია საკუთარ სამშობლოდ და სურს დარჩენილი ცხოვრება აქ გაატაროს. ასევე, საგულისხმოა მისი ნათესავების საქართველოში ცხოვრების ფაქტი და მისი მრავალჯერადი ვიზიტები სამშობლოში. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიმართ არ გამოვლენილა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის წერილების თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს მ. კ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №MIA 5 23 02081185 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ მ. კ-ის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობდა. მეტიც, საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მ. კ-ის მიერ წარმატებით იქნა დაძლეული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ გავლილი ტესტირების შედეგების მიხედვით, მისი ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), საქართველოს ისტორია - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), სამართლის ძირითადი საფუძვლები - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა). ამდენად, გაუგებარია ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას. გასაჩივრებული დასკვნა, თავის მხრივ, ეფუძნება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის სხდომის ოქმს, სადაც კომისიის წევრების არაერთგვაროვანი პოზიციაა დაფიქსირებული მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ჩამოაყალიბოს და მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი იყოს. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ. კ-ის კავშირი საქართველოსთან სარწმუნო იყო, რაც ქმნიდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სასამართლოს მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ჩარევასთან დაკავშირებით. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება პრეზიდენტს. პრეზიდენტი აღნიშნული დასკვნების და საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებით თავად წყვეტს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს. ამდენად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება წარმოადგენს პრეზიდენტის კონსტიტუციურ-სამართლებრივ საქმიანობას და ამ სახის აქტის მიღება არის პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება, რომელიც ფართო დისკრეციის პირობებში ხორციელდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 27 მარტის N05574 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 27 მარტის N05574 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი