საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1381(კ-24) 10 ივლისი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - ა. კ-ე
მოპასუხე - ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. კ-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლიდან მუშაობდა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2013 წლიდან იკავებდა მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ...ის თანამდებობას, 2015 წლის 18 აგვისტოდან ამ განყოფილებას დაერქვა ...ის განყოფილება. 2018 წლის 18 იანვრიდან კი, ...ის განყოფილება. 2021 წლის 21 მაისს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 01 აპრილის №11 დადგენილებაში, რომლის საფუძველზე განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ...ის განყოფილება შეუერთდა ...ის განყოფილებას, რის შედეგადაც შემცირდა მის მიერ დაკავებული თანამდებობა. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 25 ივნისის №ბ... ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ - პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ...ის განყოფილების ნაწილში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 მაისის №11 დადგენილებისა და ა. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 25 ივნისის №ბ... ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ა. კ-ის ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე ან მისი სამსახურიდან განთავისუფლების დროს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ვაკანტურ სხვა ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მიუღებელი იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 25 ივნისის №ბ... ბრძანება; მოპასუხე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ა. კ-ის ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ...ის განყოფილების ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; მოპასუხე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ა. კ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სამართლებრივ ნორმებზე და განმარტა, რომ შტატების შემცირება რეორგანიზაციისას არის დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების ერთ-ერთი ღონისძიება. შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა, უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და ა.შ. ადეკვატური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად ორი სტრუქტურული ერთეულის გაერთიანებით განხორციელდა მათი ფუნქციების შერწყმა და ჩამოყალიბდა ერთი ახალი სტრუქტურული ერთეული, სადაც მოხდა რეორგანიზაციამდე დანიშნული ყველა პირის (გარდა ა. კ-ისა) გადანიშვნა, ისე რომ არ მომხდარა მათი განათლების, კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილების თუ სამსახურებრივი დამსახურებების გათვალისწინება და ურთიერთშეპირისპირება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართალია, ა. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლება დაეფუძნა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირებას, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ადეკვატური, ობიექტური შეფასება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არჩევანის გასაკეთებლად, ანუ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად, მოხელეთა უპირატესობების გამოვლენის მიზნით მოახდინოს საჯარო მოხელეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარებითი (ანალიტიკური) კვლევა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ ზემოხსენებული კრიტერიუმების საფუძველზე, ყველა მოხელის მონაცემების ურთიერთშედარებისა და ანალიზის პირობებში, უკეთესისა და საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მოხელის გათავისუფლების, თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა ვალდებულება მოეხდინა შეფასება და შედარება ახალ შტატზე გადასანიშნ მოხელეთა მონაცემების, არ მოახდინა მობილობის წესით მისი დაბალ ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე გადანიშვნა, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების (კერძოდ, შრომითი საქმიანობის სტაბილურად, უწყვეტად განხორციელების, ადეკვატური გასამრჯელოს მიღების უფლების, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების და ა.შ. ინტერესების) შეზღუდვა, ხოლო იმისთვის, რომ შემოწმდეს შეზღუდვის კანონიერება, იგი უნდა იყოს დასაბუთებული და შესაბამისად, კანონშესაბამისი. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, რის გამოც საქალაქო სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 25 ივნისის №... ბრძანება, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება მოპასუხისათვის მოსარჩელის ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენის დავალებისა და იძულებითი განაცდურის - განთავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით, ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორის განმარტებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაცია ემსახურებოდა არა რომელიმე კონკრეტული პირის გათავისუფლებას, არამედ საჯარო სამსახურის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას და ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ხდება ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებაში უხეში ჩარევა. ამასთან, კასატორის განმარტებით, ისევე როგორც გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობაც. სასამართლოებმა ისე გადაწყვიტეს ა. კ-ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა, რომ არც კი გამოუკვლევიათ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებობდა თუ არა ვაკანტური ადგილი. კასატორის განმარტებით, რეორგანიზაცია განხორციელებულია და არსებული მდგომარეობით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მოახდენს ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენას. იმისთვის რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უკანონოდ უნდა გაათავისუფლოს ტოლფას თანამდებობაზე დანიშნული თანამშრომელი, რაც თავისთავად გულისხმობს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და სხვა პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის შემცირების საფუძვლით, ა. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტში, რომლის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.
აღნიშნულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზეც.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საკასაციო სასამართლოს ასევე მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონმა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, საჯარო სამსახურის სტაბილურობისა და მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად შემოიტანა მობილობის ინსტიტუტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 16 აპრილის №203 ბრძანების თანახმად, დაწყებული იქნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია 2021 წლის 16 აპრილიდან, რაც გულისხმობდა მერიის და მერიის სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას, რის შედეგადაც მიიღებოდა მთლიანად ახალი სტრუქტურა და ახალი საშტატო ნუსხა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 მაისის №11 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 01 აპრილის №11 დადგენილებაში და დამტკიცდა ყვარლის მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხა, მათ შორის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურისა (პუნქტი 2) და მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ...ის განყოფილება (პუნქტი 2.1) შვიდი საშტატო ერთეულით. აღნიშნული განყოფილება შეიქმნა მანამდე არსებული ორი სტრუქტურული ერთეულის - ...ის განყოფილების გაერთიანების შედეგად, ამასთან, გაერთიანებამდე, ...ის განყოფილებაც და ...ის განყოფილებაც წარმოდგენილი იყო ოთხ-ოთხი საშტატო ერთეულით. ასევე დასტურდება, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურულ ერთეულში - ადმინისტრაციული სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა მხოლოდ განყოფილების ...ის ერთი საშტატო ერთეული.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 104-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 25 მაისის №03/2956 წერილით, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გაეგზავნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიიდან გასათავისუფლებელი მოხელის მონაცემები.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2021 წლის 27 მაისის №გ8440 წერილით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა მოძიებული ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობების შესახებ. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 28 მაისის №88-882114838 წერილით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №199 დადგენილების მე-12 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2021 წლის 27 მაისის №გ8440 წერილის საფუძველზე, შესათანხმებლად გაეგზავნათ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის პროცესში გასათავისუფლებელი მოხელის - ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ...ის განყოფილების ...ის - ა. კ-ის მონაცემი, მისი შემდგომი დასაქმების მიზნით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისგან, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისგან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული პასუხებით, უარი ეთქვა ა. კ-ეს მობილობის წესით დასაქმებაზე.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 24 ივნისის №88-882117547 წერილით, ა. კ-ეს ეცნობა, რომ 2021 წლის 16 აპრილს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე, 2021 წლის 25 ივნისს ხდებოდა მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება, ამასთან, ა. კ-ეს ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან, მისი მობილობა ვერ განხორციელდა სხვა საჯარო დაწესებულებაში, ხდება რეზერვში ჩარიცხვა. ა. კ-ეს აღნიშნული წერილით ეთხოვა მის რეზერვში ჩარიცხვაზე თანხმობაზე პოზიციის დაფიქსირება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 25 ივნისის №ბ... ბრძანების თანახმად, ა. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული - ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან. ა. კ-ეს მიეცა კომპენსაცია და ივლისის თვის თანამდებობრივი სარგო.
ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ორი სტრუქტურული ერთეულის - ...ის განყოფილების და ...ის განყოფილების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ...ის განყოფილება შვიდი საშტატო ერთეულით. აღნიშნული განყოფილებების გაერთიანებამდე ...ის განყოფილების ...ი იყო ა. კ-ე, ხოლო ...ის განყოფილების ...ი - ა. ხ-ი, რომელიც, განყოფილებების გაერთიანების შემდგომ, დანიშვნის ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით, დაინიშნა ...ის განყოფილების ...ად, ხოლო ა. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, განყოფილებების გაერთიანებამდე, ...ის განყოფილებაში ...ი სპეციალისტის პოზიციას ...ის საკითხებში იკავებდა შ. ო-ი, რომელიც განყოფილებების გაერთიანების შემდგომ, დანიშვნის ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით, დაინიშნა ...ის განყოფილების ... სპეციალისტად ასევე ...ის საკითხებში; მსგავსად, თ. ნ-ი, ...ის განყოფილებაში იკავებდა ...ი სპეციალისტის პოზიციას ...ის საკითხებში, რომელიც განყოფილებების გაერთიანების შემდგომ, დანიშვნის ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით, დაინიშნა ...ის განყოფილების ... სპეციალისტად ასევე ...ის საკითხებში; ასევე, მსგავსად, ც. ხ-ე, ...ის განყოფილებაში იკავებდა ...ი სპეციალისტის პოზიციას ...ის საკითხებში, რომელიც განყოფილებების გაერთიანების შემდგომ, დანიშვნის ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით, დაინიშნა ...ის განყოფილების ... სპეციალისტად ასევე ...ის საკითხებში, ამასთან, ც. ხ-ე აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა 2021 წლის 25 ივნისიდან 02 აგვისტომდე, რის შემდგომაც, მისი დანიშვნა მოხდა იმავე განყოფილებაში ... სპეციალისტად ...ის საკითხებში.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია რეორგანიზაცია შტატების შემცირებით საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს, თუმცა შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების შემთხვევაში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება. ამასთან, საკასაციო პალატამ საქმეზე Nბს-342-331(კ-10) 2010 წლის 20 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. სასამართლო ვერ იმსჯელებს სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვერ შეცვლის ადმინისტრაციულ მიხედულებას სასამართლოს მიხედულებით. ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას გარკვეულწილად გაითვალისწინოს მიზანშეწონილობის, რაციონალობის ასპექტები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში შემავალი განყოფილებების გაერთიანების შედეგად, ახლად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულში შეფასება ყველა მოხელეს ჰქონდა თანაბარი, რომელიმე მოხელე ამ კუთხით არ ყოფილა უპირატეს მდგომარეობაში, რაც შეეხება განათლებას, წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ განსახილველ მოხელეთა შორის მხოლოდ ა. კ-ეს აქვს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ა. კ-ეს უფიქსირდება სამუშაო სტაჟი - საკრებულოს წევრად - 2006 წლიდან, მერიის სტრუქტურულ ერთეულებში სხვადასხვა თანამდებობაზე - 2012 წლის 22 თებერვლიდან 2021 წლის 25 ივნისამდე, რაც შეეხება ა. ხ-ს, მას 2010 წლის 20 აგვისტოდან უფიქსირდება უწყვეტი სამუშაო სტაჟი, შ. ო-ს 2015 წლის 20 მაისიდან, თ. ნ-ს 2007 წლის 11 იანვრიდან, ხოლო ც. ხ-ეს 2018 წლის 07 სექტემბრიდან. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საჯარო სამსახურში სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობითაც, ა. კ-ე იმყოფება უპირატეს მდგომარეობაში ა. ხ-თან, შ. ო-თან და ც. ხ-ესთან მიმართებაში.
საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, ასევე მიუთითებს, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ...ის განყოფილების ...ის პოზიციაზე დადგენილ სავალდებულო და დამატებით მოთხოვნებზე. კერძოდ, სამუშაო აღწერილობა - აუცილებელი პროფესიული განათლების დონედ განისაზღვრა - ბაკალავრი; სასურველი პროფესიული განათლების დონე - მაგისტრი; გამოცდილება: აუცილებელი - 2 წელი, სასურველი - 3 წელი; გამოცდილების სფერო - ...ის სფეროში. საყურადღებოა ასევე სამუშაო აღწერილობაც, რომელსაც ახორციელებდა მოსარჩელე რეორგანიზაციამდე ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე და რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ...ის განყოფილების ...ის თანამდებობის, რომელთა შედარების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ახლად შექმნილი განყოფილების ...ის სამუშაო აღწერილობაში ... ფუნქციები არსებითად იდენტურია, ფუნქციები ...ის საკითხებში გადასულია მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციებიდან. რაც შეეხება განსხვავებას, ახლად შექმნილი განყოფილების სამუშაო აღწერილობაში დამატებულია ფუნქციები ...ის საკითხებში და ...ის უზრუნველყოფაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ა. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისას დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეთათვის, მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად, საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ, მართალია, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ ა. კ-ის დასაქმების მიზნით მობილობის განსახორციელებლად მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს, მაგრამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ სამართალწარმოების ვერცერთ ეტაპზე ვერ დაადასტურა, რომ ა. კ-ისათვის ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთავაზებულ იქნა ტოლფასი თანამდებობა ან უფრო დაბალი თანამდებობა, იმ პირობებში, როდესაც 2021 წლის 16 ივლისის №88-882119718 წერილის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებობდა შემდეგი ვაკანსიები: (1) ადმინისტრაციულ სამსახურში - 1.1) უფროსი სპეციალისტი (ერთი ვაკანტური პოზიცია). 1.2) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი-სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში (ორი ვაკანტური პოზიცია); 2) ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი (ერთი ვაკანტური პოზიცია); 3) საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო განყოფილების უფროსი (ერთი ვაკანტური პოზიცია); 4) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში (ერთი ვაკანტური პოზიცია); 5) ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება - უფროსი სპეციალისტი (ერთი ვაკანტური პოზიცია); 6) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის საკითხებში (ორი ვაკანტური პოზიცია).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის დროს შექმნილი საშტატო ერთეულებზე მოხელეთა დანიშვნა დაკავშირებულია ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის დისკრეციას მიკუთვნებულ ისეთი გადაწყვეტილების მიღებასთან, რომელშიც, სასამართლო, თავისთავად, არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს არჩევანის თავისუფლებაში, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ადეკვატური, ობიექტური შეფასება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არჩევანის გასაკეთებლად, ანუ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად, მოხელეთა უპირატესობების გამოვლენის მიზნით მოახდინოს საჯარო მოხელეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარებითი (ანალიტიკური) კვლევა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორედ ზემოხსენებული კრიტერიუმების საფუძველზე, ყველა მოხელის მონაცემების ურთიერთშედარებისა და ანალიზის პირობებში, უკეთესისა და საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მოხელის გათავისუფლებისა თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება. მართალია, სასამართლო კონტროლი აღნიშნული კატეგორიის დავების განხილვის პროცესში შეზღუდულია, თუმცა, აღნიშნული შეზღუდვა არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამოწმოს რამდენად მართებულია ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც მიღებულია გადაწყვეტილება და დაცულია თუ არა ობიექტურობის ზოგადი კრიტერიუმები და კანონის წინაშე პირთა თანასწორობის პრინციპი.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლთან მიმართებაში და აღნიშნული მუხლის საფუძველზე ა. კ-ის ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე