Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-629(კ-24) 03 ივლისი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 17.05.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის რ. კ-ას მიმართ და მოითხოვა: ა) მოპასუხე რ. კ-ასთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით ჯამში 11 287(თერთმეტიათას ორასოთხომცდაშვიდი ლარი) ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წლის 01 მაისიდან ყოველთვიურად 157 (ასორმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით ქონების გამოთავისუფლებამდე; ბ) მოპასუხე რ. კ-ას უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ... ქუჩა N41ა-ს მიმდებარედ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 52 კვ.მ. შენობა-ნაგებობა N1-ის და მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის გამოთხოვა, აგრეთვე, სახელმწიფოსათვის უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2023წ. განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე რ. კ-ას მიმართ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრების თაობაზე მიღებული იქნეს სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად, ხოლო ცალკე წარმოებად გამოიყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე რ. კ-ას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ... ქუჩა N41ა-ს მიმდებარედ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 52 კვ.მ. შენობა-ნაგებობა N1 და მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის გამოთხოვის და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2023წ. განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო რ.კ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქალაქი ლანჩხუთი, ქუჩა ...ის N62, საკადასტრო კოდი: N..., ნაკვეთის წინა ნომერი: ...; ფართობი: 942.00კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01/2, N02/1(უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: წერილი(სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N03220) N2461 დამოწმების თარიღი: 24/04/2018, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 14/05/2007, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). მოსარჩელემ 11.10.2023წ. დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე რ. კ-ასთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით ჯამში 11 993.5 (თერთმეტიათას ცხრაასოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით თანხის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.2024წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე რ. კ-ას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2022 წლის 01 ივლისიდან 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით 2348.50 (ორიათას სამასორმოცდარვა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.2024წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2024წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.2024წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ... ქუჩა №41ა-ს მიმდებარე ტერიტორია, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 810.00კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, 2017 წლის 22 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. 01.11.2022წ. ადგილზე დათვალიერების ოქმისა და აქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილზე შეამოწმა და დაადგინა, რომ ქ. თბილისში ... ქუჩა №41ა-ს მიმდებარედ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ: ...) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს ფიზიკური პირი რ. კ-ა (შენობა №01/1 - იყენებს რკინის ნაკეთობების დასამზადებლად). სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 12.01.2023წ. №000170523 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ... ქუჩა №41ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 52 კვ.მ. შენობა-ნაგებობა №1-ის და მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს: 2017 წლის 22 სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით 150ლარს; 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 147 ლარს; 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 164ლარს; 2020 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 180 ლარს; 2021 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 187 ლარს; 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 169 ლარს; 2023 წლის 01 იანვრიდან დღემდე 157 ლარს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.01.2023წ. №7/1489 წერილით და 20.02.2023წ. №7/9426 წერილით, რ. კ-ას ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ... ქუჩა №41ა-ს მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, ს/კ: ..., წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც (შენობა-ნაგებობა №1, განაშენიანების ფართობი 52 კვ.მ. და მის ქვეშ არსებული მიწა) სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით: სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველობის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის. რ. კ-ას ასევე ეცნობა, რომ აუდიტორული დასკვნის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ყოველთვიურად ეკისრებოდა: 2017 წლის 22 სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით 150 ლარი; 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 147ლარი; 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 164 ლარი; 2020 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 180 ლარი; 2021 წლის იანვრიდან დეკემბრისჩათვლით 187 ლარი; 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 169 ლარი; 2023 წლის 01 იანვრიდან დღემდე 157 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ. კ-ას დაევალა აღნიშნული თანხების გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის. 13.09.2023წ. რ. კ-ამ №124394/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩა №41ა-ს მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა №1(52კვ.მ.), რომლითაც სარგებლობდა 2022 წლის 01 ივლისიდან, მათი მითითების საფუძველზე გაათავისუფლა 2023 წლის აგვისტოდან. საქმეში დაცულია 22.11.2023წ. გ. კ-ის ხელწერილი, იგი განმარტავს, რომ რ. კ-ა ეწევა სამეურნეო საქმიანობას მის მომიჯნავე ნაკვეთზე, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ... ქუჩა №41ა(ს/კ: ...). მისივე განმარტებით, მოქალაქე რ. კ-ას მიერ დაკავებული ნაკვეთის მიმდებარედ განთავსებული იყო შენობის ნანგრევები, რომელიც მან აღადგინა 2022 წლის ივლისის თვეში და იყენებდა სამეურნეო საქმიანობისათვის 2023 წლის სექტემბრის თვემდე.

სააპელაციო პალატამ მოიხმო ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი, 36-ე მუხლის 11, 12 და 13 პუნქტები, სკ-ის 155-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 163-ე მუხლი, 316-ე და 317-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები და აღნიშნა, რომ რ. კ-ამ სარჩელი ცნო 2022 წლის 01 ივლისიდან 2023 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდზე, გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ რომან კ-ა სადავო ფართით სარგებლობდა 2022 წლის 01 ივლისიდან 2023 წლის სექტემბრის თვემდე. სააპელაციო საჩივრის ავტორმა საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა რ. კ-ას მიერ 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2022 წლის 01 ივლისამდე პერიოდში სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოპასუხე რ. კ-ა სადავო ფართით სარგებლობდა 2022 წლის 01 ივლისიდან 2023 წლის სექტემბრის თვემდე. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ექსპერტიზის დასკვნისა და უძრავი ქონებით სარგებლობის პერიოდის გათვალისწინებით სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, რ. კ-ას, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2022 წლის 01 ივლისიდან 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით 2348.50 (ორიათას სამასორმოცდარვა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა (01.07.2022წ.-დან 31.12.2022წ.-ის ჩათვლით: 169x6=1014; 01.01.2023-დან 15.09.2023-ის ჩათვლით: 157x8=1256(8 თვე); 157÷2=78,5(15 დღე); 1014+1256+78,5=2348,50). შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სს-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.2024წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, რ. კ-ა წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქონების მმართველმა რ. კ-ას არაერთხელ გაუგზავნა გაფრთხილების წერილები. წერილობითი მოთხოვნის თანახმად, იგი ვალდებული იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაეხადა სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის კანონით გათვალისწინებული წესით. თუმცაღა, წერილობით არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ თანხა არ იქნა გადახდილი. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატა დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებას და სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა მხოლოდ აღიარებულ ნაწილში, თუმცა ამ შემთხვევაში სააგენტოს მიერ წარდგენილი იყო ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც სარჩელს ამყარებდა, ხოლო მოპასუხის მიერ არ იქნა წარდგენილი არცერთი მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა სააგენტოს პოზიციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მასში მოიაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს დაშვებულ იმ პროცესუალურ დარღვევებზე მითითება, რამაც განაპირობა ფაქტების არასწორად შეფასება/დადგენა და რის საფუძველზეც ადგილი ჰქონდა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებას ან/და განმარტებას. აღნიშნული თვალსაზრისით, კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით (იხ., mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 30.06.2009წ. გადაწყვეტილება საქმეზე Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (No. 2) [GC], App. No. 32772/02, §43.). საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის შუქზე, შეაფასებს მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება კასატორის მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, Application no. 61302/00, §67.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის მართებულად გადაწყვეტა საჭიროებს მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო-სამართლებრივი თავისებურებების მიმოხილვას.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას ქმნის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტი, ნორმის მიხედვით, საფასური გადაიხდება საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ნორმატიული ტერმინში - „სარგებლობის მთელი პერიოდისათვის“ - მოიაზრება არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის რეალურად არსებობა დროის იმ მონაკვეთში, რომლისთვისაც მოითხოვება საფასურის გადახდა, ამავდროულად, ასეთი ფაქტის არ არსებობას გადამწყვეტი ზეგავლენა აქვს სასარჩელო მოთხოვნის წარმატების ბედზე. ასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე განსაზღვრავს დავის საგანს და მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნას. დავის საგანი არის მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის მიმართაც უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება), უფრო კონკრეტულად „საგანი“ არის მოთხოვნის შინაარსი (სუსგ ას-551-2023, 31.10.2023წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილება, ანუ რომელმა მხარემ რა კონკრეტული გარემოება უნდა ამტკიცოს. შესაბამისად, კასატორს, ასკ-ის 17-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული ძალით, ევალებოდათ საქმის განმხილველი სასამართლოსთვის განკუთვნადი მტკიცებულებების წარდგენის გზით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის ბოლო წინადადებით დადგენილი ელემენტის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. თუმცა, კასატორი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებებით. კასატორს საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე არ წარმოუდგენიათ ისეთი განკუთვნადი წერილობითი საბუთები, რომელიც რაიმე ფორმით მაინც შეარყევდა მოსარჩელის სასარგებლოდ ნაგულვები ფაქტობრივი გარემოების არსებობას. მოპასუხე უარყოფს კასატორის მიერ მითითებული სრული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგბებლობის ფაქტს, სახეზე არ არის სსკ-ის 131-ე მუხლით (აღიარება) გათვალისწინებული წინაპირობა. ამდენად, საპირისპიროს დამტკიცებამდე აღნიშნული ფაქტი ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, მით უფრო იმ პირობებში როდესაც საქმეში დაცულია გ. კ-ის 22.11.2023წ. წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელიც აღნიშნავს, რომ იგი მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საქმიანობას ეწევა 2016 წლის 17 აგვისტოდან, ხოლო მისი ინფორმაციით, მოსარჩელე საქმიანობას ახორციელებდა 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის სექტმებრის თვემდე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის ზეპირსიტყვიერი განმარტება, რაოდენ კვალიფიციურიც არ უნდა იყოს თვითონ განმარტება ან/და ასეთი განმარტების ავტორი, ვერ ჩაანაცვლებს კანონით გათვალისწინებული განკუთვნადი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას. კასატორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითების გაზიარება, სსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, შინაარსობრივად გაუთანაბრდებოდა ამგვარი ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისთვის წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალის მინიჭებას. აღნიშნული არარად აქცევდა მოსარჩელის უფლების სუბსტანციას, საფუძველს გამოაცლიდა მის ძირითად არსს, მასში მომეტებული და არაპროპორციული ჩარევის ეფექტს იქონიებდა, ხოლო უფლების რეალიზების პროპორციული შეზღუდვისათვის განკუთვნილი მტკიცებულებითი სტანდარტის შესაბამისი ზღვარი დაექვემდებარებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სზაკ-ის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 18.09.2023წ. შესაგებლით, მოსარჩელემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორთა მიერ არ არის წამოყენებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე