Facebook Twitter

საქმე №266აპ-14 ქ. თბილისი

გ-ი ნ.- 266აპ-14 28 ივლისი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განაჩენით ნ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 8 თებერვლიდან.

ნივთიერი მტკიცებულება - ცივი იარაღი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

2. განაჩენის მიხედვით, ნ. გ-მა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 4 აპრილის განაჩენით ნ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ამნისტიის გამოყენების თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განაჩენით ნ. გ-ს შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 5 ივნისს. 2013 წლის 29 ნოემბერს ნ. გ-ი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, რა დროსაც მას პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა მეტალის გასაშლელი დანა, რაც 2014 წლის 3 თებერვლის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ნ. გ-ს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით მიესაჯა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ ნ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ბ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას იმ საფუძვლით, რომ სსკ-ის 2381-ე მუხლის ახალი რედაქციის შესაბამისად, მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობა არ იძლევა აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო ნ. გ-ი უნდა გამართლდეს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

7. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა ნ. გ-მა ცივი იარაღის ტარება - ჩაიდინა 2013 წლის 29 ნოემბერს, რა დროსაც სსკ-ის 2381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის 1-ლი ნაწილის შემადგენლობისათვის საკმარისი იყო ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას გვაძლევდა პირის წარსულში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობა.

8. 2013 წლის 11 დეკემბრის კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 8 იანვარს, შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დისპოზიციის ნაწილი იმ მიმართებით, რომ ამ დანაშულის შემადგენლობას იძლევა მხოლოდ განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რა დროსაც მნიშვნელობა არა აქვს წარსულში ნასამართლობასა და ასაკს. რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებას, იგი დარჩა უცვლელად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას იძლევა პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არაერთგზის ან განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი კანონის თანახმად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების შესაბამისად, მსჯავრდებული ნ. გ-ი არ არის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი ცივი იარაღის ტარებისათვის, ან ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი, ამდენად, სახეზე არ არის სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი (ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული ან ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება), შესაბამისად, წარსულში მხოლოდ მისი ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის არ იძლევა ასევე საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, რის გამოც მსჯავრდებული უნდა გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განაჩენი გაუქმდეს.

მსჯავრდებული ნ. გ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

3. ნ. გ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

4. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

5. ნივთიერი მტკიცებულება - დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

6.განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი