Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-1046(კ-24) 03 ივლისი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. მ-ამ, ა. ნ-ემ, პ. ნ-ემ, ი. ნ-ემ, ა. ნ-ემ, ი. ნ-ემ 01.03.2022წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს: ა) „მოსარჩელე ა. მ-ას და მისი ოჯახის ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.02.2022წ. №03-791/ო ბრძანების ბათილად ცნობა და ბ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე ა. მ-ას და მისი ოჯახის (განცხადებით გათვალისწინებული პირები) ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.2022წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით მესამე პირად ჩაება ა. ნ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2022წ. გადაწყვეტილებით ა. მ-ას, ა. ნ-ის, პ. ნ-ის, ი. ნ-ის, ა. ნ-ის და ი. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.02.2022წ. №03-791/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. მ-ას ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებულ პირების) ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2022წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2022წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები: ა. მ-ა, ა. ნ-ე, პ. ნ-ე, ი. ნ-ე, ა. ნ-ე, ი. ნ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები და მათზე გაცემულია დევნილის მოწმობები. 01.09.2019წ. ა. მ-ამ წარადგინა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე №41475 განაცხადი და შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად მიუთითა: მეუღლე - ა. ნ-ე და შვილები: ა. ნ-ე, პ. ნ-ე, ი. ნ-ე, ა. ნ-ე, ი. ნ-ე. 02.09.2019წ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა ა. მ-ამ და მოითხოვა მის მიერ წარდგენილი №41475 განაცხადის შეცვლა (გადატანა) და ქ. ზუგდიდში აშენებულ კორპუსში ბინის მიღება. 17.02.2020წ. კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, მოსარჩელეთა ოჯახი შეფასდა 5.50 ქულით (საცხოვრებლის ფინანსური პრობლემები (ნაქირავები) - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები (5 არასრულწლოვანი) - 4.00 ქულა). 01.07.2020წ. ა. მ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. განმცხადებელმა განმარტა, რომ 2020 წელს კომისიამ შეცდომით განიხილა მისი განაცხადი, მიანიჭა 5.50 ქულა და ვერიფიკაცია დაასრულა ბინის შესყიდვაზე. განმცხადებელმა მოითხოვა, რომ კომისიამ ხელახლა განიხილოს მისი განაცხადი ქალაქ ზუგდიდში ბინის მიღების თაობაზე. 04.03.2021წ. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, მოსარჩელეთა ოჯახი შეფასდა 6.50 ქულით (საცხოვრებლის ფინანსური პრობლემები (ნაქირავები) - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები (5 არასრულწლოვანი) - 4.00 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 65001-100000 შორის სარეიტინგო ქულა). გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა 04.08.2021წ. ა. მ-ას საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ფოთი, ...ის ქუჩა №8, ბინა 16. მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ 2017 წლიდან ა. მ-ას ოჯახი - მეუღლე და ხუთი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე ქირით - 150 ლარად; 2013-2017 წლებში ოჯახი ცხოვრობდა ამავე კორპუსში, №54 ბინაში; 2008-2013 წლებში ცხოვრობდნენ ფოთში, ...ის ქუჩაზე ა. ბ-ას ბინაში ქირით; ხოლო 2005-2008 წლებში - ფოთში, ...ის ქუჩაზე, №14-ში დედამთილთან; 2005 წლამდე ოჯახი ცხოვრობდა მშობლებთან ფოთში, ...ის ქუჩაზე №111-ში. მონიტორინგის მისამართზე განმცხადებლის საკუთრება არის სხვენი, რომელიც საცხოვრებლად არის უვარგისი. 24.08.2021წ. გასაუბრების ოქმის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი გადამოწმების მიზნით იმყოფებოდა ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე, №11-ში, ა. მ-ას მეუღლის მიერ გასხვისებულ სახლში, სადაც დახვდათ ი. ს-ა, რომლის განმარტებით, აღნიშნული სახლი იყიდა 16 წლის წინ ა. მ-ას მეუღლისგან და ფინანსური პრობლემების გამო გააფორმა თავის მეუღლის - ვ. კ-ას ძმის ცოლის - თ. კ-ას სახელზე, ფინანსური პრობლემების მოგვარების შემდეგ. სახლი გადაიფორმა საკუთარ სახელზე ი. ს-ამ. 24.08.2021წ. გასაუბრების ოქმის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი გადამოწმების მიზნით იმყოფებოდა ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე, №8/52-ში, სახლში არავინ იმყოფებოდა. 24.08.2021წ. და 02.11.2021წ. გასაუბრების ოქმების თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი გადამოწმების მიზნით იმყოფებოდა ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე, №111-ში, ა. მ-ას მეუღლის ა. ნ-ის მიერ გასხვისებულ სახლში. ორივე შემთხვევაში ადგილზე იმყოფებოდა ა. მ-ას დედა ნ. ჯ-ე, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული სახლი იყიდა დ. მ-ამ დაახლოებით 1998 წელს. დ. მ-ამ, მისი ძმის შვილის ა. მ-ას ოჯახის საბანკო ვალდებულების გამო დროებით გადაუფორმა ბინა ა. მ-ას მეუღლეს - ა. ნ-ეს, ხოლო მოგვიანებით ისევ გაიფორმა საკუთარ სახელზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საჯარო რეესტრის ამონაწერების შინაარსზე, კერძოდ: ა) 13.12.2012წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩაზე №111-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი - №...) რეგისტრირებულია დ. მ-ას სახელზე; ბ) 12.12.2013წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩაზე №111-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი - №... რეგისტრირებულია ა. ნ-ის სახელზე; გ) 31.12.2013წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩაზე №111-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი - №...) დატვირთულია იპოთეკით (იპოთეკარი - სააქციო საზოგადოება ,,... ბანკის’’ ფოთის ფილიალი); დ) 04.11.2020წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩაზე №111-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი - №...) რეგისტრირებულია ლ. ნ-ის სახელზე; ე) 17.11.2020წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩაზე №111-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი - №...) რეგისტრირებულია ლ. ნ-ე სახელზე; ვ) 19.12.2020წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩაზე №111-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი - №...) რეგისტრირებულია ლ. ქ-ას სახელზე; ზ) 07.02.2020წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩაზე №11-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი - №...) რეგისტრირებულია ი. ს-ას სახელზე; თ) 24.02.2016წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩაზე №8-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი - №...) ... რეგისტრირებულია ა. მ-ას სახელზე; ი) 24.02.2016წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩაზე №8-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი - №...) ... რეგისტრირებულია მ. ზ-ას სახელზე. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 17.11.2021წ. №79 სხდომის ოქმით ა. მ-ას უარი ეთქვა ბინით დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ამ ეტაპზე განსახლება არ წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.02.2022წ. №03-791/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 17.11.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №79) ა. მ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო პალატამ სადავო საკითხზე გადაწყვეტის მიზნით მოიხმო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-6 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია მოსარჩელის ოჯახის სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ცენტრის უბანში წარმომადგენლის მიერ 03.10.2022წ. გაცემული №296 ცნობის თანახმად, ა. მ-ა და მისი ოჯახი 2022 წლის იანვრიდან დღემდე დროებით ცხოვრობს ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე, №39/9-ში. ასევე უდავოა, რომ ოჯახში ხუთი წევრი არასრულწლოვანია. ამდენად, 04.03.2021წ. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, მოსარჩელეთა ოჯახი შეფასდა 6.50 ქულით (საცხოვრებლის ფინანსური პრობლემები (ნაქირავები) - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები (5 არასრულწლოვანი) - 4.00 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 65001-100000 შორის სარეიტინგო ქულა). ამავდროულად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი №7-ის „დ“ ქვეპუნქტზე, ნორმით დადგენილია, რომ დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე ფასდება 1,5 ქულით. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად, ხოლო „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით, მიღებულ ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მოცემული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთ მოცემულობაში არ გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, ქულების განსაზღვრის შემდეგ, დამატებით შეაფასოს გადაუდებელი განსახლების საჭიროების აუცილებლობა (გამონაკლისია მხოლოდ, დევნილის დროებითი განსახლების წესი, რაც სხვა შემთხვევას წარმოადგენს). კონკრეტულ ეტაპზე, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც დაგროვილი აქვს ქულათა ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია კონკრეტულ ეტაპზე, ბინის მისაღებად. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მისი საჭიროებების პრიორიტეტულობის განსაზღვრა მითითებული ნორმატიული აქტით ამომწურავად არის ნორმატიულ-სამართლებრივად განსაზღვრული და მის მიღმა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობის დადგენა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნულ ნორმატიულ აქტს და არ გამომდინარეობს მისგან, არღვევს კანონიერების პრინციპს და სცდება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ა. მ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობაზე, რადგან დევნილ პირს შეუფერხებლად შეეძლო ესარგებლა გასხვისებული საკუთრებით. უტყუარად დასტურდება, რომ დევნილ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ბინა და იძულებულია დროებით იცხოვროს სხვის საკუთრებაში, რაც არ ნიშნავს იმას, რომ დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი და არ საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონება როგორც მოსარჩელის, ასევე მისი მეუღლის მიერ გასხვისებულია სადავო საკითხის გადაწყვეტამდე გაცილებით ადრე 2008 და 2018 წლებში. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის განმარტებით, რაც ასევე დასტურდება საქმის მასალებით, 2018 წლის იანვარში ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე №8-ში არსებული სახლის გასხვისების მიზეზს წარმოადგენდა საბანკო ვალდებულებების არსებობა. ამდენად, სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომ მათი მხრიდან უძრავი ნივთების გასხვისება განპირობებული იყო არაერთი სასესხო ვალდებულებით, რომლის დასაფარად მოუწიათ საკუთრების უფლების დათმობა უძრავ ქონებაზე. რაც შეეხება ამჟამად მოსარჩელის ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, დადგენილია, რომ ა. მ-ა საკუთრებაში ფლობს მხოლოდ არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართს, ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე №8-ში, ხოლო მისი მეუღლე ა. ნ-ე, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენდა ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე, №111-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დროებით მესაკუთრეს. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლზე ა. ნ-ის საკუთრების უფლება ატარებდა ფორმალურ ხასიათს და გამომდინარეობდა საბანკო მიზნებიდან. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი საბანკო ვალდებულების შესრულების შემდეგ საკუთრებაში დაუბრუნდა დარეჯან მ-ას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტება მასზედ, რომ ა. მ-ას ოჯახი ისევ აგრძელებს ცხოვრებას ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე, №111-ში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დამყარებულია მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც არ შეიძლება იქნეს მიჩნეული მითითებულ უძრავ ქონებაში ცხოვრების დადასტურებისათვის საკმარის მტკიცებულებად. მოსარჩელისა და მისი ოჯახის ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე, №111-ში ცხოვრების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე, №111-ის მეზობლად მცხოვრებმა პირებმა მ. თ-ამ და ს. კ-ამ განმარტეს, რომ ა. მ-ა და მისი ოჯახი არ ცხოვრობს და არც არასდროს უცხოვრიათ ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე, №111-ში. მოწმეთა განმარტებით, სახლი ეკუთვნის ა. მ-ას მამიდას - დ. მ-ას, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება. აღნიშნული გარემოება დაადასტურა ასევე მოწმის სახით დაკითხულმა ლ. ქ-ამ, რომელმაც განმარტა, რომ ა. მ-ა და მისი ოჯახი ცხოვრობს ქ. ფოთში, ...ის უბანში (ლ. ქ-ა ვერ უთითებს ზუსტ მისამართს). მოწმის განმარტებით, ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე, №111-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის ა. მ-ას მამიდას - დ. მ-ას, რომელიც ამჟამად იმყოფება ამერიკაში, აღნიშნული სახლი თავდაპირველად ეკუთვნოდა ა. მ-ას ბებიას და ბაბუას, სახლს მოსავლელად დრო და დრო სტუმრობს ა. მ-ას დედა, დ. მ-ას საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ბინაში იკრიბებიან ნათესავები, თუმცა ლ. ქ-ას განმარტებით, ა. მ-ა ხსენებულ მისამართზე ოჯახთან ერთად არასდროს დარჩენილა. მოწმის მტკიცებით, მისთვის უცნობი მიზეზით, დ. მ-ამ, რომელიც არის მისი დეიდა, ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე, №111-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი გადაუფორმა მას (ლ. ქ-ას), ხოლო მოგვიანებით იგი კვლავ გადაიფორმა საკუთარ სახელზე. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს ანდა მისი ოჯახის წევრს საკუთრებაში არ აქვთ რაიმე საცხოვრებლად ვარგისი უძრავი ქონება, რის გამოც მუდმივი საცხოვრებლის არარსებობის გამო, მოცემული საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობდნენ სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, ქირით. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელესა და მისი ოჯახის წევრებს სადავო საკითხის გადაწყვეტამდე გაცილებით ადრე საკუთრებაში გააჩნდათ უძრავი ქონება. სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების გარეშე, ასევე გაზიარებული ვერ იქნება სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება მასზედ, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი როგორც დევნილი პირები, ამ ეტაპზე ფაქტობრივად უზრუნველყოფილი არიან ადეკვატური საცხოვრებლით, იმ ფონზე, რომ ოჯახში ხუთი არასრულწლოვანი წევრია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია მოსარჩელის ოჯახისთვის მინიჭებული ქულათა ოდენობა წარმოშობდა ა. მ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, თუმცა მოცემული ოდენობის ქულის პირობებშიც, მოსარჩელეს განსახლებაზე უარი ეთქვა - მეუღლის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო, ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო და არა ქულათა არასაკმარისობის გამო. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს მოსარჩელის ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მეუღლის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, სასამართლოებმა გაიზიარეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რასაც საქმისათვის არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა (სესხის ხელშეკრულებები), შესაბამისად, უგულვებელყოფილ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერების შინაარსი, როგორც პირდაპირი მტკიცებულება. ამავდროულად, მოწმეთა დაკითხვა მოხდა დისტანციურად, კასატორის პოზიციის გაუთვალისწინებლად, ადმინისტრაციული წარმოებისას მოწმეთა მიერ გაკეთებული განმარტებები განსხვავდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებებისგან (მ. თ-ამ და ს. კ-ამ 22.05.2022წ. გასაუბრების ოქმში დაადასტურეს, რომ ა. მ-ა დედასთან ერთად ცხოვრობს ...ის ქ. N111-ში). კასატორი მიუთითებს, რომ არ არსებობს მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გადაუდებელი საჭიროება, რამდენადაც როგორც მოსარჩელეს, ისე მის მეუღლეს საკუთრებაში ჰქონდათ აღრიცხული უძრავი ქონება, რომელიც შემდგომ გაასხვისეს, კერძოდ: ა) ქალაქი ფოთი, ...ის ქუჩაზე №11-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ს/კ კოდი - №...); ბ) ქალაქი ფოთი, ...ის ქუჩა №111-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ს/კ №...) და გ) ქალაქი ფოთი, ...ის ქუჩა №8, სართული 9, ბინა N 52 (ს/კ №...). შესაბამისად, კასატორი საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ არ არსებობს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რაც განაპირობებს საკასაციო მოთხოვნის გამართულობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მასში მოიაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს დაშვებულ იმ პროცესუალურ დარღვევებზე მითითება, რამაც განაპირობა ფაქტების არასწორად შეფასება/დადგენა და რის საფუძველზეც ადგილი ჰქონდა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებას ან/და განმარტებას. აღნიშნული თვალსაზრისით, კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით (იხ., mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 30.06.2009წ. გადაწყვეტილება საქმეზე Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (No. 2) [GC], App. No. 32772/02, §43.). საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის შუქზე, შეაფასებს მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება კასატორის მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, Application no. 61302/00, §67.). ამდენად, დავის მართებულად გადაწყვეტა საჭიროებს მოსარჩელეებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლიანობის გამოკვლევას.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება მასზედ, რომ მოსარჩელის ოჯახის მიერ მოსარჩელის მეუღლის გასხვისებულ სახლში ცხოვრება (ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში) თავისთავად არ ქმნის მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო პალატის ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, „დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე“ (იხ. მრავალთა შორის: სუსგ., ბს-156(კ-20), 18.03.2020წ; სუსგ., ბს-1434 (კ-22), 16.03.2023წ; ბს-1365(კ-22), 05.10.2023წ; ბს-844 (კ-24), 29.11.2024წ; ბს-607 (კ-24), 12.12.2024წ; სუსგ., ბს-448 (კ-24), 20.03.2025წ; ბს-665 (კ-24), 05.02.2025წ.). აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“ (იხ. სუსგ., ბს-613(კ-22), 21.07.2022წ.). ამავდროულად, კასატორი არც იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახი სახელმწიფოს მიერ ერთხელ უკვე დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებლით, რაც პირდაპირ გამორიცხავს ოჯახის ხელმეორედ დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძვლის არსებობას (იხ. სუსგ., ბს-1229(კ-23), 01.05.2025წ.). მოსარჩელე სადავოდ ხდის დევნილი ოჯახის არამხოლოდ მოსარჩელის მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების ფაქტს, არამედ, ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ეს ბინა მოსარჩელის მეუღლეზე მხოლოდ ფიქციურად, საბანკო ვალდებულებების არსებობის მიზეზით იყო აღრიცხული. პირველ რიგში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო (კასატორი) ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მისი მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების ფაქტს, საქმის მასალებით, კერძოდ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის, ცენტრის უბანში წარმომადგენლის მიერ 03.10.2022წ. №296 ცნობის მიხედვით, ა. მ-ა და მისი ოჯახი 2022 წლის იანვრიდან დღემდე დროებით ცხოვრობს ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე, №39/9-ში. რაც შეეხება მოწმეთა, ს. კ-ას და მ. თირქიას ახსნა-განმარტებებს, ისინი ადასტურებენ, რომ მოსარჩელე საკუთარ ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩა №111-ში (ს/კ №...), სსკ-ის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. 22.05.2022წ. გასაუბრების ოქმი ხელმოწერია მ. თირქიას სახელით, თუმცაღა, კანონით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ამ ხელმოწერის მ. თირქიასადმი კუთვნილება (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი). შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის ზეპირსიტყვიერი განმარტება, რაოდენ კვალიფიციურიც არ უნდა იყოს თვითონ განმარტება ან/და ასეთი განმარტების ავტორი, ვერ ჩაანაცვლებს კანონით გათვალისწინებული განკუთვნადი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას. კასატორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითების გაზიარება, სსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, შინაარსობრივად გაუთანაბრდებოდა ამგვარი ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისთვის წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალის მინიჭებას. აღნიშნული არარად აქცევდა მოსარჩელის უფლების სუბსტანციას, საფუძველს გამოაცლიდა მის ძირითად არსს, მასში მომეტებული და არაპროპორციული ჩარევის ეფექტს იქონიებდა, ხოლო უფლების რეალიზების პროპორციული შეზღუდვისათვის განკუთვნილი მტკიცებულებითი სტანდარტის შესაბამისი ზღვარი დაექვემდებარებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სზაკ-ის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს. საქმის მასალებში დაცული 01.05.2023წ. ცნობის მიხედვით, სადღეისოდ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩა №111-ში (ს/კ №...) მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართული 30.04.2023წ. მომხდარი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა, ხოლო - წყლის ჭავლის ზემოქმედებისაგან მთლიანად დაზიანდა სახლის პირველი სართული. აღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მასზედ, რომ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩა №111-ში (ს/კ №...) მდებარე საცხოვრებელი სახლი მოსარჩელის სახელზე მხოლოდ ფიქციურად იყო აღრიცხული, სხვადასხვა დროს საბანკო ვალდებულების იპოთეკური კრედიტით უზრუნველყოფის მიზნით, საქმის მასალები შეიცავს განკუთვნად წერილობით ცნობებს (საკრედიტო ისტორია, გადახდის გრაფიკი, ცნობები კომერციული ბანკებიდან, საკრედიტო ხელშეკრულება, საჯარო რეესტრის ამონაწერების ქრონოლოგიური მიმდევრობა და ა.შ.), მტკიცებულებების აღნიშნული მასა ქმნის საკმარის ფაქტობრივ საფუძველს რათა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს ჩამოეყალიბებინათ შინაგანი რწმენა (სსკ-ის 105.2 მუხ.) მოსარჩელის ვერსიის სანდოობასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნება სხვა განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურებულ მხარის ახსნა-განმარტებას. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 19.12.2020წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩაზე №111-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი - №... რეგისტრირებულია ლ. ქ-ას სახელზე, ამდენად, კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული უძრავი ქონება ფიქციურად არის გაფორმებული მოსარჩელის მეუღლის ა. ნ-ის დედის ლ. ნ-ის სახელზე არ შეესაბამება სინამდვილეს.

დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გადაუდებელი საჭიროება, რამდენადაც როგორც მოსარჩელეს, ისე მის მეუღლეს საკუთრებაში ჰქონდათ აღრიცხული უძრავი ქონება, რომელიც შემდგომ გაასხვისეს, კერძოდ: ა) ქალაქი ფოთი, ...ის ქუჩაზე №11-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ს/კ კოდი - №...); ბ) ქალაქი ფოთი, ...ის ქუჩა №111-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ს/კ №...) და გ) ქალაქი ფოთი, ...ის ქუჩა №8, სართული 9, ბინა N 52 (ს/კ №...). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს. საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინდადების მიხედვით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი ან უარი განაცხადეს ამ წესით გათვალისწინებული კენჭისყრისას ან მის შემდგომ, შესაბამისი საორიენტაციო სტანდარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. იდენტური შინაარსის მოწესრიგებას შეიცავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი (ძალადაკარგულია 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადღეისოდ ძალაში მყოფი „წესის“ 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადების ნორმატიული მიზანია სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით (იხ. სუსგ., ბს-1229(კ-23), 01.05.2025წ.) სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე მოხდეს (მათ შორის) იმ დევნილი ოჯახების განცხადებათა განხილვა, რომლებმაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. ამავდროულად, ნორმატიული ტერმინი - „საცხოვრებელი ფართების საკუთარი სახსრებით შეძენა“ - გამოხატავს ნორმის მიზანს დევნილი ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი ადეკვატური საცხოვრისით, აღნიშნულ ნორმატიულ მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის ნორმის მასშტაბში ისეთი დევნილი ოჯახების ფაქტობრივი სიტუაციის მოქცევა, რომლებმაც ოდესღაც მართალია საცხოვრებელი ფართები საკუთარი სახსრებით შეიძინეს, თუმცა დევნილი ოჯახის ეკონომიკური თუ სხვა პატივსადებ მიზეზების („მოწყვლადობის“) საფუძველზე, დათმეს შეძენილი საკუთრება. საკასაციო პალატის პრაქტიკაში ასეთ პატივსადებ მიზეზად მიჩნეულია სხვადასხვა ოჯახური (ყოფითი) პრობლემები, საცხოვრებელი სახლის რემონტი (იხ. სუსგ., ბს-833 (კ-24), 05.02.2025წ.), ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები (იხ. სუსგ., ბს-1230(კ-20), 22.04.2021წ; სუსგ., ბს-613(კ-22), 21.07.2022წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში როდესაც დგინდება, რომ ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩა №8, სართული 9, ბინა N 52 (ს/კ №...) გასხვისებულია პატივსადები საფუძვლებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებების არსებობის გამო ამ საცხოვრისის ჯერ იპოთეკის საგნად გამოყენებას, ხოლო შემდგომ მის გაყიდვას სხვადასხვა ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, სამართლებრივ საფუძველს სრულად მოკლებულია კასატორის პოზიცია მასზედ, რომ მოსარჩელე უკვე იმ მიზეზით აღარ საჭიროებს საცხოვრისით უზრუნველყოფას, რომ ოდესღაც მას საკუთარი სახსრებით შეძენილი ჰქონდა საცხოვრისი. რაც შეეხება ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩა №111-ში მდებარე (ს/კ №...) საცხოვრებელს, დადგენილია რომ ეს უკანასკნელი მოსარჩელის მეუღლეს არც არასდროს ეკუთვნოდა, იგი მასზე მხოლოდ ფიქციურად, საბანკო ვალდებულებების შესრულების მიზნით აღირიცხა. ხოლო, ქალაქი ფოთში, ...ის ქუჩაზე №11-ში მდებარე (ს/კ კოდი - №...) საცხოვრებელთან მიმართებით, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება მასზედ, რომ საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონება მოსარჩელის მეუღლის მიერ გასხვისებულია სადავო საკითხის გადაწყვეტამდე გაცილებით ადრე 2008 წელს. ამასთანავე, საქმის მასალებში დაცულია 07.02.2020წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი, ქალაქ ფოთში, ...ის ქუჩაზე №11-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი - №...) რეგისტრირებულია ი. ს-ას სახელზე. აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების მომენტში მოქმედებდა “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონი (ძალადაკარგულია 06.02.2014წ., №1982 კანონით). აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეზე არ ვრცელდებოდა არც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” კანონის და არც აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე შემუშავებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი, რომელმაც არაერთხელ განიცადა ცვლილება. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზე არაა მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გადაუდებელი საჭიროება, მით უფრო იმ პირობებში როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი თავად მიუთითებს, რომ საცხოვრისით დაკმაყოფილებაზე უარი განპირობებული არ იყო ქულათა არასაკმარისი რაოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი