საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-612(კ-25) 21 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჟ. მ-ე, გ. ბ-ი, მ. ბ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჟ. მ-ემ, გ. ბ-მა და მ. ბ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის № IDP 3 23 00001112 ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება ჟ. მ-ის, არასრულწლოვნების: გ. ბ-ის, მ. ბ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ჟ. მ-ის, არასრულწლოვნების - გ. ბ-ისა და მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის № IDP 3 23 00001112 ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება ჟ. მ-ის, არასრულწლოვნების - გ. ბ-ისა და მ. ბ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახს სიღარიბის მაჩვენებელში მინიჭებული 1,5 ქულა კანონიერად დააკლო ადმინისტრაციულმა ორგანომ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. „საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ №8 დანართის თანახმად, სოციალურ პროგრამაში მონაწილეობის ქულა დევნილ ოჯახს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელი ადგილი ერთი და იგივეა. საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის სოციალურად დაუცველთა ბაზის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელის ფაქტობრივი მისამართია ქ. ქუთაისი, ...ის ქ. კორპ. №2 (...). როგორც მინიტორინგის ოქმით ირკვევა, მოსარჩელე ცხოვრობს სხვა მისამართზე. ამასთან, დღეის მდგომარეობით მას შეწყვეტილი აქვს სოციალური დახმარება მითითებულ მისამართზე მუდმივად არცხოვრების გამო.
როგორც საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, ჟ. მ-ე 2010 წლიდან ცხოვრობს მონიტორინგის მისამართზე მამამთილის საკუთრებაში. საქმეში წარმოდგენილია განქორწინების მოწმობა, რომლის რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2013 წელი. მოსარჩელე განქორწინების მიუხედავად მეუღლის ოჯახში აგრძელებს ცხოვრებას. ადმინისტრაციული ორგანო საკითხის გადაწყვეტისას აფასებს არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამის შეფასებას აძლევს, რაც შემდეგ აისახება მიღებულ გადაწყვეტილებაში. რაც შეეხება სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებას იმის თაბაოზე, რომ მოსარჩელის ოჯახმა შეიცვალა დროებითი საცხოვრებელი მისამართი და ცხოვრობს ქირით, აღნიშნულ გარემოებას ადმინისტრაციული ორგანო წარმოების ეტაპზე ვერ შეაფასებდა და მხედველობაში ვერ მიიღებდა. მოსარჩელე 2010 წლიდან ცხოვრობდა მამამთილის საკუთრებაში შვილებთან ერთად. შესაბამისად, სასამართლოს მითითება ოჯახის ქირით ცხოვრების შესახებ, მიღებულ გადაწყვეტილებზე საერთოდ არ უნდა ახდენდეს გავლენას და არც უნდა გათვალისწინებულიყო.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე ჟ. მ-ემ 2021 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. განაცხადის დამუშავების შედეგად ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 7 ქულა. როგორც განაცხადის ელექტრონული ფორმიდან ირკვევა, მოსარჩელეს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, დედა და და. განაცხადს აკეთებს ორ შვილთან ერთად.
2022 წლის 2 აპრილს მისამართზე ...ი, სოფელი ...ი განხორციელდა მონიტორინგი. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2010 წლიდან მამამთილის საკუთრებაში. დედა და და დაკმაყოფილებულნი არიან საცხოვრებელი ფართით ქ. ქუთაისში. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, განსახილველად. კომისიამ 2023 წლის 3 მაისს (ოქმი №30) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა, არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე საცხოვრებელი ფართით ქ. ქუთაისში შემდეგი მიზეზით: ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მამამთილის საკუთრებაში ცხოვრების გამო. მოსარჩელეს დააკლდა სიღარიბის მაჩვენებელში 1.5 ქულა და ქულათა ოდენობამ შედგინა 5.5 ქულა.
საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია. დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწოფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსის მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. ამრიგად, სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს დევნილი ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებელით, როგორც წესი, ხორციელდება კრიტერიუმების საფუძველზე, საჭიროებათა პრიორიტეტულობის პრინციპით. ცალკეულ შემთხვევაში, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, უპირატესობა ენიჭება იმ ოჯახებს, რომლებსაც განსახლების გადაუდებელი საჭიროება აქვთ. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა, სწორად განსაზღვროს დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობა და გადაწყვეტილება მიიღოს გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ჟ. მ-ე, გ. ბ-ი (არასრულწლოვანი) და მ. ბ-ი (არასრულწლოვანი) არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილობამდე მისამართი: აფხაზეთი, ოჩამჩირე სოფელი ... . დროებითი საცხოვრებელი, რეგისტრაციის ადგილი ქუთაისი, ..., ...ი. განქორწინების მოწმობის მიხედვით, ჟ. მ-ესა და ი. ბ-ს შორის ქორწინების რეგისტრაცია შეწყდა 2013 წლის პირველ ნოემბერს (ს.ფ 19-21, 22, 23-24); ბ) ჟ. მ-ემ შვილებთან - მ. ბ-თან და გ. ბ-თან ერთად 2021 წლის 1 ოქტომბერს №72593 განცხადებით მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. განმცხადებელმა ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, ...ი, სოფელი ...ში (ს.ფ 63-64); გ) 2021 წლის 15 ნოემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით ჟ. მ-ის ოჯახს მიენიჭა 7.00 ქულა. 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი- 1.50 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა, სოციალური კრიტერიუმი, 60 001-65 000 შორის სარეიტინგო ქულით - 1.50 ქულა, ომში დაღუპული წევრი/წევრები - ა. მ-ე, გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტის შედეგად - 1.50 ქულა. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, დედა და და. განაცხადს აკეთებს ორ შვილთან ერთად. განმცხადებლის დედას და დას დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი, მისამართი ქუთაისი, ...ის ქუჩა „...“ (ს.ფ 62); დ) 2022 წლის 2 აპრილს შევსებული გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე ...ის რაიონი, სოფელი ...ი, ...ის ქუჩა. აღნიშნულ მისამართზე განმცხადებელი ცხოვრობს 2010 წლიდან მამამთილის საკუთრებაში. დედა და და ცხოვრობენ მისამართზე ქუთაისი, ...ის №53 (ს.ფ 78-81); ე) დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის № IDP 3 23 00001112 ბრძანებით, ჟ. მ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (მამამთილის საკუთრებაში ცხოვრების გამო) (დააკლდა 1.50 ქულა სიღარიბის მაჩვენებელი) (ს.ფ 93-94, 82-92); ვ) 2024 წლის 23 იანვარს სანოტარო წესით დადასტურებული განცხადებით დ. კ-ი ადასტურებს, რომ ჟ. მ-ე ორ არასრუწლოვან შვილთან ერთად, 240 ლარის ქირის გადახდის სანაცვლოდ ცხოვრობს მის კუთვნილ სახლში, რომელიც მდებარეობს ...ის რაიონი, სოფელი ...ი (ს.ფ 121-122); ზ) ნოტარიულად დადასტურებული განცხადებებით ნ. და ს. ბ-ები ადასტურებენ რომ ჟ. მ-ე ბავშვებს ზრდის მარტო, მათი ძმის დახმარების გარეშე. მამა არ აძლევს უფლებას იცხოვრონ მის საკუთრებაში (ს.ფ 134-136).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საგულისხმოა, რომ მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობაზე, მამამთილის საკუთრებაში ცხოვრების გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელის დევნილ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ბინა და იძულებულია დროებით იცხოვროს სხვის საკუთრებაში, არ ნიშნავს, რომ დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი და არ საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელე მხარეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი, განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში ქირით ან ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ზემოაღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში ასევე არ განუხორციელებია.
შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია