Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-1278(კ-24) 03 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 11.05.2023წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის თ. მ-ის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 2 500 ლარის დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს 14.03.2024წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. მ-ეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 500 (ხუთასი) ლარი, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გორის რაიონული სასამართლოს 14.03.2024წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.2024წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 14.03.2024წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 21.09.2021წ. № MOD 6 21 00002629 ბრძანებით სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ იუნკერი თ. მ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და 13.09.2021წ. გაუფორმდა თავდაცვის მინისტრის 25.06.2019წ. №389 ბრძანებით დამტკიცებული №21/152-2 ,,სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი.“ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 11.10.2022წ. № MOD 1 22 00004540 ბრძანებით, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.2. პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ იუნკერთა სასწავლო ბატალიონის II კურსის იუნკერი, რიგითი თ. მ-ე დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურიდან. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით (გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზის გამო (მათ შორის, მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა) ან ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ - ,,ო“ ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისად, მას ეკისრება ჯარიმა II კურსზე ყოფნისას 2 500 ლარის ოდენობით. ამასთანავე, თ. მ-ის დედა - მ. კ-ე წარმოადგენს მკვეთრად გამოხატული ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს (უვადოდ) და პერიოდულად აღენიშნება მდგომარეობის გაუარესება, თ. მ-ე და მისი ოჯახის წევრი - დედა მ. კ-ე ირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. სააპელაციო პალატამ მოიხმო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 317-ე მუხლი, 325-ე მუხლი, 327-ე მუხლი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 416-ე, 417-ე მუხლები, აგრეთვე, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 420-ე მუხლი და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. მ-ეს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ. მ-ე 20.09.2022წ. პირადი პატაკის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. შესაბამისად, 13.09.2021წ. გაფორმებული კონტრაქტის 6.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეს წარმოეშვა ვალდებულება სამინისტროს აუნაზღაუროს ჯარიმის სახით 2 500 ლარი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თემურ მ-ეს შორის გაფორმებული 13.09.2021წ. კონტრაქტის 6.2. პუნქტით გათვალისწინებულიო ჯარიმა თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით ფაქტობრივად წარმოადგენს პირგასამტეხლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით სკ-ი საერთოდ არ იცნობს და ფაქტობრივად კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სსკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს (სუსგ., ბს-175-173(კ-12); 11.07.2012წ.). სკ-ის 417-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობის შესაბამისად, თ. მ-ეს, რომელმაც დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობა ავტომატურად წარმოიშვა სკ-ის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (იგივე ჯარიმა) გადახდის ვალდებულება. თუმცა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრის მიზნით სასამართლოს მიერ მართებულად მოხდა სკ-ის 420-ე მუხლის გავრცელება. მართალია ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმი და იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ ნორმის გამოყენებისას, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, ასევე კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) შეუსაბამოდ მაღალია და მოპასუხის მდგომარეობა ხასიათდება ისეთი ინდივიდუალური ვითარებით, როგორიცაა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, საარსებო შემწეობის მიმღებ პირებად რეგისტრაცია, მართებულად შეამცირა პირგასამტეხლოს თანხა და შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპის საფუძვლით, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ის 420-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესი, ვინაიდან სამინისტროს მიერ მოთხოვნილი თანხა არ წარამოდგენს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს. ეს არის ერთჯერადი საჯარიმო სანქცია, რომელიც კონტაქტის დარღვევისთვის ეკისრება კონკრეტულ პირს. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის 1.51 პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სახედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისას კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, ხოლო ამავე თავის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ფინანსურ პასუხისმგებლობის სახეები, კერძოდ, ჯარიმა, პირგასამტეხლო, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხა, კომპენსაცია ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხები, რომელთა გადახდის ვალდებულებაც წარმოექმნება სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის დარღვევისას. თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას (კანონისმიერ და არა სახელშეკრულებო პირგასამტეხლო), ამდენად, მასზე სასამართლოს მიერ სკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა. სკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების შემთხვევაშიც, პირგასამტეხლოს 2 500 ლარის ოდენობით განსაზღვრა არ უნდა იქნეს მიჩნეული შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნული თვალსაზრისით, კასატორი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ., mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 30.06.2009წ. გადაწყვეტილება საქმეზე Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (No. 2) [GC], App. No. 32772/02, §43.). ამდენად, საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის შუქზე, შეაფასებს მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება კასატორის მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, Application no. 61302/00, §67.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის მართებულად გადაწყვეტა საჭიროებს პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერების შეფასებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. მ-ის დათხოვნის საფუძვლად მიეთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის II თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (კონტრაქტის პირობების დარღვევა). საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე (ძალადაკარგულია 21.09.2023წ. N3500-XIIIმს-Xმპ კანონით, ამჟამად მოქმედი „თავდაცვის კოდექსის“ 185 მუხ. „დ“ ქვ.პ.-ის საფუძველზე). „თავდაცვის კოდექსის“ 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია კონტრაქტის პირობების დარღვევა. კონტრაქტის 6.2 პუნქტის შესაბამისად, თუ მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით (გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით, დადასტურებული მიზეზის გამო (მათ შორის მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოში არჩევა და დანიშვნა)) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მას ეკისრება ჯარიმა შემდეგი ოდენობით: ა) I კურსზე დარღვევის შემთხვევაში - 1500 ლარი; ბ) II კურსზე დარღვევის შემთხვევაში - 2500 ლარი; გ) III კურსზე დარღვევის შემთხვევაში - 4000 ლარი; დ) IV კურსზე ან მის შემდგომ პერიოდში დარღვევის შემთხვევაში - 5000 ლარი. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 28.10.2022წ. ცნობის მიხედვით, ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე სამხედრო მოსამსახურის თ. მ-ეს ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 01 წელი და 9 დღე. მოპასუხემ კონტრაქტი შეწყვიტა II კურსზე ყოფნის პერიოდში. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ დარღვევის ფაქტი, რამაც კრედიტორს მიანიჭა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, თუმცა ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა ექვემდებარება შემცირებას.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 2.2 მუხლის თანახმად, სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი. ამავე კანონის 7.1 მუხლიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობას ქმნის საქართველოს ნორმატიული აქტები, რომლებიც იყოფა საკანომდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 2.14 მუხლის (ძალადაკარგულია 21.09.2023წ. N3500-XIIIმს-Xმპ კანონით, ამჟამად მოქმედი „თავდაცვის კოდექსის“ 185 მუხ. „ა“ ქვ.პ.-ის საფუძველზე) მიხედვით საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ამჟამად მოქმედი „თავდაცვის კოდექსის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული სამხედრო სამსახური (მათ შორის) არის საკონტრაქტო - კონტრაქტზე დაფუძნებული, ნებაყოფლობითი, ვადიანი სამხედრო სამსახური. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის ფორმას ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. მ-ეს შორის 13.09.2021წ., დადებული კონტრაქტის ფორმა (,,სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი“) დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.06.2019წ. №389 ბრძანებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა გათვალისწინებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომლის ფორმა დამტკიცებულია თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური აქტით. ამდენად, მასზე სრულად ვრცელდება სკ-ის 420-ე მუხლი.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლების არარსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, სკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით გასაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი გადაწყვეტის, ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის ინტერესი მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში. სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (სუსგ 28.07.2022წ. №ბს-1166(2კ-19)). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ სამხედრო სამსახურში 13.09.2021წ. საგანმანათლებლო პროგრამაზე დაჰყო 1 წელი და 09 დღე. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს მოსარჩელის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებები, ისეთი სახის სუბიექტური ფაქტორები როგორიც არის თ. მ-ის დედის - მ. კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არის მკვეთრად გამოხატული ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (უვადოდ) და პერიოდულად აღენიშნება მდგომარეობის გაუარესება, ასევე ისიც, რომ თ. მ-ე და მისი დედა მ. კ-ე ირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. საქმეში დაცული მასალებით კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, სამინისტრო არ მიუთითებს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში (გარდა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისა) თ. მ-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე. ასევე, მხედველობაშია მისაღები პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ კონტრაქტის მიხედვით, 2 500 ლარი ერთნაირად ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდება, მაგალითად, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში (6.1. პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტი) და იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურე სისტემატურად არღვევას ნაკისრ ვალდებულებებს (6.1. პუნქტის ,,მ" ქვეპუნქტი), ამდენად ნათელია, რომ კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს. კასატორის მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, მოკლებულია დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით 2 500 ლარის დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. ამდენად, სახეზე იყო პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, შესაბამისად მისი შემცირების წინაპირობები (იხ. mutatis mutandis, სუსგ., ბს-232(კ-24), 14.05.2024წ.).

ამავდროულად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლის გამართულობაზე. მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის 6.2. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, II კურსზე ყოფნისას მოხელის ინიციატივით კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლით კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში - 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება არ მოქმედებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ისეთი დასაბუთებული მიზეზი, როგორიც არის პირის მძიმე ოჯახური მდგომარეობა (expressis verbis.). ხოლო ამავე კონტრაქტის 6.9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტა მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოსამსახურის სურვილით კონტრაქტის შეწყვეტისას, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საპატიო მიზეზის არსებობის გამო დასაშვებად მიიჩნევს კონტრაქტის ურთიერთშეთანხმებით შეწყვეტას. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის (ძალადაკარგულია 21.09.2023წ. N3500-XIIIმს-Xმპ კანონით, ამჟამად მოქმედი „თავდაცვის კოდექსის“ 185 მუხ. „დ“ ქვ.პ.-ის საფუძველზე) მიხედვით სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა). იდენტური შინაარსის მოწესრიგებას შეიცავს “თავდაცვის კოდექსის” 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ი” ქვეპუნქტი, აგრეთვე „თავდაცვის კოდექსის“ მე-3 მუხლის “ძ” ქვეპუნქტის თანახმად, საპატიო მიზეზი არის სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია. 08.06.2023წ. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში, მოპასუხემ დედის ავადმყოფობაზე მითითებით მოითხოვა „კონტრაქტის“ 6.2. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მოხსენიებული საგამონაკლისო დებულების საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერად ცნობა, რომელიც პირდაპირ გამორიცხავდა „კონტრაქტის“ დარღვევას და კონტრაქტის დარღვევის საფუძველზე მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს (სკ-ის 417.1 მუხ.) შემცირებას სკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა თ. მ-ის აღნიშნული შეფასება. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის განმარტება, რომ მან კონტრაქტი შეწყვიტა მძიმე ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე კონტრაქტის 6.9. მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც არ უნდა დაეკისროს ჯარიმა, გაზირებული ვერ იქნება, რადგან ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კონტრაქტის შეწყვეტისას თ. მ-ემ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, რომელიც ქმნიდა კონტრაქტის შეწყვეტის არა 6.2 მუხლის არამედ 6.9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს. ამავდროულად, მოპასუხეს გორის რაიონული სასამართლოს 14.03.2023წ. გადაწყვეტილება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცაღა მოპასუხეს არ წარმოუდგენია სააპელაციო საჩივარი, კონტრაქტის მოსარჩელის მიერ მითითებული შეწყვეტის საფუძვლიანობა არ გაუხდია სადავოდ. სსკ-ის 248-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ხოლო, სსკ-ის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. აგრეთვე, სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება მხარე თავისი გადაწყვეტილებით ჩააყენოს უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის სარჩელის, სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრების წარდგენამდე იმყოფებოდა, აღნიშნული სასამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია (სუსგ., №ბს-85(კ-23), 11.05.2023წ.). საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა მხოლოდ ნაწილობრივ, იგი არ გასაჩივრებულა მოპასუხის მიერ, ხოლო სააპელაციო პალატის მიერ უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე