საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-983(კ-23) 23 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-მა 26.01.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სააგენტოს 30.12.2022წ. №1000843712 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.04.2023წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 30.12.2022წ. №1000843712 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. მ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2023წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. სწორედ ამ ნორმებზე მითითებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა, რაც გახდა სააგენტოს სადავო აქტის გამოცემის საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ მ. მ-ისთვის ბინადრობის ნებართვის საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 21.12.2022წ. წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. ამ მიზნით სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა აღნიშნული ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას. გამოთხოვილი ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები საიდუმლოების შემცველობის გამო არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საიდუმლო წერილის შინაარსის, ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო აქტი მიღებული იქნა კანონიერების პრინციპის დაცვით. ბინადრობის ნებართვის სამართლებრივი ბუნება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სააგენტო ვალდებული იყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაცია გამოეთხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლის წერილითაც დადგინდა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელი იყო. ამდენად, სააგენტომ იხელმძღვანელა კომპეტენტური ორგანოს დასკვნით და უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, ამასთან განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტოს დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას უცხოელზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად. საქმის მასალებიდან, მათ შორის სადავო აქტიდან და საკასაციო საჩივრიდან იკვეთება, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 21.12.2022წ. წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. საკასაციო სასამართლოს მიერ 09.06.2025წ. №ბს-983(კ-23) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ მიუთითებს შრომითი ბინადრობის ნებართვის გასაცემად კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობების არარსებობაზე. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენდა უცხოელის მიერ სააგენტოსთვის საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას, აგრეთვე ისეთი ცნობის წარდგენის ვალდებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. საქმის მასალებში დაცულია 01.11.2022წ. შპს „...სა“ (ს/ნ ...) და მ. მ-ს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მ. მ-ის ვალდებულებები ...ის თანამდებობაზე და თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლოს გადასახადის გარეშე). შპს „...ის“ (ს/ნ ...) დირექტორის ლ. გ-ას და ბუღალტრის ე. თ-ას მიერ 01.12.2022წ. გაცემული ცნობების თანახმად მ. მ-ი ნამდვილად დასაქმებულია შპს „...ში“ ...ის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 2 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე, შპს-ში დასაქმებულია ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე მ. მ-ი. სსიპ შემოსავლების სამსახურის 01.12.2022წ. წერილის თანახმად 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით შპს „...ის“ (ს/ნ ...) ბრუნვა შეადგენს 167 536,44 ლარს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. სააგენტოს არ დაუსაბუთებია შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა, არ დგინდება კერძო და საჯარო ინტერესების სათანადო ურთიერთშედარება.
კასატორის მითითება იმაზე, რომ განცხადების განმხილველი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას მოიპოვოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულება, არ ასაბუთებს სადავო აქტის კანონიერებას. თავისი ნორმატიული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტებები სახელმწიფო უშიშროების თუ საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის შესახებ რათქმაუნდა გასათვალისწინებელია, თუმცა არ გამოირიცხება სააგენტოს, როგორც უცხოელისათვის ბინადრობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრებების გაზიარებაზე უარის თქმა ან მათი გაზიარების მიუხედავად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გადაწყვეტილების კერძო ინტერესების სასარგებლოდ მიღება (სუსგ 06.04.2023წ. №ბს-631(კ-21)). ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს წერილის თანახმად უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელია, არ ასაბუთებს სააგენტოს გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად მიღებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.2023წ. განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 16.08.2023წ. №17129 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი