Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-79(2კ-25) 25 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. მ-ე

მესამე პირი - დ. ჩ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა თ. მ-ის 4000 ლარით დაჯარიმების შესახებ მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ნოემბრის №000568 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 აპრილის №430 ბრძანების ბათილად ცნობა (დაზუსტებული მოთხოვნა).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაერთო დ. ჩ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მესამე პირმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით თ. მ-ისა და დ. ჩ-ას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ნოემბრის №000568 დადგენილება და მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 აპრილის №430 ბრძანება.

სააპელაციო პალატამ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა თ. მ-ის მიერ წარდგენილ სააპელაციო პრეტენზიაზე სამშენებლო ამნისტიების თვალსაზრისით, მიუთითა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 1032-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ქ. თბილისში, ... გამზირზე, №...-ში განთავსებულ ნაგებობას, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანების საფუძველზე მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და შესაბამისად, იგი ვერ მოექცევა ზემოაღნიშნული მუხლის რეგულირების ფარგლებში და მასზე შეღავათის გავრცელება არის დაუშვებელი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნიდა ასევე 2021 წლის 5 იანვრის N81-IIრს-Xმპ საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. ვინაიდან, ქ. თბილისში, ... გამზირზე, №...-ში განთავსებული უძრავი ქონება წარმოადგენს კაპიტალურ მრავალერთეულიან საცხოვრებელ სახლს და ვერ იქნება განხილული დროებით შენობა-ნაგებობად. ხოლო ზემოთ ხსენებულ ნორმატიულ აქტს დამატებული 1412-ე მუხლით კი დადგენილი იქნა სამშენებლო სამართალდამრღვევის საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა.

საჯარო რეესტრში, სადავო მიშენების ჩათვლით, უძრავ ქონებაზე მესამე პირის საკუთრების უფლების აღრიცხვასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოების დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და იმ შემთხვევაში, თუ პირი უნებართვოდ ახორციელებს ღიობის მოწყობას, კონსტრუქციული ელემენტის გადაადგილებას, სახურავის სიმაღლის გაზრდას ან სხვა მსგავს ქმედებას, აღნიშნული ცალსახად ჩაითვლება სამშენებლო სამართალდარღვევად. პალატის განმარტებით, ის გარემოება, რომ თ. მ-ის საკუთრებაში არსებული ნივთი მასზე განხორციელებულ სადავო მიშენებასთან ერთად საკუთრებაში გადაეცა სხვა პირს, არ გულისხმობს უნებართვო მშენებლობის ლეგალიზაციას ანუ კანონიერად გამოცხადებას. მართალია, შეიცვალა მესაკუთრე, თუმცა სამართალდამრღვევი პირი თ. მ-ის სახით კვლავ არსებობს და ამ საფუძვლით მის გათავისუფლებას ჯარიმისაგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ამჟამინდელ მესაკუთრეზე დემონტაჟის დავალების აკრძალვა და მიუთითა, რომ სადავო დადგენილებით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფანჯრის ნაცვლად მოწყობილი კარის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და ლითონისა და კაპიტალური მოაჯირის (რის ხარჯზეც ქვედა სართულის გადახურვა გამოყენებულია საზაფხულო ფართის ფუნქციით) დემონტაჟი დაევალა არა სახელობითად თ. მ-ეს, რომელიც ვეღარ შეძლებს სხვის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე დარღვევის გამოსწორებას, არამედ დემონტაჟის ნაწილში ვალდებულება დაეკისრა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც ამ დროისთვის დ. ჩ-ა წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მესამე პირის მითითება მისი მონაწილეობის გარეშე საკითხის განხილვასა და გადაწყვეტასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების, საკითხის განხილვის, დადგენილების გამოტანის და ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის ეტაპზეც კი, უძრავი ქონების მესაკუთრე იყო არა დ. ჩ-ა, არამედ თ. მ-ე და შესაბამისად, მოპასუხეებს არ ჰქონდათ მესამე პირის საქმის განხილვაში მოწვევისა და მისი მოსაზრებების მოსმენის შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლომ, ზემოაღნიშნული მსჯელობის მიუხედავად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას ცალმხრივად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა არსებული ობიექტის მშენებლობის განხორციელების საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია. მუნიციპალურ ინსპექციას საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები, რომელიც ქ. თბილისში, ... გამზირზე №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე გარკვეული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას დასაშვებად მიიჩნევდა, კერძოდ, ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, მითითებული საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებს, რომელთა არსებული ლოჯიების უმრავლესობა აკმაყოფილებს საცხოვრებელი სათავსოს ყველა პირობას, ნება მიეცათ საკუთარი ხარჯებით ლოჯიას მიშენებაზე. შემინული ლოჯიების საერთო ფართი განისაზღვრა 107 კვ.მ. ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1991 წლის 21 ივნისის №734 ბრძანებით შეთანხმდა წარდგენილი პროექტი. აღნიშნული პროექტიდან ირკვევა, რომ II და III სართულის გეგმები იდენტურია მისაშენებელი ლოჯიების თვალსაზრისით. ამასთან, უდავოა, რომ მეორე სართულის მიერ განხორციელებული მიშენების გადახურვა, თავის მხრივ, წარმოადგენს მესამე სართულისთვის იატაკის ფილას, რასაც არც ადმინისტრაციული ორგანოები ხდიან სადავოდ, თუმცა მიუთითებენ, რომ სამართალდარღვევა გამოიხატა აღნიშნულ სივრცეში გასასვლელი კარის ღიობის ამოჭრასა და პერიმეტრზე ლითონის მოაჯირის მოწყობაში. პალატის მოსაზრებით, მაცხოვრებლებისთვის მიშენების განხორციელებაზე ნების დართვა თავისთავად გულისხმობდა მომატებულ ფართში მოხვედრის (კარის ღიობის ამოჭრის) შესაძლებლობას და ასევე მისი პერიმეტრის შემოსაზღვრის საჭიროებას, რის გამოც, როგორც წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ირკვევა კარის ღიობი და ლითონის მოაჯირი მოწყობილი აქვს მეორე სართულის მაცხოვრებელსაც. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის მიუხედავად, პალატა არასაკმარისად მიიჩნია წარმოდგენილი მტკიცებულებები, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1991 წლის 21 ივნისის №734 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტთან სრულად შესაბამისობის დადგენის თვალსაზრისით, რის გამოც განმარტა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ სადავო საკითხის ხელახალი განხილვის გზით უნდა დაადგინოს იგი. ამასთან პალატის მითითებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადები, რომლის ფარგლებშიც მაცხოვრებლები უფლებამოსილი იყვნენ მოეხდინათ შემინული ლოჯიების მიშენება, რაც ასევე ხელახალი წარმოების ფარგლებში შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა საკითხის გადაწყვეტის მიმართ მკაცრად ფორმალური მიდგომა და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ... გამზირზე N...-ში არსებულ შენობას ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, დაასკვნა, რომ მასზე ნებისმიერი სახით ჩატარებული სამშენებლო სამუშაო იყო უკანონო. საკითხის შეფასებისას კი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუთვალისწინებია, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N3/181 ბრძანების საფუძველზე, აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ზემოაღნიშნული მინაშენიანად, რომელიც წარმოადგენდა გვიანი პერიოდის მიშენებას და მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით არ ჰქონდა რაიმე ღირებულება. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მესაკუთრეს არ ეკისრებოდა მინაშენის ხელახალი ლეგალიზაციის და/ან რეგისტრაციის ვალდებულება. პალატის მოსაზრებით, მუნიციპალურ ინსპექციას უნდა შეეფასებინა იმ პირობებში, როდესაც მიშენება კანონიერი იყო, რამდენად არსებობდა მისი შემოსაზღვრისა და მასზე გასვლის შესაძლებლობის წარმოშობის გამო, თ. მ-ისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ან ხომ არ არსებობდა არსებული კარის ღიობისა და ლითონის მოაჯირის კანონიერ ჩარჩოში მოქცევის რაიმე შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტზე, რომლის განმარტებითი ბარათის თანახმად, წარმოდგენილი საპროექტო სამუშაოები ითვალისწინებს აღნიშნულ შენობაზე, კერძოდ, მარცხენა ფლიგელის მესამე სართულის კუთხეში (რომელიც ... გამზ. №...-კენ იყურება) არსებულ ვერანდაზე, ლითონის მოაჯირების მოწყობას და ვერანდიდან სახლში შესასვლელი ერთ ფრთიანი კარის გაჭრას, რომელიც არსებული სარკმლის ღიობში მოეწყობა. იმის გათვალისწინებით, რომ არსებულ ფასადზე არსებობს რამდენიმე უსახური მიშენება, ამგვარი სახის ჩარევა არ დაამახინჯებს ძეგლის ვიზუალს. ამასთან, ქ. თბილისი, ... გამზირი №...-ის სახელოვნებათმცოდნეო კვლევის მიხედვით, დგინდება, რომ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება მისაღებია, რამეთუ აღნიშნული სამუშაოები არ აზიანებს ძეგლის არქიტექტურულ - მხატვრულ სახეს.

სააპელაციო პალატის განმართებით, მითითებული მტკიცებულებების შესწავლის აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე. პალატის დასკვნით, სადავო აქტი თ. მ-ის სამართალდამრღვევად მიჩნევის თაობაზე უნდა შეიცავდეს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი იგი არ შეიცავს საკითხის იმგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. სააპელაციო სასამართლოსთვის სრულად იყო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც მისთვის გადაწყვეტილების მისაღებად საკმარის ფაქტს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ თ. მ-ეზე პასუხისმგებლობის დაკისრება და უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე დემონტაჟის დავალება კანონიერია, თუმცა მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს ისეთი ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევასა და შეფასებას, რომელსაც შემხებლობა არ აქვს სადავო საგანთან - თ. მ-ეზე პასუხისმგებლობის დაკისრებასთან, რადგან მიშენების კანონიერების საკითხი არ ყოფილა მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტაციული წარმოების კვლევის საგანი და არ მომხდარა ადმინისტრაციული წარმოებისას იმის გამო, რომ მიშენება არ არსებობდა წარმოების დაწყებისას. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დავალება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მიშენების სანებართვო დოკუმენტაციის შესწავლა მოახდინოს ახალი ადმინისტრაციული წარმოებისას, არის უკანონო, ვინაიდან სადავო აქტი გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ და არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და აკმაყოფილებს ფორმალური და მატერიალური კანონიერების მოთხოვნებს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა, რაც საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს სამშენებლო სამუშაოების უნებართვო ხასიათზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს დამრღვევზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ნოემბრის №000568 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 აპრილის №430 ბრძანების კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საჯარო რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი: 29.03.2019 წ.) თანახმად, რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ... გამზირი №... (ს/კ. №...) წარმოადგენდა თ. მ-ის საკუთრებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი: 16.05.2021წ.) თანახმად, რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ... გამზირი №... (სართული 3, ფართი - 54.06 კვ.მ. ანტრესოლი 6.25 კვ.მ; ს/კ. №...), წარმოადგენს დ. ჩ-ას საკუთრებას. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: 08.04.2021 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ს 21.04.2021 წლის №4/2021 №210385098 კრების ოქმი; დოკუმენტია: 08.04.2021 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2020 წლის 1 ივლისს შედგა №4-6/ო-649-20 დათვალიერების ოქმი და №000568 მითითება, რომლის თანახმად, დაფიქსირდა ქ. თბილისში, ... გამზირი №...-ში, №... საკადასტრო კოდზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი), სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, კერძოდ, ფანჯრის ნაცვლად მოწყობილია კარი, ასევე, დამატებულია ლითონის და კაპიტალური მოაჯირი, რის ხარჯზეც ქვედა სართულის გადახურვა გამოყენებულია საზაფხულო ფართის ფუნქციით. ამავე მითითებით მხარეს განესაზღვრა 20 (ოცი) დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან დემონტაჟის განსახორციელებლად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

2020 წლის 29 ივლისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, შედგა №000568 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 1 ივლისის №000568 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2020 წლის 27 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ თ. მ-ის მიერ არ იქნა შესრულებული 2020 წლის 1 ივლისის №000568 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ნოემბრის №000568 დადგენილებით მოქალაქე თ. მ-ე დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ... გამზირი №...-ში, №... საკადასტრო კოდზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის. ამავე დადგენილებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისის სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფანჯრის ნაცვლად მოწყობილი კარის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და ლითონისა და კაპიტალური მოაჯირის (რის ხარჯზეც ქვედა სართულის გადახურვა გამოყენებულია საზაფხულო ფართის ფუნქციით) დემონტაჟი.

დადგენილია, რომ 2021 წლის 18 იანვარს, თ. მ-ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №19/01210183164-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ნოემბრის №000568 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 აპრილის №430 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა თ. მ-ის წარმომადგენლის 2021 წლის 18 იანვრის №19/01210183164-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ნოემბრის №000568 დადგენილება.

საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დამტკიცდა ამხანაგობა და საქალაქო საბჭოს აღმასკომის 18.05.89 წ. №10 19.254 გადაწყვეტილებით და საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს 07.07.89 წ. №521-გ განკარგულების შესაბამისად ... ქ. ... საცხოვრებელი კორპუსის მობინადრებს, რომელთა არსებული ლოჯიების უმრავლესობა აკმაყოფილებს საცხოვრებელი სათავსოს ყველა პირობას ნება მიეცეს საკუთარი ხარჯებით ლოჯის მიშენებაზე. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1991 წლის 21 ივნისის №734 ბრძანების, თანახმად, ქ. თბილისში, ... გამზირზე №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ლოჯიების მიშენების წარმოდგენილი პროექტი ჩაითვალა შეთანხმებულად. საქმეში წარმოდგენილია ასევე ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის სამშენებლო პასპორტი №წ-6, ქ. თბილისში ... რაიონი, ... გამზირი №...-ში არსებულ სამსართულიან საცხოვრებელ სახლზე ლოჯიების პროექტის დამუშავების თაობაზე. ... №...-ში ლოჯიას მიშენების შესახებ სამშენებლო გეოლოგიური პირობების დასკვნით განისაზღვრა მისაშენებლი ლოჯიას პროექტირებისთვის გარკვეული პირობები.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის 5 აპრილის №02/08-1365 წერილის თანახმად, ქ. თბილისში, ... გამზირი №...-ში განთავსებულ ნაგებობას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანების საფუძველზე მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. რაც შეეხება გვიანი პერიოდის მიშენებას, იგი მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით არ წარმოადგენს ღირებულებას.

ქ. თბილისი, ... გამზირი №... საცხოვრებელი სახლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, წარმოდგენილი საპროექტო სამუშაოები ითვალისწინებს აღნიშნულ შენობაზე კერძოდ, მარცხენა ფლიგელის მესამე სართულის კუთხეში (რომელიც ... გამზ. №...- კენ იყურება) არსებულ ვერანდაზე, ლითონის მოაჯირების მოწყობის და ვერანდიდან სახლში შესასვლელი ერთ ფრთიანი კარის გაჭრას, რომელიც არსებული სარკმლის ღიობში მოეწყობა. იმის გათვალისწინებით, რომ არსებულ ფასადზე არსებობს რამდენიმე უსახური მიშენება, ამგვარი სახის ჩარევა არ დაამახინჯებს ძეგლის ვიზუალს.

ქ. თბილისი, ... გამზირი №...-ის სახელოვნებათმცოდნეო კვლევის თანახმად, წარმოდგენილი საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება, კერძოდ, მარცხენა ფლიგელის მესამე სართულის კუთხეში (რომელიც ... გამზ. №...-კენ იყურება) არსებულ ვერანდაზე, რკინის მოაჯირების მოწყობის და ვერანდიდან სახლში შესასვლელი კარის გაჭრა, რომელიც არსებული სარკმლის ღიობში მოეწყობა - მისაღებია. აღნიშნული სამუშაოები არ აზიანებს ძეგლის არქიტექტურულ - მხატვრულ სახეს და მზიდი კონსტრუქციის მიმართ არავითარი სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ არის ჩატარებული, ამიტომ მისი განხორციელება დასაშვებია.

საქმეში წარმოდგენილია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 26 მარტის დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ... გამზირი №...-ში ჩატარებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) და ამ ნაკვეთზე მდებარე დაუმთავრებელი ნაგლინი რკინის კარკასის ვიზუალური საინჟინრო-ტექნიკური კვლევის შედეგად დგინდება, რომ რკინის კარკასი მთლიანად განთავსებულია შპს ,,...ის” კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთის წითელ ხაზებში. რკინის კარკასის დემონტაჟი შესაძლებელია აღნიშნული სახლის დაზიანების გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 122-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით 12 გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.

ამავე კანონის 123-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, ხოლო 124-ე მუხლიდან გამომდინარე, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. ამასთან, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ხსენებული კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებაც.

,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) „ტყის ფონდის მართვის შესახებ” და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო რეკონსტრუქცია, რომელიც არ იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე, ხოლო ამავე კანონის 47-ე მუხლიდან გამომდინარე, ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა. ამასთან, ამ თავით განსაზღვრული ნებართვების გაცემის სხვა წესი და სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, არც ერთი ინტერესის დაცვა არ უნდა მოხდეს მეორე ინტერესის არაპროპორციულად და გაუმართლებლად შეზღუდვის ხარჯზე“(სუსგ №ბს-468-465(კ-17), 21.01.2020წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის გამოვლენის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ნოემბრის №000568 დადგენილებით მოქალაქე თ. მ-ე დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ... გამზირი №...-ში, №... საკადასტრო კოდზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის. ამავე დადგენილებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისის სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფანჯრის ნაცვლად მოწყობილი კარის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და ლითონისა და კაპიტალური მოაჯირის (რის ხარჯზეც ქვედა სართულის გადახურვა გამოყენებულია საზაფხულო ფართის ფუნქციით) დემონტაჟი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას ცალმხრივად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა არსებული ობიექტის მშენებლობის განხორციელების საფუძვლად არსებული დოკუმენტაცია. მუნიციპალურ ინსპექციას საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები, რომელიც ქ. თბილისში, ... გამზირზე №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე გარკვეული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას დასაშვებად მიიჩნევდა, კერძოდ, ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, მითითებული საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებს, რომელთა არსებული ლოჯიების უმრავლესობა აკმაყოფილებს საცხოვრებელი სათავსოს ყველა პირობას, ნება მიეცათ საკუთარი ხარჯებით ლოჯიას მიშენებაზე. შემინული ლოჯიების საერთო ფართი განისაზღვრა 107 კვ.მ. ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1991 წლის 21 ივნისის №734 ბრძანებით შეთანხმდა წარდგენილი პროექტი. აღნიშნული პროექტიდან ირკვევა, რომ II და III სართულის გეგმები იდენტურია მისაშენებელი ლოჯიების თვალსაზრისით. ამასთან, უდავოა, რომ მეორე სართულის მიერ განხორციელებული მიშენების გადახურვა, თავის მხრივ, წარმოადგენს მესამე სართულისთვის იატაკის ფილას, რასაც არც ადმინისტრაციული ორგანოები ხდიან სადავოდ, თუმცა მიუთითებენ, რომ სამართალდარღვევა გამოიხატა აღნიშნულ სივრცეში გასასვლელი კარის ღიობის ამოჭრასა და პერიმეტრზე ლითონის მოაჯირის მოწყობაში. პალატის მოსაზრებით, მაცხოვრებლებისთვის მიშენების განხორციელებაზე ნების დართვა თავისთავად გულისხმობდა მომატებულ ფართში მოხვედრის (კარის ღიობის ამოჭრის) შესაძლებლობას და ასევე მისი პერიმეტრის შემოსაზღვრის საჭიროებას, რის გამოც, როგორც წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ირკვევა კარის ღიობი და ლითონის მოაჯირი მოწყობილი აქვს მეორე სართულის მაცხოვრებელსაც. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1991 წლის 21 ივნისის №734 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობის დადგენის თვალსაზრისით, წარმოდგენილი მტკიცებულებების არასაკმარისად მიიჩნევასთან და ხელახალი განხილვის გზით მისი დადგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ხელახალი წარმოების ფარგლებში შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადები, რომლის ფარგლებშიც მაცხოვრებლები უფლებამოსილი იყვნენ მოეხდინათ შემინული ლოჯიების მიშენება. სრულყოფილად არ არის გამოკვლეული გარემოება იმის თაობაზე, რომ მიშენების კანონიერების არსებობის პირობებში (საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N3/181 ბრძანების საფუძველზე, აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ზემოაღნიშნული მინაშენიანად, რომელიც წარმოადგენდა გვიანი პერიოდის მიშენებას და მხატვრულარქიტექტურული თვალსაზრისით არ ჰქონდა რაიმე ღირებულება) რამდენად არსებობდა მისი შემოსაზღვრისა და მასზე გასვლის შესაძლებლობის წარმოშობის გამო, თ. მ-ისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ან ხომ არ არსებობდა არსებული კარის ღიობისა და ლითონის მოაჯირის კანონიერ ჩარჩოში მოქცევის რაიმე შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მიხედვით, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას. ამავე კანონის 23-ე მუხლით, დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას. 24-ე მუხლი განსაზღვრავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებით ქცევის ზოგად წესს, კერძოდ, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე. ამავე კანონის 25-ე მუხლი შეიცავს დეტალურად ჩამოთვალს თუ რა სახის და ტიპის სამუშაოების ჩატარება არის დასაშვები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებით, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ძეგლზე მისი კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით შეიძლება ჩატარდეს შემდეგი მათ შორის სახის სამუშაოები: დ) რესტავრაცია; ე) რეკონსტრუქცია; ვ) ადაპტაცია; ზ) უძრავი ძეგლის ცვლილება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში წარმოდგენილ 2020 წლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტზე, რომლის განმარტებითი ბარათის თანახმად, წარმოდგენილი საპროექტო სამუშაოები ითვალისწინებს აღნიშნულ შენობაზე, კერძოდ, მარცხენა ფლიგელის მესამე სართულის კუთხეში (რომელიც ... გამზ. №...-კენ იყურება) არსებულ ვერანდაზე, ლითონის მოაჯირების მოწყობას და ვერანდიდან სახლში შესასვლელი ერთ ფრთიანი კარის გაჭრას, რომელიც არსებული სარკმლის ღიობში მოეწყობა. იმის გათვალისწინებით, რომ არსებულ ფასადზე არსებობს რამდენიმე უსახური მიშენება, ამგვარი სახის ჩარევა არ დაამახინჯებს ძეგლის ვიზუალს. ამასთან, ქ. თბილისი, ... გამზირი №...-ის სახელოვნებათმცოდნეო კვლევის მიხედვით, დგინდება, რომ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება მისაღებია, რამეთუ აღნიშნული სამუშაოები არ აზიანებს ძეგლის არქიტექტურულ - მხატვრულ სახეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ნოემბრის №000568 სადავო დადგენილება არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას, არ შეიცავს საკითხის იმგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ხოლო 97-ე მუხლი მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 27 ნოემბრის №000568 დადგენილება, შესაბამისად, ასევე მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 აპრილის №430 გასაჩივრებული ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. მ-ის №19/01210183164-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 27 ნოემბრის №000568 დადგენილება.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე