საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1300 (კ-22) 21 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2022წ. განჩინება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. მ-მა 19.05.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16.04.2021წ. №MOD 5 21 00352954 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ ზ. მ-მა მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების - 1325,66 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის ...ის ყოფილ სამხედრო №... ნაწილში. მუშაობის პერიოდში დაგროვდა მასზე გასაცემი სახელფასო დავალიანება. დავალიანება შეადგენს 1325 ლარს. აღნიშნულზე თავად ...ის სამხედრო ნაწილის მეთაურმა მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, თუმცა მოსარჩელეს თანხა დღემდე არ მიუღია.
სარჩელს თან დაურთო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის მიერ 16.04.2021წ. გაცემული ცნობა №348886, რომლის თანახმად ეროვნული გვარდიის ...ის ყოფილი სამხედრო ნაწილი №...-ს სამხედრო მოსამსახურე ზ.ზ. მ-ზე 1998-1999-2000 წლებში ირიცხება ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება ჯამში 1325 ლარი და 66 თეთრი, რომელიც მოიცავს როგორც ხელფასის (ჯამში 499.66 ლარი), ასევე კვების კომპენსაციის (ჯამში 826 ლარი) დავალიანებას. საქმის მასალებში დაცულია ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16.04.2021წ. №MOD 5 21 00352954 წერილი, რომლის თანახმად, ზ. მ-ს მისი 05.04.2021წ. №299789 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2021 წლის ასიგნებაში გათვალისწინებული არ იყო წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა, შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა. ამავე წერილით მოსარჩელეს განემარტა სასამართლოსთვის მიმართვის უფლების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2022წ. გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე ზ. მ-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის ანაზღაურება 499,66 ლარის (ოთხასოთხმოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ოდენობით, ზ. მ-ს უარი ეთქვა თავდაცვის სამინისტროსთვის 1998-1999–2000 წლების კვების კომპენსაციის დაკისრებაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამავე კანონის 37-ე მუხლსა და ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით, იგი არ შეიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული იყო საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს შრომითი გასამრჯელოს გაცემა მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ სამინისტროს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფამდე და განმარტა, რომ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტი არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
კვების კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. სსკ 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კვების კომპენსაცია ხელფასის თანხისგან განსხვავებით, არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, მასზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მითითებული პერიოდის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ზ. მ-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 1998-1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის ანაზღაურება 499,66 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2022წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2022წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2022წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით უფლების რეალიზაცია მოსარჩელემ კონკრეტულად 2017 წლის რომელ თვეს მოახდინა. იმ შემთხვევაშიც, თუ მოსარჩელის მიერ უფლების რეალიზაცია განხორციელდა 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა უკვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, არ შეიძლება აღნიშნული გარემოება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად, ყოველ შემთხვევაში ახალი რეგულაციის მიღების მომენტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადაში მაინც. შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
პალატამ მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ 27.10.2015წ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალაში შევიდა 01.07.2017წ.) ამოქმედებამდე 1998-2000 წლებში წარმოქმნილი დავალიანების მარეგულირებელ ნორმებს შეიცავდა 21.10.1997წ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლი, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების წესის შესაბამისად. აღნიშნული ნორმა გაუქმდა 27.10.2015წ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლით - 2017 წლის 1 ივლისიდან. ახალი კანონი აღარ შეიცავს 1341 მუხლის მსგავს მოწესრიგებას. 27.10.2015წ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით სახელფასო დავალიანების მიღების უფლების გაუთვალისწინებლობამ ფაქტობრივად შექმნა ხსენებული მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძველი. შესაბამისად, ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტიდან მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების შესაძლებლობა კვლავ სსკ 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადით შემოიზღუდა (სუსგ №ბს-1516 (კ-18); №ბს-1104 (კ-18)). კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაცია მოახდინა 05.04.2021წ., მის მოთხოვნაზე ვრცელდება სსკ 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის ათვლა დაიწყო 27.10.2015წ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედების დღიდან (2017 წლის 01 ივლისიდან) და დასრულდა 01.07.2020წ., რადგან არ დამდგარა სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი მოთხოვნის ხანდაზმულობიდან გამომდინარე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2022წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების გზით, შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ვალდებულია დაადგინოს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ. სააპელაციო სასამართლო, რომელიც ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, სააპელაციო პრეტენზიების უარყოფის შემთხვევაში ვალდებულია მოიყვანოს მოსაზრებები შესაბამის ფაქტებსა და ნორმებზე მითითებით. სსკ-ის 390-ე მუხლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებების გაზიარების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება იცვლება გაზიარებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მათ შეფასებაზე მითითებით. კანონის აღნიშნული დათქმა არ გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს კანონისმიერ ვალდებულებას დასაბუთებული პასუხი გასცეს სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციას. სასამართლოს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას სწორედ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება და მხარის პრეტენზიებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა წარმოადგენს.
სსსკ 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. მ-ი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ...ის ყოფილ სამხედრო №... ნაწილში, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის 16.04.2021წ. ცნობის თანახმად (ს.ფ. 16), ზ. მ-ზე 1998-1999-2000 წლებში ირიცხება ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება (ხელფასი და კვების კომპენსაცია) სულ 1325 ლარი და 66 თეთრი: 1998წ. - ჯამში 378.76 ლარი (ხელფასი 142,76 ლარი, კვების კომპენსაცია 236 ლარი), 1999წ. - ჯამში 568.14 ლარი (ხელფასი 214,14 ლარი, კვების კომპენსაცია 354 ლარი) და 2000წ. - ჯამში 378.76 ლარი (ხელფასი 142,76 ლარი, კვების კომპენსაცია 236 ლარი). აღნიშნული ცნობა ზ. მ-ს გაეგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16.04.2021წ. №MOD 5 21 00352954 წერილით (ს.ფ. 17). მითითებული წერილით ირკვევა ასევე მოსარჩელის მიერ სამინისტროსთვის მიმართვის თარიღი - 05.04.2021წ., რომელსაც განსახილველ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ზ. მ-ს ეცნობა, რომ 2021 წლის ასიგნებაში გათვალისწინებული არ იყო წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა, შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ზ. მ-მა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 19.05.2021წ. მიმართა.
სასამართლოსათვის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გაადვილების, ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის, მოვალის დაცვის და ბრუნვის მონაწილეთა აქტიურობის სტიმულირების მიზნით კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა თავისი უფლების იძულებით განხორციელების ან დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობა. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა (სსკ 128.1 მუხლი). ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო (128.2 მუხლი). სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს (სსკ 129.1 მუხლი). ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (სსკ 130.1). სკ-ის 137-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის 16.04.2021წ. ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16.04.2021წ. №MOD 5 21 00352954 წერილი არ ქმნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარებულად მიჩნევის საფუძველს, რადგან მითითებული ცნობაც და წერილიც მოწმობს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს, რომელიც მას არ მიუღია. სამინისტრო ადასტურებს დავალანების არსებობის ფაქტს, თუმცა არ გამოთქვამს მზადყოფნას რაიმე გარემოებების არსებობისას დავალიანების ანაზღაურების შესახებ. ფაქტის და ვალის აღიარება არ წარმოადგენს იდენტურ ცნებებს, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო ვალის აღიარება იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. (ბს-1455(კ-18)). ამდენად, დავალიანების არსებობის შესახებ 16.04.2021წ. ცნობისა და 16.04.2021წ. №MOD 5 21 00352954 წერილის გაცემა არ ქმნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის აღდგენის წინაპირობას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 1998-2000 წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის მონაცემების მიხედვით დავალიანება მოიცავს ორ კომპონენტს: ხელზე მისაღები ხელფასი და კვების კომპენსაციის დავალიანება. მხარის მიერ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინების ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის ამოქმედებამდე სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხის რეგულირებას ახდენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონი, რომელიც 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სპეციალურ წესს ითვალისწინებდა, კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად (1341 მუხლი). ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლი წარმოადგენდა დავალიანების კანონისმიერ აღიარებას, რის შედეგადაც 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე არ ვრცელდებოდა ხანდაზმულობის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვადები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონმა მოქმედება შეწყვიტა 01.07.2017წ., ამ თარიღიდან ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონი, რომელიც მანამდე მოქმედი კანონისგან განსხვავებით 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებებთან მიმართებით ანაზღაურების სპეციალურ წესს აღარ ითვალისწინებს. ახალი კანონის ამოქმედებამ დასაშვებად მიიჩნია საჯარო სამსახურში 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყება, რადგან კანონმა აღარ გაითვალისწინა სპეციალური, საშეღავათო დათქმა მსგავსი ტიპის დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა ზ. მ-ის მიერ მოთხოვნილი სახელფასო დავალიანების ხანდაზმულობის საკითხი, შესაბამისად, აუცილებელია დადგინდეს ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისი, ანუ როდის მიმართა ზ. მ-მა პირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით. სსკ 407.2 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 19.05.2021წ. წარდგენილი სარჩელის თანახმად, ზ. მ-ზე გასაცემი დავალიანების თაობაზე ...ის სამხედრო ნაწილის მეთაურმა მიმართა თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს (ს.ფ. 3), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2022წ. სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე განმარტავს, რომ მისი მარწმუნებელი სისტემატურად მიმართავდა სამინისტროს განცხადებებით (იხ. 31.05.2022წ. სხდომის ოქმი), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მითითებულია, რომ მოსარჩელეს სამინისტროსთვის 1998-2000 წლების დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით არ მიუმართავს 2021 წლის 5 აპრილამდე (ს.ფ. 23), აღნიშნულ თარიღს მიუთითებს თავდაცვის სამინისტრო ასევე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში (ს.ფ. 97), თუმცა სააპელაციო საჩივარში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულია, რომ მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაცია 19.05.2021წ. მოახდინა (ს.ფ. 57). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16.04.2021წ. წერილის თანახმად, ზ. მ-ს მისი 05.04.2021წ. მიმართვის პასუხად მიაწოდეს ინფორმაცია მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების შესახებ. საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სამინისტროსთვის მიმართვის კონკრეტული თარიღი, რაც გამორიცხავს ხანდაზმულობის ვადის ათვლის განსაზღვრის შესაძლებლობას.
ბუნდოვანია სააპელაციო სასამართლოს მითითება მასზედ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით უფლების რეალიზაცია კონკრეტულად 2017 წლის რომელ თვეს მოახდინა. ზ. მ-ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის პირველად მიმართვის თარიღის დაუდგენლობის პირობებში, გადაწყვეტილების კანონიერებას არ ადასტურებს აგრეთვე გასაჩივრებულ განჩინებაში მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელის მიერ აღნიშნული უფლების რეალიზაცია განხორციელდა 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე აღნიშნული გარემოება არ ჩაითვლება მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად.
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების ნორმატიულად დადგენა ემსახურება სამართლებრივი განსაზღვრულობის ლეგიტიმურ მიზანს, მათი მეშვეობით ერთი მხრივ ხდება პოტენციური მოპასუხეების დაცვა ვადაგასული მოთხოვნებისგან, ხოლო მეორე მხრივ ხდება სასამართლოს გათავისუფლება ისეთ სასარჩელო მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისაგან, რომელიც ეფუძნება დროის ფაქტორის გათვალისწინებით არასრულად და ნაკლებ განსაზღვრულად ქცეულ მტკიცებულებებს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 07.07.2009წ. №1062/07 გადაწყვეტილება საქმეზე „Stagno v. Belgium“). სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება კანონმდებლობის მიერ დადგენილი ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს თავისი უფლების იძულებით განხორციელების ან დაცვის შესაძლებლობა ეძლევა (სუსგ 07.12.2020წ. №ბს-326(კ-19)). ვინაიდან სასარჩელო ხანდაზმულობა დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელების ვადაა, ის უკავშირდება სწორედ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას, რის გამო ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობის მიუხედავად სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება არ ხდება (სუსგ 21.06.2022წ. №ას-34-2022, 177, 179 პ.). თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. სასამართლოსთვის ხანდაზმულობის ვადის გაცდენით მიმართვა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით და ქმნის სარჩელის უარყოფის საფუძველს (სუსგ 13.09.2021წ. №ბს-1320(კ-19)).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია როგორც ზ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების, ასევე მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის პირველად მიმართვის კონკრეტული თარიღის დადგენა, რათა დადგინდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცულობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. საქართველოს კანონის ამოქმედებიდან (2017 წლის პირველი ივლისიდან) მოსარჩელის მიერ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაციის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვამდე - რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული.
ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისას მხედველობაშია აგრეთვე მისაღები მოსარჩელის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებისა და სამინისტროსთან ურთიერთობის შეწყვეტის ზუსტი თარიღი. აღნიშნულ გარემოებას მნიშვნელობა ენიჭება იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის პერიოდში დამსაქმებელს ექმნება სახელფასო დავალიანების მიღების ლეგიტიმური მოლოდინი (სუსგ 10.03.2025წ. №ბს-1185 (კ-24)). საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 24.06.2025წ. წარმოდგენილ იქნა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 30.05.2025წ. წერილი, რომლის თანახმად, რეზერვის სერჟანტ ზ. მ-ი (დაბ. ...წ., პ/ნ ...) დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან და ჩარიცხულია რეზერვში 2004 წლის 12 მარტიდან. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. ამასთანავე, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოიპოვოს და საქმეზე შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2022 წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საკითხის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს დავის კანონიერი გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა გარემოება და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2022 წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი