Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-522(კ-25) 24 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ე. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტმენტი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 2 ოქტომბერს ე. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. მოგვიანებით, მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დაასახელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2015 წლის 29 დეკემბერს დაინიშნა ამავე ორგანოს აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შპს „...ის“ ...ის პოზიციაზე. სამსახურის პერიოდში მოსარჩელე დაავადდა ..., თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, სამსახურებრივ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდა. 2023 წლის 14 თებერვალს მოსარჩელე მოთავსდა სტაციონარში, გაუკეთდა ...ი. დაწესებულებიდან გაწერეს 2023 წლის 24 თებერვალს და ამბულატორიულად მკურნალობა გააგრძელა 2023 წლის 23 მარტამდე. საავადმყოფო ფურცელი მოსარჩელის მიმართ გაგრძელდა 2023 წლის 28 მარტამდე. მოსარჩელეს საავადმყოფო ფურცელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გახსნილი ჰქონდა 2023 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 10 აპრილის ჩათვლით და იმავე წლის 11 აპრილიდან 2 მაისამდე. მოსარჩელე 2023 წლის 3 მაისს გამოცხადდა სამსახურში, სადაც ეცნობა, რომ აყვანილი იყო შსს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში. ე. ნ-ეს 2023 წლის 25 ივლისს ჩაბარდა "თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ" შსს პოლიციის დეპარტამენტის 14.03.2023წ. ბრძანება და "შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ" შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5.07.2023წ. ბრძანება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოცემული აქტები ეწინააღმდეგება კანონს.

ამდენად, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 14 მარტის №716887 ბრძანების ე. ნ-ის ნაწილში ბათილად ცნობა და „შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 5 ივლისის №MIA3230192960 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში აღდგენა და შესაბამისი ბრძანებით მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შპს „...ის“ ...ის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა, ასევე მოპასუხისთვის განაცდურის ანაზღაურების დაკისრება ყოველთვიური ხელფასის სახით 1178.00 (ერთიათას ასსამოცდათვრამეტი) ლარის (საშემოსავლოს გათვალისწინებით) ოდენობით 2023 წლის 1 მარტიდან სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის ყოველთვიური ხელფასის (სახელფასო დავალიანების) 1178.00 (ერთიათას ასსამოცდათვრამეტი) ლარის (საშემოსავლოს გათვალისწინებით) ლარის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს სახით ყოველთვიურ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ოდენობით ბოლო ჩარიცხული ხელფასიდან - 2023 წლის 1 მარტიდან სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ნ-ის სარჩელი მოპასუხე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ე. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 28 თებერვალს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს „...ს“ შორის გაფორმდა №70 ურთიერთშეთანხმება, რომლის თანახმად, 2023 წლის 1 მარტიდან შეწყდა მხარეებს შორის 2018 წლის 31 მარტს გაფორმებული №158 ხელშეკრულება. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 2023 წლის 28 თებერვლის №MIA 3 23 00586130 ბრძანებით, 2023 წლის 1 მარტიდან შეწყდა შპს „...ის“ დაცვის განყოფილების საპოლიციო ძალებით დაცვა.

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 2023 წლის 1 მარტის №MIA42300589002 პატაკის საფუძველზე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 მარტის №MIA 4 23 00634029 ბრძანებით გაუქმდა შპს „...ის“ დაცვის განყოფილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 14 მარტის №716887 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შპს „ ...ის“ დაცვის განყოფილების ...ი, პოლიციის კაპიტანი ე. ნ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში 2023 წლის 1 მარტიდან.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 32-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 34-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ე. ნ-ე კადრების განკარგულებაში აყვანილ იქნა შპს „...ის“ განყოფილების გაუქმებისა და განყოფილებაში არსებული საშტატო ერთეულების სრულად შემცირების შედეგად. შტატის გაუქმების ფაქტი დასტურდება საქმის მასალებით. ასეთი მოცემულობის არსებობისას ადმინისტრაციული ორგანოს აქვს შესაძლებლობა, რომ პოლიციელი, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით გაანთავისუფლოს თანამდებობიდან და აიყვანოს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია მასზედ, რომ იგი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში გაათავისუფლეს სამსახურიდან.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ წერილობით მტკიცებულებებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების მიღებისას, კერძოდ 14 მარტს მოსარჩელე არ იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და მას არ ჰქონდა შეჩერებული სამსახურებრივი ურთიერთობა დამსაქმებელთან. საქმის მასალებით არ დგინდებოდა საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო სამართლებრივი აქტით ე. ნ-ისთვის სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შპს „...ის“ ...ის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო იმ პირობებში, როცა გასაჩივრებული ბრძანება ბათილად არ იქნა ცნობილი და უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, არ არსებობს მოპასუხისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები. აღნიშნული ასევე გამორიცხავს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 34-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამსახურე, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება კადრების განკარგულებაში. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი კადრების განკარგულებაში აყვანის მომენტში, მის მიმართ გაცემული იყო საავადმყოფო ფურცელი, რაც გამორიცხავდა მის სამსახურიდან გათავისუფლებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების მომენტში მისთვის არავის უცნობებია კადრების განკარგულებაში აყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, რისი შეტყობინების ვალდებულებაც ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერება და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები: დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 31 მარტს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს „...ს“ შორის დაცვის მომსახურების გაწევის შესახებ გაფორმდა №158 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველო - ცოცხალი ძალით ემსახურებოდა შპს „...ის“ ობიექტს. ამავე ორგანოში დასაქმებული იყო ე. ნ-ე.

2023 წლის 28 თებერვალს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს „...ს“ შორის №70 გაფორმებული ურთიერთშეთანხმების თანახმად, 2023 წლის 1 მარტიდან შეწყდა მხარეებს შორის 2018 წლის 31 მარტს გაფორმებული №158 ხელშეკრულება.

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 2023 წლის 28 თებერვლის №MIA32300586130 ბრძანებით, 2023 წლის 1 მარტიდან შეწყდა შპს „...ის“ დაცვის განყოფილების საპოლიციო ძალებით დაცვა.

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 2023 წლის 1 მარტის პატაკის საფუძველზე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 მარტის №MIA42300634029 ბრძანებით გაუქმდა შპს „...ის“ დაცვის განყოფილება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 14 მარტის №716887 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შპს „...ის“ დაცვის განყოფილების ...ი, პოლიციის კაპიტანი ე. ნ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში 2023 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 5 ივლისის №MIA3230192960 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შპს „...ის“ დაცვის განყოფილების ყოფილი უფროსი ...ი, პოლიციის კაპიტანი ე. ნ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2023 წლის 2 ივლისიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოსარჩელე წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს, რომლის მიმართ ვრცელდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ზემოაღნიშნული ნორმის ანალოგია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს, რომ პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა, რომ საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს მსგავსი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმებია დადგენილი. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (სუსგ 08.12.2015წ, №ბს-449-442(კ-15)). ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუსგ 12.04.2018წ. №ბს-1102-1096(კ-17)). ამდენად, შტატების შემცირება ან რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ქმნის პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს, როგორც "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის" შესაბამისად. თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ გარემოების მტკიცება, რომ სახეზეა შტატების შემცირება და პირის სამსახურიდან დათხოვნის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატის განმარტებით, შტატების შემცირებისას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია დასაქმების ადგილის ფაქტობრივი არარსებობა. "სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N266 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტების შესაბამისად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილია დაამტკიცოს საშტატო ნუსხა, განსაზღვროს ბიუჯეტი, სახელფასო განაკვეთები და ფონდი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ სრულად გაუქმდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შპს "...ის" დაცვის განყოფილება (გაუქმდა ყველა (99) თანამდებობა), სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 1 მარტიდან შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგში შევიდა ცვლილებები და ფუნქციონირება შეწყვიტა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კონკრეტულმა განყოფილებამ, მოსარჩელის მიმართ წარმოიშვა თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას; ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და "დ" ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ასევე კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. დასახელებული წესის 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 108-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე თანამდებობიდან შესაძლებელია განთავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო კასატორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ საკითხს, რომ იგი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისას) გაათავისუფლეს სამსახურიდან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესს, რომელიც ადგენს, რომ მოსამსახურეს, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება კადრების განკარგულებაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საკითხები განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 32-ე მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები შეჩერდება დროებითი შრომისუუნარობის დროს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სათანადო სამართლებრივი აქტით. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით დროებითი შრომისუუნარობა წარმოადგენს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ გამოიცემა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეჩერება იწვევს იმ უფლებების კონსერვაციას, რომელთა განხორციელებაც დაწესებულებისთვის იქნება იურიდიული შედეგის მომტანი ან ასეთი შედეგის მატარებელი და უკავშირდება ამ უკანასკნელის სახელს (სუსგ Nბს-631-599(კ-09) 23 დეკემბერი, 2009 წ.)

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობების შეჩერება თავისი არსით დაკავშირებულია არამხოლოდ პირის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნასთან, არამედ აუცილებელია შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო ფორმით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საგულისხმოა, საქმის მასალებში დაცული არ არის მოსარჩელის მიმართ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მასთან სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებული იყო. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიმართ გამოცემული სადავო ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა, რომ იგი თანამდებობიდან განთავისუფლდა და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2023 წლის 1 მარტიდან, თარიღდება 2023 წლის 14 მარტით. საქმის მასალების თანახმად, ე. ნ-ე საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2023 წლის 14 თებერვლიდან - 23 თებერვლამდე; 24 თებერვლიდან - 5 მარტამდე; 15 მარტიდან 16 მარტამდე; 17 მარტიდან - 27 მარტამდე. ამდენად, საქმის მასალებით უდაოდ დასტურდება, რომ ე. ნ-ე საავადმყოფო ფურცელზე არ იმყოფებოდა 2023 წლის 14 მარტის მდგომარეობით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შტატი, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული გაუქმდა 2023 წლის 1 მარტიდან, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ე. ნ-ისთვის სამართლებრივი შედეგების ათვლის წერტილად მართებულად განისაზღვრა ზემოაღნიშნული თარიღი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 41-ე მუხლზე, რომელიც ადგენს პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამავე კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელეს სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო არა შრომისუუნარობის, არამედ განკარგულებაში აყვანიდან 4 თვიანი პერიოდის გასვლის ფაქტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. ამავე წესის 37-ე მუხლში მითითებულია, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტები ჩაიბარა 2023 წლის 25 ივლისს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე გამოცემული აქტის მხარისთვის 2023 წლის 25 ივლისამდე ჩაბარების მტკიცების ტვირთი, გასათვალისწინებელია სადავო სამართალურთიერთობის სპეციფიკა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო შრომითი ურთიერთობების თავისებურებების გათვალისწინებით, ხელფასის მიუღებლობა ცალსახად მიუთითებს და ადასტურებს, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია, რის თაობაზეც ცნობილი უნდა ყოფილიყო დასაქმებულისთვისაც. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საბანკო ამონაწერზე (ს.ფ. 28-55), რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, კანონის შესაბამისად კუთვნილი ბოლო ორი თვის ხელფასი (მარტი-აპრილი) მიღებული აქვს. მითითებული ამონაწერით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელეს მაისი-ივნისი-ივლისის თვეში დამსაქმებელი ორგანიზაციისგან ხელფასი აღარ ჩარიცხვია. ამდენად, თნამდებობიდან დათხოვნის და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ გამოცემული აქტის მატერიალური სახით ჩაბარების მიუხედავად, მოსარჩელისთვის ობიექტურად აღქმადი უნდა ყოფილიყო დამსაქმებელთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყონებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, მასზედ, რომ მოსარჩელის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სასარჩელო მოთხოვნების დანარჩენი ნაწილის: სამსახურში აღდგენის, განაცდური ხელფასისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა