Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-312(კ-25) 10 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ო-ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 14 თებერვალს ა.ო-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2022 წლის 23 სექტემბრის №113/22 კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხა სარეზერვო სამსახურში და დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-... ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ...-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მე-... ტერიტორიული თავდაცვის ასეულის მე-... ქვეითი ოცეულის მე-... ქვეითი ათეულის ...ის თანამდებობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მას სამხედრო სამსახური უკვე გავლილი ჰქონდა 2020-2021 წლებში, ასევე არ ირიცხებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისად, არ არსებობდა არანაირი ვალდებულება რეზერვში ჩასარიცხად. მოსარჩელის განმარტებით, თავისი სურვილით მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება და იღებდა კონტრაქტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას. ვინაიდან, მის ოჯახს ჰქონდა მძიმე ეკონომიური პირობები გადაწყვიტა საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლა და ოჯახის დახმარება. მოსარჩელემ პატაკში მიუთითა, რომ მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, მაგრამ არ მიუთითებია ოჯახური პირობები და მატერიალური მდგომარეობა. მძიმე ოჯახური პირობებიდან გამომდინარე ვერ გაიაზრა, რომ დაეკისრებოდა ჯარიმის - 2000 ლარის გადახდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2024 წლის 18 იანვრის MOD 4 24 00000176 ბრძანების მე-2 პუნქტის, რომლითაც ა.ო-ის დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2024 წლის 18 იანვრის MOD 4 24 00000176 ბრძანების მე-2 პუნქტი. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, თავდაცვის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია პირადი განცხადება (გამონაკლისის სახით), დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა) არსებობისას. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერზე და განმარტა, რომ სადავო ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეუსაბამოა მხარის ფინანსურ მდგომარეობასთან, რამდენადაც იგი არის სოციალურად დაუცველი და იღებს საარსებო შემწეობას, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ბრძანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორმა მიუთითა, თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულება შეწყდება, თუ პირი, რომელმაც აღნიშნული ვალდებულება უნდა შეასრულოს დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 4 წლის განმავლობაში იღებდა ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას, ხოლო ამავე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის გადახდა გადავადდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი 4 წლიანი ვადის ამოწურვამდე. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობა წარმოადგენს ჯარიმის გადავადების საფუძველს, ხოლო 4 წლის გასვლის შემდეგ გათავისუფლების საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ა.ო-ისათვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმების კანონიერება.

საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2022 წლის 23 სექტემბერს, მოსარჩელე ა.ო-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №44 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი” №113/22. კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 4 წლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ა.ო-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის №113/22 6.4 პუნქტი ითვალისწინებდა ფინანსური პასუხისმგებლობის პირობას კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, აქტიური სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნილს ეკისრება ვალდებულება სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ გადაიხადოს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით კონტრაქტის შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში.

2024 წლის 4 იანვარს, ა.ო-იმა პატაკით მიმართა ...-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მე-... ტერიტორიული თავდაცვის ასეულის მეთაურს და განუმარტა, რომ სურდა საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა, ვინაიდან უახლოეს პერიოდში გეგმავდა საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლას.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2024 წლის 18 იანვრის MOD 4 24 00000176 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-... ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ...-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ... ტერიტორიული თავდაცვის ასეულის ... ქვეითი ოცეულის ... ქვეითი ... (საშტატო კატეგორია ,,კაპრალ სპეციალისტი“, შტატი №..., გვარეობის კოდი: ...; დუგ. კოდ: ...), აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული რიგითი ა.ო-ი 2024 წლის 1 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან თავდაცვის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევა) ქვეპუნქტით. ამავე თარიღიდან შეუწყდა 2022 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული №113/22 კონტრაქტი. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს დაეკისრა 2022 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული №113/22 კონტრაქტით განსაზღვრული 2000 ლარი ჯარიმის ნებაყოფლობითი გადახდის ვალდებულება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ა.ო-ის პირადი პატაკი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2022 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა.ო-ის შორის გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული ჯარიმა, მისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (სუსგ №ბს-852(კ-21), 30.11.2021წ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ამჟამად მოქმედი თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდება ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“−„ვ“, „ი“−„ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით, აღნიშნული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 1 500 ლარიდან 28 000 ლარამდე ოდენობით, თუკი მასთან გაფორმებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონტრაქტი კონკრეტული ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს. პირი ვალდებულია გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა ამ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს კანონი ,,თავდაცვის კოდექსის“ 86-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ როდესაც სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს პირადი განცხადების საფუძველზე, ეს უნდა იყოს გამონაკლისის სახით, დასაბუთებული და მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა) არსებობისას.

განსახილველ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა.ო-ი ვადაზე ადრე იქნა დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან, პირადი პატაკის საფუძველზე. მან პატაკით მიმართა ...-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მე-... ტერიტორიული თავდაცვის ასეულის მეთაურს და განუმარტა, რომ სურდა საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა, ვინაიდან უახლოეს პერიოდში გეგმავდა საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლას. საქმეში არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ა.ო-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მინიჭებული აქვს 94970 სარეიტინგო ქულა და იღებს საარსებო შემწეობას. ქულის მინიჭების თარიღია - 06.06.2022 წელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მხედველობაში მიღებით, მოსარჩელის მიერ კონტრაქტის ვადამდე ადრე შესაწყვეტად არსებობდა საპატიო მიზეზი, მოსარჩელე მისი ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო იძულებული იყო სხვა ქვეყანაში წასულიყო სამუშაოდ. შესაბამისად სახეზე არ იყო მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის 6.4. პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება კასატორის აპელირებას, იმ გარემოებაზე, რომ ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიღება, თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით წარმოადგენს ჯარიმის ჯერ გადავადების, ხოლო 4 წლის გასვლის შემდეგ გათავისუფლების საფუძველს საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა არეგულირებს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დაკისრებული ჯარიმის თანხის გადახდის აღსრულების წესს, განსახილველ შემთხვევაში კი სადავოა თავად ჯარიმის დაკისრების კანონიერება.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ა.ო-ის პირადი პატაკის საფუძველზე, რაც ამავე კონტრაქტის მიხედვით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ არ მიიღო მხედველობაში თავდაცვის კოდექსის 86-ე მუხლის 1-ელი ნაწილის "ი" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპატიო გარემოება (მძიმე ოჯახური მდგომარეობა და სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა) რაც ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილით ჯარიმის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა, რის გამოც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით,საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე