Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-324(კ-25) 15 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - სს „სადაზღვევო კომპანია ...ი“

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 26 აპრილს სს „სადაზღვევო კომპანია ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სს „სადაზღვევო კომპანია ...სა“ და ე. ქ-ის შორის 2015 წლის 16 მაისს გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი სერტიფიკატი ავტომანქანა მერსედეს-ბენც 220-ზე (სახელმწიფო ნომრით ...). 2016 წლის 12 აპრილს ქ. თბილისში, ...ისა და ...ის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ავტომანქანა. მზღვეველის მიერ შეფასებულ იქნა ზარალი, რომელიც 5 283 ლარის ოდენობით აუნაზღაურდა დაზღვეულს. ავტოსაგზაო შემთხვევაში პასუხისმგებელ პირად შესაბამისი კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოების შეფასებით დადგინდა ააიპ თბილისის განვითარების ფონდი, მაგრამ შემდგომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ააიპ თბილისის განვითარების ფონდის მიერ გზების რეაბილიტაციის წარმოების პროცესში საგზაო სქემა შეთანხმებული იყო როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან.

მოსარჩელის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია სწორედ მოპასუხეთა მხრიდან უყურადღებო დამოკიდებულებამ, რაც ცალსახად დაფიქსირებულია 2019 წლის 23 დეკემბრის სასამართლო დადგენილებაშიც. შესაბამისად, იკვეთება აშკარა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ შემთხვევასა და მოპასუხეთა უმოქმედობას შორის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,სადაზღვევო კომპანია ...ის’’ სასარგებლოდ ზიანის - 5 283 ლარის ოდენობით, ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სს ,,სადაზღვევო კომპანია ...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე სს ,,სადაზღვევო კომპანია ...ის’’ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 5 283 ლარის ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. საქმის მასალებიდან გამომდინარე კი დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ჯეროვნად არ განახორციელეს ნაკისრი ვალდებულება, რაც გულისხმობდა ქალაქ თბილისში, ... გამზირის, კერძოდ, ...დან და ...ის ქუჩიდან ...მდე მონაკვეთისა და ...ის მიმდებარე არეალის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შეთანხმებასა და ამ სქემით სამუშაოების განხორციელებაზე კონტროლს. დაკისრებული ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ვინაიდან საგზაო მოძრაობის წესების არასათანადოდ მოწესრიგებამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და შედეგად დაზიანდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც მასთან იყო დაზღვეული. კანონით დადგენილი საჯარო ვალდებულებები კი თავის თავში მოიცავს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში მოთხოვნის უფლებას, ე.ი. მხარეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მოპასუხეების ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ჩაიდინეს მმართველობითი ღონისძიების - მოქმედების განუხორციელებლობა, არ უზრუნველყვეს მათზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულება, რამაც დამდგარი ფაქტობრივი შედეგით მოსარჩელეს მიაყენა მატერიალური ზიანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა სააგენტოს ბრალეულობასთან დაკავშირებით, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით უკანონოა. სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა 2022 წლის 18 თებერვლის დასკვნა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებობს საპირწონე მტკიცებულებები. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 24 მაისის N002976416 ექსპერტიზის დასკვნა (ექსპერტიზის დასკვნიდან არ დგინდება რომ საგზაო ნიშნის ,,არაშესაბამისი განთავსება" გულისხმობს განთავსებული ნიშნის შეთანხმებულ სქემასთან შეუსაბამობას. თუ ზოგადად ნიშნის საჭირო ადგილას განუთავსებლობაზე ხდებოდა მითითება, რაც იმთავითვე სქემასთან ნიშნის შეუსაბამობას არ ნიშნავს), სააგენტოს 2022 წლის 02 მარტის N16-0122061332, 2022 წლის 22 მარტის N16-01220813549 წერილები, სს ,,სადაზღვევო კომპანია ...ის" წერილი (თავად მოსარჩელე უთითებს, რომ ,,არსებული მოცემულობით საქმეში ბრალეული მხარე არ იძებნება"). ასევე საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის 4/1315-19 დადგენილებიდან და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 24 მაისის N002976416 ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, საგზაო ნიშანი - ,,მთავარი გზა" მშენებლის მიერ არ ყოფილა მოხსნილი, რადგან საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით განსაზღვრული მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა იკრძალება საგზაო ნიშნით - ,,შესვლა აკრძალულია".

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეულისათვის ანაზღაურებული თანხის - 5 283 ლარის დაკისრება, რომლის საფუძვლადაც მითითებულია დეპარტამენტსა და ააიპ თბილისის განვითარების ფონდს შორის არსებული მიმოწერა, უკანონოა, ვინაიდან მასში არ არის მითითებული შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რომელი ქმედება/უმოქმედობა გახდა ზიანის გამომწვევი მიზეზი და რაში გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება - რომელი ვალდებულების შეუსრულებლობასა თუ არასათანადოდ შესრულებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისთვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 დეკემბრის 16-01213493421 წერილით დგინდება, რომ არსებული საგზაო ნიშნების სწორად განთავსება და შესაბამისობა საგზაო მოძრაობასა და უსაფრთხოებასთან, წარმოადგენს სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს კომპეტენციას.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ვერ დაეკისრება ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან, ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბრალეული ქმედებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ხოლო 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სს ,,სადაზღვევო კომპანია ...თან“ დაზღვეული ავტომობილის მესაკუთრისათვის გადახდილი თანხის, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დაკისრება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს ავტოსაგზაო შემთხვევის შექმნის პროცესში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების განზრახ ან გაუფრთხილებლად შეუსრულებლობის (უმოქმედობის) ფაქტი და დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობას/არასათანადო მოქმედებასა და ავტოსაგზაო შემთხვევას შორის, რაც ქმნის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის" დირექტორის 2016 წლის 2 თებერვლის N01- 109 წერილით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდი" ახორციელებს თბილისში, ... გამზირის, კერძოდ, ...დან და ...ის ქუჩიდან ...მდე მონაკვეთისა და ...ის მიმდებარე არეალის სრულ რეაბილიტაციას. წერილში აღნიშნულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით თბილისში, ... გამზირიდან, კერძოდ, N...-დან (...ის შენობა) ...ის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილი იქნება, რასთან დაკავშირებითაც მოთხოვნილ იქნა საგზაო მოძრაობის ორგანიზების შეთანხმება თანდართული სქემის მიხედვით.

ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის" დირექტორის 2016 წლის 5 თებერვლის N01-127 წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს დამატებით ეცნობა, რომ მოძრაობა გადაკეტილი იქნებოდა 2016 წლის 5 თებერვლიდან 2016 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის" დირექტორის 2016 წლის 3 თებერვლის N01-117 და N01-116 წერილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ეცნობათ, რომ ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდი" ახორციელებდა თბილისში, ... გამზირის, კერძოდ, ...დან და ...ის ქუჩიდან ...მდე მონაკვეთისა და ...ის მიმდებარე არეალის სრულ რეაბილიტაციას. საკითხთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის სქემა, რომლის თანახმად, ... გამზირიდან, კერძოდ, N...-დან (...ის შენობა) ...ის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილი იქნებოდა.

ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის" დირექტორის 2016 წლის 28 მარტის N01-369 და N01-371 წერილებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ეცნობათ, რომ ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდი" ახორციელებდა თბილისში, ... გამზირის, კერძოდ, ...დან და ...ის ქუჩიდან ...მდე მონაკვეთისა და ...ის მიმდებარე არეალის სრულ რეაბილიტაციას. საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის სქემა, რომლის თანახმად, ...ის ქუჩიდან ...ის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა გადატანილი იქნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 31 მარტის N20/8-799717 წერილით ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდს" ეცნობა, რომ შეთანხმებულ იქნა მის მიერ წარდგენილი სქემა შემდეგი პირობების გათვალისწინებით: 1. უზრუნველყოფილ უნდა ყოფილიყო სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დაწესებული მოძრაობის ორგანიზაციის შესახებ მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; 2. მოძრაობის გადართვისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ წინასწარ უნდა მომხდარიყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილის ინფორმირება. ამავე წერილით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს ეთხოვა, უზრუნველეყო კონტროლის დაწესება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების განთავსების მდგომარეობაზე თანდართული სქემის შესაბამისად, ხოლო აუცილებლობისას გამოეყო საპატრულო ეკიპაჟი გადართვის ადგილებში მოძრაობის დასარეგულირებლად. ამასთანავე, განმარტებულ იქნა, რომ პირობების შეუსრულებლობისას არ დაეშვათ სამუშაოების წარმოება და გატარებულიყო ზომები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 10 ივნისს, ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის" მიმართ შედგენილია №აბ000036141 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და იურიდიული პირი დაჯარიმდა 1500 (ათას ხუთასი) ლარით. სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, 2016 წლის 12 აპრილს, თბილისში, ... გამზირზე, ...თან, ...ის ქუჩიდან ...ზე დარღვეულ იქნა სამშენებლო სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესები, რის საფუძველზეც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და დაზიანდა ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდმა" საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან

საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომლითაც 2016 წლის 10 ივნისის №აბ000036141 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 28 ივნისის N20/12-2228 დადგენილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდმა" საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ივნისის №აბ000036141 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 28 ივნისის N20/12-2228 დადგენილების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით საქმეზე N4/6169-17 ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის" საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ივნისის №აბ000036141 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 28 ივნისის №20/12-2228 დადგენილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

2019 წლის 23 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით საქმე N4/1315-19 ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის" საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 01 თებერვლის N MIA 6 19 00271128 დადგენილება და 2019 წლის 04 თებერვლის Nენ048133 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 16 მაისს სს ,,სადაზღვევო კომპანია ...სა’’ და ე. ქ-ის შორის დაიდო ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ და გაიცა შესაბამისი სერტიფიკატი. 2016 წლის 15 აპრილის ზარალის დარეგულირების N1600/SA აქტის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მანქანის ზარალმა შეადგინა 5 283 ლარი. 2020 წლის 15 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს MIA 4 2002903508 წერილით სს ,,სადაზღვევო კომპანია ...ს’’ უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 24 მაისის N002976416 დასკვნით: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა გზაჯვარედინზე საგზაო ნიშნების - 2.1. „მთავარი გზა“ არა შესაბამისმა განთავსებამ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს (მისი მოსამსახურის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, ზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის 18.4 მუხლი) უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის #ბს-52-47(კ-13) განჩინება).

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საავტომობილო გზების დაცვისა და გზებით სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება მათში ცვლილებების შესატანად, ხოლო ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალების გატარება. აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შემუშავება. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გზაზე სამუშაოთა წარმოებისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) გზაზე სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება. ეს ადგილი, აგრეთვე იქ გაჩერებული საგზაო-სამშენებლო მანქანები, სამშენებლო მასალა, კონსტრუქციები და ა. შ., რომლებიც არ გააქვთ გზის სავალი ნაწილის მიღმა, აღჭურვოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, მიმანიშნებელი და შესაღობი მოწყობილობებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – დამატებითი წითელი და ყვითელი სასიგნალო სინათლეებით; ბ) დღე ღამის ნებისმიერ დროს გზაზე სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი პირები არ დაუშვას დიდ მანძილზე შესამჩნევი, ფოსფორირებული და შუქამრეკლი ტანსაცმლის გარეშე; გ) სამუშაოების დამთავრებისას გზაზე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის უსაფრთხო მოძრაობა.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საფუძვლიანად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდის" მიერ 2016 წელს თბილისში, ... გამზირის, კერძოდ, ...დან და ...ის ქუჩიდან ...მდე მონაკვეთისა და ...ის მიმდებარე არეალის სრული რეაბილიტაციის წარმოებისას, 2016 წლის 10 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ორივე ავტომობილი მოძრაობდა ნიშნით „მთავარ გზაზე“, გზის რეაბილიტაციის პროცესში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც არ დადგინდა რომელიმე მძღოლის ბრალეულობა, იკვეთება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების პასუხისმგებლობა, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს გზის რეაბილიტაციის დროს საგზაო ნიშნების სათანადო განთავსება და ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.

ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ჩაიდინეს მმართველობითი ღონისძიების მოქმედების განუხორციელებლობა, არ უზრუნველყვეს მათზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულება, რაც გულისხმობდა ქალაქ თბილისში, ... გამზირის, კერძოდ, ...დან და ...ის ქუჩიდან ...მდე მონაკვეთისა და ...ის მიმდებარე არეალის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შეთანხმებასა და ამ სქემით სამუშაოების განხორციელებაზე კონტროლს. დაკისრებული ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ვინაიდან საგზაო მოძრაობის წესების არასათანადოდ მოწესრიგებამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და შედეგად დაზიანდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაზღვეული იყო. კანონით დადგენილი საჯარო ვალდებულებები კი თავის თავში მოიცავს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში მოთხოვნის უფლებას, ე.ი. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეების ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 11.04.2025წ. №04240 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (ს/კ 205393689) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (ს/კ 205393689) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.04.2025წ. №04240 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე