საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-574(კ-24) 03 ივლისი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ.რ-მა 22.05.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შ.რ-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კომისიისთვის გამოცემის დავალება.
შ.რ-მა 05.06.2023წ. დაზუსტებული სარჩელით მოპასუხედ დაასახელა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და მოითხოვა შ.რ-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალება.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას 13.09.2023წ. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა 623 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ.რ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში კომისიის 13.02.2023წ. №528 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე 623 კვ.მ. ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.
საქალაქო სასამართლოში 13.09.2023წ. გამართულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა სრულად და მისი საკუთრების უფლება აღიარებული იქნა 77 კვ.მ. ნაკვეთზე, შესაბამისად გასაჩივრებული განკარგულება ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.09.2023წ. სასამართლოს სხდომაზე მიღებული განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.09.2023წ. გადაწყვეტილებით შ.რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ...ში, 623კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ.რ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.02.2023წ. №528 განკარგულება, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ში მდებარე 623კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ.რ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. აპელანტმა აგრეთვე მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2024წ. განჩინებით საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შ.რ-მა 02.08.2022წ განცხადებით მოითხოვა 700 კვ.მ. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება, თუმცა სადავო გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება აღიარებული იქნა მხოლოდ 77 კვ.მ. უძრავ ქონებაზე იმაზე მითითებით, რომ განმცხადებელმა 28.12.2022წ. განცხადებით ნაკვეთის ოდენობა დააკორექტირა. პალატამ მიიჩნია, რომ 28.12.2022წ. განცხადება და თანდართული საკადასტრო ნახაზი შეიცავს დამატებით ინფორმაციას მოთხოვილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის მახასიათებლების თაობაზე, მასში არ არის გამოხატული პოზიცია ფართის ოდენობის 700 კვ.მ.-დან 77 კვ.მ.-მდე შემცირების შესახებ, შესაბამისად მოთხოვნის დაზუსტებას ადგილი არ ჰქონია. დამატებით საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა არ გულისხმობდა მოთხოვნის დაზუსტებას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცულია ანალოგიური შინაარსის მქონე არა ერთი განცხადება, თუმცა არც ერთ სხვა შემთხვევაში აღნიშნული არ იქნა მიჩნეული დაზუსტებად. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ კომისიის მიერ არ არის დასაბუთებული მოსარჩელის თავდაპირველი მოთხოვნის ფარგლებში მსჯელობის არარსებობის მიზეზები და დარჩენილ 623კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები. პალატამ არ გაიზიარა აგრეთვე აპელანტის მოსაზრება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს არა გადაწყვეტილების მართებულება 77კვ.მ. ნაკვეთზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, არამედ დავის საგანია 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 623 კვ.მ. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შესაბამისად არსებობდა გასაჩივრებული განკარგულების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ შ.რ-ის წარმომადგენელმა 02.08.2022წ. განცხადებით მიმართა კომისიას და მოითხოვა 700 კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო 28.12.2022წ. დაზუსტებული განცხადებითა და კორექტირებული აზომვითი ნახაზით მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ 77 კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51.3 მუხლსა და საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ 11.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორმა აღნიშნა, რომ კომისია საკუთრების უფლების აღიარებაზე მსჯელობს განმცხადებლის მიერ კომისიაში წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტით სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, შესაბამისად კომისიის 13.02.2023წ. განკარგულება ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, მისი უფლება არ იზღუდება, ამდენად სახეზეა სასკ-ის 22.2 მუხლისა და 262.2 მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უზრუნველყოფილია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილი რეალიზება. სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ამდენად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე არ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ მტკიცების ტვირთი სრულად ადმინისტრაციულ ორგანოს დააკისრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ შ.რ-მა 02.08.2022წ. განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 700კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განმცხადებლის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთი შენობა-ნაგებობა. 20.12.2022წ. შ.რ-მა კომისიაში დამატებით წარადგინა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი 897კვ.მ. ოდენობის ნაკვეთზე, ხოლო 28.12.2022წ. - აზომვით ნახაზი 77კვ.მ. ოდენობის ნაკვეთზე (შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობზე). საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.02.2023წ. №528 განკარგულებით დაკმაყოფილდა შ.რ-ის წარმომადგენლის კ.კ-ას 02.08.2022წ. და 28.12.2022წ. განცხადებები და ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 77კვ.მ. ნაკვეთზე აღიარებული იქნა შ.რ-ის საკუთრების უფლება. განკარგულებაში მიეთითა, რომ განმცხადებელმა 28.12.2022წ. დაზუსტებული განცხადებით საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა 77კვ.მ. ნაკვეთზე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა შ.რ-ის მიერ 77კვ.მ. მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე, ამასთანავე კანონის ამოქმედებამდე დადასტურდა ასაღიარებელი ნაკვეთის შ.რ-ის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ მოთხოვნილი იქნა 700კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, მიუხედავად ამისა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ 77 კვ.მ. ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის ნაწილში საკუთრების უფლების აღიარებაზე, ხოლო მიწის ნაკვეთის დანარჩენ ნაწილში - 623კვ.მ. ნაკვეთთან მიმართებით მოპასუხეს არ უმსჯელია, ამდენად განსახილველი დავის ფარგლებში შეფასებას საჭიროებს 700კვ.მ. ნაკვეთიდან 623კვ.მ. ნაკვეთზე კომისიის მიერ განცხადების განხილვის საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში (51.1 მუხ.), შესაბამისად განცხადება არის კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების აუცილებელი წინაპირობა. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მოსარჩელის 02.08.2022წ. განცხადების საფუძველზე, რომლითაც მოთხოვნილი იქნა 700 კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. კასატორის მითითებით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შ.რ-მა დააზუსტა მოთხოვნა და 28.12.2022წ. განცხადებით მოითხოვა 77 კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება განმცხადებლის მიერ მოთხოვნის დაზუსტებისა და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ოდენობის ფარგლების შემცირების ფაქტი. შ.რ-ის 28.12.2022წ. განცხადება შეიცავს მხოლოდ მითითებას აზომვითი ნახაზის დამატებით წარდგენის თაობაზე, მასში არ არის გამოხატული ნება თავდაპირველი მოთხოვნის შემცირებაზე (ს.ფ. 142). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განცხადება არის უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის წერილობითი მოთხოვნა (სზაკ-ის 2.1 მუხ. „თ“ ქვ.პ.), რომელიც მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა გამოხატავდეს პირის ნამდვილ ნებას, შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებები უნდა შეესაბამებოდეს განმცხადებლის ნამდვილ განზრახვას. განმცხადებლის ნამდვილი ნება უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კანონიერების პრინციპის, პირის უფლებებისა და ინტერესების დაცვას. განმცხადებლის ნების ნამდვილობაში ეჭვის არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნული საკითხის გასარკვევად. მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განმცხადებლის მიერ დამატებით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი ისე მიიჩნია მოთხოვნის დაზუსტებად, რომ ამის თაობაზე განმცხადებელს წერილობით ან/და ზეპირსიტყვიერად (კომისიის სხდომაზე) ნება არ გამოუხატავს, ასევე კომისიას არ მიუმართავს განმცხადებლისთვის აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა იმის შესახებ, რომ კომისიის მიერ არ არის დასაბუთებული მოსარჩელის თავდაპირველი მოთხოვნის ფარგლებში მსჯელობის არარსებობისა და მიწის ნაკვეთის დანარჩენ ნაწილზე (623კვ.მ.-ის ნაწილში) აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეესწავლა სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოეკვლია საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიეღო სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნიდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული აქტის სადავო ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველს. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51.8 მუხლის თანახმად, თუ კომისიამ კანონით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ეს ჩაითვლება მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მართალია, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განკარგულება არ შეიცავს 623კვ.მ. ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმაზე მითითებას, თუმცა ამ ნაწილში მსჯელობის არარსებობა და მხოლოდ 77 კვ.მ. ნაკვეთის ნაწილში გადაწყვეტილების მიღება, მიჩნეული უნდა იქნას დანარჩენ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სასკ-ის 22.2 და 262.2 მუხლით გათვალისწინებულ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლებზე. მოსარჩელის ინტერესს შეადგენს არა უკვე დაკმაყოფილებულ ნაწილში სადავო აქტის უმართლობის დადგენა, არამედ დავის საგანს შეადგენს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობით 623 კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის მართლზომიერების შეფასება. საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 77კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სადავო განკარგულების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს 02.08.2022წ. განცხადების დაკმაყოფილებაზე მითითებას, თუმცა აღნიშნული განცხადებით მოთხოვნილი იქნა არა 77 კვ.მ.-ზე, არამედ 700 კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, შესაბამისად გასაჩივრებული განკარგულების სარეზოლუციო ნაწილი წინააღმდეგობრივია, ერთი მხრივ დაკმაყოფილდა შ.რ-ის 02.08.2022წ. განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო 700კვ.მ. ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო მეორე მხრივ საკუთრების უფლება აღიარებული იქნა მხოლოდ 77კვ.მ. ნაკვეთის ნაწილში, შესაბამისად სადავო აქტში ერთდროულად 02.08.2022წ. განცხადების დაკმაყოფილებასა და მისგან გამომდინარე 77 კვ.მ. ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე მითითება გაუგებარი და წინააღმდეგობრივია. დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მითითება მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაასაბუთა სადავო საკითხთან დაკავშირებით განცხადების განხილვის, გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საჭიროების არარსებობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი