საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-553(კ-25) 23 ივლისი, 2025 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ღ-ა (მოსარჩელე)
მესამე პირები – ლ. შ-ა, მ. კ-ი, მ. ღ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2024 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზ. ღ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, კასატორი“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის დირექტორის 25.03.2022 წლის №03-1852/ო ბრძანება მოსარჩელის ოჯახისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №... მოწმობა.
2.2. მოსარჩელემ 08.02.2019 წელს წარადგინა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი და შეავსო კითხვარი. მისი ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: თავად მოსარჩელე, მეუღლე - მ. კ-ი, მშობელი - ლ. შ-ა და შვილი - მ. ღ-ა.
2.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.12.2021 წლის №88 სხდომის ოქმის თანახმად, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, სააგენტომ განიხილა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მიზნით (სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში) სხვადასხვა ეტაპების ფარგლებში განხილული განაცხადები. კომისიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს და მის ოჯახს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, ვინაიდან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა დედის მიერ დაზე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო.
2.4. მოპასუხის 25.03.2022 წლის №03-1852/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.12.2021 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №88) მოსარჩელის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.
2.5. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ საცხოვრებელი სახლის, რომლის შესყიდვასაც ითხოვს, რეალური მესაკუთრეა მოსარჩელის დეიდა - გ. შ-ა. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, თუ რატომ არ დარეგისტრირდა საცხოვრებელი სახლი გ. შ-ას სახელზე 2021 წლის აგვისტოს თვემდე. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი, გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2024 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 25.03.2022 წლის №03-1852/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
4.1. პალატამ ყურადღება გაამახვილა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართ №7-ზე, „დ“ პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება 1,5 ქულით. დადგენილია, რომ ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით, მიღებული ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ გადამოწმების შედეგად მიენიჭა 1.50 ქულა (С.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა). მას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს დედა, მეუღლე და შვილი. განაცხადს აკეთებენ ერთად.
4.2. პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. აღნიშნული მუხლის მიხედვით, სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. ამ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას. მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება.
4.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ განმცხადებლის დედის მიერ უძრავი ქონების გასხვისება განხორციელდა მხოლოდ ფორმალურად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად, მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი.
4.4. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხემ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელის ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროება, თუმცა არ გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტება, რომ, მართალია, ლ. შ-ამ (მოსარჩელის დედა) 1997 წელს შეიძინა საცხოვრებელი სახლი, თუმცა გ. შ-ასთვის, მის მიერ გამოგზავნილი დანაზოგით; ხოლო შემდგომ, 2021 წელს საცხოვრებელი სახლი, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა მის რეალურ მფლობელზე - გ. შ-აზე. აღნიშნული გარემოებები მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, დევნილთა ოჯახისთვის, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარის თქმის კანონიერება.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში გაცხადებულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე; სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28). სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ.).
10. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები, რომლებიც მას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ეკისრება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
11. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა (სუსგ №ბს-199(კ-20), 22.04.2020წ; №ბს-532(კ-23), 28.11.2023წ.). იძულებით გადაადგილებულ პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია, რომელზე ზრუნვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს (სუსგ №ბს-870(კ-24), 10.03.2025წ.).
12. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
13. სპეციალური კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
14. „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანების დანართი №7-ის „დ“ პუნქტით, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების) ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება 1,5 ქულით. დადგენილია, რომ ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დაადგინა, რომ გადამოწმების შედეგად მას მიენიჭა 1.50 ქულა (ცხოვრობს ნათესავის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა). განაცხადი გააკეთა მოსარჩელემ დედასთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად.
15. მოპასუხის 25.03.2022 წლის №03-1852/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.12.2021 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №88) მოსარჩელის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა დედის მიერ დაზე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, მოპასუხის წარმომადგენელი აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ საცხოვრებელი სახლის, რომელშიც მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს, რეალური მესაკუთრეა მოსარჩელის დედა და 2021 წლის ჩუქების ხელშეკრულება მიზნად ისახავდა მოპასუხის შეცდომაში შეყვანას. ამდენად, მოპასუხე უთითებს ჩუქების მოჩვენებითობაზე (სუსგ №ას-571-879-2009, 30.04.2010წ; №ას-1439-1357-2012, 01.07.2013წ; №ას-171-159-2015, 29.04.2015წ; №ას-921-861-2017, 28.11.2017წ; №ას-1305-2018, 21.12.2018წ; №ას-366-2019, 17.05.2019წ; №ას-928-2019, 22.10.2019წ.).
16. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ მოპასუხემ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია გარემოებები. მოპასუხე საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს, რომ არ არსებობდა მოსარჩელის ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროება, თუმცა არ გაითვალისწინა მისი განმარტება, რომ, მართალია, ლ. შ-ამ (მოსარჩელის დედა) 1997 წელს შეიძინა საცხოვრებელი სახლი, თუმცა გ. შ-ასთვის, ამ უკანასკნელის მიერ საზღვარგარეთ დაგროვილი დანაზოგით. შემდგომ კი, 2021 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ნივთი დარეგისტრირდა მისი რეალური მესაკუთრის სახელზე. აღნიშნული გარემოებები ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ არის გამოკვლეული და შეფასებული.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად ცნო ბათილად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი (შდრ. სუსგ №ბს-206-204(კ-17), 11.05.2017წ; №ბს-870(კ-24), 10.03.2025წ; №ბს-2(კ-25), 24.02.2025წ).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2024 წლის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი
თამარ ოქროპირიძე