Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-632 (კ-25) 23 ივლისი, 2025 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ. მ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.11.2019 წლის №04-2004/ო ბრძანება; მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.05.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობა.

2.2. მოსარჩელემ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. მოსარჩელემ ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად მიუთითა შვილი - ა. მ-ი, ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად - ქ. თბილისი, ...ის №195. მოგვიანებით კი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა, რომ მისი განაცხადი გადაეტანათ თბილისში ბინის მიღებაზე.

2.3. მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი რამდენჯერმე განხორციელდა, კერძოდ, მონიტორინგის ჯგუფი 03.07.2018 წელს გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ას მე-7 კვ., მე-2 კორპ, I სადარბაზო, მე-5 სართული, ბ. №17. მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა სტუმრად. მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს 1 წლის მანძილზე, შვილთან ერთად. მანამდე 2015 წლებში ამავე ეზოში სხვა კორპუსში ქირით ცხოვრობდა, ხოლო უფრო ადრე დედასთან ცხოვრობდა ქირით ...ას №3-ში, იტალიურ ეზოში.

2.4. 17.08.2019 წელს მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ას VII კვ., კ. №21, ბ. №13. მონიტორინგის ჯგუფი გაესაუბრა მოსარჩელის დედას - ი. გ-ს, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მცირეწლოვან შვილთან - ს. კ-თან ერთად. მისი განმარტებით, როცა მისი შვილი - მოსარჩელე მიდის სასწავლებელში, შვილს მას უტოვებს. ი. გ-ის თქმით, მოსარჩელე ცხოვრობს სხვა მისამართზე, ზუსტი მისამართი არ იცის (195-ში) 3 წელია, ხოლო დაოჯახებამდე 4 წლის წინ ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე - ...აზე.

2.5. 17.08.2019 წელს მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №195-ში. მონიტორინგის განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა მოსარჩელე შვილთან ერთად. მისი განმარტებით, საცხოვრებელი ფართის ქირის ოდენობა იყო 300 ლარი, აქედან 200 ლარს სამინისტრო ფარავდა.

2.6. მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ ოჯახს მიენიჭა 6.00 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1,5 ქულა; სოციალური კრიტერიუმი: 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3 ქულა; მოსარჩელე - მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე - 1,5 ქულა).

2.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019 წლის №39 საოქმო გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე დედასთან ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო.

2.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.11.2019 წლის №04-2004/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეს ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

2.9. მოპასუხის 09.12.2022 წლის №IDP 0 22 00631797 წერილით დგინდება, რომ მოსარჩელის დედას - იძულებით გადაადგილებულ პირს - ი. გ-ს განაცხადი ჰქონდა შევსებული შვილთან - ა. კ-თან ერთად. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.04.2022 წლის №42 სხდომის ოქმის გადაწყვეტილებით, ი. გ-ის ოჯახს, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, თანხმობა ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

2.10. სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, არსებობს მისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოპასუხის უარი ემყარებოდა ვარაუდებს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ ყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დროისთვის მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა 6 ქულა, რაც საკმარისი იყო ერთოთახიანი ბინით უზრუნველყოფისთვის.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილ ოჯახად მიიჩნევა განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

4.2. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წლის №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, ამ წესის შესაბამისად, განიმარტება როგორც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ოჯახის ხელოვნური გაყოფის ფაქტი არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული და შესაბამისი მტკიცებულებით გამყარებული.

4.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის კერძო ინტერესი - დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელსაც მოუწია იმ მძიმე ვითარების საკუთარ თავზე გადატანა, რაც ცნობილ მოვლენებს მოჰყვა, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რამეთუ არ დაირღვეს მისი უფლებები.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, დევნილის ოჯახისთვის, ოჯახის ხელოვნურად გაყოფის საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში გაცხადებულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე; სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28). სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ.).

10. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები, რომლებიც მას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ეკისრება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

11. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა (სუსგ №ბს-199(კ-20), 22.04.2020წ; №ბს-532(კ-23), 28.11.2023წ.). იძულებით გადაადგილებულ პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია, რომელზე ზრუნვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს (სუსგ №ბს-870(კ-24), 10.03.2025წ.).

12. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

13. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წლის №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, ამ წესის შესაბამისად, განიმარტება როგორც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

14. ამდენად, დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი, დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან, კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა (სუსგ №ბს-1175(კ-22), 01.05.2023წ; №ბს-1190(კ-24), 25.03.2025წ.).

15. მოსარჩელე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილია. მან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად მიუთითა შვილი - ა. მ-ი, ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად კი - ქ. თბილისი, ...ის №195 (ს.ფ.48-51), მოგვიანებით კი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა, რომ მისი განაცხადი გადაეტანათ თბილისში ბინის მიღებაზე (ს.ფ.62). საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 6.00 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1,5 ქულა; სოციალური კრიტერიუმი: 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3 ქულა; მოსარჩელე - მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე - 1,5 ქულა) (ს.ფ.47).

16. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019 წლის №39 საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე დედასთან ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო (ს.ფ.40-46). ამავე საფუძველს დაეფუძნა 19.11.2019 წლის №04-2004/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე (ს.ფ.13).

17. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ მონიტორინგის ფორმებზე, რომლითაც დადგენილია, რომ რამდენჯერმე განხორციელდა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი, მათ შორის, 17.08.2019 წელს მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ას VII კვ., კ. №21, ბ. №13, სადაც გაესაუბრნენ მოსარჩელის დედას - ი. გ-ს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მცირეწლოვან შვილთან - ს. კ-თან ერთად. დედის განმარტებით, როცა მისი შვილი - მოსარჩელე მიდის სასწავლებელში, შვილს მას უტოვებს. მოსარჩელე ცხოვრობს სხვა მისამართზე 3 წელია. დაოჯახებამდე, 4 წლის წინ ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე - ...აზე. 17.08.2019 წელს მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №195-ში. ადგილზე იმყოფებოდა მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილი - ა. მ-ი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ფართი ნაქირავები აქვს 300 ლარად და სამინისტრო ეხმარება ქირის გადახდაში 200 ლარის ოდენობით, როგორც სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახს. ამდენად, მოსარჩელე მის განცხადებაში მითითებულ პირთან ერთად ცხოვრობს ამავე განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის დედას, იძულებით გადაადგილებულ პირს, განაცხადი ჰქონდა შევსებული შვილთან - ა. კ-თან ერთად. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.04.2022 წლის №42 სხდომის ოქმის გადაწყვეტილებით, დედის ოჯახს, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, თანხმობა ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზე, რომ დედასთან ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოპასუხის უარი ემყარებოდა ვარაუდს. ოჯახის ხელოვნური გაყოფის ფაქტი არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული და შესაბამისი მტკიცებულებით გამყარებული. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ცხოვრობს შვილთან ერთად, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება (სუსგ №ბს-1190(კ-24), 25.03.2025წ.).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას (შდრ. სუსგ №ბს-542(კ-22), 20.02.2023წ; №ბს-644(კ-24), 20.09.2024წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2025 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

თამარ ოქროპირიძე