Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-442(კ-25) 23 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხ. ს. მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ს. მ. მ-მა 2024 წლის 01 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 13 მარტის N03/00001560/2024-09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, „საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 10 აპრილის №01-138 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ხ. ს. მ. მ-ისთვის საქართველოს „დ“ კატეგორიის ვიზის გაცემის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით ხ. ს. მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხ. ს. მ. მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის SSG 1 24 00055611 წერილი, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე - ხ. ს. მ. მ-ის სახელზე, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ვიზის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. სადავო აქტის საფუძვლად არსებული ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რაც მათი გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გზით სააპელაციო სასამართლოს მისცემდა საქმეზე უკვე დადგენილისგან განსხვავებული გარემოებების დადასტურების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ხ. ს. მ. მ-ის მიერ.

კასატორის მითითებით, ხ. ს. მ. მ-ისათვის საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, სადაც მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციია მითითებული. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ არის იმპერატიული ძალის მქონე, მას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და იგი ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის დაბალანსების გზით კონკრეტული გარემოებისთვის ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის ფაქტები, რომ ს. მ. მ-ი არ არის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი, არასდროს ჰქონია რაიმე სახის პრობლემა სამართალდამცავ ორგანოებთან და წლების განმავლობაში (2018 წლის 22 ივნისიდან) მოსარჩელის მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არავითარი უარყოფა არ ყოფილა. საქართველოს ვიზა ესაჭიროებოდა იმ მიზნით, რომ მიეღო ბინადრობის ნებართვა. ხ. ს. მ. მ-ი 2020 წლის 27 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე თ. ქ-ასთან. მათ 2023 წლის 22 ნოემბერს შეეძინათ შვილი-რ. ქ-ა. ს. მ. მ-ი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საქართველოში ქ.თბილისში ... ქ.N1; ბ144-ში რაც არის მისი საკუთრება და უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს დატოვება მოუწიათ და ახლაც უცხოეთში იმყოფებიან. კასატორი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით განმარტავს თანაზომიერების პრინციპის მნიშვნელობას. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2024 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინების მიღების შემდეგ ხ. ს. მ. მ-მა საქართველოს საზღვარი არაერთხელ გადაკვეთა. როგორც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოში ბინადრობის უფლების მქონე პირმა მიიღო საქართველოს ვიზა და ვიზის მოქმედების ვადის გასვლამდე სრულიად კანონიერად იმყოფებოდა საქართველოში. ვიზის მოქმედების ვადის გასვლის გამო, ოჯახთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. ხ. ს. მ. მ-ისთვის, საქართველოს ვიზის მიღებაზე საქართველოს სახელმწიფოს არასდროს არ უთქვამს უარი. აღნიშნულის დასადასტურებლად, შუამდგომლობის სახით, დაზუსტებულ საკასაციო საჩივართან ერთად, კასატორის მიერ წარმოდგენილია დამატებითი მტკიცებულებები საქმეზე დასართავად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ს. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე ხ. ს. მ. მ-მა 2024 წლის 22 თებერვალს სავიზო განაცხადი წარადგინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში და საქართველოს ვიზის გაცემა მოითხოვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის SSG 1 24 00055611 წერილის თანახმად, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე - ხ. ს. მ. მ-ის სახელზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ვიზის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნაული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 13 მარტის N03/00001560/2024-09 გადაწყვეტილებით ხ. ს. მ. მ-ს უარი ეთქვა საქართველოს ვიზის გაცემაზე, ვინაიდან საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა განმცხადებლის მიერ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 10 აპრილის №01-138 ბრძანებით, ხ. ს. მ. მ-ის 2024 წლის 25 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა "საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიუითითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.

საკასაციო პალატა მიუთითებს აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესზე“, რომლის 26-ე მუხლის თანახმად, ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სამინისტრო ან/და ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

დადგენილია, რომ მოსარჩელის საქართველოს ვიზის გაცემაზე უარი ეფუძნება გასაიდუმლოებულ ინფორმაციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორისათვის საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმა დასაბუთებულია. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში კონკრეტულად ხდება იმ გარემოებებზე მითითება, რამაც მოსარჩელისთვის საქართველოს ვიზის გაცემაზე უარი განაპირობა.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავდა აქტის დასაბუთებაში კონკრეტული მონაცემების მითითების შესაძლებლობას. სადავო აქტის დასაბუთებაში საიდუმლო მონაცემების მითითება იმთავითვე გამოიწვევდა მათ განსაიდუმლოებას, რის გამო სადავო აქტებში ან სასამართლო გადაწყვეტილებებში საიდუმლო დოკუმენტაციაში ასახული მონაცემების მითითება ვერ მოხდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმეზე მტკიცებულებათა დართვის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღძრული შუამდგომლობის დასაბუთება-საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი საქმეზე ახალი მტკიცებულებების მოპოვებასა და შეგროვებაზე, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია საქმის მასალებში ან ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ განჩინებაში/გადაწყვეტილებაში.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხ. ს. მ. მ-ის საკასაციო საჩივარზე გ. ს-ს (პ/ნ: ...) 2025 წლის 04 ივნისს №1749030474 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხ. ს. მ. მ-ს (KH. S. M. M-, პასპორტის ნომერი : ..., დაბადების თარიღი ...) უნდა დაუბრუნდეს გ. ს-ის (პ/ნ: ...) მიერ 2025 წლის 04 ივნისს №1749030474 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე, 407-ე მხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. ს. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. ხ. ს. მ. მ-ს (KH. S. M. M-, პასპორტის ნომერი: ..., დაბადების თარიღი ...) დაუბრუნდეს გ. ს-ის (პ/ნ: ...) მიერ 2025 წლის 04 ივნისს №1749030474 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. ხ. ს. მ. მ-ის შუამდგომლობა, საქმეზე მტკიცებულებათა დართვის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი