Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-534 (კ-25) 23 ივლისი, 2025 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს პრეზიდენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ხ- (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ. ხ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა საქართველოს პრეზიდენტისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან კასატორი“) და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი პირველი მოპასუხის 25.01.2022 წლის №29 ბრძანებულება; ბათილად იქნეს ცნობილი მეორე მოპასუხის 30.11.2021 წლის №1000753153 დასკვნა მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალოს მეორე მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის მომზადების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მეორე მოპასუხის 30.11.2021 წლის №1000753153 დასკვნა და მეორე მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დასკვნის მომზადების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი პირველი მოპასუხის 25.01.2022 წლის №29 ბრძანებულება. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მეორე მოპასუხემ 03.06.2021 წელს მოსარჩელის მიმართ დაიწყო საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქმის წარმოება. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა და განემარტა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 15.08.2018 წლამდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, უფლება ჰქონდათ, 31.12.2022 წლამდე მიემართათ მეორე მოპასუხისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

2.2. მოსარჩელემ 16.06.2021 წელს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადებით მიმართა მეორე მოპასუხეს. განცხადებას ერთოდა მოსარჩელის სახელზე გაცემული სომხეთის მოქალაქის პასპორტის ასლი. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოტივად მითითებულ იქნა შემდეგი: მოსარჩელე დაიბადა საქართველოში და თავის ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობს საქართველოში. მისი ოჯახის წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში აქვს საცხოვრებელი სახლი, ბიზნესი და საქართველოდან წასვლას არ აპირებს.

2.3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 25.11.2021 წლის SSG 2 22 00171238 მიმართვით მეორე მოპასუხეს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მიზანშეუწონლად მიაჩნია. საქართველოს დაზვერვის სამსახურის 07.11.2021 წლის №1/1323 წერილით მეორე მოპასუხეს ეცნობა, რომ მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

2.4. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 29.11.2021 წლის №15600 სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისია უფლებამოსილი არ იყო ემსჯელა მოსარჩელის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხზე, ვინაიდან არსებობდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოება.

2.5. მეორე მოპასუხის 30.11.2021 წლის №1000753153 დასკვნით მოსარჩელეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე ეთქვა უარი. პირველი მოპასუხის ადმინისტრაციის 02.12.2021 წლის №7086 მიმართვის თანახმად, №1000753153 დასკვნაზე პირველი მოპასუხის სამართლებრივი აქტი გამოცემული არ არის.

2.6. მეორე მოპასუხის 25.01.2022 წლის №1000751824 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიმართ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. შესაბამისად, მეორე მოპასუხემ მიზანშეწონილად მიიჩნია დაკმაყოფილებულიყო 03.06.2021 წლის №1000751824 განცხადება/წარდგინება და მოსარჩელეს შეწყვეტოდა საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით.

2.7. პირველი მოპასუხის 25.01.2022 წლის №29 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

2.9. კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიას სხდომაზე მოსარჩელის საქართველოსთან სარწმუნო კავშირის არსებობა არ შეუფასებია, ვინაიდან არსებობდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოება. ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო მეორე მოპასუხის 30.11.2021 წლის №1000753153 დასკვნა და დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, პირველი მოპასუხის 25.01.2022 წლის №29 ბრძანებულების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტა, რომ პალატამ იმსჯელა მხოლოდ პირველი მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და შეაფასა მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყეტის კანონიერება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით, ვინაიდან დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4.2. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საფუძვლები. ამგვარი წინაპირობების არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ჯერ კიდევ სადავოა მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად არის ცნობილი სადავო დასკვნა და მეორე მოპასუხეს დავალებული აქვს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის აღსრულებისთვის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის საქართველოს მოქალაქედ არსებობის ფაქტი, რამეთუ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი არის საქართველოს მოქალაქე. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დაცული იყო სადავო ბრძანებულების გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება, საქმეზე შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ პირველი მოპასუხის მიერ მის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობის ნაწილში.

9. ამასთან, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს 30.11.2021 წლის №1000753153 უარყოფითი დასკვნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

10. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში „ორგანული კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მისი მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები კი ამომწურავად არის გაწერილი ორგანული კანონის 21-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევად კი განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.

11. ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.

12. მითითებული სამართლებრივი დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, თუმცა გამონაკლისის სახით არსებობს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული, ამასთან, გამოირიცხება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების ხელყოფა (შდრ. სუსგ №ბს-1213(კ-24), 23.12.2024წ.). მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში არსებობს გასაჩივრებული ბრძანებულების ბათილად ცნობის საფუძველი (სუსგ №ბს-521 (კ-24), 09.12.2024წ.). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის აღსრულებისთვის სავალდებულოა მოსარჩელის საქართველოს მოქალაქეობა, რამეთუ მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი მისი შენარჩუნების წინაპირობების არსებობა/არარსებობაზე მსჯელობა.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2025 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

თამარ ოქროპირიძე