Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-520 (კ-25) 23 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. რ. რ. ჰ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ. რ. რ. ჰ-იმ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 22.02.2024 წლის №1000930693 გადაწყვეტილება; მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის სახელზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.06.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მოსარჩელე (დაბადების თარიღი: ... წელი) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.

2.2. მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ... №2; ს/კ: ... . უძრავი ქონების შეფასების შესახებ დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაა 334 656 ლარი, რაც შეადგენს 108 934 აშშ დოლარს.

2.3. მოპასუხის 31.01.2023 წლის №1000713558 გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და მასზე გაიცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 31.01.2023 წლიდან 31.01.2024 წლამდე.

2.4. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 22.11.2023 წლის ცნობის თანახმად, ცნობის გაცემის თარიღამდე მოსარჩელე ნასამართლევი არ არის. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ 26.01.2024 წელს გაცემული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

2.5. მოსარჩელემ 25.01.2024 წელს №1000930693 განცხადებით მიმართა მოპასუხეს და საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. მოპასუხემ 26.01.2024 წელს №1000930693/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

2.6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 14.02.2024 წლის SSG 7 24 00033909 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.

2.7. მოპასუხის 22.02.2024 წლის №1000930693 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის 25.01.2024 წლის №1000930693 განცხადება და მას უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

2.8. სასამართლომ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა). მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.

2.9. კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

2.10. უცხოელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

2.11. სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (კონტრდაზვერვის დეპარტამენტი) გამოითხოვა ინდორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას. აღნიშნული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებისას, სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა კერძო ინტერესს - მოსარჩელის საქართველოში ცხოვრების უფლებას. შესაბამისად, ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებშიც, მოპასუხეს შეეძლო გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის წინაპირობებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობაა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

4.2. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები. განსახილველ შემთხვევაში, გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

4.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება საქართველოში. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო აქტით მოსარჩელეს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე უარი უსაფუძვლოდ ეთქვა და არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) მე-601 მუხლით გათვალისწინებული აქტის ბათილად ცნობისა და საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების კანონიერება.

9. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

10. უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“). კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. საქმის მასალებიდან, მათ შორის, სადავო აქტიდან და საკასაციო საჩივრიდან იკვეთება, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

11. კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით, კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტომ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 14.02.2024 წლის SSG 7 24 00033909 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.

12. საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. ამასთან, საიდუმლო ინფორმაცია ვერ აისახება სასამართლოს გადაწყვეტილებაში/განჩინებაში. ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. გასათვალისწინებელია ასევე საქმეზე დადგენილი გარემოებები მასზე, რომ: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულებაა 334 656 ლარი, რაც შეადგენს 108 934 აშშ დოლარს; მოსარჩელეზე მოპასუხის 31.01.2023 წლის №1000713558 გადაწყვეტილებით იყო გაცემული საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 31.01.2023 წლიდან 31.01.2024 წლამდე; ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 22.11.2023 წლის ცნობით, მოსარჩელე ნასამართლევი არ ყოფილა; საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ 26.01.2024 წელს გაცემული ინფორმაციით, მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

13. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება საკასაციო სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და განჩინებაზე (სუსგ №ბს-815(კ-19), 16.04.2020წ; №ბს-207(კ-20), 07.10.2020წ; №ბს-311(კ-20), 07.10.2020წ.). ისინი არ შეიცავენ განმარტებას მასზე, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა იმთავითვე, ყოველგვარი შეფასების გარეშე, უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (იხ: სუსგ №ბს-1197(კ-22), 20.03.2025წ.).

14. სადავო აქტის მართლზომიერებას არ ადასტურებს კასატორის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე „ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“ და „ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“ (იხ. საკასაციო საჩივარი, ს.ფ.214-215). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. მითითებული გადაწყვეტილებებით არ გამოირიცხება აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხების შეფასების, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროება. ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, კონტროლი უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (Al-Nashif v. Bulgaria, №50963/99, 20.06.2002წ., §123,124; Chahal v. The United Kingdom [GC], №22414/93, 15.11.1996წ., §127, 145).

15. მნიშვნელოვანია, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგი იყოს და შესაბამის დასაბუთებას ეფუძნებოდეს, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას, არ ადასტურებს მის მართებულობას (სუსგ №ბს-1396(კ-24), 10.03.2025წ; №ბს-716(კ-24), 20.09.2024წ.).

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სზაკ-ის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება (სუსგ №ბს-798(კ-24), 21.11.2024წ.).

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას (სუსგ №ბს-1123(კ-22), 06.04.2023წ.). საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისია პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას (სუსგ №ბს-798(კ-24), 21.11.2024წ; №ბს-628(კ-24), 24.10.2024წ.).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2025 წლის განჩინება.

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ: 202307404) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №07410, გადახდის თარიღი 22.04.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

თამარ ოქროპირიძე