საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-414 (კ-25) 14 ივლისი, 2025 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ.პ-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. კ.პ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან კასატორი“) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მეორე მოპასუხის 01.04.2023 წლის №2023/1-334511 გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი პირველი მოპასუხის 05.05.2023 წლის SSA 2 23 00479608 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალოს პირველ მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისთვის შეწყვეტილი სოციალური პაკეტის 01.04.2023 წლიდან აღდგენის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.07.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ 13.03.2024 წელს გაცემული MOD 0 24 00311681 ცნობის თანახმად, მოსარჩელე (საქართველოს თავდაცვის სისტემის სამხედრო მოსამსახურე პოლკოვნიკი) დანიშნულია და მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ...ის მიმართულების კურსის ...ად 17.03.2022 წლიდან, ცნობის გაცემამდე.
2.2. მეორე მოპასუხის 01.04.2023 წლის №2023/1-334511 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს 01.04.2023 წლიდან შეუწყდა სოციალური პაკეტი საჯარო საქმიანობის გამო.
2.3. პირველი მოპასუხის 05.05.2023 წლის SSA 2 23 00479608 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ მოსარჩელე დასაქმებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 28.06.2016 წლის N42 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის“ წესდების თანახმად, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ, სხვა ფუნქციებთან ერთად, სკოლის ერთ-ერთ ფუნქციასა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, აღნიშნული სკოლა არ მიეკუთვნება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე საგამონაკლისო დაწესებულებას და იგი ვერ პასუხობს „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობებით“ განსაზღვრული დაწესებულებ(ებ)ის დეფინიციას. შესაბამისად, პირველმა მოპასუხემ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სკოლაში დასაქმებული პირი, მუშაობის პარალელურად, ვერ ისარგებლებს სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფის უფლებით.
2.4. ამავე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში აქცენტი კეთდება საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსზე და არა კონკრეტული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაზე, რაც შესაძლებელია, მათ შორის, ემსახურებოდეს სამხედრო განათლების პროცესთან დაკავშირებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, „სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“ არ მიეკუთვნება „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ვინაიდან საგამონაკლისო ნორმაში ჩამოთვლილი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი განსაზღვრულია „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით, რომლებიც აწესრიგებენ საქართველოში უმაღლესი, ზოგადი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პროცესს, განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს. ასევე, ადგენენ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.
2.5. „სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“ ვერ იქნება მიჩნეული „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, ვინაიდან, სკოლა არ არის დაფუძნებული (შექმნილი) საგანმანათლებლო საქმიანობის მომწესრიგებელი ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე კანონით. სკოლაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში, სოციალური პაკეტით უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძველი არ წარმოიშობა.
2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის საქმიანობა არ შეიძლება შეფასდეს საჯარო საქმიანობის განხორციელებად, ვინაიდან ის იკავებს სკოლის ...ის მიმართულების კურსის ...ის პოზიციას. ამასთან, ხსენებული სკოლის აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის საქმიანობა ექცევა საგანმანათლებლო საქმიანობის სფეროში, რადგან აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის მიზანი სასწავლო საქმიანობის განხორციელებით შემოიფარგლება. ამრიგად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ხსენებულ სკოლას არ გააჩნია საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზებით განსაზღვრული სტატუსი, სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად დავის სხვაგვარად გადასაწყვეტად.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის სოციალური პაკეტის შეწყვეტისა და მის აღდგენაზე უარის კანონიერება, კერძოდ, უნდა შეფასდეს: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, რაც შეიძლება წარმოადგენდეს ამ სსიპ-ში ...ის მიმართულების კურსის ...ის პოზიციაზე დანიშნული მოსარჩელისთვის სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველს.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, კერძოდ, მისი პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.
11. საქართველოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს, უმთავრესი ამოცანაა ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.10.2007 წლის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18).
12. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და, უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008 წლის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28).
13. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას (შდრ. სუსგ №ბს-1176(2კ-22), 11.07.2023წ.).
14. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუსგ №ბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ.).
15. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. კანონის 121 მუხლის პირველი პუნქტით, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
16. საქართველოს მთავრობის 23.07.2012 წლის №279-ე დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძველია საჯარო საქმიანობის განხორციელება.
17. საჯარო საქმიანობის დეფინიცია მოცემულია „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, ადმინისტრირების ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
18. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა იმგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც მას ზემოაღნიშნული ნორმების გამონაკლისებში მოაქცევს, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ამ დაწესებულების წესდებაზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება, თანამშრომლების პროფესიული განვითარება და სხვა, ხოლო მე-3 მუხლით განსაზღვრულია სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანი, რომელთა შორისაა, სასწავლო და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება, ეროვნული დონის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება/მხარდაჭერა და ა.შ..
19. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არ მიესადაგება საგანმანათლებლო დაწესებულების არცერთ დეფინიციას და მიუთითებს მის წესდებაზე, რომლის მიხედვითაც, სხვა ფუნქციებთან ერთად, სკოლა ახორციელებს თემატურ საკითხებზე ტრენერების, ექსპერტებისა და მობილური ტრენინგჯგუფების მომზადებას/გადამზადებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო პლატფორმების ჩამოყალიბებას და მათი მუშაობის კოორდინირებას (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, სასწავლო პროგრამები და ა.შ.). საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რითაც იგი უნდა ჩაითვალოს იმგვარ გამონაკლისად, რაც არ შეუზღუდავს მასში დასაქმებულ პირს სოციალური პაკეტის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში მოსარჩელის ...ის მიმართულების კურსის ...ის პოზიციაზე საქმიანობა, თავისი არსითა და მახასიათებლებით, სადავო საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზნებისთვის, ვერ მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ იმგვარ საჯარო საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს პარალელურად სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიღების შესაძლებლობას, რაც ქმნის სადავო აქტების ბათილად ცნობისა და შეწყვეტილი სოციალური პაკეტის აღდგენის საფუძველს.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
21. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას (იხ. სუსგ №ბს-769 (კ-24), 15.01.2025წ; №ბს-1112-1106 (კ-17), 08.02.2018წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2024 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი
თამარ ოქროპირიძე