Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-170(კ-25) 25 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ე. ს-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 21 ივნისს ე. ს-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023წლის 28 აპრილის განკარგულება №1351 „მიწის ნაკვეთზე ე. ს-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ და მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისი, ... (ნაკვეთი...)-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართი: 100.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023წლის 28 აპრილის განკარგულება №1351 „მიწის ნაკვეთზე ე. ს-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ს-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ ქ. თბილისი, ..., ... მ/რაიონი, კორპუსი ...-ის მიმდებარედ, 100კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2, მე-51 მუხლებზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-16 მუხლზე და განმარტა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან, რომელიც ადგენს ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქალაქგეგმარებით შეზღუდვებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის შემდეგი მიწა - რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა.

მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის მოთხოვნა შესაძლოა აკმაყოფილებდეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა ზემოდასახელებული ნორმებით გათვალისწინებული თუნდაც ერთ-ერთი გარემოების არსებობა გამორიცხავს სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (მდებარე: ქ. თბილისი, ... (ნაკვეთი...)-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთი (საერთო ფართი: 100.00 კვ.მ.)) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში. კვეთს ... საკადასტრო ერთეულს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის ვებგვერდზე არსებული ინტერაქტიული რუკის მონაცემებით მიხედვით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი სრულად მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში.

პალატამ მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეკრეაციო ზონა (რზ) - მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ან/და გასართობ-დასასვენებელ ტერიტორიებს. ასევე მიუთითა ამავე დადგენილების დანართი 1-ის მე-8 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვებ სახეობებს წარმოადგენს პარკი, დეკორატიული გაფორმების ობიექტი, სპორტული მოედანი და მსგავსი ტიპის სხვა ობიექტები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება აგებულია ინკვიზიციურ საწყისებზე, შესაბამისად, ის გარემოება, რომ უარის თქმის საფუძვლად გასაჩივრებულ აქტში სარეკრეაციო ზონის არსებობა არ არის მითითებული, არ გამორიცხავდა სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენასა და შეფასებას. №... საკადასატრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აღიარების კომიის მიერ მიღებულ განსხვავებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაშიც კი, ერთი პირის მიმართ უკანონო გადაწყვეტილების მიღება, არ წარმოშობს მეორე პირის უფლებას იმავე სახის გადაწყვეტილებაზე და მითითებული არგუმენტი ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრეაციო ზონა 2-ში, აღნიშნული გამორიცხავს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. ამდენად, პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და მიიჩნია, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე აღიარების კომისიის უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე არ ეწინააღმდეგება კანონს და ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერებს. აღნიშნული კი გამორიცხავდა სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 28 აპრილის №1351 განკარგულების ბათილად ცნობასა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით ე. ს-ას სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ს-ამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწვეტეილებაში აღნიშნული მოტივი არ უნდა გამხდარიყო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო პალატამ მხედველეობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ე. ს-ას სადავო მიწის ნაკვეთი დაკავებული აქვს 2002 წლიდან, ხოლო თბილისის მუნიციპალტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის დადგენილებით სარეკრეაციო ზონაში ეს ნაკვეთი მოქცეულია 2016 წლიდან. თბილისის მუნიციპალიტეტმა ე. ს-ას საკუთრებას დაქვემდებარებულ მიწის ნაკვეთს ისე მიანიჭა რეკრეაციული ზონის სტატუსი, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ზემოაღნიშნული გარემოება, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მიხლის მოთხოვნები და შესაბამისად, ზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, გასაჩირებული განკარგულებ არის უკანონო და უშუალო ზიანს აყენებს კასატორის უფლებებსა და ინტერესებს.

კასატორი ასევე უთითებს, რომ გასაჩივრებულ განკარგულებაში, უარის თქმის საფუძვლად მოპასუხე უთითებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ე. ს-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე არ არსებობდა შენობა ნაგებობა და იგი არ იყო მომიჯნავე. ხოლო ნაკვეთი განთავსებული რომ იყო სარეკრეაციო ზონაში, ამ მოტივით მოპასუხეს უარი არ უთქვამს კასატორისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ე. ს-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს მიწის ნაკვეთზე ე. ს-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად:

2016 წლის 27 დეკემბერს, ე. ს-ამ №4509001/12 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე(მისამართი: ქ.თბილისი, ... (ნაკვეთი ...)-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 51.00კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება.

2020 წლის 14 აგვისტოს, ე. ს-ამ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია მდებარე: ქ.თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 100.00კვ.მეტრი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020წლის 12 სექტემბრის №... წერილობითი მიმართვით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ე. ს-ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის თაობაზე, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 28 აპრილის №1351 განკარგულებით, ე. ს-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის.: ქ.თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 100.00კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა ე. ს-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციით, აეროფოტოგადაღებებითა და ფოტოსურათებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული შენობა განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. კომისიის მიერ, ასევე დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №16-01222511769 წერილით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება სარეკრეაციო(რზ-2) ზონა. კვეთს ... საკადასტრო ერთეულს.

დადგენილია ასევე, რომ ს/კ №... მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლება.

ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის ვებგვერდზე არსებული ინტერაქტიული რუკის მონაცემების მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი სრულად მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1).

მოცემული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე). რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

ამავე კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. აღნიშნული კანონი ასევე შეიცავს იმ კატეგორიის თვითნებურად დაკავებული სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს, რომელიც ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, კერძოდ, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა.

საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის შესახებ პირდაპირ მითითებას და ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ზონა (რზ) - მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ან/და გასართობ-დასასვენებელ ტერიტორიებს. ამავე დადგენილების დანართი 1-ის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვებ სახეობებს წარმოადგენს პარკი, დეკორატიული გაფორმების ობიექტი, სპორტული მოედანი და მსგავსი ტიპის სხვა ობიექტები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (მდებარე: ქ. 19 თბილისი, ... (ნაკვეთი...)-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთი (საერთო ფართი: 100.00 კვ.მ.)) მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში. მოცემული გარემოება კი გამორიცხავს შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნული საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობის შესახებ. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, იმის თაობაზე, რომ უარის თქმის საფუძვლად გასაჩივრებულ აქტში სარეკრეაციო ზონის არსებობის მიუთითებლობა, არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისა და შეფასების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე