საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-289(კ-25) 15 ივლისი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - თ. ს-ე
სარჩელზე მოპასუხე - სსიპ ... სკოლა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 15 დეკემბერს თ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ... სკოლის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მამა - ო. ს-ე, 2019 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული №01-14/09 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მუშაობდა ... მასწავლებლად. მან, როგორც საპენსიო ასაკს მიღწეულმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა, ისარგებლა „საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესით“ დადგენილი უფლებით და 2019 წლის 24 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ ... სკოლის დირექტორს და კუთვნილი ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით მოითხოვა საჯარო სკოლასთან გაფორმებული 2019 წლის 2 სექტემბრის №01-14/09 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა 2025 წლის 25 ნოემბრიდან. 2019 წლის 25 ნოემბერს, სსიპ ... საჯარო სკოლასა და ო. ს-ეს შორის დაიდო №1 შეთანხმება, რომლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სკოლამ აიღო ვალდებულება 2019 წლის 31 დეკემბრამდე აენაზღაურებინა მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდო 13 733,18 ლარი და აღნიშნული თანხა სკოლის ანგარიშზე ჩაირიცხა 2019 წლის 30 დეკემბერს, თუმცა თანხა ო. ს-ის ანგარიშზე არ ჩაირიცხა კონტრაჰენტის - ო. ს-ის გარდაცვალების გამო.
მოსარჩელის განმარტებით, მამა - ო. ს-ე გარდაიცვალა 2019 წლის 22 დეკემბერს. 2020 წლის 3 აგვისტოს №... სანოტარო აქტით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მოსარჩელემ მიიღო მემკვიდრეობა და მის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა. მან, როგორც ო. ს-ის მემკვიდრემ, 2020 წლის 9 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მოითხოვა მამკვიდრებლის კუთვნილი თანხის მიღება, რაზედაც სრულიად უკანონოდ ეთქვა უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 18 ნოემბრის №MES 8 20 0001104843 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, გაუცემელი ფულადი თანხის - 13 733.18 ლარის სსიპ ... საჯარო სკოლისთვის დარიცხვის შესახებ და სსიპ ... საჯარო სკოლისათვის გაუცემელი ფულადი თანხის -13 733.18 ლარის თ. ს-ის სახელზე, გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 18 ნოემბრის №MES 8 20 0001104843 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა სსიპ ... სკოლისათვის 13733.18 ლარის გადარიცხვა, თ. ს-ისათვის გადასახდელად; სსიპ ... სკოლას დაეკისრა 13733.18 ლარის გადახდა თ. ს-ის სასარგებლოდ; თ. ს-ეს უკან დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2023 წლის 5 მაისს ,,... ბანკის“ მეშვეობით ფ. ს-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებულ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ განხორციელებულ ცვლილებაზე, კერძოდ, „საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესზე“ და მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისათვის მთავარი იყო ო. ს-ის მხრიდან ,,ხელშეკრულების“ შეწყვეტის ნების გამოხატვა; სწორედ ეს იურიდიული მოქმედება დაედო ფაქტობრივ საფუძვლად ,,ხელშეკრულების“ შეწყვეტას; მეორეხარისხოვანია ის ფაქტი, რომ ,,ხელშეკრულების“ შეწყვეტის ფორმალური საფუძველი გახდა რამდენიმე დღით ადრე მისი გარდაცვალება, ვინაიდან ო. ს-ის გარდაცვალებით არ შეფერხებულა კანონმდებლის მიერ ,,ჯილდოს“ დაწესებით განსაზღვრული, ზემოთ აღნიშნული მიზნის მიღწევა და ამოცანის გადაჭრა. გარდა ამისა, ზოგადად, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კონტრაჰენტს მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა (სანქცია, ზიანის ანაზღაურება და ა.შ.), როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტა მისი ბრალით არის გამოწვეული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი ნონსენსია იმის მტკიცება, რომ ო. ს-ე ბრალეულია ,,ხელშეკრულების“ შეწყვეტაში მხოლოდ იმით, რომ იგი გარდაიცვალა, რის გამოც მას ვერ ჩამოერთმევა ,,წესით“ გათვალისწინებული ,,ჯილდოს“ მიღების უფლება. უდავოა, რომ ,,ჯილდოს“ მიღების უფლება შედიოდა ო. ს-ის სამკვიდროში, რომელიც, სამკვიდროს მიღებით გადავიდა მოსარჩელე (აპელანტ) თ. ს-ეზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 აგვისტოს №371-ე დადგენილებით განისაზღვრა საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი, რომლის პირველი მუხლი ადგენს, რომ „საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდო წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემელის სახით გადახდილ ფულად თანხას, რომელიც მასწავლებელს მიეცემა საჯარო სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის საფუძველზე." ამავე წესის მე-8 პუნქტი კი აკონკრეტებს, რომ საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესს, პირობებს, ეტაპებსა და ვადებს ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე 2019 წლის 8 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გამოსცა N1015 ბრძანება „საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის ფულადი ჯილდოს გადაცემის წესის, პირობების, ეტაპებისა და ვადების დადგენის შესახებ". ბრძანებით განისაზღვრა ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და შეთანხმების ნიმუში, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა საქართველოში მოქმედ ყველა საჯარო სკოლას. როგორც მთავრობის დადგენილებაში, ასევე, მინისტრის ბრძანებაში და მათ შორის მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ნათლად ჩანს, რომ ჯილდოს გაცემის წინაპირობაა საჯარო სკოლასა და საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტა. 2019 წლის 22 დეკემბერს ო. ს-ე გარდაიცვალა, რამაც გამოიწვია 2019 წლის 2 სექტემბრის N01-14/09 შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა. შესაბამისად, მხარეებს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ" ქვეპუნქტი. იმის გამო, რომ მხარეებს შორის დადებული შრომითი ურთიერთობა ვადაზე ადრე და სხვა საფუძვლით იქნა შეწყვეტილი, შესაბამისად, არ არსებობდა სკოლის მხრიდან ვალდებულების შესრულების წინაპირობა და უარი საპენსიო ჯილდოს ჩარიცხვაზე იყო კანონიერი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებულ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ განხორციელდა ცვლილება და 2019 წლის 6 აგვისტოს N371 დადგენილებით ამოქმედდა „საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი“. აღნიშნული წესის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდო არის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემელის სახით გადახდილი ფულადი თანხა, რომელიც მასწავლებელს მიეცემოდა საჯარო სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის საფუძველზე. ფულადი ჯილდოს მიღების მოთხოვნით განცხადების დაწერის უფლება ჰქონდა საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს მიაღწევდა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესს, პირობებს, ეტაპებსა და ვადებს ადგენდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ თავით გაუთვალისწინებელი შემთხვევების შესახებ ფულადი ჯილდოს ოდენობის დაანგარიშებასა და გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ამდენად, ზემოაღნიშნულ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებულ „სქემაში“ 2019 წლის 6 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებით ამოქმედებული „ჯილდოს გაცემის წესი“, შესაბამისი ფულადი ჯილდოს გაცემის სუბიექტად ადგენდა საჯარო სკოლაში დასაქმებულ, საპენსიო ასაკს მიღწეულ, პრაქტიკოსი სტატუსის მქონე მასწავლებელს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო. ს-ე დასაქმებული იყო სსიპ ... საჯარო სკოლაში ... პედაგოგად, 2019 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული №01-14/09 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მან განცხადებით მიმართა სსიპ „... საჯარო სკოლას“ და საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის კუთვნილი ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით, მხარეთა შორის 2019 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული №01-14/09 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა 2019 წლის 25 ნოემბრიდან.
2019 წლის 25 ნოემბერს, სსიპ ... საჯარო სკოლასა და ო. ს-ეს შორის დაიდო №1 შეთანხმება ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმებით განისაზღვრა: 1. „მასწავლებელი“ აცხადებს თანხმობას, ფულადი ჯილდოს (ბოლო სამი თვის განმავლობაში პრაქტიკოს მასწავლებლის მიერ ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლოს გადახდის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ჯერ ნამრავლი) მიღების მიზნით 2020 წლის 15 იანვრიდან შეწყვიტოს სკოლასთან გაფორმებული 2019 წლის 2 სექტემბრის №01-14/09 შრომითი ხელშეკრულება; 2. „სკოლა“ ვალდებულია 2019 წლის 31 დეკემბრამდე აუნაზღაუროს „მასწავლებელს“ ფულადი ჯილდო 13 733.18 ლარი; 3. მხარეები თანხმდებიან, რომ 2020 წლის 15 იანვრიდან შეწყდეს მხარეთა შორის 2019 წლის 2 სექტემბრის №01-14/09 შრომითი ხელშეკრულება; 4. მასწავლებელი იღებს ვალდებულებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში არ დასაქმდება არცერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე, მათ შორის მასწავლებლობის მაძიებლად, მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლად; 5. იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელი მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში, დასაქმდება ნებისმიერ საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე, მათ შორის მასწავლებლობის მაძიებლად, მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლად, იგი იღებს ვალდებულებას დასაქმებიდან 1 თვის ვადაში დააბრუნოს მასზე გაცემული ფულადი ჯილდო სრული ოდენობით; 6. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა წყდება ურთიერთშეთანხმების გზით ან სასამართლოს მეშვეობით; 7. შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად; 8. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია მხარეთა ხელმოწერის დღიდან.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ო. ს-ე გარდაიცვალა 2019 წლის 22 დეკემბერს.
2020 წლის 22 იანვარს, ნ. ს-ემ განცხადებით მიმართა სსიპ ... საჯარო სკოლას და მეუღლის - ო. ს-ისთვის განკუთვნილი ფულადი ჯილდოს მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის გადაცემა მოითხოვა.
სსიპ ... საჯარო სკოლამ 2020 წლის 24 იანვრის წერილით (რეგისტრაციის № MES 5 20074076) მიმართა ...ის რესურსცენტრის უფროსს და სსიპ ... საჯარო სკოლის ანგარიშზე დარიცხული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ო. ს-ისთვის განკუთვნილი ფულადი ჯილდოს 13733.18 ლარის განკარგვასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა მოითხოვა. კერძოდ, სკოლის მიერ მოთხოვნილ იქნა რეკომენდაცია ფულადი ჯილდოს გარდაცვლილი ო. ს-ის ოჯახისთვის გადაცემის ან სახელმწიფოსთვის დაბრუნების თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემის მიზნით, ...ის რესურსცენტრის უფროსმა, თავის მხრივ, 2020 წლის 27 იანვრის წერილით (რეგისტრაციის № MES 5 20077820) მიმართა საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა 2020 წლის 30 იანვრის სამსახურებრივი ბარათით (რეგისტრაციის № MES 5 20077820) მიმართა ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს და სსიპ ... საჯარო სკოლის ანგარიშზე ჩარიცხული გასაცემი ფულადი ჯილდოს განკარგვის საკითხზე სამართლებრივი განმარტება მოითხოვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2020 წლის 3 თებერვლის სამსახურებრივი ბარათით (რეგისტრაციის № MES 2 20 00116328) განმარტებულ იქნა, რომ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესის“ პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდო (შემდგომში - ფულადი ჯილდო) წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული ასიგნებიდან სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემლის სახით გადახდილ ფულად თანხას, რომელიც მასწავლებელს მიეცემა საჯარო სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. „საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის წესის, პირობების, ეტაპების და ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 9 აგვისტოს №1015 ბრძანების დანართით დამტკიცებული ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულების შაბლონის პირველი პუნქტის მიხედვით, მასწავლებელი აცხადებს თანხმობას ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით შეწყვიტოს სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი წერილის მიხედვით სკოლასა და დასაქმებულს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის გარდაცვალება) და არა ჯილდოს მიღების თაობაზე გაფორმებული შეთანხმება, სახეზე არ არის ჯილდოს მიღებისთვის აუცილებელი წინაპირობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 18 თებერვლის წერილით ...ის რესურსცენტრს, 2020 წლის 27 იანვრის № MES 5 20077820 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან სკოლასა და დასაქმებულს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის გარდაცვალება) და არა ჯილდოს მიღების თაობაზე გაფორმებული შეთანხმება, სახეზე არ არის ჯილდოს მიღებისთვის აუცილებელი წინაპირობა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 5 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით (რეგისტრაციის № ...) თ. ს-ემ, როგორც ო. ს-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა, მიიღო ო. ს-ის სამკვიდროში შემავალი აქტივები და პასივები სრულად.
2020 წლის 6 ოქტომბერს თ. ს-ემ განცხადებით (სამინისტროში რეგისტრაციის №1080925; 09.11.2020 წელი) მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ო. ს-ისთვის განკუთვნილი ფულადი ჯილდოს მისთვის, როგორც ო. ს-ის მემკვიდრისთვის, გადაცემა მოითხოვა. განცხადებაზე დართულ იქნა 2020 წლის 5 მაისის № ... სამკვიდრო მოწმობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 18 ნოემბრის №MES 820 0001104843 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ. ს-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის, როგორც საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდოს მიმღები პირის მემკვიდრის კანონიერი ინტერესის არსებობა დავის საგნისადმი ფულადი ჯილდოს მიღებასთან მიმართებაში.
სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მემკვიდრეობის მომწესრიგებელ ზოგად ნორმებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამრიგად, მემკვიდრე მემკვიდრეობის საფუძველზე იღებს მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის არსებულ უფლებებს და ეკისრება მისი მოვალეობები მიღებული სამკვიდროს ფარგლებში. თავის მხრივ, სამკვიდრო აქტივი მოიცავს არა მხოლოდ არსებულ მატერიალურ ქონებას, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც, მათ შორის, მემკვიდრეობით გადადის მამკვიდრებლის უფლებები. ამასთან, გამონაკლისის სახით, სამოქალაქო კოდექსის 1330-ე და 1332-ე მუხლებით განსაზღვრულია იმ სამართლებრივ სიკეთეთა ჩამონათვალი, რომლებიც მემკვიდრეობით გადაცემას არ ექვემდებარება. მათ შორის, დასახელებული კოდექსის 1330-ე მუხლი ადგენს, რომ სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სკოლაში დასაქმებულის საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის განკუთვნილი ფულადი ჯილდოს მიღება უკავშირდება ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით მასწავლებელსა და სკოლას შორის დადებულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მასწავლებელი ჯილდოს მიღების სანაცვლოდ წყვეტს შრომით ურთიერთობას სკოლასთან. ამდენად, ჯილდოს მიღების უფლება უკავშირდება მასწავლებლის ნებას - შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება სკოლასთან. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იმ გარემოებაზე აპელირებას, რომ სკოლასა და დასაქმებულს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის გარდაცვალება) და არა ჯილდოს მიღების თაობაზე გაფორმებული შეთანხმება და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია სტატუსიდან გამომდინარე უკვე ჩასახული, თუმცა არასრულყოფილად რეალიზებული ქონებრივი უფლებების მამკვიდრებლისთვის გადასვლის საკითხი. შესაბამისი ორგანოსადმი მიმართვის უფლების მნიშვნელობის, ასეთი უფლების გამოყენების კონკრეტული სუბიექტისადმი კუთვნილებისა და უკვე გამოხატული ნების პატივისცემიდან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელმა - ო. ს-ემ გარდაცვალებამდე განაცხადა სამართლებრივი პრეტენზია მისი სტატუსიდან გამომდინარე უფლებებზე. მან განცხადებით მიმართა სსიპ ... საჯარო სკოლას და საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის კუთვნილი ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით, მხარეთა შორის 2019 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული №01-14/09 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა 2019 წლის 25 ნოემბრიდან. 2019 წლის 25 ნოემბერს სსიპ ... საჯარო სკოლასა და ო. ს-ეს შორის დაიდო №1 შეთანხმება ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე. აღნიშნული უფლების გამოყენება და ამ გზით წარმოსაშობი არაპირადი ხასიათის ქონებრივი უფლებების დაცვის მცდელობა უნდა გაიმიჯნოს იმ შემთხვევისაგან, როდესაც მამკვიდრებელს საერთოდ არ მოუხდენია მისი უფლების რეალიზაცია და საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით არ მიუმართავს შესაბამისი უწყებისათვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედარებისათვის საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლთან მიმართებით. კერძოდ, ნაჩუქარი ქონების გამოთხოვის უფლება, როგორც არადამოუკიდებელი აღმჭურველი უფლება, მისი პერსონალური ხასიათიდან გამომდინარე, არ არის გადაცემადი უფლება, შესაბამისად, იგი არც მემკვიდრეობით გადადის, თუმცა თუ მჩუქებელი აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შემდეგ გარდაიცვალა, უკვე გაცხადებული გამოთხოვიდან გამომდინარე უფლებები გადადიან მჩუქებლის მემკვიდრეებზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის №ას-1050-2019 განჩინება).
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის განმარტებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის მამამ სიცოცხლეშივე სსიპ ... საჯარო სკოლისადმი მიმართვით, მისი პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსიდან გამომდინარე, დროულად მოახდინა მისი ქონებრივი უფლების რეალიზება, რასაც შედეგად მოჰყვა 2019 წლის 25 ნოემბერს სსიპ ... საჯარო სკოლასა და ო. ს-ეს შორის შეთანხმების დადება ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე, რომლის თანახმად, „მასწავლებელი“ აცხადებს თანხმობას, ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით 2020 წლის 15 იანვრიდან შეეწყვიტა სკოლასთან გაფორმებული 2019 წლის 2 სექტემბრის №01-14/09 შრომითი ხელშეკრულება, ხოლო, თავის მხრივ, „სკოლა“ იღებდა ვალდებულებას მოსარჩელის მამისთვის 2019 წლის 31 დეკემბრამდე აენაზღაურებინა ფულადი ჯილდო 13 733.18 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, დარჩენილი იყო მხოლოდ პროცედურული საკითხები, ფულის გადაცემის ხელშეკრულებით განსაზღვრული თარიღის დადგომა. ხელშეკრულებით დადასტურდა ქონებრივი უფლების არსებობა, რომელიც წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ „აქტივს“ და მისი დასრულების მოთხოვნის უფლება შედის სამკვიდროში. ამრიგად, საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე კონკრეტული საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელს სიცოცხლეშივე ჰქონდა რეალიზებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემის მოთხოვნა და გაფორმებული ხელშეკრულებით ფაქტობრივად, შეიქმნა აქტივი, რომელთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლების ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ იგი გარდაიცვალა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების თარიღის დადგომამდე და სკოლასთან ხელშეკრულება შეწყდა დათქმულ ვადაზე ადრე, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის გარდაცვალება) ვერ გახდება მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია და იგი გულისხმობს მესაკუთრეთა თავისუფლებას განკარგონ საკუთრების უფლება, მიიღონ მისგან სარგებელი და ამ მიზნით გაითვალისწინონ, გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული მათი საკუთრების უფლების დაცვის შესაძლებლობები. ამასთან, საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ; საჩივრის №7975/06). ,,საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება ,,არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა და ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და ,,კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, № 2527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლით დაცული უფლება არ მოიცავს საკუთრების მოპოვების უფლებას და მომავალი შემოსავალი მხოლოდ მაშინ განიხილება „საკუთრებად“, როდესაც ის უკვე გამომუშავებულია ან მასზე აღსრულებადი მოთხოვნა უკვე არსებობს (2000 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ამბრუსი იტალიის წინააღმდეგ“, საჩივარი №31227/96). ამასთან, „საკუთრების“ კონტექსტი ლიმიტირებულია არა მხოლოდ „არსებული საკუთრებით“, არამედ შესაძლებელია, მოიცავდეს აქტივებს და მოთხოვნებს, რომელთა დაკავშირებითაც მომჩივანს შეუძლია იდავოს, რომ აქვს სულ ცოტა გონივრული და „ლეგიტიმური მოლოდინი“, რათა მოიპოვოს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის შესაძლებლობა (დიდი პალატის 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „ლიხტენშტეინის პრინცი ჰანს-ადამ II გერმანიის წინააღმდეგ“, საჩივარი №42527/98, §83). მოლოდინი კი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ლეგიტიმურია, თუკი ემყარება საკანონმდებლო დანაწესს ან სამართლებრივ აქტს, რომელიც ეხება სადავო საკუთრებით ინტერესს (2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე „საღინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №18768/05, §103).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე