საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-495(კ-25) 18 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ფ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ფ-ამ 2023 წლის 03 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 16 ივნისის IDP 2 23 00000707 ბრძანების ბათილად ცნობისა და ზ. ფ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 16 ივნისის IDP 2 23 00000707 ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ფ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6 მუხლები და აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახის ცნებიდან გამომდინარე, პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ - ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად მუდმივად ცხოვრების ფაქტი. პალატის მსჯელობით, იმისათვის, რომ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა ჯგუფი განხილულ იქნეს დევნილ ოჯახად, ამ კანონის მიზნებისათვის, აუცილებელია ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას. საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დეტალურად მითითებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ აპელირებით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაცული ორგანოს პოზიცია ოჯახის ხელოვნური დაყოფის საფუძვლით ზ. ფ-ას ოჯახისათვის ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. მიუთითა, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის ვერიფიკაცია დასრულდა 2022 წლის 24 იანვარს, რომლის თანახმად ზ. ფ-ას ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 7.50, რაც საკმარისი იყო საკითხის გადაწყვეტისას ერთსულიანი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, მიიჩნევს, რომ ფაქტების არასათანადო შეფასების შედეგად საკითხი განხილული იქნა როგორც ზოგადად სოციალური დავა და აქტის კანონიერების ფარგლებში საკითხი არ შეფასებულა. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მოსარჩელემ 2021 წლის 9 აგვისტოს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, განაცხადი გაკეთდა მარტომ. განაცხადის დამუშავების შედეგად მოიპოვა წინასწარი შეფასებით 7.50 ქულა: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები (1 წევრი) - 1.5 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3.00 ქულა; საცხოვრებელი ფინანსური პირობები ნაქირავები - 1.50 ქულა; ომში დაღუპულის წევრი - 1.50 ქულა. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შეივსო კითხვარი და მის მიერ მითითებულ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგები და ასევე შეივსო შესაბამისი ფორმები. კასატორის განმარტებით, მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა მოსარჩელის მიერ ოჯახის ხელოვნური გაყოფა. მიუთითებს, რომ სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა 2022 წლის 11 მარტს განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ... N29, ჩაატარეს მონიტორინგი. მხარემ სამსახურს განუმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე 2019 წლიდან ცხოვრობს ქირით. გასაუბრებისას მიუთითა, რომ ჰყავს ერთი შვილი, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს თბილისში ...ის დევნილთა დასახლებაში. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას და ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მსჯელობის შემდგომ მიღებული იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება ოჯახის ხელოვნური გაყოფის მოტივით.
კასატორი აპელირებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის, დევნილთა მიმართ სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებების და დევნილთა უფლება - მოვალეობის მომწესრიგებელ ნორმაზე - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე და მე-13 მუხლზე, აქვე მიუთითებს მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01/30/ნ ბრძანებაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანება არის ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს, მასში გაწერილი საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურები ითვალისწინებს განაცხადის (აპლიკაციების) შევსებას, კითხვარის შედეგების გათვალისწინებით განმცხადებლებს მიენიჭებათ შესაბამისი ქულები. მისივე მსჯელობით, სააგენტო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. მისივე მსჯელობით, სააგენტო მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებას. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობის და კასაციის დაკმაყოფილების ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირის დევნილის მოწმობით დადგენილია, რომ ზ. ფ-ას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. დადგენილია, რომ ზ. ფ-ამ 2020 წლის 7 ოქტომბერს (№43594 განაცხადით), 2021 წლის 8 სექტემბერს (№70130 განაცხადით), 2023 წლის 22 ნოემბერს (№99585 განაცხადით) და 2024 წლის 9 თებერვალს (№132659 განაცხადით) მიმართა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით. №132659 განაცხადში მითითებულია, რომ ზ. ფ-ა სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო და განაცხადს აკეთებს თვითონ. ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია - ქალაქი ქუთაისი, ... გამზირი №64, ბ. №18; ქალაქი ქუთაისი, ... №29/25.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის 2021 წლის 13 დეკემბრის ამონაწერით დადგენილია, რომ ზ. ფ-ას ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000-ს, ხოლო მუდმივ საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია – ქალაქი ქუთაისი, ... ქუჩა (...ი); კორპუსი №25, ბინა №29. პირი აღნიშნულ მისამართზე აღრიცხულია 2021 წლიდან.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის 2022 წლის 4 აპრილის ამონაწერით ასევე დადგენილია, რომ ზ. ფ-ას ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000-ს, ხოლო მუდმივ საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია – ქალაქი ქუთაისი, ... ქუჩა (...ი); კორპუსი №25, ბინა №29. აღნიშნულ მისამართზე ოჯახის რეგისტრაციის თარიღად ფიქსირდება დეკლარაციის შევსების თარიღი 2018 წელი. სს „... ბანკის“ 2023 წლის 8 მაისიდან 2024 წლის 7 მაისამდე პერიოდის საბანკო ამონაწერით დადგენილია, რომ ზ. ფ-ას ბინის ქირისთვის ერიცხებოდა სოციალური დახმარება 100.57 ლარი.
დადგენილია, რომ 2022 წლის 11 მარტს მონიტორინგი განხორციელდა ქალაქი ქუთაისში, ... ქუჩა №29-ში (გარე შენობა - ნაგებობაში). გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგს ადგილზე დახვდა განმცხადებელი, ზ. ფ-ა, რომელიც ცხოვრობს ქირით (2019 წლიდან, მანამდე იხდიდა 1000 ლარს) კორპუსის ეზოში მდგომ შენობაში, რომელიც ეკუთვნის ზ. მ-ს. ჰყავს ერთი შვილი, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ...ის დევნილთა დასახლებაში ქირით. განმცხადებელს გარდაცვლილი ჰყავს ძმა - ა. ფ-ა, რომელიც 1993 წელს დახვრიტეს აფხაზეთში სეპარატისტებმა. განმცხადებელი პერიოდულად მუშაობს ავეჯის გადაზიდვაზე, ფიზიკურად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს 2020 წლის 1 ოქტომბრის №253/01-34 წერილით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს დახვრეტის შესახებ ინფორმაციით ეცნობა, რომ 35 წლის ა. ფ-ა, მცხოვრები სოფ. ...ში დახვრიტეს 1993 წელს აფხაზმა ბოევიკებმა. აღნიშნული ინფორმაცია ასევე დადგენილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს 2020 წლის 6 ოქტომბრის №01/204 ცნობით.
დადგენილია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის ვერიფიკაცია დასრულდა 2022 წლის 24 იანვარს, რომლის თანახმად ზ. ფ-ას ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 7.50.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის საფუძველზე, სააგენტოს 2023 წლის 16 ივნისის №IDP 2 23 00000707 ბრძანებით ზ. ფ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქალაქ ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო.
2023 წლის 18 ივლისს განმეორებით გაცემული №... განქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ ი. ს-ა და ზ. ფ-ა განქორწინდნენ 2012 წლის 1 მარტს. ი. ს-ასა და ზ. ფ-ას შვილს - ბ. ს-ას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი.
სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ რომელიც ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №292 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა, მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.
საქმის მასალების თანახმად, სააგენტოს 2023 წლის 16 ივნისის №IDP 2 23 00000707 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 03 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ზ. ფ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქალაქ ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ოჯახის ხელოვნური გაყოფის მოტივით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, აღნიშნულით განმარტებულია დევნილი ოჯახის ცნება და მითითებულია, რომ დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის ცნებიდან გამომდინარე, პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ - ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, იმისათვის, რომ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა ჯგუფი განხილულ იქნეს დევნილ ოჯახად, ამ კანონის მიზნებისათვის, აუცილებელია ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ ზ. ფ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურ გაყოფას. კერძოდ, დადგენილია, რომ ზ. ფ-ამ 2021 წლის 8 სექტემბერს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. 2022 წლის 11 მარტს მონიტორინგი განხორციელდა ქალაქი ქუთაისში, ... ქუჩა №29-ში, გარე შენობა - ნაგებობაში. გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგს ადგილზე დახვდა განმცხადებელი ზ. ფ-ა, რომელიც ცხოვრობს ქირით (2019 წლიდან, მანამდე იხდიდა 1000 ლარს) კორპუსის ეზოში მდგომ შენობაში, რომელიც ეკუთვნის ზ. მ-ს (მ. მ-ს 11.02.2022 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე). საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის ვერიფიკაცია დასრულდა 2022 წლის 24 იანვარს, რომლის თანახმად ზ. ფ-ას ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 7.50. დადგენილია, რომ ი. ს-ა და ზ. ფ-ა განქორწინდნენ 2012 წლის 1 მარტს. ი. ს-ასა და ზ. ფ-ას შვილს - ბ. ს-ას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი, დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად რეგისტრირებულია ქ. ქუთაისი, ... გამზ. N64, ბ. N18. ი. ს-ას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი, დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად რეგისტრირებული ქ. ქუთაისი, ... გამზ. N64, ბ. N18. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 4 აპრილის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ზ. ფ-ას ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000-ს, ხოლო მუდმივ საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია – ქალაქი ქუთაისი, ... ქუჩა (...ი); კორპუსი №25, ბინა №29. აღნიშნულ მისამართზე ოჯახის რეგისტრაციის თარიღად ფიქსირდება დეკლარაციის შევსების თარიღი 2018 წელი. ამასთან, აღნიშნულ მისამართზე ოჯახის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ზ. ფ-ა.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-308-304 (2კ-14)), სადაც განმარტებულია, რომ „ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში“.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა ზ. ფ-ას მიერ ოჯახის ხელოვნურად გაყოფა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელებული დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების შედეგებით არ დადასტურდა მოსარჩელის საცხოვრებლის დაკმაყოფილების გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი