საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-68(კ-25) 22 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ა. ფ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - ა. ფ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, ა. ფ-ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
სარჩელის თანახმად, 2021 წლის 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ფ-ეს შორის გაფორმდა „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი“. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 5 ივნისიდან 2025 წლის 5 ივნისამდე პერიოდით. ამავე ხელშეკრულების 6.4 პუნქტით კი განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ა. ფ-ეს დაეკისრებოდა ფინანსური პასუხისმგებლობა, კერძოდ, ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 13 მაისის №1939 ბრძანებით, მოპასუხე პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. ამდენად, მოსარჩელემ ხაზი გაუსვა, რომ ა. ფ-ის სამხედრო სამსახურში ყოფნის ხანგრძლივობამ შეადგინა 10 თვე და 28 დღე და ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო, მასზე ვრცელდებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობა, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია.
ხელვაჩაურის რაიონულის სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. ფ-ეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა.
ხელვაჩაურის რაიონულის სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონულის სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ფ-ე 2021 წლის 5 ივნისიდან 2025 წლის 5 ივნისამდე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-... ... ბრიგადის ...-ე ქვეითი ... ბატალიონის მე-... მსუბუქი ქვეითი ასეულის ... . კონტრაქტის 2.1 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 4 კალენდარული წლით. ამავე კონტრაქტის 6.4. ქვეპუნქტით კი, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნილისთვის განისაზღვრა ფინანსური ვალდებულება 2000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 13 მაისის №MOD 0 22 00001939 ბრძანებით, ა. ფ-ე, 2022 წლის 5 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. ა. ფ-ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე სამხედრო სამსახურში ყოფნის ხანგრძლივობამ შეადგინა - 10 (ათი) თვე და 28 (ოცდარვა) დღე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული 2021 წლის 4 ივნისის №22/21 კონტრაქტი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 6.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასაბუთება, რომ ჯარიმის 2000 (ორი ათასი) ლარით განსაზღვრა შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში ამყოფებდა სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდიდა კონტრაქტორზე, რის გამოც ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირება 1000 ლარამდე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანთან შესაბამისად მიიჩნია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 420-ე მუხლის დანაწესი, ვინაიდან თანხა, რომელსაც სამინისტრო მოპასუხისგან ითხოვდა, წარმოადგენდა ერთჯერად საჯარიმო სანქციას, რომელიც კონტრაქტის დარღვევისთვის ეკისრებოდა კონკრეტულ პირს.
კასატორი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1.4.1 და 1.5.1 მუხლებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავზე (რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედროს სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს) მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეზე ვრცელდებოდა ზემოაღნიშნული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავის პირველი პრიმა პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენდა კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება იყო უსაფუძვლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ა. ფ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო ა. ფ-ეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება ა. ფ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 1000 ლარის დაკისრების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია ა. ფ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის 2021 წლის 8 ივნისის №MOD 0 21 00000913 ბრძანებით, რეზერვის რიგით ა. ფ-ეს გაუფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №44 ბრძანებით დამტკიცებული №22/21 „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი“ 2021 წლის 5 ივნისიდან 2025 წლის 5 ივნისამდე და 2021 წლის 5 ივნისიდან დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-... ... ბრიგადის ...-ე ქვეითი ... ბატალიონის მე-... მსუბუქი ქვეითი ასეულის .... კონტრაქტის 2.1 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 4 კალენდარული წლით. ამავე კონტრაქტის 6.4. ქვეპუნქტით კი განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს კონტრაქტი ვადამდე შეწყდებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებდა ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, აქტიური სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნილს ეკისრებოდა ვალდებულება სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ გადაეხადა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, ამ კონტრაქტის შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 13 მაისის №MOD 0 22 00001939 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-... ... ბრიგადის ...-ე ქვეითი ... ბატალიონის ... მსუბუქი ქვეითი ასეულის ..., აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული რიგითი ა. ფ-ე, 2022 წლის 5 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №MOD 3 18 00000965 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამდენად, დადგენილია, რომ ა. ფ-ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე სამხედრო სამსახურში ყოფნის ხანგრძლივობამ შეადგინა - 10 (ათი) თვე და 28 (ოცდარვა) დღე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2021 წლის 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ფ-ეს შორის გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული ჯარიმა, მისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ჯარიმას, როგორც ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას (იხ. სუსგ 11.07.2012წ. საქმე №ბს-175-173(კ-12) და სხვ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 06.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
რაც შეეხება კანონისმიერ პირგასამტეხლოს, საყურადღებოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ 02.02.2015წ. საქმე №ას-1171-1116-2014).
როგორც უკვე აღინიშნა, 2021 წლის 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ფ-ეს შორის გაფორმებული კონტრაქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს (დამტკიცებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით), შესაბამისად, კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს განხილული, რომლის შემცირება დასაშვებია. აღნიშნულ მსჯელობას ასევე ადასტურებს ამჟამად მოქმედი თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდება ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“−„ვ“, „ი“−„ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით, აღნიშნული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 1 500 ლარიდან 28 000 ლარამდე ოდენობით, თუკი მასთან გაფორმებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონტრაქტი კონკრეტული ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს.
პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე, რაც სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერება. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო პირის ქონებრივი, არამედ - ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 8 ივნისს გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ა. ფ-ის პირადი პატაკის საფუძველზე, რაც ამავე კონტრაქტის მიხედვით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ, მართალია, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს სახის – ჯარიმის ოდენობა, მაგრამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა და იგი მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა