Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-660(კ-25) 22 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ქ-ა, ნა. ქ-ა, ი. ქ-ა, მ. ა-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ქ-ამ, ნა. ქ-ამ, ი. ქ-ამ და მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს №IDP 4 23 00873297 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ადმინისტრაციული დაპირება; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელეთა მოთხოვნა სამი დამოუკიდებელი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, კერძოდ, ნ. ქ-ა - ერთოთახიანი ბინით; ნა. ქ-ა - ერთოთახიანი ბინით; ი. ქ-ა და მ. ა-ი - ასევე, ერთი ერთოთახიანი ბინით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ას, ნა. ქ-ას, ი. ქ-ას და მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს №IDP 4 23 00873297 ადმინისტრაციული დაპირება. დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელეთა მოთხოვნა სამი დამოუკიდებელი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, კერძოდ, ნ. ქ-ას - ერთოთახიანი ბინით; ნა. ქ-ას - ერთოთახიანი ბინით; ი. ქ-ას და მ. ა-ის - ერთი ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილების შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, სააგენტოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და შეფასებული საკითხი. თავდაპირველად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 4 ივნისის სხდომაზე (ოქმი №27), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, განისაზღვრა ქ. თბილისში დასახური ნგრევადი ობიექტების ნუსხა (მათ შორის, ქ. თბილისი, ..., ... ქ.), საიდანაც განხორციელდებოდა დევნილთა კრიტერიუმების გარეშე განსახლება. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 05 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №39) მიღებული გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ... „...ი“-ში მცხოვრებ ნ. ქ-ას 4-სულიან ოჯახს თანხმობა ეთქვა 2 (ორი) ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე. მიღებული გადაწყვეტილება მხარემ გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 10.02.2020 წლის №03/2550 აქტი, წერილობითი თანხმობა, მიღება-ჩაბარების აქტი და სააგენტოს მოსარჩელეების, როგორც სამი დამოუკიდებელი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვა დაევალა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი უზენაესი სასამართლოს განჩინებით. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 14 აგვისტოს სხდომის (ოქმი №54) გადაწყვეტილებით, სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, მითითებულ ოჯახს თანხმობა ეთქვა 2 (ორი) ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე. მოცემულ ეტაპზე, გასანაწილებელი ფართების არარსებობის გამო, აღნიშნული ოჯახის მიმართ გამოიცა ადმინისტრაციული დაპირება, ქ. თბილისში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები აპელირებენ და მოთხოვნას ამყარებენ იმ გარემოებაზე, რომ ისინი წარმოადგენენ ცალკე ოჯახს. ამასთან, არაერთი მონიტორინგის განხორციელებისას და აღწერის ფორმის შევსებისას, ადგილზე იმყოფებოდა ოჯახის სამი სრულწლოვანი წევრი: ნ. ქ-ა, ნა. ქ-ა და მ. ა-ი. არცერთს, ამ პირთაგან მონიტორინგის თანამშრომელთათვის არ განუცხადებია, რომ ცალკე ოჯახებად თვლიან თავს და ითხოვენ ცალ-ცალკე დაკმაყოფილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება აუცილებლად იქნებოდა მითითებული აღწერის ფორმაში. უფრო მეტიც, ნ. ქ-ამ თავი ოჯახის უფროსად წარადგინა და მონიტორინგის მიერ შევსებულ ფორმას, სადაც დეტალურადაა მოცემული ოჯახის წევრებისა და მათი მდგომარების შესახებ ინფორმაცია, ხელი მოაწერა, რითაც აღნიშნული ინფორმაციის სისწორე და ნამდვილობა დაადასტურა. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები ეფუძნება დევნილების გადაწყვეტილების ნებაყოფლობისა და თავისუფალი არჩევანის პრინციპს, რომლის გათვალისწინებით, დევნილები საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ნებაყოფლობით და ზეგავლენის გარეშე იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით. მოქმედი კანონმდებლობა, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას.

საქმის გარემოებების გამოსაკვლევად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა. აღნიშნული ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად. სააგენტოს მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნა ზედმიწევნით იქნა შესრულებული, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას, ფაქტების დეტალურ შესწავლას და მხოლოდ ამის შემდგომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2024-2025 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებაზე (დღეს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებზე) მითითებით კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებას, რომელიც არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ნ. ქ-ა, ნა. ქ-ა, მ. ა-ი და ი. ქ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები აფხაზეთიდან (ტ.1, ს.ფ. 62-68); ბ) ნ. ქ-ას სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით (სარეგისტრაციო ნომერი - ...), იგი დაიბადა ... წლის ... ...ს მარტვილში, დევნილია 1992-1993 წლიდან. იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - აფხაზეთი, ...ში, სოფ. ...ი, ხოლო დროებით და ფაქტობრივ ადგილად - ქ. თბილისი, ...ი, ...ა, ...ი. ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია - ... (ტ.1,ს.ფ. 65); გ) ნა. ქ-ას სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით (სარეგისტრაციო ნომერი: ...), იგი დაიბადა ... წლის ... ...ს ...ში, დევნილია 1992-1993 წლიდან. იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - აფხაზეთი, ...ში, სოფ. ...ი, ხოლო დროებით და ფაქტობრივ ადგილად - ქ. თბილისი, ...ი, ...ა, ...ი. ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია - ... (ტ.1, ს.ფ. 66); დ) მ. ა-ის სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით (სარეგისტრაციო ნომერი: ...), იგი დაიბადა 2000 წლის 18 სექტემბერს ქ. თბილისში, დევნილია 1992-1993 წლიდან. იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - აფხაზეთი, ...ში, სოფ. ...ი, ხოლო დროებით და ფაქტობრივ ადგილად - ქ. თბილისი, ...ი, ...ა, ...ი. ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია - ... (ტ.1, ს.ფ. 67); ე) ი. ქ-ას სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით (სარეგისტრაციო ნომერი: ...), იგი დაიბადა ... წლის ... ...ს მარტვილში, დევნილია 1992-1993 წლიდან. იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - აფხაზეთი, ...ში, სოფ. ...ი, ხოლო დროებით და ფაქტობრივ ადგილად - ქ. თბილისი, ...ი, ...ა, ...ი. ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია - ... (ტ.1, ს.ფ. 68); ვ) 2019 წლის 19 ოქტომბრის ,,საცხოვრებელი ფართის მიღებაზე №259 დევნილის წერილობითი თანხმობის’’ თანახმად, დევნილმა ოჯახმა - ნ. ქ-ამ (ოჯახის №...), ნა. ქ-ამ (ოჯახის №...), ი. ქ-ამ და მ. ა-მა (ოჯახის №...) განაცხადეს თანხმობა მიიღონ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის საფუძველზე განაწილებული 2 ოთახიანი საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ...ი, ... ქ. №26, B სადარბაზო, მე-12 სართული, ბინა №73. 2019 წლის 19 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსმა, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში გადასცა, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახმა (შემადგენლობით - ნ. ქ-ამ (ოჯახის №...), ნა. ქ-ამ (ოჯახის №...), ი. ქ-ამ და მ. ა-მა (ოჯახის №...)) ჩაიბარა ქ. თბილისში, ...ში, ... ქ. №26, B სადარბაზო, მე-12 სართულზე, ბინა №73-ში მდებარე ორ ოთახიანი საცხოვრებელი ფართი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის №03/2550 აქტით, ნ. ქ-ას, ნა. ქ-ას და ი. ქ-ას ეცნობა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმის შესაბამისად, ნ. ქ-ას, ნა. ქ-ას, ი. ქ-ას და მ. ა-ის ოჯახს გადაეცა 2 (ორი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ხელახლა განეხილა მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებელი პირობები. მოსარჩელეებმა - ნ. ქ-ამ, ნა. ქ-ამ, ი. ქ-ამ და მ. ა-მა, 2021 წლის 19 მაისს №25582 განცხადებით მიმართეს სსიპ ,,დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მიუთითეს, რომ 1993 წლიდან ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...ში, ...ში მდებარე სხვადასხვა ფართებში და რეგისტრირებული იყვნენ სხვადასხვა ოჯახებად, ანუ სხვადასხვა ნომრებად, რეგისტრირებულები იყვნენ ცალ-ცალკე კომუნალური გადასახადების გადამხდელად, არიან სრულიად დამოუკიდებელი სამი ოჯახი, რომლებსაც გარდა იმისა, რომ არიან ნათესავები, არა აქვთ საერთო არაფერი. მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსმა უკანონოდ მოაწერინა ხელი რაღაც დოკუმენტზე, ე.წ. თანხმობაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე №259, რომლის თანახმად ისინი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი ოჯახი მიიღებდა ერთ საცხოვრებელ ორ ოთახიან ბინას, რაც მათი აზრით წარმოადგენდა უფლებების უხეშ დარღვევას და დისკრიმინაციას. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 3 ივნისის №03/9053 წერილით, მოსარჩელეთა წარმომადგენელს - ზ. დ-ეს, 2021 წლის 19 მაისს წარდგენილ №25582 განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის შესაბამისად, ნ. ქ-ას ოჯახს თანხმობა ეთქვა 2 (ორი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რის გამოც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ხელახლა განეხილა ნ. ქ-ას ოჯახის საცხოვრებელი პირობები (ტ.1, ს.ფ. 19-42); ზ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიამ განიხილა ნ. ქ-ას, ნა. ქ-ას, ი. ქ-ას და მ. ა-ის სარჩელი შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: 1) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, 2020 წლის 10 თებერვალს მიღებული №03/2550 ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც უარი ეთქვათ მოთხოვნაზე; 2) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი №39; 3) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის“ სახელზე, 2019 წლის 19 ოქტომბერს შედგენილი - „საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობა №259“; 4) ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 19 ოქტომბრის №259 მიღება-ჩაბარების აქტი; 5) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, 2021 წლის 3 ივნისს მიღებული ადმინისტრაციული აქტი №03/9053, რომლითაც უარი ეთქვა მათ მოთხოვნაზე; 6) დაევალოს მოპასუხეს, კანონით დადგენილ უმოკლეს ვადებში შეისწავლოს მოსარჩელეების ოჯახების მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი კანონიერი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით მათი, როგორც სამი დამოუკიდებელი ოჯახის ინტერესები (ტ.1, ს.ფ.19-42); თ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №3/1538-20) ნ. ქ-ას, ნა. ქ-ას, ი. ქ-ას და მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის №03/2550 აქტი; ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 19 ოქტომბრის საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობა №259; ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 19 ოქტომბრის №259 მიღება-ჩაბარების აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 3 ივნისის №03/9053 აქტი; მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელეების - ნ. ქ-ას, ნა. ქ-ას, ი. ქ-ას და მ. ა-ის, როგორც სამი დამოუკიდებელი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვა (ტ.1, ს.ფ.19-42); ი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბერის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 270-284). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით (საქმე №ბს-2(კ-23)) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბერის განჩინება (ტ.1, ს.ფ. 286-290); კ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2023 წლის 8 ივნისს განხორციელდა ნა. ქ-ას ოჯახის მონიტორინგი მისამართზე - ქ. თბილისში, ...ა, ...ი, მე-2 სართული. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, განმცხადებელი 1993 წლიდან ცხოვრობს აღნიშულ მისამართზე შვილთან - ნ. და შვილიშვილთან - მ. ა-თან ერთად. განმცხადებელი შვილთან - ნ., მეორე შვილთან - ი. და შვილიშვილთან - მ. ერთად დაკმაყოფილდა ბინით, თუმცა ოჯახმა უარი განაცხადა ერთად დაკმაყოფილებაზე და ითხოვენ ცალ-ცალკე ბინით დაკმაყოფილებას. ოჯახს შენობის მე-2 სართულზე აქვს რამდენიმე ოთახი დაკავებული, საერთო სამზარეულოთ (ტ.1, ს.ფ. 292-295); ლ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2023 წლის 8 ივნისს განხორციელდა ი. ქ-ას ოჯახის მონიტორინგი მისამართზე - ქ. თბილისში, ...ა, ...ი, მე-2 სართული. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, განმცხადებელი 1993 წლიდან ცხოვრობს აღნიშულ მისამართზე. იმყოფება იტალიაში სამუშაოდ. მისამართზე გამოცხადდა განმცხადებლის შვილი. შენობაში, ოჯახის განმარტებით, ცხოვრობენ ასევე განმცხადებლის დედა (მონიტორინგის დროს იმყოფებოდა მისამართზე) და განმცხადებლის ძმა - ნ. ქ-ა (მონიტორინგის დროს არ იმყოფებოდა მისამართზე). განმცხადებლის მეუღლე არის გარდაცვლილი. შენობაში სამზარეულო არის საერთო, სველი წერტილი არ არის (ტ.1, ს.ფ. 296-299); მ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2023 წლის 12 ივნისს განხორციელდა ნ. ქ-ას ოჯახის მონიტორინგი მისამართზე - ქ. თბილისში, ...ა, ...ი, მე-2 სართული. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, განმცხადებელი 1993 წლიდან ცხოვრობს აღნიშულ მისამართზე. განმცხადებელი დედასთან - ნ., დასთან - ი. და დიშვილთან - მ. ერთად დაკმაყოფილდა ბინით, თუმცა ოჯახმა უარი განაცხადა ერთად დაკმაყოფილებაზე და ითხოვენ ცალ-ცალკე (3 ოჯახად) ბინით დაკმაყოფილებას. ოჯახს შენობის მე-2 სართულზე აქვს რამდენიმე ოთახი დაკავებული, საერთო სამზარეულოთ. სველი წერტილი არ არის. ნ. ქ-ა არის ომის ვეტერანი. ნ. ქ-ას ყოფილი მეუღლე შვილთან ერთად დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით (ტ.1, ს.ფ. 300-303); ნ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 14 აგვისტოს №54 სხდომის ოქმით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, კომისიამ განიხილა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხი და ნ. ქ-ა (ოჯახი №...), ნა. ქ-ა (ოჯახი №...), ი. ქ-ა (ოჯახი №...) და მ. ა-ი (ოჯახი №...) დაკმაყოფილდნენ 2 ოთახიანი საცხოვრებელი ფართით (ტ.1, ს.ფ. 304-307); პ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს №IDP 4 23 00873297 ადმინისტრაციული დაპირებით ნ. ქ-ას, ნა. ქ-ას, ი. ქ-ას და მ. ა-ს განემარტათ, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, თანხმობა ეთქვათ ქ. თბილისში, საცხოვრებელი ფართით (ფართის საორიენტაციო სტანდარტი 50-დან 60 კვ.მ-მდე) დაკმაყოფილებაზე. მოცემულ ეტაპზე გასანაწილებელი შესაბამისი საცხოვრებელი ფართების არარსებობის გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მხარეებს ეცნობათ, რომ ოჯახი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი იქნება პირველივე შესაძლებლობისთანავე, სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული შესაბამისი ბინების ჩაბარების შემდეგ. ამასთან, სააგენტოში შესაბამისი საბინაო რესურსის შექმნამდე ოჯახი უფლებამოსილია წარადგინოს ქ. თბილისში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ინდივიდუალურ უძრავ ქონებად რეგისტრირებული ფართი (ბინა), რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისყიდის სააგენტო, არაუმეტეს 600 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, ერთ კვადრატულ მეტრზე. განიმარტა ასევე, რომ ოჯახის მიერ მოძიებული შესაბამისი საცხოვრებლის შესასყიდად წარდგენამდე, შესაბამისი საბინაო ფონდის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტო ოჯახს შესთავაზებს საცხოვრებელ ფართ, რომელზე უარის თქმის შემთხვევაში, წინამდებარე ადმინისტრაციული დაპირება ძალადაკარგულად გამოცხადდება (ტ.1, ს.ფ. 308).

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

ამავე „წესის“ მე-6 მუხლით კი, დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №9 დანართის შესაბამისად. საყურადღებოა, რომ №9 დანართი ადგენს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებს დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით. „წესის“ მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემული ან სააგენტოს მიერ შესყიდული/რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის ფარგლებში დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას, კომისიამ, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გაითვალისწინოს დევნილთა ადგილობრივი განსახლების აუცილებლობა, რათა მოხდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დევნილი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელთან იმ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეები - ნ. ქ-ა, ნა. ქ-ა, ი. ქ-ა და მ. ა-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი, სამინისტროში არიან დამოუკიდებელ ოჯახად რეგისტრირებულნი და მინიჭებული აქვთ სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომრები, კერძოდ, ნ. ქ-ას ოჯახი რეგისტრირებულია ... ნომრით, ნა. ქ-ას ოჯახი ... ნომრით, ხოლო ი. ქ-ას და მ. ა-ის ოჯახი ... ნომრით. მოსარჩელეები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოაზრებული იქნენ ერთ ოჯახად და აღნიშნულის გამო, დაკმაყოფილდნენ 2-ოთახიანი საცხოვრებელი ფართით, მიუხედავად მათი დევნილის რეგისტრაციის სხვადასხვა ნომრებისა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტსა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელთა თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით კი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა. კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 1.2 მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული დანაწესი ვრცელდება აგრეთვე ადმინისტრაციულ წესით განსახილველ საქმეებზეც (იხ. სუს-ს 2019 წლის 12 ივნისის №ბს-1201(კ-18) გადაწყვეტილება).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებაში (საქმე №ბს-2(კ-23), რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე №3/1538-20) შევიდა კანონიერ ძალაში) აღნიშნულია შემდეგი: „გარდა ოჯახის სარეგისტრაციო ნომრისა, უდავოა, რომ მოსარჩელეები ეწევიან ინდივიდუალურ საოჯახო მეურნეობას, რასაც ცხადყოფს ცალ-ცალკე აბონენტებად მათი რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების დამოუკიდებლად გადახდა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მხოლოდ 2019 წლის 7 ივნისს შედგენილი აღწერის ფორმა ვერ ადასტურებს მოსარჩელეთა ერთ ოჯახად თანაცხოვრების ფაქტს, რამდენადაც სწორედ აღნიშნული ფორმიდან დგინდება, რომ ოთხი დევნილი პირიდან სამს აქვს განსხვავებული სარეგისტრაციო ნომერი და ამასთან, მათ მიერ მოკავებული ოთახების რაოდენობა შეადგენს ოთხს, ფართით დაახლოებით 120 კვ.მ ოდენობით. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ოჯახებს და ცხოვრობენ ერთმანეთისგან იზოლირებულ ცალ-ცალკე ოთახებში. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეებს გააჩნდათ საკმარისი საფუძველი, როგორც სამ დამოუკიდებელ ოჯახს, მოეთხოვათ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა“.

ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ოჯახებს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/1538-20) მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელეების - ნ. ქ-ას, ნა. ქ-ას, ი. ქ-ას და მ. ა-ის, როგორც სამი დამოუკიდებელი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვა (ტ.1, ს.ფ.19-42). შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო არა თუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო განეხორციელებინა მისი აღსრულება სასამართლო აქტში მითითებულ ფარგლებში, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა, კერძოდ, სადავო ადმინისტრაციული დაპირებით მოსარჩელე მხარეს, როგორც ერთ ოჯახს, გადაეცა 2-ოთახიანი საცხოვრებელი სახლი, ხოლო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ნ. ქ-ას, ნა. ქ-ას, ი. ქ-ას და მ. ა-ის, როგორც სამი დამოუკიდებელი ოჯახის, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული გარემოებები არ აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს იმის საფუძველს, რომ მიეღო გადაწყვეტილება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამ სახით აღსრულების შესახებ, მაშინ როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილებით ცალსახად იქნა განმარტებული მოსარჩელეთა, როგორც სამი დამოუკიდებელი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვა. შესაბამისად, ადმინისტრაციული დაპირება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტარციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ ისინი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, ქ. თბილისში, საცხოვრებელი ფართით (ფართის საორიენტაციო სტანდარტი 50-დან 60 კვ.მ-მდე), დაკმაყოფილდებოდნენ არა, როგორც სამი დამოუკიდებელი, არამედ როგორც ერთი მთლიანი ოჯახი, ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც მართებულად იქნა აღნიშნული დაპირება ბათილად ცნობილი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს, გამოსცეს ახალი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელეთა მოთხოვნა სამი დამოუკიდებელი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე