Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-59(კ-24) 03 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2023წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. შ-მა 16.12.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.08.2020წ. №000290 დადგენილებისა და „გ. შ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.11.2020წ. №1583 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.04.2022წ. გადაწყვეტილებით გ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გ. შ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.04.2022წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2023წ. გადაწყვეტილებით გ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.04.2022წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა) გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.08.2020წ. №000290 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გ. შ-ის 4 000 (ოთხი ათასი) ლარის დაჯარიმების ნაწილში; ბ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.08.2020წ. №000290 დადგენილების მე-2 პუნქტი (რომლითაც გ. შ-ს დაევალა ქ. თბილისში, ... ქ. №25, კორპ. №6, ბინა №156-ში მდებარე უძრავი ქონების აივანზე უნებართვოდ განთავსებული ლითონის გისოსის დემონტაჟი) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; გ) გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.11.2020წ. №1583 ბრძანება; დ) საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე გ. შ-ი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებზე, კერძოდ ქ. თბილისში, ... ქ. №25, კორპუსი №6-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., ბინა №156, ფართი 54.00 კვ.მ., 2009 წლის 20 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ. შ-ის სახელზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გ. შ-ის მიმართ 27.02.2020წ. შედგენილ იქნა მითითება №000290, რომლის თანახმად სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ... ქ. №25, კორპ. №6, ბინა №156-ში (ს/კ: №...) არსებულ აივანზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის გისოსის განთავსება. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, გ. შ-ს დაევალა მოეხდინა ლითონის გისოსის დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით ან წარედგინა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 16.03.2020წ. შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №000290, რომლითაც დადგინდა, რომ გ. შ-ის მიერ არ იქნა შესრულებული 27.02.2020წ. №000290 მითითების პირობები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის 29.06.2020წ. №4-3/158-გ/20 ბრძანებით, ამავე სამსახურის 27.02.2020წ. №000290 მითითების საფუძველზე გ. შ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა ორი თვით, კერძოდ, აღნიშნული ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 29 ივნისიდან 2020 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 27.08.2020წ. მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ გ. შ-ის მიერ არ განხორციელდა ამავე სამსახურის 27.02.2020წ. №000290 მითითებით გათვალისწინებული ლითონის გისოსის დემონტაჟი და არ იქნა წარდგენილი განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 27.08.2020წ. მიღებული იქნა №000290 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად, გ. შ-ი დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ... ქ. №25, კორპ. №6, ბინა №156-ში (ს/კ No...) მდებარე უძრავი ქონების აივანზე უნებართვოდ განთავსებული ლითონის გისოსისათვის, ამავე დადგენილებით გ. შ-ს დაევალა უნებართვოდ განთავსებული ლითონის გისოსის დემონტაჟი. 05.10.2020წ. გ. შ-მა №19/01202791797-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.08.2020წ. №000290 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.11.2020წ. №1583 ბრძანებით, გ. შ-ის 05.10.2020წ. №19/01202791797-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.08.2020წ. №000290 დადგენილება. საქმეში წარმოდგენილია ... ქ. №25, კორპუსი №6, მე-8 სადარბაზოს მაცხოვრებლების ხელწერილი, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ამავე სადარბაზოში არსებული №156 ბინის აივანზე დამონტაჟებული მოძრავი ჟალუზები გაკეთებულია 1977 წელს იმ დროინდელი ბინის მესაკუთრის, აწ გარდაცვლილი - ნ. კ-ის მიერ.

სააპელაციო პალატამ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მოიხმო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 94-ე მუხლი, 122-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 123-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 125-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 127-ე მუხლი, 131-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილები, საქართველოს მთავრობის 31.05.2019წ. №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ დანართი №1, საქართველოს მთავრობის 09.03.2020წ. №153 დადგენილებით დამტკიცებული „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ მე-6 პუნქტი, ასკ-ის მე-2, 22-ე და და 264-ე მუხლები, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაში დამკვიდრებული განმარტებები მსგავს საკითხებთან დაკავშირებით (იხ. სუსგ, ბს-126-125(კ12), 12.06.2012წ.; სუსგ., ბს-360-357(2კ-17), 19.10.2017წ.; სუსგ., ბს-468-465 (კ-17), 21.01.2020წ; ბს-504-504(3კ-18) 13.07.2022წ.). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მშენებლობა უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, დაინტერესებულმა პირმა მშენებლობის განხორციელებისათვის სათანადო წესით უნდა მოიპოვოს ნებართვა. სადავო უძრავი ქონების აივანზე განთავსებულია ლითონის გისოსი, აღნიშნული საჭიროებდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ სანებართვო დოკუმენტაციას შეტყობინების გზით შეთანხმების სახით. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ლითონის გისოსის არსებობის ფაქტს, თუმცა განმარტავს, რომ არ არსებობდა მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული გისოსების დამონტაჟება ჯერ კიდევ 1977 წელს ყოფილი მესაკუთრეების მიერ, რომელიც დასტურდებოდა მეზობლების ხელწერილით. დადგენილია, რომ გ. შ-ს პასუხისმგებლობა დაეკისრა როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეს, ვინაიდან უტყუარად ვერ დადგინდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი. მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი მაშინ არის სახეზე, როდესაც იგი მისთვის დადგენილ ვადაში არ ასრულებს მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ ახორციელებს ამავე დოკუმენტით დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვრას. მოცემულ შემთხვევაში, მესაკუთრე, მართალია, არ წარმოადგენს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, მაგრამ მის ვალდებულებას ამავდროულად წარმოადგენს, სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვის უზრუნველყოფა. გ. შ-ის პასუხისმგებლობის საფუძვლებს წარმოშობს მისი უმოქმედობა, რამდენადაც მის მიერ, როგორც მესაკუთრის მიერ, არ იქნა შესრულებული მუნიციპალური ინსპექციის 27.02.2020წ. №000290 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მეზობლების ხელწერილთან დაკავშირებით გისოსების 1977 წელს წინა მესაკუთრეების მიერ დამონტაჟების თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული პირების ახსნა-განმარტებები არ არის კანონის შესაბამისად ჩამორთმეული, ისინი არ გაფრთხილებულან ცრუ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მოსალოდნელ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ამავდროულად, არც ნოტარიუსის მიერ იქნა დამოწმებული წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობა, რის გამოც ამგვარი განმარტება ვერ ჩაითვლება უტყუარ მტკიცებულებად. აღნიშნულის მიუხედავად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.11.2022წ. №6208244 ბრძანების თანახმად, გ. შ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... ქ. N25, კორპუსი N6, ბინა N156-ში უნებართვოდ მოწყობილი გისოსი. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მართალია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტისთვის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით აკრძალული ქმედება სახეზე იყო, თუმცა სახდელის დადების თაობაზე სადავო დადგენილების გამოტანის შემდეგ ამ ნორმით გათვალიწინებული დარღვევა აღმოფხვრილი იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.11.2022წ. №6208244 ბრძანების გამოცემით, რომლითაც უნებართვოდ მოწყობილი გისოსი მოექცა კანონიერ ჩარჩოში - ჩაითვალა ლეგალიზებულად. ამდენად, მოსარჩელის აქტიური მოქმედების საფუძველზე შეცვლილი ვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა შეფასებული იქნეს მცირემნიშვნელოვან დარღვევად, თანახმად ასკ-ის 22-ე მუხლისა. აღნიშნული გარემოება განაპირობებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.08.2020წ. №000290 დადგენილების, გ. შ-ის 4 000 (ოთხი ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში, ბათილად ცნობას გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან. ამავდროულად, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ლეგიტიმური მიზანია დადასტურებული სამართალდარღვევის მიუხედავად, საქმის წარმოების შეწყვეტის შესაძლებლობის დაშვება და სახდელის შეფარდებისაგან თავის შეკავება იმ საფუძვლით, რომ სამართალდარღვევის ობიექტი პირის სასარგებლოდ უკვე მოექცა კანონიერ ჩარჩოში და მოხდა მისი ლეგალიზება. ლეგალიზება ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. უნებართვო მშენებლობის ლეგალიზებით ორგანომ ფაქტობრივად უარი განაცხდა მისი დემონტაჟის განხორციელებაზე, უკვე აღარ არსებობს სადავო აქტით გათვალისწინებული დემონტაჟის დავალების ძალაში დატოვების საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების კანონიერი ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 27.08.2020წ. №000290 დადგენილების მე-2 პუნქტი, რომლითაც გ. შ-ს დაევალა უნებართვოდ განთავსებული ლითონის გისოსის დემონტაჟი. საბოლოოდ, „გ. შ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.11.2020წ. №1583 ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენს უკვე დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების თანმდევ შედეგს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2023წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მათ საფუძვლად არსებულ მტკიცებულებებზე, საკასაციო საჩივრის სამართლებრივი გამართულობის დადასტურების მიზნით, კასატორმა მოიხმო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 94-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 95-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 96-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 122-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 125-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი, 131-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილები, საქართველოს მთავრობის 31.05.2019წ. №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ დანართი №1-ის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ასკ-ის მე-9 და 22-ე მუხლები. შესაბამისად, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მშენებლობის მწარმოებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა. თუ ვერ დგინდება მშენებლობის მწარმოებელი პირი, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს უძრავი ნივთის მესაკუთრეს. რამდენადაც უტყუარად ვერ დგინდება უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, გ. შ-ს პასუხისმგებლობა დაეკისრა როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რომლის პასუხისმგებლობის საფუძვლებს წარმოშობს მისი უმოქმედობა, რამდენადაც მოსარჩელის (მესაკუთრის) მიერ არ იქნა შესრულებული მითითებაში ასახული მოთხოვნები. ამავდროულად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მიერ სამართალდარღვევის მცირემნიშვნელოვნად მიჩნევა, აღნიშნული განეკუთვნება საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის დისკრეციას, სამშენებლო ნორმების დარღვევა მაღალი საზოგადოებრივი რისკის მატარებელია, იმ საფრთხის გათვალისწინებით გამომდინარე, რაც შეიძლება მოჰყვეს სამშენებლო რეგულაციების დარღვევას, კანონმდებლობით გათვალისწინებულია პროპორციული სანქციები. ამავდროულად, მოსარჩელის სასარგებლოდ გარემოებათა ცვლილება არ წარმოადგენს აქტის ბათილობის საფუძველს, ასეთი ფაქტი არ არსებობდა აქტის გამოცემის დროს, შესაბამისად, ლეგალიზება არ მომხდარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მიმდინარეობის ეტაპზე, ასეთ შემთხვევაში, თავად ადმინისტრაციული ორგანო შეწყვეტდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე არ უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან მოსარჩელემ სამართალდამრღვევად ცნობის შემდეგ აღმოფხვრა პასუხისმგებლობის გამომწვევი უკანონობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის შუქზე, შეაფასებს მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება კასატორის მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, Application no. 61302/00, §67.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის მართებულად გადაწყვეტა საჭიროებს ლეგალიზების საჯარო-სამართლებრივი ეფექტის მნიშვნელობის გამორკვევას სამშენებლო სამართალდარღვევის საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ჭრილში, როდესაც სადავო არ არის სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა.

მოცემულ საქმეზე დავის საგანს შეადგენს „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.08.2020წ. №000290 დადგენილებისა და „გ. შ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.11.2020წ. №1583 ბრძანების ბათილად ცნობა. სადავო დადგენილება ეფუძნება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო რეკონსტრუქცია, რომელიც არ იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეერაცხა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.02.2020წ. №000290 მითითების შეუსრულებლობის გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა (იხ. სუსგ ბს-468-465 (კ-17), 21.01.2020წ.), მათ შორის საჯარო ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია. ამასთან, სამართალდარღვევისათვის დაწესებული პასუხისმგებლობის ზომა უცილობლად უნდა ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედების (უმოქმედობის) შედეგს და პროპორციული უნდა იყოს ამ სამართალდარღვევის შედეგად საჯარო წესრიგის დარღვევის ხარისხთან. ამდენად ცალსახაა, რომ სამართალდამრღვევის დასჯა არ უნდა ატარებდეს მხოლოდ რეპრესიულ ხასიათს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის ზომა ყოველთვის შეიცავს დასჯის გარდაუვალ ელემენტს, თუმცა, აღნიშნული ზომა მხოლოდ სადამსჯელო ბუნების მატარებელი როდია, პასუხისმგებლობის ზომისათვის იმანენტურია ჰუმანურობის ელემენტი, ჰუმანურობა ქმნის სასჯელის სხვა მიზნების გამოხატულებას, პირს უღვივებს პასუხისმგებლობის შეგრძნებას, ამდენად, როდესაც პასუხისმგებლობის სხვა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენება არ გამორიცხავს საჯარო ინტერესის დაცვას, ჰუმანურობის ელემენტი მოითხოვს უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენებას ან საქმის ფაქტების გათვალისწინებით პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის მიმართ ასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული მექანიზმის გამოყენება დაიშვება როცა ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ასეთ შემთხვევაში საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 09.03.2020წ. №153 დადგენილებით დამტკიცებული „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესი და პირობები, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესი და პირობები“ განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული (მშენებლობადამთავრებული) ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ. ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ამავე წესის მეორე მუხლის თანახმად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო (შემდგომში – შესაბამისი ორგანო), ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს აღნიშნული წესით განსაზღვრულ პირობებს. ლეგალიზება ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას (იხ. სუსგ 19.10.2017წ. საქმე №ბს-360-357(2კ-17)). ლეგალიზების აქტის მიღების შედეგად უკანონო შენობა-ნაგებობა ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში და აღმოფხვრილად მიიჩნევა შესაბამისი სამართალდარღვევა. მართალია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტისთვის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის მე-1 ნაწილით აკრძალული ქმედება სახეზე იყო, თუმცა სახდელის დადების თაობაზე სადავო დადგენილების გამოტანის შემდეგ ამ ნორმით გათვალიწინებული დარღვევა აღმოფხვრილ იქნა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.11.2022წ. №6208244 ბრძანების გამოცემით, რომლითაც უნებართვოდ მოწყობილი გისოსი მოექცა კანონიერ ჩარჩოში - ჩაითვალა ლეგალიზებულად. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მოსარჩელის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ. სუსგ ბს-785-771(კ-14), 05.05.2016წ.). ამდენად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება მოსარჩელის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის მე-1 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისაგან გათავისუფლების, აგრეთვე, ასკ-ის 22-ე მუხლის შესაბამისად, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების შესახებ.

სზაკ-ის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.11.2022წ. №6208244 ბრძანება გამორიცხავს მოსარჩელისათვის დემონტაჟის დავალების კანონიერებას. უკვე აღინიშნა, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უნებართვო მშენებლობა დენადი სამართალდარღვევაა. იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება შესაძლებელია როგორც დემონტაჟის, ასევე ლეგალიზების გზით (იხ. სუსგ, ბს-126-125(კ-12), 12.06.2012წ.). ის გარემოება, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს ფართი არ იყო ლეგალიზებული, პირის სასარგებლოდ ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლის პირობებში, არ გამორიცხავს დემონტაჟის განხორციელების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ მხარე არ დაეთანხმა „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 27.08.2020წ. №000290 დადგენილებასა და „გ. შ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.11.2020წ. №1583 ბრძანებას და გაასაჩივრა იგი. ამავდროულად, სადავო დადგენილებამ დაკარგა თავდაპირველი იურიდიული რელევანტურობა, როდესაც სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 15.11.2022წ. №6208244 ბრძანების გამოცემით ლეგალიზებულად ჩაითვალა უნებართვოდ განთავსებული გისოსები. ამდენად, მოსარჩელის აქტიური მოქმედების საფუძველზე შეცვლილი ვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა შეფასებულ იქნეს მცირემნიშვნელოვან დარღვევად და მოსარჩელე გათავისუფლდეს დაკისრებული პასუხისმგებლობისგან. ობიექტის ლეგალიზაცია დარღვევის მცირე მნიშვნელობის მიჩნევისა და პირის მიმართ შეფარდებული სანქციის-პასუხისმგებლობის სახით ობიექტის დემონტაჟის არაადეკვატურად მიჩნევის საფუძველია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მოსარჩელის მიმართ, რომელიც უკავშრიდება მის საკუთრებაში არსებული სხვა ბინის აივანზე უნებართვოდ განთავსებული გისოსების არსებობის საფუძვლით სამშენებლო პასუხისმგებლობის დაკისრებას, დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ. სუსგ., ბს-60(კ-24), 14.05.2024წ.). ამასთანავე, გარდა აღნიშნულისა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე, რომელიც უკავშირდება სადავო სიტუაციის მსგავს შემთხვევებში, ლეგალიზების საჯარო-სამართლებრივ ეფექტს სამართალდარღვევის საფუძვლით გამოწვეული პასუხისმგებლობის ჭრილში, გამოტანილია საკასაციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება (იხ. მრავალთა შორის: სუსგ., ბს-830 (კ-22), 18.06.2025წ. ბს-1201(2კ-24), 26.12.2024წ.; სუსგ., ბს-1292(კ-22), 18.12.2023წ.; სუსგ., ბს-360-357(2კ-17), 19.10.2017წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2023წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე