Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-55(კ-24) 03 ივლისი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2023წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 23.03.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის შპს „...ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 26.03.2020-11.11.2022 წწ. პერიოდისთვის, სულ 8896.83 (რვა ათას რვაასოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2023წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 8896,83 ლარის გადახდა.

შპს „...მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2023წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2023წ. გადაწყვეტილებით შპს "...ის" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2023წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს „...ის“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 356 (სამასორმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებზე, რის მიხედვითაც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, სოფელ ...ში რეგისტრირებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2840.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი N ... მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 01.12.2020წ. №50082479222 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქ.თბილისში, სოფელ ...ში მდებარე ს.კ. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი უძრავი ქონებიდან დამკვეთის მიერ ორთოფოტოზე მონიშნული 1007 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს შემდეგს: 2020 წლის 26 მარტიდან დეკემბრის ჩათვლით - 317 ლარი; 2021 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 323 ლარი; 2022 წლის იანვრიდან დღემდე - 293 ლარი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 01.11.2022წ. წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ მის მიერ დაკავებული უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შემდგომ ადრესატს ეთხოვა უზრუნველყოს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. სააპელაციო პალატამ მოიხმო ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი, 36-ე მუხლის 11, 12 და 13 პუნქტები, სკ-ის 155-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 163-ე მუხლი, 316-ე და 317-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები და აღნიშნა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის დადასტურების შემთხვევაში, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად, საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ გარემოებას, რომ სამეწარმეო საზოგადოება სახელმწიფო საკუთრებით არამართლზომიერად სარგებლობდა 2020 წლის 26 მარტიდან 2022 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით. მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანო საკუთარ არგუმენტაციას ამყარებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს „...მა“ სახელმწიფო ქონებით სარგებლობა დაიწყო 2020 წლის მარტიდან, მას შემდეგ რაც საკუთრების უფლება მოიპოვა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე სხვა უძრავ ქონებაზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... გამოცხადდა აუქციონი 26.07.2022წ., რომლის დასრულების თარიღად განისაზღვრა 09.08.2022წ., სააუქციონო განაცხადს თან ერთვის 05.05.2022წ. დათარიღებული ფოტოები, სადაც ასახულია უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა. სააპელაციო პალატის შეფასებით, დასახელებულ ფართზე სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი არ დგინდება. აღნიშნული თვალსაზრისით, ყურადსაღებია იგივე საკადასტრო კოდზე გამოცხადებული ხელმეორე აუქციონი (დაწყების და დასრულების თარიღი 09.12.2022წ.-23.12.2022წ.), რომელსაც ასევე ერთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის ფოტოები. ამჯერად, ფოტოსურათები, რომლებიც თარიღდება 27.10.2022წ. მოსჩანს ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა მასალა და კონსტრუქციები, რაც ადასტურებს ფართით სარგებლობის ფაქტს. საგულისხმოა, რომ პირველ აუქციონზე გაიმარჯვა შპს „...მა“, გადაიხადა საპრივატზაციო თანხა, თუმცა იმის გამო, რომ დადგენილ ვადაში არ იქნა გაფორმებული საკუთრების უფლება მის სახელზე, აუქციონის შედეგები გამოცხადდა გაუქმებულად. აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ იგი ნამდვილად სარგებლობდა დასახელებული ფართით აუქციონზე გამარჯვების დროიდან - 2022 წლის 10 აგვისტოდან - 2022 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში, რისთვისაც მან უკვე გადაიხადა სარგებლობისთვის შესაბამისი თანხა 933 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზეა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები შპს „...ის“ მიმართ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის დაკისრებასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით არ დგინდება შპს ,,...ის’’ მიერ მოსარჩელის მიერ მითითებული პერიოდიდან (2020 წლის 26 მარტიდან) ქ.თბილისში, სოფელ ...ში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო უძრავი ქონების, დაზუსტებული ფართობის 2840.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი N ... ნაწილით, კერძოდ 1007 კვ.მ.-ით არამართლზომიერად სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი. იმ ფაქტს, რომ აპელანტი აღარ სარგებლობს დასახელებული მიწის ნაკვეთით 2022 წლის 11 ნოემბრის შემდგომ და 2022 წლის 28 დეკემბრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის აპელანტის საკუთრება, სადავოდ არ ხდის არცერთი მხარე. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ 2022 წლის 10 აგვისტოდან 2022 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო ქონებით სარგებლობისთვის აპელანტმა უკვე აანაზღაურა შესაბამისი მოსაკრებელი, ამდენად, დროის აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. სსკ-ის 102-ე მუხლის შინაარსის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია აგრეთვე 2020 წლის 26 მარტიდან მოყოლებულ პერიოდთან დაკავშირებითაც, ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე დასახელებული ქონებით სარგებლობს 2020 წლის 26 მარტიდან არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით, არც ცალ-ცალკე და არც ერთობლიობაში, პირდაპირი ან ირიბი ფორმით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2023წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლი, 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი, მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, 36-ე მუხლის 13 პუნქტი, სკ-ის 316-ე მუხლი, 317-ე მუხლები, სსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლები და აღნიშნა, რომ შპს „...ი” წარმოადგენს სუბიექტს, რომელიც 2022 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით არამართლზომიერად სარებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონებით, კერძოდ, მიწის ნაკვეთს იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. განსახილველ შემთხვევაში, 26.03.2020წ. შპს „...ის” საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე № 81.08.17.837 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სწორედ აღნიშნული თარიღიდან, შპს „...ი” არამართლზომიერად დაეუფლა სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებას, რაც გამოიხატა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით მასალის დასაწყობებაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთად დაიწყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთის გამოყენებაც. ამასთან, მოპასუხემ არამართლზომიერად სარგებლობისათვის მოთხოვნილი თანხიდან მხოლოდ ნაწილი გადაიხადა, ხოლო დარჩენილი ოდენობა (8896.83 ლარი) არ გადაუხდია. საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს არამართლზომიერ სარგებლობის პერიოდს, საქმეში არსებულ ფოტომასალაზე, ნათლად ჩანს და აღნიშნულს არც შპს „...ი” უარყოფს, რომ სახელმწიფოს მიწაზე განთავსებული/დასაწყობებულია მასალა, არამართლზომიერი სარგებლობის თითოეულ დღესთან მიმართებით კი, ადმინისტრაციულ ორგანოს ფიზიკურად ვერ ექნება მტკიცებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მასში მოიაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს დაშვებულ იმ პროცესუალურ დარღვევებზე მითითება, რამაც განაპირობა ფაქტების არასწორად შეფასება/დადგენა და რის საფუძველზეც ადგილი ჰქონდა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებას ან/და განმარტებას. აღნიშნული თვალსაზრისით, კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით (იხ., mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 30.06.2009წ. გადაწყვეტილება საქმეზე Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (No. 2) [GC], App. No. 32772/02, §43.). საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის შუქზე, შეაფასებს მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება კასატორის მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, Application no. 61302/00, §67.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის მართებულად გადაწყვეტა საჭიროებს მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო-სამართლებრივი თავისებურებების მიმოხილვას.

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მცდარია კასატორის ჰიპოთეზა, ერთგვარი პრეზუმირება იმ ფაქტისა, რომ მოპასუხის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობა და მასზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, პირდაპირ მოიაზრებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაუფლებას მასზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით. ერთის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით არამართლზომიერი სარგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობა, არის დამოუკიდებელი იურიდიული კატეგორიის ფაქტები, მათ შორის აუცილებელი კაუზალობა არ არსებობს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არამართლზომიერად სარგებლობა უნდა დასაბუთდეს ავტონომიური ფორმით. კერძოდ, კასატორის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას ქმნის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტი, ნორმის მიხედვით, საფასური გადაიხდება საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ნორმატიული ტერმინში - „სარგებლობის მთელი პერიოდისათვის“ - მოიაზრება არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის რეალურად არსებობა დროის იმ მონაკვეთში, რომლისთვისაც მოითხოვება საფასურის გადახდა, ამავდროულად, ასეთი ფაქტის არ არსებობას გადამწყვეტი ზეგავლენა აქვს სასარჩელო მოთხოვნის წარმატების ბედზე. ასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე განსაზღვრავს დავის საგანს და მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნას. დავის საგანი არის მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის მიმართაც უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება), უფრო კონკრეტულად „საგანი“ არის მოთხოვნის შინაარსი (სუსგ ას-551-2023, 31.10.2023წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილება, ანუ რომელმა მხარემ რა კონკრეტული გარემოება უნდა ამტკიცოს. შესაბამისად, მოსარჩელეს, ასკ-ის 17-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული ძალით, ევალებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსთვის განკუთვნადი მტკიცებულებების წარდგენის გზით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის ბოლო წინადადებით დადგენილი ელემენტის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება მასზედ, რომ თითქოს საქმეში არსებული ფოტომასალა ცხადყოფს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ 05.05.2022წ. დათარიღებული ფოტოსურათებზე, რომელიც ერთვის I აუქციონს (26.07.2022წ.-09.08.2022წ.), არ იკვეთება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი. ამავდროულად, II აუქციონზე (09.12.2022წ. - 23.12.2022წ.) თანდართულ ფოტოებში ნამდვილად ფიგურირებს ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა მასალა და კონსტრუქცა, რაც ადასტურებს ფართით სარგებლობის ფაქტს. თუმცა, აღნიშნული იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ პირველ აუქციონზე გაიმარჯვა შპს „...მა“, გადაიხადა საპრივატზაციო თანხა, თუმცა დადგენილ ვადაში საკუთრების უფლების მის სახელზე აღურიცხველობის გამო, აუქციონის შედეგები გამოცხადდა გაუქმებულად. მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ აპელანტი ნამდვილად სარგებლობდა ხსენებული ფართით აუქციონზე გამარჯვების დროიდან - 2022 წლის 10 აგვისტოდან - 2022 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში, რისთვისაც მან უკვე გადაიხადა სარგებლობისთვის შესაბამისი თანხა 933 ლარის ოდენობით (აღნიშნულ ფაქტს არც აპელანტი ხდის სადავოდ.). შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება მასზედ, რომ მოპასუხემ უკანონო სარგებლობისათვის მოთხოვნილი თანხიდან მხოლოდ ნაწილი გადაიხადა, საქმის მასალებით დაცული მხარეებს შორის არსებული 11.05.2022წ., 19.12.2022წ. და 02.02.2023წ. კორესპოდენციით სრულად დასტურდება მოპასუხის შეფასებათა მართებულობა, სწორედ ზემოხსენებულ დასაბუთებაზე მითითებით მოხდა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფა საფასურის სრული პერიოდის კვალობაზე გადახდასთან დაკავშირებით. ამდენად, ნათელია რომ მოპასუხე უარყოფს კასატორის მიერ მითითებული სრული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგბებლობის ფაქტს, სახეზე არ არის სსკ-ის 131-ე მუხლით (აღიარება) გათვალისწინებული წინაპირობა. ამდენად, საპირისპიროს დამტკიცებამდე აღნიშნული ფაქტი ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, მით უფრო იმ პირობებში როდესაც საქმეში დაცული 05.05.2022წ. ფოტოსურათების მიხედვით არ იკვეთება მოპასუხის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორი შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებებით. კასატორს საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე არ წარმოუდგენია ისეთი განკუთვნადი წერილობითი საბუთები, რომელიც რაიმე ფორმით მაინც შეარყევდა მოსარჩელის სასარგებლოდ ნაგულვები ფაქტობრივი გარემოების არსებობას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის ზეპირსიტყვიერი განმარტება, რაოდენ კვალიფიციურიც არ უნდა იყოს თვითონ განმარტება ან/და ასეთი განმარტების ავტორი, ვერ ჩაანაცვლებს კანონით გათვალისწინებული განკუთვნადი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას. კასატორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითების გაზიარება, სსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, შინაარსობრივად გაუთანაბრდებოდა ამგვარი ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისთვის წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალის მინიჭებას. აღნიშნული არარად აქცევდა მოსარჩელის უფლების სუბსტანციას, საფუძველს გამოაცლიდა მის ძირითად არსს, მასში მომეტებული და არაპროპორციული ჩარევის ეფექტს იქონიებდა, ხოლო უფლების რეალიზების პროპორციული შეზღუდვისათვის განკუთვნილი მტკიცებულებითი სტანდარტის შესაბამისი ზღვარი დაექვემდებარებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სზაკ-ის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს.

ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია აგრეთვე კასატორის მოსაზრება მასზედ, რომ მას არ აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არამართლზომიერად სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება იქონიოს მიწის ნაკვეთით სარგებლობის ყოველი დღისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის ხსენებული განმარტება მხედველობაში ვერ იღებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებებს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა საჯარო მიზნების შემცველი ნორმატიული ცნებებია, მათში inter allia მოიაზრება სახელმწიფო ქონების ფონდით სარგებლობის პირობების უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნების შესრულება, ეს უკანასკნელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანიჭებს პრევენციული ზომების განხორციელების საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას აუკრძალოს სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეს, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ასეთი ქონებით სარგებლობა და მოსთხოვოს პირს არამართლზომიერად სარგებლობით დაზოგილი ხარჯების სახელმწიფოსათვის ანაზღაურება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა, ზოგადი წესის თანახმად დენადი ბუნების მქონეა, ამდენად, მას აუცილებელად გააჩნია სარგებლობის ათვლის საწყისი წერტილი. სსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობის მიხედვით, მოსარჩელის მტკიცების სტადიაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებულია სახელმწიფო ქონებით სავარაუდო არამართლზომიერ მოსარგებლეს მიმართოს განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეტენზიით, რაც უკავშირდება პირის მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის პერიოდის სრულ მონაკვეთს, სარგებლობის საწყისი და საბოლოო პერიოდების მითითებით. უკანონო სარგებლობის საწყისი პერიოდის დადასტურების შემთხვევაში, ივარაუდება რომ ასეთი დარღვევა დენადია. ეს უკანასკნელი წარმოშობს მტკიცების ტვირთის მოპასუხის სტადიაზე რეალიზების აუცილებლობას, მოპასუხემ უნდა დაადასტუროს, რომ მითითებული პერიოდის განმავლობაში მას შეწყვეტილი ჰქონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერად სარგებლობა (მაგ. ქონება დაბრუნებულია ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს დაბრუნებამდე არსებული მდგომარეობის სათანადოდ შენარჩუნებას) ან ქონებით სარგებლობს მართლზომიერი საფუძვლით. თავისი შინაარსით, ასეთი ურთიერთობა შეიძლება ჰგავდეს კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებულ ურთიერთობას, სკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია კასატორის შეფასება მასზედ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არამართლზომიერად სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება საჭიროა წარდგენილ იქნეს მიწის ნაკვეთით სარგებლობის ყოველი დღისათვის, მტკიცების სამართალში არსებითი მნიშვნელობა აქვს „Lex non cogit ad impossibilia“-ს პრინციპს, აღნიშნული პრინციპის მიხედვით, დაუშვებელია მხარეს მოეთხოვოს მტკიცების არაგონივრული ტვირთის ზიდვა, სამართალი არ ავალდებულებს მხარეს ამტკიცოს ის რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ან არსებითად არაპროპორციულ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, გასათვალისწინებელია მტკიცების ტვირთის განმახორციელებელი პირის გონივრული შესაძლებლობანი, ადამიანური, ფინანსური ან/და ორგანიზაციული რესურსები, რაც აუცილებელია მტკიცების ტვირთის რეალიზებისათვის, აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობა მთლიანობაში აყალიბებს მტკიცების ტვირთის შინაარსს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2023წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი