Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-557(კ-25) 24 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – შპს “...ა”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირი - შპს "მ...ი"

მესამე პირი - დ. ქ-ე

მესამე პირი - შპს "ჯ..."

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – ქმედების უკანონოდ ცნობა, სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 13 აგვისტოს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2021 წლის 12 აპრილს №A21040050-004/001 და 2021 წლის 10 მაისს №A21040050-004/002 განხორციელებული ქმედებების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის დავალდებულება №A21040050 სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 აგვისტოს განჩინებით შპს ,,...ას“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შეჩერდა სააღსრულებო წარმოება NA21040050 სააღსრულებო საქმეზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 27 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმე N2/7844-10, კრედიტორი - შპს ,,მ...ი‘‘, მოვალე - შპს ,,...ა’’) წინამდებარე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,მ...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 აგვისტოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შპს “მ...მა”. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს “მ...ის” საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით შპს “მ...ის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 აგვისტოს განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება დ. ქ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,ჯ...".

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “...ას” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...ამ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს “...ას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, 2008 წლის 28 ივლისს დადებული კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,მ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მსესხებლების - შპს ,,დ...ისა“ და შპს ,,მუ...-ის" საკრედიტო ვალდებულების 4 843 717,22 (ოთხიმილიონ რვაასორმოცდასამიათას შვიდასჩვიდმეტი და ოცდაორი) აშშ დოლარის დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა: ა) იპოთეკით დატვირთული შპს ,,...ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ, ნაკვეთი ...; საკადასტრო კოდი №..., ზონა თბილისი 01, სექტორი ...ი -11, კვარტალი 13, ნაკვეთი - ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი – საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 193.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 624.33. ასევე შპს ,,...ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი; I კვარტლის მიმდებარედ, ნაკვეთი №...; საკადასტრო კოდი №..., ზონა – თბილისი 01, სექტორი - ...ი - 11, კვარტალი -13, ნაკვეთი - ...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი – 4964.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., ... .

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, 2011 წლის 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაიცა №2/7844-10 სააღსრულებო ფურცელი (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი - 2011 წლის 5 აპრილი; კრედიტორი - შპს ,,მ...ი“ (ს/ნ ...), მოვალე - შპს ,,...ა“ (ს/ნ ...)).

2011 წლის 3 ივნისს შპს ,,მ...ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და 2011 წლის 27 აპრილის №2/7844-10 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ - 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში აღსრულება მოითხოვა. ამავე განცხადებით შპს ,,მ...მა“ მოითხოვა, რომ აღსრულება განხორციელებულიყო სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მხოლოდ ერთ ქონებაზე, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ, ნაკვეთი ...; ს/კ №.... რაც შეეხება მეორე ქონებას, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ, ნაკვეთი ...; საკადასტრო კოდი №..., განმცხადებელმა აღნიშნულ ეტაპზე უარი განაცხადა მის რეალიზაციაზე, თუმცა მიუთითა, რომ მეორე ქონების რეალიზაციის მიზნით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დამატებით წერილობით მიმართავდა.

2021 წლის 2 აპრილს შპს ,,მ...ის“ წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.02.2011წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2011 წლის 27 აპრილს გაცემული №2/7844-10 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება მოითხოვა. კრედიტორის განცხადების თანახმად, მოთხოვნა შეადგენს 400 000 აშშ დოლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 27 აპრილს გაცემული №2/7844-10 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2021 წლის 12 აპრილს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა დაიწყო №A21040050 სააღსრულებო საქმის წარმოება.

ამავე დღეს აღმასრულებელმა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №A21040050-004/001 წინადადებით მიმართა შპს ,,...ას“ და აცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 27 აპრილს გაცემული №2/7844-10 სააღსრულებო ფურცელი (№A21040050 სააღსრულებო საქმე), კრედიტორი - შპს ,,მ...ი“, მოვალე/მესაკუთრე - შპს ,,...ა“. ამავე წინადადებით განმარტებულია სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი მოთხოვნა. ასევე, აღნიშნულია, რომ კრედიტორის განცხადების თანახმად, მოთხოვნა შეადგენს 400 000 აშშ დოლარს. შეტყობინებით მოვალეს მიეცა წინადადება შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა და აღსრულების საფასური. ასევე, შპს ,,...ას“ განემარტა შემდეგი - ,,თქვენს მიმართ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: აღიწერება, დაყადაღდება და შეფასდება აღსრულების საგანი; ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ჩატარდება პირველი იძულებითი აუქციონი. აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ გეცნობებათ“.

გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2021 წლის 12 აპრილის №A21040050-004/001 წინადადება მოვალე შპს ,,...ას“ ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ, თუმცა, ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართის მოუძიებლობის გამო. საქმეში არსებული ხელწერილით დგინდება, რომ შპს ,,...ას“ წარმომადგენელმა 2021 წლის 20 ივლისს ჩაიბარა 2021 წლის 12 აპრილის №A21040050-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

№A21040050 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2021 წლის 12 აპრილს №A21040050-005/002 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: ვის სახელზე ირიცხება უძრავი ქონებები მდებარე: ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ, (ნაკვეთი №...), საკადასტრო კოდი ... და ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ, (ნაკვეთი №...), საკადასტრო კოდი ...; აღნიშნული ქონებები არის თუ არა იპოთეკით დატვირთული (მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით), ან სხვა სანივთო უფლებით (როდის და ვის მიერ) და რეგისტრირებულია თუ არა ყადაღა (როდის და ვის მიერ).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 აპრილის მიმართვით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეცნობა, რომ უძრავ ნივთზე მდებარე - ქალაქი თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...), ს/კ №..., რეგისტრირებულია შპს „ჯ...ის" საკუთრების უფლება. უძრავ ნივთზე მდებარე - ქალაქი თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...), ს/კ №... რეგისტრირებულია შპს "...ას" საკუთრების უფლება.

2021 წლის 26 აპრილს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აღწერა და დაყადაღა შპს "...ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...), ს/კ ....

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2021 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №A21040050-004/002 წინადადებით მიმართა შპს "...ას“.

გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2021 წლის 10 მაისის №A21040050-004/002 წინადადება მოვალე შპს "...ას“ ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ, თუმცა, ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართის მოუძიებლობის გამო.

2021 წლის 26 ივლისს აღმასრულებელმა შპს "...ას“ დირექტორს ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნა №A21040050 სააღსრულებო წარმოების მასალების ელექტრონული ასლები. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2021 წლის 7 ივნისის №A21040050-008/002 განკარგულებით მოვალე შპს "...ას“ მიმართ საჯარო შეტყობინებით გავრცელდა №A21040050 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მიღებული წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის პირველი ივნისის №37120 წერილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 8 თებერვლის №8535 მიმართვის საფუძველზე განხორციელდა უძრავი ქონების (ს/კ ...) შპს ,,მ...ის“ საკუთრებაში გადაცემა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედ „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 მუხლის 1-5 პუნქტებზე და 25-ე მუხლზე და განმარტა, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესისგან განსხვავებით, სადავო პერიოდში მოქმედი დროებითი წესებით, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო, მიეღო/დაერეგისტრირებინა და სააღსრულებო წარმოება დაეწყო სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის დედნის გარეშეც.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2011 წლის 27 აპრილის №2/7844-10 სააღსრულებო ფურცელი №A11031491 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსასრულებლად იყო წარდგენილი, თუმცა მითითებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულება მიმდინარეობდა მხოლოდ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მიმართ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს ,,მ...ის“ დირექტორის 3.06.2011წ. განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, №A11031491 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან მიმართებით სააღსრულებო წარმოება №2/7844-10 სააღსრულებო ფურცლის ფარგლებში არ დაწყებულა. სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით კრედიტორმა (შპს ,,მ...ი“) სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2021 წლის 2 აპრილს, აღსასრულებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10-წლიან ვადაში მიმართა, რის გამოც არ არსებობდა კრედიტორის განცხადების საფუძველზე 2011 წლის 27 აპრილის №2/7844-10 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით დაწყებული №A21040050 სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...ამ”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ერთმანეთისაგან გამიჯნა N... და N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებებთან მიმართებაში სააღსრულებო წარმოების ხანდაზმულობის საკითხი და მიიჩნია, რომ ისინი წარმოადგენენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლების მქონე მოთხოვნებს, რომლებზეც ცალ-ცალკე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადები. კასატორი აღნიშნავს, რომ ორივე უძრავი ქონების რეალიზაციას გააჩნია საერთო საფუძველი და ემსახურება კრედიტორის ერთი მოთხოვნის კერძოდ, საკრედიტო ვალდებულების დაფარვის მიზანს. 3.06.2011წ. კრედიტორმა შპს “მ...მა” სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეალიზაცია, ხოლო სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მეორე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით კრედიტორმა დააფიქსირა პოზიცია, რომლის თანახმად, იმ ეტაპზე თავი შეიკავა რეალიზაციის უფლების გამოყენებისგან. კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში კრედიტორს უფლება ჰქონდა მოეთხოვა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ორი უძრავი ნივთის ცალ-ცალკე, ორ ეტაპად რეალიზაცია, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის “კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ერთი მოთხოვნის სააღსრულებო საქმეს, რომელზეც ვრცელდება კანონით გათვალისწინებული ერთიანი ხანდაზმულობის ვადა. N2/7844-10 სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეალიზაციის მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2011 წლის 3 ივნისს დაიწყო სააღსრულებო წარმოება და ამავე წარმოების ფარგლებში, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის “კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ 10 წლიან ვადაში უნდა განხილულიყო N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნის თაობაზე კრედიტორის 2.06.2021წ. განცხადებაც. კასატორი დაუშვებლად მიიჩნევს ერთი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ერთდროულად ორი განსახვავებული სააღსრულებო საქმის წარმოების შესაძლებლობას.

კასატორი მიუთითებს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე “ახალი კორონავირუსის (COVID -19) გავრცელების პრევენციის მიზნით “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.07.2020წ. N582 ბრძანებაზე და აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყება სააღსრულებო ფურცლის დედნის გარეშე პირდაპირ ეწინააღმდეგება "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის იმპერატიულ დანაწესს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2021 წლის 12 აპრილს განხორციელებული №A21040050-004/001, 2021 წლის 10 მაისს განხორციელებული №A21040050-004/002 ქმედებების კანონიერება და სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა.

№B-3230 იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკარმა - სს ,,ბანკი ...მ“ და მესაკუთრემ - შპს ,,...ა“, გამოხატეს ნება სს ,,ბანკი ...ს“ წინაშე 2008 წლის 28 ივლისს დადებული კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკოგარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებლების შპს ,,მუ...“-ის და შპს ,,დ...ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ,,ბანკ ...სა“ (კრედიტორი) და შპს ,,მ...ს“ (შემძენი) შორის 2009 წლის 7 სექტემბერს გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ეხება კრედიტორ სს ,,ბანკ ...სა“ და მსესხებლებს - შპს ,,დ...ს“ და შპს ,,მუ...-ს" შორის 2008 წლის 28 ივლისს დადებული კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულებითა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნას (კრედიტორის უფლება, მოსთხოვოს მსესხებელს საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული კრედიტების ძირითადი თანხების დაუბრუნებელი ნაწილების, კრედიტებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა და საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულება ჯამში 5 520 656,94 აშშ დოლარის ოდენობით).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, 2008 წლის 28 ივლისს დადებული კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,მ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მსესხებლების - შპს ,,დ...ისა“ და შპს ,,მუ...-ის" საკრედიტო ვალდებულების 4 843 717,22 (ოთხიმილიონ რვაასორმოცდასამიათას შვიდასჩვიდმეტი და ოცდაორი) აშშ დოლარის დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა: ა) იპოთეკით დატვირთული შპს ,,...ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ, ნაკვეთი ...; საკადასტრო კოდი №..., ზონა თბილისი 01, სექტორი ...ი -11, კვარტალი 13, ნაკვეთი - ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი – საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 193.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 624.33. ასევე შპს ,,...ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი; I კვარტლის მიმდებარედ, ნაკვეთი №...; საკადასტრო კოდი №..., ზონა – თბილისი 01, სექტორი - ...ი - 11, კვარტალი -13, ნაკვეთი - ...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი – 4964.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., ....

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 27 აპრილს გაცემულია №2/7844-10 სააღსრულებო ფურცელი. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღია: 5.04.2011წ.

2021 წლის 2 აპრილს შპს ,,მ...ის“ წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტის მეშვებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2011 წლის 27 აპრილს გაცემული №2/7844-10 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება მოითხოვა.

2021 წლის 12 აპრილს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა დაიწყო №A21040050 სააღსრულებო საქმის წარმოება.

12.04.2021წ. აღმასრულებელმა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №A21040050-004/001 წინადადებით მიმართა შპს ,,...ას“ და აცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2011 წლის 27 აპრილს გაცემული №2/7844-10 სააღსრულებო ფურცელი (№A21040050 სააღსრულებო საქმე), კრედიტორი - შპს ,,მ...ი“, მოვალე/მესაკუთრე - შპს ,,...ა‘’. ასევე, აღნიშნულია, რომ კრედიტორის განცხადების თანახმად, მოთხოვნა შეადგენს 400 000 აშშ დოლარს. მოვალეს მიეცა წინადადება შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა და აღსრულების საფასური. მოვალეს ეცნობა კანონით დადგენილი აღსრულების ეტაპების თაობაზე.

2021 წლის 12 აპრილის №A21040050-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეს - შპს ,,...ას“ ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ, თუმცა, ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართის მოუძიებლობის გამო. საქმეში დაცული ხელწერილით დასტურდება, რომ შპს ,,...ას“ წარმომადგენელმა ზემოაღნიშნული გზავნილი 2021 წლის 20 ივლისს ჩაიბარა.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2021 წლის 12 აპრილს №A21040050-005/002 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოითხოვა ინფორმაცია მასზედ თუ ვის საკუთრებად ირიცხებოდა საკადასტრო კოდი N... და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებები. აღნიშნული კორესპოდენციის პასუხად, მარეგისტრირებელმა ორგანომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უძრავ ნივთზე მდებარე - ქალაქი თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...), ს/კ №..., რეგისტრირებულია შპს „ჯ...ის" საკუთრების უფლება, ხოლო უძრავ ნივთზე მდებარე - ქალაქი თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...), ს/კ №... რეგისტრირებულია შპს "...ას" საკუთრების უფლება.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლმა 2021 წლის 26 აპრილს სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, შედგა აღწერისა და დაყადაღების ოქმი, შპს ,,...ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შეფასდა.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2021 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №A21040050-004/002 წინადადებით კვლავ მიმართა შპს ,,...ას“. ამავე შეტყობინებით, მოვალეს მიეცა წინადადება შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა და აღსრულების საფასური. 2021 წლის 10 მაისის №A21040050-004/002 გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება მოვალეს - შპს ,,...ას“ ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ, თუმცა, ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართის მოუძიებლობის გამო.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2021 წლის 7 ივნისის №A21040050-008/002 განკარგულებით, მოვალის შპს ,,...ას“ მიმართ საჯარო შეტყობინებით გავრცელდა №A21040050 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მიღებული წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. 2021 წლის 16 აგვისტოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა №A21040050-011/001 წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონების შეფასების სამსახურს და შპს „...ას“ საკუთრებად რიცხული ს/კ ... უძრავი ქონების შეფასება მოითხოვა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 23 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ (ნაკვეთი №...) ს/კ ..., საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეფასების თარიღისთვის შეადგინა 3 194 000 (სამი მილიონ ას ოთხმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი.

საქმეში დაცული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 1.06.2023წ. №37120 წერილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 8 თებერვლის №8535 მიმართვის საფუძველზე უძრავი ქონება (ს/კ ...) შპს ,,მ...ს“ საკუთრებაში გადაეცა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა დაასაბუთა ორ გარემოებაზე მითითებით: 1. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააღსრულებო წარმოება დაიწყო სააღსრულებო ფურცლის დედნის გარეშე და 2. გასული იყო სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის კანონით დადგენილი იმპერატიული ვადა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების წინაპირობების არსებობა და სააღსრულებო წარმოების დაწყების ხანდაზმულობის საკითხი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). სადავო პერიოდში მოქმედი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთმოხმობილი საკანონმდებლო დანაწესი იმპერატიულად ადგენს სააღსრულებო წარმოების დაწყების წინაპირობად კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის დედნის სახით წარდგენას, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2021 წელს შპს “მ...ის” მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნის უფლების რეალიზებისას მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული იყო ახალი კორონავირუსული ინფექცია და შემოღებულ იქნა განსხვავებული სამართლებრივი წესრიგი.

სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“. მითითებული ბრძანების პირველი მუხლის შესაბამისად, ეს ბრძანება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) საქმიანობის ადმინისტრირების, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზოგიერთ მომსახურებათა/ქმედებათა განხორციელების და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებულ დროებით წესებს. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის 1-5 პუნქტების შესაბამისად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიეცეს უფლება, მიიღოს/დაარეგისტრიროს და დაიწყოს სააღსრულებო წარმოება სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის დედნის გარეშეც, რომელიც წარდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. სააღსრულებო ფურცლის სიყალბის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი, ეკისრება მის წარმდგენ პირს. კრედიტორს/განმცხადებელს მიეცეს უფლება, სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი აღსრულების ქვემდებარე აქტები და ამავე კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარადგინოს მოქალაქის პორტალის my.gov.ge - საშუალებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი დროებითი წესებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო, მიეღო/დაერეგისტრირებინა და სააღსრულებო წარმოება დაეწყო სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის დედნის გარეშეც.

საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანი, ქმედითი აღსრულებაც, რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის N2/5/879 გადაწყვეტილება საქმეზე „ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების კომპონენტშიც. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების დროული, ეფექტური და ჯეროვანი აღსრულება. ამასთანავე, აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნება აბსოლუტური ხასიათის. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს აღსრულების როგორც შეწყვეტა, ასევე შეჩერება ან/და გაუქმება, ისევე, როგორც გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, აღსრულება პრაქტიკულად შეუძლებელიც კი გახდეს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად განიხილავს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლიც, რომლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება გამოხატულებას ჰპოვებს სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივ მართლწესრიგშიც. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია აღსრულების შეწყვეტის საფუძვლები. კერძოდ, მითითებული მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულება შეწყდება თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

საგულისხმოა, რომ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ დავებზე ბიუროს მხრიდან აღსრულების ზემოაღნიშნული მექანიზმების გამოყენების ვალდებულება შეზღუდულია 10-წლიანი ვადით. კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ აღსრულება შეწყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო 128.3 მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

ზემოთმოხმობილი ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორს გააჩნია 10 წლიანი ვადა, რათა გამოავლინოს ნება მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების პროცესის დაწყების თაობაზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა იქნება ხანდაზმული და ვერ მიექცევა იძულებით აღსასრულებლად.

ხანდაზმულობის ვადის იმპერატიულობა ემსახურება სასწორის ორ მხარეს მოქცეული მოვალისა და კრედიტორის ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის შენარჩუნების მიზანს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთი სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე მოთხოვნების მიმართ განსახვავებული ხანდაზმულობის ვადები გაავრცელა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადის ათვლა უკავშირდება შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას („..ბუნებრივია, 10 წლიანი ვადის ათვლა იწყება მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (სუს 28.07.2017წ. Nას-871-813-2017 განჩინება)).

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაქცევს იმ დადგენილ გარემოებას, რომ აღსასრულებელ სასამართლო გადაწყვეტილებას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება (რომლითაც 4 843 717,22 აშშ დოლარის დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა შპს ,,...ას“ საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება (ს/კ №... და ს/კ №...)). ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2011 წლის 27 აპრილს გაიცა №2/7844-10 სააღსრულებო ფურცელი. მითითებული სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 5 აპრილს. საგულისხმოა, რომ პირველ ეტაპზე, შპს ,,მ...მა” 2011 წლის 3 ივნისის წარდგენილი განცხადებით მოითხოვა მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილობრივ (450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში) აღსრულება სააღსრულებო ფურცელში მითითებული კონკრეტული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ...ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ, ნაკვეთი ...; ს/კ №...) რეალიზაციის გზით. 3.06.2011წ. განცხადებაში კრედიტორმა ნათლად და არაორაზროვნად მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მეორე ქონების (№...) რეალიზაციისათვის სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დამატებით წერილობით მიმართავდა. საგულისხმოა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით კრედიტორმა (შპს ,,მ...ი“) სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2021 წლის 2 აპრილს, აღსასრულებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლიან ვადაში მიმართა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოების პროცესში კრედიტორის და მოვალის ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული, რაც გულისხმობს, რომ იგი შეზღუდულია და ვერ გასცდება კრედიტორის განცხადების ფარგლებს. განსახილველ შემთხვევაში, აღსასრულებელი გადაწყვეტილება მოიცავდა რა ორი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, კრედიტორი უფლებამოსილი იყო კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში მისი მიხედულების შესაბამისად, ეტაპობრივად მოეთხოვა სააღსრულებო ფურცელში მითითებული ცალკეული უძრავი ნივთის რეალიზაცია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო დასკვნას მასზედ, რომ ,,მ...ის“ 2011 წლის 3 ივნისის განცხადების საფუძველზე, №A11031491 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან მიმართებით სააღსრულებო წარმოება №2/7844-10 სააღსრულებო ფურცლის ფარგლებში არ დაწყებულა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ NA21040050 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კრედიტორმა - შპს „მ...მა“ არ დაარღვია მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად არ არსებობს “სააღსრულებო წარმოებათა” შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის “ე” და “კ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში განხორციელებული ყველა სადავო მოქმედება კანონშესაბამისია, რამეთუ სახეზე იყო კრედიტორის ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადება, რამაც წარმოშვა აღსრულების დაწყებისა და შესაბამისი მოქმედებების განხორციელების წინაპირობები. ასევე მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ სახეზე არ იყო აღმასრულებლის 2021 წლის 27 აპრილს და 10 მაისს განხორციელებული ქმედებების უკანონოდ მიჩნევის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. გ-ას შპს “...ას” საკასაციო საჩივარზე 27.02.2025წ. N26114743412 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. გ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს შპს “...ას” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინება;

3. ლ. გ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...ას“ საკასაციო საჩივარზე 27.02.2025წ. N26114743412 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა