Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-164(2კ-25) 8 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) – ე.ჩ-ი, გ.გ-ი, ი.წ-ა

მესამე პირი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 14 დეკემბერს ე.ჩ-მა, გ.გ-მა და ი.წ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ქ. ქუთაისის მერიის მიმართ. სამართალწარმოების ფარგლებში, სასამართლოში რამდენჯერმე იქნა წარდგენილი დაზუსტებული სარჩელი. მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ე.ჩ-ის, გ.გ-ისა და ი.წ-ას სარჩელი, მოპასუხე ქალაქ ქუთაისის მერიის მიმართ, ქ. ქუთაისის მერიის 2004 წლის 11 ოქტომბრის №593 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული, საქმეზე საბოლოო მოპასუხე მხარეებად განისაზღვრნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო საბოლოო სასარჩელო მოთხოვნებად განისაზღვრა შემდეგი: უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 აგვისტოს №1/1-3410 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მხოლოდ იმ 427 კვ.მ ნაწილში (ს/კ... ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთი), საიდანაც 189,5 კვ.მ ზედდებით იჭრება მოსარჩელეთა ინტერესის ქვეშ მყოფ სარეგისტრაციო ნაკვეთთან, ხოლო 238 კვ.მ ესაზღვრება ზედდებაში არსებულ 189.5 კვ.მ-ს, რითაც ზღუდავს მოსარჩელეთა ინტერესის ქვეშ მყოფ სარეგისტრაციო ნაკვეთთან მისასვლელ გზას ცენტრალური გზის (ხაზობრივი ნაგებობა) მხრიდან და ე.ჩ-ის, გ.გ-ისა და ი.წ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 16 მარტის №1-1/113 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მხოლოდ იმ 427 კვ.მ ნაწილში (ს/კ... ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთი), საიდანაც 189,5 კვ.მ ზედდებით იჭრება მოსარჩელეთა ინტერესის ქვეშ მყოფ სარეგისტრაციო ნაკვეთთან, ხოლო 238 კვ.მ ესაზღვრება ზედდებაში არსებულ 189.5 კვ.მ-ს, რითაც ზღუდავს მოსარჩელეთა ინტერესის ქვეშ მყოფ სარეგისტრაციო ნაკვეთთან მისასვლელ გზას.

სარჩელის თანახმად, 1988 წლის 24 თებერვალს დაფუძნდა კოოპერატივი „...“, რომლის დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდნენ მოსარჩელეები - გ.გ-ი, ე.ჩ-ი და ი.წ-ა. 1990 წლის 23 მაისს კოოპერატივს საკუთრებაში გადაეცა 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელეების მითითებით, საზოგადოებას 1996 წლის 1 იანვრამდე ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, რის გამოც იგი გაუქმდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქონება, რომელიც რეგისტრირებული იყო კოოპერატივზე, წესდებისა და კანონის შესაბამისად, გადაეცემათ მის პარტნიორებს, მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია აღნიშნულ ქონებაზე, ხოლო სახელმწიფომ იგი დაირეგისტრირა უკანონოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, №3/7766-21 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ე.ჩ-ის, გ.გ-ის და ი.წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 16 მარტის №1-1/113 ბრძანება ნაწილობრივ, კერძოდ, - 189,5 კვ.მ (ს/კ... ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთი, რომელიც ზედდებით იჭრება მოსარჩელეთა ინტერესის ქვეშ მყოფ სარეგისტრაციო ნაკვეთთან) მიწის ნაკვეთის ნაწილში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 აგვისტოს №1/1-3410 ბრძანების ბათილად ცნობაზე ე.ჩ-ის, გ.გ-ისა და ი.წ-ასათვის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 აგვისტოს №1/1-3410 ბრძანება უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ ნაწილობრივ, 189,5 კვ.მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში (ს/კ... ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთი), რომელიც ზედდებით იჭრება მოსარჩელეთა ინტერესის ქვეშ მყოფ სარეგისტრაციო ნაკვეთთან და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 24 თებერვლის №4.12.150 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კოოპერატივის წევრთა - ე.ჩ-ის, გ.გ-ისა და ი.წ-ს საერთო კრების თხოვნა და ქუთაისის ...თან შეიქმნა ...ის კოოპერატივი სახელწოდებით „...“, ამავე გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ იქნა კოოპერატივის წესდება. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 23 მაისის №11.43.600 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ქუთაისის ...ის რექტორის თხოვნა და ინსტიტუტში „...ის“ კათედრის ლაბორატორიის ბაზაზე მძლავრი სამეცნიერო-პოტენციალის მქონე ლაბორატორიის მშენებლობასთან დაკავშირებით ამავე კათედრის ბაზაზე არსებულ კოოპერატივ „...ას“ გამოეყო სანაცვლო მიწის ნაკვეთი ფართით 0.25 ჰექტარი ...ის ქუჩაზე მდებარე №... ავტოგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, კოოპერატივ „...ის“ მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის გამოყოფის პარალელურად მიეცა გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 2 სექტემბრიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი, მისამართი: ქ. ქუთაისი, ქუჩა ..., დაზუსტებული ფართობი: 3409.00 კვ.მ, საკ.კოდი:..., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბრძანება №1/1-3410, დამოწმების თარიღი: 26/08/2015, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 აგვისტოს №11-3410 ბრძანების თანახმად, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიმართული უნდა ყოფილიყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის და, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილების შესაბამისად, განხორციელებულიყო დანართ №1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხზე მსჯელობისას, მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 11994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაექვემდებარნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კოოპერატივ „...ის“ ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მას აღარ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა ხელახალი რეგისტრაცია და იგი იყო გაუქმებული, ამდენად მის მიმართ უნდა დამდგარიყო ის შედეგი, რაც საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებას უკავშირდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეგისტრაციის გაუქმებულად მიჩნევის შემდეგ კოოპერატივმა, როგორც სამართალსუბიექტმა დაასრულა არსებობა 1996 წლის 1 სექტემბრიდან, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, კოოპერატივი „...“ 1990 წლიდან სარგებლობდა შესაბამისი ორგანოს მიერ გამოყოფილი მიწის ნაკვეთით, რომელზეც შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტების საფუძველზე აშენებული ჰქონდა შენობა-ნაგებობა, ნაგებობაზე საკუთრების უფლება კი დაშვებული იყო მისი აშენებისა და კოოპერატივის არსებობის დროს მოქმედი კანონმდებლობით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს, როგორც კოოპერატივის დამფუძნებელ მეპაიეებს, სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწაზე არსებულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით გააჩნდათ შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული ნებართვა და ასევე სადავო არ იყო სახელმწიფოს მიერ მართლზომიერად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მოსარჩელეთა მიერ აშენების ფაქტი, შესაბამისად, მოსარჩელეებს ჰქონდათ შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობები სარეგისტრაციოდ წარედგინათ განაცხადი შესაბამის დოკუმენტებთან ერთად და მოეთხოვათ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, რაც განხორციელდა კიდეც. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ დაუსაბუთებლობის მოტივით არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდათ. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხთან მიმართებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ შესწავლილი უნდა ყოფილიყო საქმეში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები და დადგენილიყო, იძლეოდა თუ არა ისინი მოსარჩელეთა უფლებების საკუთრებად ტრანსფორმირების შესაძლებლობას, რომელიც არ ყოფილა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე და საჭიროებდა შესწავლას და სათანადო დასაბუთებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენების საჭიროება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორo – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად არასწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კასატორი საქართველოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის №ბს-765(2კ-19) გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ უძრავი ქონება, რომელიც არ არის რეგისტრირებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საკუთრებაში, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და ამისათვის სახელმწიფო არ საჭიროებს რაიმე სამართლებრივი საფუძვლის მოძიებას ან უფლებადამდგენი დოკუმენტის შექმნას. ამდენად, თუ მარეგისტრირებელ ორგანოში არ არსებობს პირზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ამსახველი ჩანაწერი, იგულისხმება რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრებაშია, ხოლო, რეგისტრაციისას ხდება მხოლოდ ფაქტის დადასტურება და არა მიწის სამართლებრივი სტატუსის შეცვლა. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში არ გამოვლენილა არანაირი გარემოება, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოს საკუთრებად ქონების რეგისტრაციას. ამასთან, სააგენტოს მითითებით, თავად ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ იყო დადგენილი, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნდათ საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე და გამოსაკვლევი იყო ხომ არ იკვეთებოდა საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი.

სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნაკვეთი კოოპერატივს საკუთრების უფლებით არ გამოჰყოფია, რამეთუ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის განკერძოებას და ამასვე მოწმობდა ის უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოება, რომ გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, არ დარეგისტრირებულა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში კოოპერატივ „...ის“ საკუთრებად. კასატორის მითითებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს და ქვედა ინსტანციის სასამართლოების აზრი თანხვედრაშია, თუმცა მოსარჩელეთა, როგორც მეპაიეთა ლიკვიდირებული საწარმოს კანონიერად ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მიმართ საკუთრების შეძენის ლეგიტიმურ შესაძლებლობაზე მითითება სასამართლოს მხრიდან, არარელევანტურია, განსაკუთრებით აღნიშნული დოკუმენტაციის სამართლებრივი ბუნების გამოკვლევის დავალება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის, რომლის ფუნქცია-მოვალეობები ცალსახადაა გაწერილი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში.

გარდა ამისა, კასატორისთვის გაურკვეველია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი იმის გათვალისწინებით, რომ ერთის მხრივ თვლიან, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი და უთითებენ, რომ შესაფასებელია მათი საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობის საკითხი, როგორც მართლზომიერი მფლობელებისა და მეორეს მხრივ - ბათილად ცნობენ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანებას უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. სააგენტო თვლის, რომ გაურკვეველია სად იკვეთება აღნიშნულში მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესი, რამდენადაც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დამაბრკოლებელ გარემოებას სახელმწიფოს საკუთრებად ქონების რეგისტრაცია არ წარმოადგენს.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი დასაბუთებისას არ უთითებს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დაუდგენლობა გახდა ადმინისტრაციული აქტების უკანონოდ მიჩნევის საფუძველი. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს რაიმე რელევანტური გარემოება, რომელიც გასაჩივრებული აქტის კანონიერებას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განიხილა ადმინისტრაციული საჩივარი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გასაჩივრებული ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო.

ამასთან, სამინისტრომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-5 და 23-ე მუხლებზე, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ არსებული მასალების თანახმად, სადავო უძრავ ქონებაზე (ს/კ...) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელეებს არ გააჩნიათ. ე.ჩ-მა არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრს ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და მის საფუძველზე განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ქონების რეგისტრაცია ვერ მოხდებოდა.

კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით სადავო უძრავ ქონებაზე კოოპერატივ „...ის“ საკუთრების უფლება არ დგინდებოდა, ამ ქონების კოოპერატივის წევრების საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძვლად, პროცესუალური მოწინააღმდეგეების მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, კოოპერატივის წესდებაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (№ას-1093-1050-2016 გადაწყვეტილება) მითითება იყო არარელევანტური. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო, რომ სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას სხვა პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, მოთხოვნა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, მოკლებული იყო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

სამინისტრომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმეები №ბს-614-593(კ-10), №ბს-75-575(კს-18), №ბს-46-46(კ-18)) მითითებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სამინისტრომ გამოიკვლია გასაჩივრებული აქტების მიმართ რა კანონიერი ინტერესი გააჩნდათ მოსარჩელეებს, განხორციელდა თუ არა სადავო აქტით ე.ჩ-ის, გ.გ-ისა და ი.წ-ის უფლების ხელყოფა და ამ აქტის ბათილობით რა სამართლებრივი სარგებელი შეიძლება მიეღოთ მათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემით არ დარღვეულა პროცესუალური მოწინააღმდეგეების უფლება, კანონით დაცული ინტერესი და არც მისი ბათილობით მოხდებოდა მათი უფლების აღდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული (ასკ-ის 32.4 მუხლი) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, რაც მოსარჩელეებს არ გაუსაჩივრებიათ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს სარჩელის მხოლოდ დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის №578 დადგენილების მე-2 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული თარიღი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 21 დეკემბრის №80 დადგენილებით შეიცვალა და გახანგრძლივდა 1996 წლის 1 სექტემბრამდე. დასახელებული დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად კი განისაზღვრა, რომ ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოთა მიმართ გამოიყენებოდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები.

საწარმოს ხელახალი რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 02.08.2021, №875) შესაბამისი რედაქციის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი განსაზღვრული იყო, რომ თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 24 თებერვლის №4.12.150 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კოოპერატივის წევრთა - ე.ჩ-ის, გ.გ-ისა და ი.წ-ის საერთო კრების თხოვნა და ქუთაისის ...სთან შეიქმნა ...ის კოოპერატივი სახელწოდებით „...“, ამავე გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ იქნა კოოპერატივის წესდება. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 23 მაისის №11.43.600 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ქუთაისის ...ის რექტორის თხოვნა და ინსტიტუტში „...ის“ კათედრის ლაბორატორიის ბაზაზე მძლავრი სამეცნიერო-პოტენციალის მქონე ლაბორატორიის მშენებლობასთან დაკავშირებით ამავე კათედრის ბაზაზე არსებულ კოოპერატივ „...ას“ გამოეყო სანაცვლო მიწის ნაკვეთი ფართით 0.25 ჰექტარი ...ის ქუჩაზე მდებარე №... ავტოგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, კოოპერატივ „...ის“ მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის გამოყოფის პარალელურად მიეცა გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა.

ქუთაისის სახალხო (მშრომელთა) დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 23 მაისის №11.43.600 გადაწყვეტილების შესაბამისად, საპროექტო საწარმოო კოოპერატივ „...ის“ მიერ შედგენილი იქნა მშენებლობის პროექტი, რაც დამოწმებულია ქ. ქუთაისის მთავარი არქიტექტორის მიერ და რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. სახელმწიფოს მიერ გადაცემულ მიწის ნაკვეთზე კოოპერატივმა „...მა“ დაიწყო მშენებლობა, რომლის შედეგადაც დღეისათვის მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ნაგებობა. საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო „...ის“ მიერ ნაგებობის ასაშენებლად შეძენილია სამშენებლო მასალები, ფუნქციონირებით მიღებული აქვს შემოსავლები. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ეტაპზე წარდგენილია გადარიცხვის ქვითრები, რომლის მიხედვით კოოპერატივმა „...მა“ კოოპერატივ „...ას“ გადაურიცხა პროექტის შედგენისათვის თანხები, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კოოპერატივს შეძენილი აქვს სამშენებლო მასალები მშენებლობის წარმოების მიზნებისათვის. ასევე საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დასტურდება ასევე კოოპერატივის წევრთა საპაიო შენატანების გადახდა.

საქმის მასალებით ისიც დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 26 აგვისტოს №11-3410 ბრძანების შესაბამისად, 2015 წლის 2 სექტემბრიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი საკ. კოდით..., მისამართი: ქ. ქუთაისი, ქუჩა..., დაზუსტებული ფართობი: 3409.00 კვ.მ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს კოოპერატივ „...ის“ წესდების მე-40 მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია ლიკვიდირებული კოოპერატივის ვალების დადგენილი წესით გადახდის შემდეგ, მისი დარჩენილი სახსრების განაწილების უფლება კოოპერატივის ყოფილ წევრებს შორის და აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის გაუქმებულად მიჩნევის შემდეგ კოოპერატივმა „...მა“, როგორც სამართალსუბიექტმა დაასრულა არსებობა, თუმცა არსებობას აგრძელებს კოოპერატივისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე აშენებული უძრავი ქონება და კოოპერატივის წევრთა მოთხოვნის უფლებები თანაბარ წილში. ლიკვიდირებულ სუბიექტს არ ერიცხება შეუსრულებელი ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, არ ჰყავს კრედიტორები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ მის ქონებაზე ან აღძრული ჰქონდათ მოთხოვნები სასამართლოში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციისთვის 1996 წლის 1 სექტემბრამდე განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საწარმოებს ერთმეოდათ ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა და დგებოდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შედეგი - რეგისტრაციის გაუქმება. ამდენად, რამდენადაც კოოპერატივ „...ის“ ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მას აღარ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა ხელახალი რეგისტრაცია და ზემოაღნიშნული დებულებების შესაბამისად იგი გაუქმებულია, შესაბამისად, მის მიმართ უნდა დადგა ის შედეგი, რაც საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებას უკავშირდება.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთის გარეშე, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობასა და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელეებს, როგორც კოოპერატივის დამფუძნებელ მეპაიეებს სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწაზე არსებულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით გააჩნიათ შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული ნებართვა და ასევე სადავო არ არის სახელმწიფოს მიერ მართლზომიერად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მოსარჩელეთა მიერ აშენების ფაქტი, შესაბამისად, მათ გააჩნდათ შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობები სარეგისტრაციოდ წარედგინათ განაცხადი შესაბამის დოკუმენტებთან ერთად და მოეთხოვათ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, რაც განხორციელდა კიდეც. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში იკვეთება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენების წინაპირობების არსებობა და მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ შესწავლილი უნდა იქნეს საქმეში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით დადგინდეს, იძლევა თუ არა ისინი მოსარჩელეთა უფლებების საკუთრებად ტრანსფორმირების შესაძლებლობას. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ, მათ შორის, უნდა გამოიკვლიოს - მოსარჩელეთა მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის არ არსებობის პირობებში, ხომ არ ქმნის შენობა-ნაგებობაზე და მის განაშენიანების ფართზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს, აგრეთვე შეაფასოს განმცხადებელთა დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების სამართლებრივი ბუნება და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო აქტებით დადგენილი დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის პირობებში მიღებული გადაწყვეტილების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა