საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-284(კ-23) 15 ივლისი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 17.03.2022წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის პ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 3 000 ლარის დაკისრება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 17.05.2022წ. გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე პ. ჩ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის 1500 ლარის გადახდა;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 17.05.2022წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2022წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 17.05.2022წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პ. ჩ-ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირების კანონიერება წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებით დასტრუდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 18.06.2020წ. № MOD82000003793 ბრძანებით, მოპასუხე გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, 2020 წლის 10 ივნისიდან. 10.06.2020წ. მოპასუხესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008წ. №683 ბრძანებით დამტკიცებული №2304/20 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 17.08.2021წ. №2015 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მე-... საარტილერიო ბრიგადის ...ის თანაშემწე, რიგითი პ. ჩ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2021 წლის 1 სექტემბრიდან. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 05.08.2021წ. პირადი პატაკი. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 10.06.2020წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008წ. №683 ბრძანებით დამტკიცებული №2304/20 კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 3.1, 3.2. და 7.3 პუნქტის მოთხოვნები. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია მხარეთა შორის არსებული 10.06.2020წ. №2304/20 კონტრაქტით მოპასუხის მიერ გადასახდელი ძირითადი თანხისა და მისი გადახდის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით. მოცემული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი არ შეიცავს საფუძვლების დიფერენცირებას და პირგასამტეხლო 3 000 ლარის ოდენობით ერთიანია იმ პირობის მიუხედავად, როგორია ბრალის სიმძიმე და საფუძველი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ პირობებში ჯარიმის 3 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმეა, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და სრულად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე. სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ის 420-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესი, ვინაიდან სამინისტროს მიერ მოთხოვნილი თანხა არ წარამოდგენს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს. ეს არის ერთჯერადი საჯარიმო სანქცია, რომელიც კონტაქტის დარღვევისთვის ეკისრება კონკრეტულ პირს. საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სახედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის წესს. თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ სკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008წ. №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის პირობების პირველადი რედაქცია ითვალისწინებდა ჯარიმის 14000 და 10000 ლარის ანაზღაურების ვალდებულებას, აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღნიშნული ჯარიმა მიჩნეულ იქნა შეუსაბამოდ, რაც თავადვე მოაწესრიგა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.11.2014წ. №1633 ბრძანებით ცვლილება განახორციელდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008წ. №683 ბრძანებით დამტკიცებულ კონტრაქტში, რომლის თანახმად, ჯარიმა შემცირდა და განისაზღვრა 3000 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნული თვალსაზრისით, კასატორი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ., mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 30.06.2009წ. გადაწყვეტილება საქმეზე Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (No. 2) [GC], App. No. 32772/02, §43.). ამდენად, საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის შუქზე, შეაფასებს მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება კასატორის მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, Application no. 61302/00, §67.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის მართებულად გადაწყვეტა საჭიროებს პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერების შეფასებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პ. ჩ-ის დათხოვნის საფუძვლად მიეთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (კონტრაქტის პირობების დარღვევა). საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე (ძალადაკარგულია 21.09.2023წ. N3500-XIIIმს-Xმპ კანონით, ამჟამად მოქმედი „თავდაცვის კოდექსის“ 185 მუხ. „დ“ ქვ.პ.-ის საფუძველზე). „თავდაცვის კოდექსის“ 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია კონტრაქტის პირობების დარღვევა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-... საარტილერიო ბრიგადის 01.09.2021წ. ცნობის თანახმად, ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე სამხედრო მოსამსახურის პ. ჩ-ის ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 01 წელი, 02 თვე და 21 დღე. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოპასუხის მიერ დარღვევის ფაქტი, რამაც კრედიტორს მიანიჭა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, თუმცა ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა ექვემდებარება შემცირებას.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 2.2 მუხლის თანახმად, სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი. ამავე კანონის 7.1 მუხლიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობას ქმნის საქართველოს ნორმატიული აქტები, რომლებიც იყოფა საკანომდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 2.14 მუხლის (ძალადაკარგულია 21.09.2023წ. N3500-XIIIმს-Xმპ კანონით, ამჟამად მოქმედი „თავდაცვის კოდექსის“ 185 მუხ. „ა“ ქვ.პ.-ის საფუძველზე) მიხედვით საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ამჟამად მოქმედი „თავდაცვის კოდექსის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული სამხედრო სამსახური (მათ შორის) არის საკონტრაქტო კონტრაქტზე დაფუძნებული, ნებაყოფლობითი, ვადიანი სამხედრო სამსახური. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის ფორმას ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პ. ჩ-ეს შორის 10.06.2020წ. დადებული კონტრაქტის ფორმა („საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“) დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.04.2008წ. №683 ბრძანებით. განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა გათვალისწინებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომლის ფორმა დამტკიცებულია თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური აქტით. უსაფუძვლოა კასატორის მითითება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.11.2014წ. №1633 ბრძანებაზე, რომლითაც ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 3 000 ლარით, აღნიშნული არ გამორიცხავს ჯარიმის აღნიშნულ ოდენობაზე სკ-ის 420-ე მუხლის გავრცელებას, პირგასამტეხლოს შემცირება შეიძლება მოხდეს მაშინ თუ იგი შეუსაბამოდ მაღალია. ამავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადღეისოდ საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-18 თავის 11 პუნქტით განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტის სახის გათვალისწინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული დებულების მე-18 თავს 11 პუნქტი დაემატა საქართველოს მთავრობის 26.10.2022წ. №505 დადგენილებით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის კონტრაქტი დაიდო სამხედრო სამსახურის დებულებაში აღნიშნულ დამატებამდე, 10.06.2020წ. რომელიც შეწყდა 17.08.2021წ. პ. ჩ-ის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 24.2 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს, შესაბამისად, მხარეთა შორის კონტრაქტის დადებისა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შეთანხმების შემდგომ ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილების განსახილველ სამართალურთიერთობაზე გავრცელება ეწინააღმდეგება დათქმას, რომლის თანახმად დაუშვებელია აქტისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუკი იგი აუარესებს პირის პასუხისმგებლობას, ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ პ. ჩ-ის მიმართ კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის ჯარიმის სახით 3 000 ლარის ოდენობა ნორმატიულად არის განსაზღვრული, რაც მისი შემცირების შესაძლებლობას გამორიცხავს, არ უნდა იქნეს გაზიარებული.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლების არარსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, სკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით გასაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი გადაწყვეტის, ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის ინტერესი მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში. სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (სუსგ 28.07.2022წ. №ბს-1166(2კ-19)). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ სამხედრო სამსახურში 10.06.2020წ. ხელშეკრულების საფუძველზე იმსახურა 01 წელი, 02 თვე და 21 დღე. საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოპასუხის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას. საქმეში დაცული მასალებით კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე, სამინისტრო არ მიუთითებს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში (გარდა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისა) პ. ჩ-ეს, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე, ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, მოკლებულია დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით 3000 ლარის დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. ამდენად, სახეზე იყო პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, შესაბამისად მისი შემცირების წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
ქ. ცინცაძე