Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-854 (კ-24) 03 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.ჩ-მა 10.03.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. №IDP 5 23 00000269 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.06.2023წ. გადაწყვეტილებით ი.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. №IDP 5 23 00000269 ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი.ჩ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "დევნილთა შესახებ" კანონის მე-6, მე-13, მე-19, მე-20 მუხლებზე, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე" და აღნიშნა, რომ ი.ჩ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი. ი.ჩ-ი არის ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მოსარჩელის ოჯახი (თავად ი.ჩ-ი, მეუღლე მ.ჩ-ე და შვილი გ.ჩ-ე (დაბ.: ... ... ...წ.)) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით ოჯახი შეფასდა 5 ქულით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. № IDP 5 23 00000269 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 23.12.2022წ. №97 სხდომის ოქმის საფუძველზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო, ი.ჩ-ის ოჯახს უარი ეთქვა ...ის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის დევნილ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ბინა. საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ი.ჩ-ის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით ის ცხოვრობდა ...ში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინა №...-ში, თუმცა მონიტორინგის განხორციელებისას ოჯახი იმყოფებოდა ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინა №...-ში. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოება ვერ მოახდენდა არსებით გავლენას სადავო საკითხის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის თვალსაზრისით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ახსნა-განმარტებით დაზუსტდა ი.ჩ-ის სხვადასხვა მისამართებზე ცხოვრების მიზეზი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი კრიტერიუმების (5.00 ქულა) მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ი.ჩ-ი არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის 11.4 მუხლზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის 28-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვალდებულია გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებები, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ კომისიას განსახილველად გადაეცა მოსარჩელის განაცხადი. განაცხადში მითითებული იყო, რომ ი.ჩ-ი ცხოვრობდა ... ში, ... ის ქ. №...-ში მდებარე ბინა №...-ში. მითითებულ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი, სადაც მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდა დ.ჩ-ე, რომელმაც განმარტა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა მეუღლესთან - შ.ჯ-სთან ერთად. მან ასევე განმარტა, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა ბავშვებთან ბაღში, ხოლო მოსარჩელის მეუღლე მ.ჩ-ე წასული იყო თბილისში. კასატორმა აღნიშნა, რომ მონიტორინგის თანამშრომლებთან მოგვიანებით თავად მოსარჩელე გადმოვიდა მე-2 სადარბაზოდან. ი.ჩ-მა განმარტა, რომ 2021 წლიდან ამ მისამართზე ცხოვრობს ქირის გარეშე, 2015-2021 წლებში ცხოვრობდა მეუღლის საკუთრებაში შემდეგ მისამართზე: ..., ... ის ქ. №..., ბინა №.... მხარემ ასევე განმარტა, რომ ბინა №... იყო მისი მეუღლის მამაპაპისეული სახლი, რომელიც მ.ჩ-ემ გადაუფორმა ძმის მეუღლეს - თ.გ-ეს. ი.ჩ-ის განმარტებით თ.გ-ე თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ...ში, ...ის ქუჩაზე. კასატორმა მიუთითა, რომ 30.11.2022წ. მონიტორინგი ასევე განხორციელდა მოსარჩელის მეუღლის მ.ჩ-ის მამაპაპისეულ სახლში შემდეგ მისამართზე - ..., ... ის ქ. №..., ბინა №.... მისამართზე იმყოფებოდა მოსარჩელე და მისი შვილი გ.ჩ-ე. მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი მეუღლე იმყოფებოდა თბილისში და იმავე დღეს დაბრუნდებოდა უკან, ასევე მიუთითა, რომ მისი რძალი თ.გ-ე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ...ში, ...ის №...-ში მდებარე ბინა №...-ში. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო. კასატორი თვლის, რომ სააგენტოს ბრძანება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია. კასატორის მოსაზრებით მოწმეთა მიერ საქმეზე ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები გაკეთდა. მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა და აღიარა, რომ თავის გასხვისებულ ფართში ცხოვრობს და ფართის მესაკუთრემაც დაადასტურა, რომ არავინ უზღუდავდა მოსარჩელეს ამ ფართში ცხოვრებას. ამასთან, მესაკუთრე ასევე განმარტავდა, რომ სადავო ფართში არსებული ავეჯი იყო მისი შეძენილი, თუმცა მოსარჩელემ მიუთითა, რომ სახლი თავად გაარემონტა და მოაწყო. კასატორი თვლის, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამყარებულია საქმეში დაცული მტკიცებულებებით. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას და არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები. ამასთან, "საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის" (01-30/ნ ბრძანება) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე. კასატორმა მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობა გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, რაც არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი. კასატორის მოსაზრებით ყველა ოჯახს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ბინა, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით ეტაპობრივად აკმაყოფილებს მათ საცხოვრებლით და საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით მოსარჩელე ი.ჩ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ი.ჩ-ი არის ასევე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ი.ჩ-მა 22.09.2022წ. შვილთან გ.ჩ-ესთან (დაბ.: ... ... ...წ.) და მეუღლესთან მ.ჩ-ესთან ერთად განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. განაცხადში ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ..., ...ის ქ. №..., ბინა №.... საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ი.ჩ-ის ოჯახი შეფასდა 5 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1,5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - 1,5 ქულა; შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 23.12.2022წ. №97 სხდომის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ი.ჩ-ის საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.02.2023წ. №IDP 5 23 00000269 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 23.12.2022წ. გადაწყვეტილების (№97 სხდომის ოქმი) საფუძველზე ი.ჩ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ...ის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის და არა ქულათა არასაკმარისობის გამო. ამ სახის ინფორმაციად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი მისამართი, რის დასადასტურებლად მიუთითა მონიტორინგის ჯგუფის მოკვლევის მასალებზე, რომლის მიხედვით 30.11.2022წ. მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე იმყოფებოდა ...ში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინა №...-ში, მაშინ როდესაც სააგენტოში წარდგენილ განცხადებაში მას ფაქტობრივ მისამართად მითითებული ჰქონდა: ..., ...ის ქ. №..., ბინა №.... საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელისა და მისი ოჯახის სხვა მისამართზე ყოფნა ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შ.ჯ-ის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა ი.ჩ-ისა და მისი ოჯახის ...ში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინა №...-ში ცხოვრების ფაქტი. ასევე, განმარტა, რომ მის მეუღლეს - დ.ჩ-ეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ..., ... სამჯერ, რის გამოც პერიოდულად აქვს ნერვული აღგზნებადობა, ვერ იტანს ხმაურს, ღიზიანდება და შეუძლია, რომ ი.ჩ-ის შვილი გააგდოს სახლიდან, რადგან ბავშვი არის ძალიან ცელქი, რის გამოც ი.ჩ-ი იძულებული ხდება მის შვილთან ერთად პერიოდულად იცხოვროს მეორე ძმის ცოლის - თ.გ-ის საკუთრებაში არსებულ ფართში მისამართზე: ..., ...ის ქ. №..., ბინა №.... აღნიშნული დადასტურდა ასევე თ.გ-ის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ ი.ჩ-ი პერიოდულად ცხოვრობს ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინა №...-ში, რომელიც არის თ.გ-ის საკუთრება და იგი ვერ ახერხებს საკუთარი უძრავი ქონებით სარგებლობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერზე, რომლის თანახმად ი.ჩ-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იმ მისამართზე (..., ... ის ქ. №..., ბინა №...), რომელიც მან ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებაში მიუთითა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს სწორედ მითითებულ მისამართზე ქირის გარეშე ცხოვრების გამო მიენიჭა 1,5 ქულა, რაც არ შეცვლილა კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამასთან, სასამართლო შეტყობინებები ი.ჩ-ის რამდენჯერმე გაეგზავნა და ჩაბარდა ზემოაღნიშნულ მისამართზე (..., ...ის ქ. №..., ბინა №...). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებით სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს ი.ჩ-ის საკუთრებაში არ ყოფილა რეგისტრირებული რაიმე სახის უძრავი ქონება, მის ოჯახს არ აქვს მუდმივი ალტერნატიული საცხოვრებელი. ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს, რადგან მონიტორინგის დროს მისამართზე არ იმყოფებოდა, არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო, გარდა მონიტორინგის ოქმისა, ვერ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც სააგენტოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების ფაქტს დაადასტურებდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არის შშმ პირი და განაცხადს აკეთებს არასრულწლოვან შვილთან ერთად. საკასაციო პალატა "ბავშვის უფლებათა კოდექსის" მე-3 მუხლის "თ" ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 11.4 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებული საჭიროებები და მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესები. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი.ჩ-ის ოჯახისათვის (განაცხადით გათვალისწინებული პირებისათვის) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი