Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-529(კ-25) 24 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი. ჭ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 24 ივნისს ი. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2020 წელს 20 ოქტომბერს მან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარადგინა განცხადება მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თუმცა კომისიის 2018 წლის 19 აპრილის №542 განკარგულებით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 აპრილის განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ 2021 წლის 28 აპრილის №635 განკარგულებით კვლავ უარი განუცხადა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, მოსარჩელემ (1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №635 განკარგულების ბათილად ცნობა და (2) მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ...ში, ზონა „ბ“, აგარაკი №...-ის (საერთო ფართი - 447.00 კვ.მ; ს.კ. ...) მიმდებარედ არსებულ 430.00 კვ.მ საერთო ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე ი. ჭ-ის საკურების უფლების აღიარების შესახებ ინდივიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №635 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ. თბილისში, ...ში, ზონა „ბ“, აგარაკი №...-ის (საერთო ფართი - 447.00 კვ.მ; ს.კ. ...) მიმდებარედ არსებულ 430.00 კვ.მ საერთო ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე ი. ჭ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებული უსწორობა და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „1. ი. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.“

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი უჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა მითითებული კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მოთხოვნა კანონით განსაზღვრულ სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. კასატორის შეფასებით, ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ მთავარი აქცენტი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისკენ არის მიმართული და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე ჩნდება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება.

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დადგინდა ი. ჭ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ი. ჭ-ის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაციით, აეროფოტოგადაღებებისა და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან სივრცეში და არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის.

კასატორის განმარტებით, განსახილველ საქმეზე დადგენილი გარემოებები არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ი. ჭ-ე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას, როგორც საკუთარს;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) „მიწის ნაკვეთზე ი. ჭ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №635 განკარგულების კანონიერება და (2) მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ...ში, ზონა „ბ“, აგარაკი №...-ის (საერთო ფართი - 447.00 კვ.მ; ს.კ. ...) მიმდებარედ არსებულ 430.00 კვ.მ საერთო ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე ი. ჭ-ის საკურების უფლების აღიარების შესახებ ინდივიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო განკარგულებით ი. ჭ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, აეროფოტოგადაღებებისა და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან სივრცეში და არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.

ამავე კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, სოფელ ...ში, ... ქ. №19-ში მდებარე უძრავი ქონება (დაზუსტებული ფართობი 447.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართით 353.61 კვ.მ (მათ შორის, სარდაფი 39.29 კვ.მ, პირველი სართული - 156.76 კვ.მ, მე-2 სართული - 157.56 კვ.მ); ს.კ. ...) წარმოადგენს ი. ჭ-ის საკუთრებას.

2017 წლის 6 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქ. თბილისში, ...ში, ზონა „ბ“, აგარაკი №...-ის მიმდებარედ არსებულ 430 კვ.მ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებასთან ერთად მის მიერ წარდგენილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია, ორთოფოტო, მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები.

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 2 თებერვლის №60-0118033409 წერილით დგინდება, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ქ. თბილისში, ...ში, ზონა „ბ“, აგარაკი №...-ის მიმდებარედ 460 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების აღიარების საკითხი, მითითებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-2) ზონაში. ამასთან, იგი მოქცეულია ... საკადასტრო ერთეულის საზღვრებში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით (ოქმი №646) ი. ჭ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 აპრილის №458 განკარგულებით, ი. ჭ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

საქმის მასალებით, აგრეთვე, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 აპრილის №542 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. ჭ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 15 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ უფლებაასაღიარებელი უძრავი ქონება მდებარეობს ი. ჭ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №635 განკარგულებით, ი. ჭ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..., ზონა „ბ“, აგარაკი №...-ის მიმდებარედ, ფართობი - 430 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში მითითებულია, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით, აეროფოტოგადაღებებითა და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით. კომისიამ, ასევე, მიიჩნია, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამება დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის ნაკვეთის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, რამდენადაც საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობითა და კონფიგურაციით შეუსაბამოა არსებული განაშენიანებისათვის.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ა. კ-ას, ვ. კ-ისა და ლ. ჩ-ის ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობებზე, რომელთა შესაბამისად, ი. ჭ-ე 2002 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით მდებარე: ქ. თბილისი, ..., ზონა „ბ“, აგარაკი №...-ის მიმდებარედ, ფართობი - 460 კვ.მ. შესაბამისად, ისინი თანახმანი არიან ი. ჭ-ემ მოახდინოს ხსენებული უძრავი ქონების დაკანონება/პრივატიზაცია/ლეგალიზაცია და რეგისტრაცია თავის სახელზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „მ...“-ის 2023 წლის 5 თებერვლის დასკვნაზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო ნაკვეთზე წარსულში ი. ჭ-ეს განხორციელებული აქვს მიწის სამუშაოები. მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დარგული და გაზრდილია რამდენიმე ხე-მცენარე, ხოლო თავად მიწის ნაკვეთი მფლობელს შემოსაზღვრული ჰქონდა ლითონის მავთულბადით მინიმუმ ორი მხრიდან (აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან); მიწის ნაკვეთს ეტყობა მფლობელის მიერ მისი გამოყენების კვალი. აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ი. ჭ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის წინ. ამდენად, ამ მოცემულობით საცხოვრებელ სახლში სამხრეთის მხრიდან შესვლა შეუძლებელია სარეგისტრაციო/ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშე. ის გარემოება, რომ გამოკვლეული მიწის ნაკვეთი სივრცულ კავშირშია ი. ჭ-ის საცხოვრებელ სახლთან, ასევე, დასტურდება იმ ფაქტით, რომ ასაღიარებელ/სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე მოხვედრა მომიჯნავე ტერიტორიებიდან შეუძლებელია დაბრკოლებების და ი. ჭ-ის საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გარეშე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ორთოფოტოებსა (2005, 2010, 2014 და 2020 წწ.) და აზომვითი ნახაზების შინაარსზე, რომლითაც დასტურდება, რომ ი. ჭ-ის საკუთრებაში არსებული სახლის აივანი და მის ქვეშ მოწყობილი ბეტონის ფილა, რომელიც დასხმულია კედლის მთელ სიგრძეზე, მდებარეობს (გადადის) სადავო 430 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. გარდა ამისა, როგორც ექსპერტის დასკვნითა და სასამართლოს მიერ ადგილის დათვალიერებით დადგინდა, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ი. ჭ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რაც, ასევე, დადასტურებულია საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 15 თებერვლის დათვალიერების ოქმით და იგი სივრცულ კავშირშია ი. ჭ-ის საცხოვრებელ სახლთან, იმ თვალსაზრისით, რომ ასაღიარებელ/სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე მოხვედრა მომიჯნავე ტერიტორიებიდან შეუძლებელია დაბრკოლებების და ი. ჭ-ის საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გარეშე. სამხრეთის მხრიდან მასში მოხვედრა კი ფაქტობრივად შეუძლებელია ხევის არსებობის გამო. ორთოფოტოებით, ასევე, დასტურდება, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სამხრეთით მდებარე ხევის ნაწილი, ი. ჭ-ის განმარტებით, მის მიერ ამოვსებულ იქნა მიწით. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივი ანალიზი ცხადჰყოფს ი. ჭ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს კომისიის მხრიდან მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ი. ჭ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მეორე არგუმენტსაც. კერძოდ, როგორც აღინიშნა, აღიარების კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამება დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის ნაკვეთის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, რამდენადაც საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობითა და კონფიგურაციით შეუსაბამოა არსებული განაშენიანებისათვის.

საკასაციო პალატა, ამ მხრივ, მართებულად თვლის სააპელაციო პალატის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის“ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტსა მე-16 მუხლზე მითითებას. კერძოდ, საცხოვრებელი ზონა (სზ-2) 2-ისათვის განაშენიანების დომინირებული სახეობაა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები. ამავე დადგენილებით მითითებული ზონისათვის დადგენილია განაშენიანების რეგულირების პარამეტრები, რომლის თანახმადაც, მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი შეადგენს 250 კვ.მ-ს.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებით დადგენილი განაშენიანების რეგულირების პარამეტრების შესაბამისად, საცხოვრებელი ზონა 2-ისთვის მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი შეადგენს 250 კვ.მ-ს, ი. ჭ-ის მიერ კი საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილია 430 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რის გამოც უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთის ფართობი არ აკმაყოფილებს საცხოვრებელი ზონა 2-ისათვის დადგენილ პარამეტრებს. გარდა აღნიშნულისა, ნიშანდობლივია, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არის გაუნაშენიანებელი, ი. ჭ-ე კი მისი სამშენებლო მიზნით განვითარების განზრახვაზე არ მიუთითებს.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა