Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-679(კ-24) 21 ივლისი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ჯ-ამ 17.06.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 20.04.2021წ. №03-1026/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე კანონით დადგენილი წესითა და ვადებში მოსარჩელისა და მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალება. 04.07.2022წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა სააგენტოს 16.06.2022წ. ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.04.2023წ. გადაწყვეტილებით თ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 20.04.2021წ. №03-1026/ო ბრძანება და 16.06.2022წ. MOH 9 22 00000096 ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის თ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. ჯ-ას, როგორც დევნილის სათანადო საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ პირად მიჩნევა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მისი ყოფილი მეუღლის მამას - ფ. გ-ას, ვ. გ-ას, ვი. გ-ას და მ. შ-ას საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. №62 განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ქ. თბილისში, ... ქ. №67-ში, პირველ სართულზე მდებარე 57,24 კვ.მ. ფართი, ერთ ოთახად. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფ. გ-ას შორის 25.02.2009წ. გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს გადასცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (ქ. თბილისი, ... ქუჩა №67, პირველი სართული, 57,24 კვ.მ. ფართობი, ერთი ოთახი). ხელშეკრულების თანახმად მყიდველი ფ. გ-ა ვალდებული იყო ვ. გ-ა, ვი. გ-ა და მ. შ-ა უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. 18.09.2017წ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №67-ში მდებარე 57,24 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი ...) ერთადერთ მესაკუთრეს წარმოადგენს ფ. გ-ა. პალატამ მიიჩნია, რომ თ. ჯ-ა და ფ. გ-ა წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ ოჯახებს, რასაც ადასტურებს მათთვის მინიჭებული დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრები. თ. ჯ-ა არ არის ასევე მითითებული ფ. გ-ას ოჯახის შემადგენლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერშიც. გარდა ამისა, თ. ჯ-ა და ვი. გ-ა განქორწინდნენ 20.04.2021წ., შესაბამისად საქმეში დაცულ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება თ. ჯ-ასა და ფ. გ-ას ერთ ოჯახად რეგისტრაციისა და ცხოვრების ფაქტები, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის ყოფილი მეუღლის ოჯახი დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით, სახელმწიფოს არ ათავისუფლებს თ. ჯ-ას ოჯახის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებისგან.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონმდებლის მიერ მკაფიოდ არის დადგენილი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა არის დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველი. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც დაგროვილი აქვს ქულათა ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია კონკრეტულ ეტაპზე ბინის მისაღებად. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა, დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები. დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება და პერიოდული საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოში ყოფნის პერიოდში სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. უდავოა, რომ ოჯახში არის სამი არასრულწლოვანი, ხოლო სოციალური კრიტერიუმის მიხედვით სარეიტინგო ქულა 30001-ზე ნაკლებია. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით თ. ჯ-ას ოჯახი შეფასდა 6.5 ქულით, რაც საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოცემულ (და არა სხვა რომელიმე) ეტაპზე მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქულათა საკმარისი ოდენობა არ არის გადამწყვეტი და ერთადერთი კრიეტრიუმი საცხოვრებლით უზრუნვესაყოფად. მოპასუხეს ევალება ყველა დევნილი ოჯახის ადგილზე გადამოწმება, საცხოვრებელი პირობების, ფინანსური მდგომარეობის ადგილზე შესწავლა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. ქ. თბილისში, ... ქ. №67-ში მდებარე ბინა 9-ში („...“) 16.11.2020წ. განხორციელდა მოსარჩელის მონიტორინგი. მისამართზე იმყოფებოდა ვი. გ-ა შვილებთან ერთად, ვი. გ-ას განმარტებით მოსარჩელე იმყოფება საზღვარგარეთ. ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ მოსარჩელის ყოფილი მეუღლის მშობლებიც, ბინის მესაკუთრეა ფ. გ-ა - მოსარჩელის ყოფილი სიმამრი. მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ნათესავის სახლში ცხოვრების გამო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანება დევნილთა სააგენტოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი, რადგან სასარჩელო წარმოების ფარგლებში გამოიკვეთა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მიჩნეული იქნა საცხოვრებლით უზრუნველყოფ პირად. საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. №62 განკარგულებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ფ. გ-ას შორის 25.02.2009წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დევნილ ოჯახს დაუკანონდა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული ქ. თბილისში, ... ქ. №67-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი („...“). მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულებაში თ. ჯ-ა შვილებთან ერთად არ არის მოხსენიებული, თუმცა იმ პერიოდში ისინი ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ ფაქტობრივად ერთ ოჯახად. აღნიშნულს ადასტურებს მათი დევნილის ანკეტაში დაფიქსირებული ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი. კასატორმა აღნიშნა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი უზრუნველყოფს როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის აქტიურ ჩართულობას და მონაწილეობას სამართალწარმოებაში. საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მტკიცების ტვირთის სრულად გადაკისრებას. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულელებით დასტურდება დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირად მიჩნევის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით თ. ჯ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილები ვ. ჯ-ა, დ. ჯ-ა და გ. ჯ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. №19 სხდომის ოქმის თანახმად, ოროთახიანი ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა თ. ჯ-ას, რომლის ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა ნათესავის სახლში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-1026/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) თ. ჯ-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქმეში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №67-ში მდებარე ბ. 9 წარმოადგენს ფ. გ-ას საკუთრებას. 16.11.2020წ. გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მინიტორინგის ოქმის თანახმად, მითითებულ მისამართზე მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს ქირით ხუთი წელია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლი უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. 09.02.2018წ., 19.02.2019წ. და 30.01.2020წ. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების შეფასებების ელექტრონული ფორმის თანახმად 6.50 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა საცხოვრებლის ფინანსური პირობების გამო (ნაქირავები), 3 ქულა მიენიჭა სოციალური კრიტერიუმის გამო (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით), ხოლო 2 ქულა მიენიჭა სამი არასრულწლოვანი შვილის გამო. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. სადავო აქტში მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს ნათესავის სახლში ცხოვრების გამო, არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. უდავოა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №67-ში მდებარე ბინა 9-ის მესაკუთრე - მოსარჩელის ყოფილი სიმამრი არ წარმოადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე თ. ჯ-ას 09.12.2013წ. განცხადებით გათვალისწინებულ პირს, ამასთანავე ფ. გ-ას საკუთრებაში არსებული ბინა 13.09.2017წ. ხელშეკრულების საფუძველზე დაიტვირთა იპოთეკით ნ. თ-ის სასარგებლოდ, ამავე ხელშეკრულებით დადგინდა მესაკუთრის მიერ უძრავი ქონებით სარგებლობის უფლების იპოთეკარისთვის დათმობა. საჯარო რეესტრის მონაცემებით ნ. თ-ის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლება შეწყდა 18.10.2022წ., ხოლო 21.10.2022წ. აღნიშნულ ქონებაზე 17.10.2022წ. სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. დ-ას იპოთეკის უფლება, შესაბამისად მესაკუთრის მიერ სხვა პირთათვის ბინის სარგებლობაში გადაცემა არ ქმნის მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილების ნათესავის საკუთრებაში არსებული ბინით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობას. მართალია, საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ 20.04.2021წ. ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი ამავე სააგენტოს 16.06.2022წ. ბრძანებით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ აღნიშნული აქტის (20.04.2021წ. ბრძანების) ბათილად ცნობის შესაძლებლობას. სასკ-ის 32.3 მუხლიდან გამომდინარე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში საქმის დასრულებამდე ბათილად ცნობის მიუხედავად სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს საქმის განხილვა და მიიღოს გადაწყვეტილება მხარის მოთხოვნისა და კანონიერის ინტერესის არსებობის შემთხვევაში. მხარის კანონიერი ინტერესი არსებობს მაშინ, როდესაც გასაჩივრებული აქტი კანონსაწინააღმდეგოა და მისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბათილად ცნობა არ არის საკმარისი მხარის დარღვეული უფლების აღსადგენად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს თავპირველად საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა იმაზე მითითებით, რომ არ არსებობდა მისი განსახლების გადაუდებელი საჭიროება. კასატორის განმარტებით აღნიშნული უარი ბათილად იქნა ცნობილი იმის გამო, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საცხოვრებელი ფართით უკვე უზრუნველყოფილ პირს. ამდენად, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ 20.04.2021წ. ბრძანების სააგენტოს მიერ ბათილად ცნობას არ გამოუწვევია მოსარჩელისთვის სასარგებლო სამართლებრივი შედეგის დადგომა, შესაბამისად მოსარჩელეს გააჩნია მითითებული ბრძანების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული აქტი სააგენტომ ბათილად ცნო არა მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის გამო, არამედ უარის თქმის სხვა საფუძვლის (საცხოვრებელი ფართით უკვე უზრუნველყოფის) არსებობის გამო, ამასთანავე მითითებული საპროცესო დანაწესით გამოირიცხება სამომავლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის თავდაპირველი აქტის მსგავსად მოწესრიგების შესაძლებლობა, რაც პირის უფლების დაცვის დამატებით სამართლებრივ მექანიზმს ქმნის.

დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მითითება მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირებად მიჩნევის თაობაზე. საქმის მასალებში დაცული საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. №62 განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) ფ. გ-ას, ვ. გ-ას, ვი. გ-ას და მ. შ-ას გადაეცათ უძრავი ქონება. ფ. გ-ასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 25.02.2009წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ფ. გ-ამ საკუთრებაში მიიღო ქ. თბილისში, ... ქ. №67-ში მდებარე 57,24კვ.მ. ფართი, ერთ ოთახად. ამავე ხელშეკრულებით ფ. გ-ამ აიღო გადაცემულ ქონებაში ვ. გ-ას, ვი. გ-ას და მ. შ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. განკარგულებითა და 25.02.2009წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით არ დგინდება მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და უძრავი ქონების გადაცემის ფაქტი. გასაჩივრებული განჩინების საფუძველს არ მქნის აგრეთვე კასტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მითითებულ პირებთან ერთად ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა ფაქტობრივად ერთ ოჯახად. აღსანიშნავია, რომ ფ. გ-ას საკუთრებაში არსებული ბინა შეადგენს 57,24კვ.მ.-ს და მან 25.02.2009წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით აიღო დამატებით სამი პირის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადასაცემი ფართების ოდენობა განისაზღვრება დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობით, რომელიც დადგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული №9 დანართით („გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებზე). აღნიშნული წესის დადგენის საჭიროება გამომდინარეობს ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებიდან („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხ. „ნ“ ქვ.პ., მე-13 მუხ., მე-17 მუხ.), შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მოცულობისა და ოჯახის წევრთა ოდენობის შესაბამისობის დადგენის გარეშე, მხოლოდ მოსარჩელის ყოფილი სიმამრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და ერთ ოჯახად არსებობის ფაქტზე მითითება, არ წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის და დასაბუთებულ საფუძველს. ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უძრავი ნივთის ფ. გ-ას საკუთრებაში არსებობის ფაქტი იმთავითვე არ გულისხმობს ასეთ ფართში მოსარჩელის და მისი არასრულწლოვანი შვილების შეუზღუდავად ცხოვრების შესაძლებლობას, საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დგინდება ასევე მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილების აღნიშნული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფაქტი, მოსარჩელისა და ბინის მესაკუთრის სააგენტოს მიერ ერთ ოჯახად მიჩნევის ფაქტი არ გამორიცხავდა ფართის მოცულობისა და ოჯახის წევრთა ოდენობის შესაბამისობის შეფასების საჭიროებას, ამასთანავე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ თ. ჯ-ას და ფ. გ-ას ოჯახებს დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრები გააჩნია.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 21.04.1994წ. დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვანი პირების განსაკუთრებული საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათავლისწინების ფაქტი. კასატორმა ვერ უზრუნველყო მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობების არარსებობის სათანადო საფუძვლების დადასტურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი