Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-677(კს-25) 8 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ჯ. ფ-ას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებაზე.

2025 წლის 27 იანვარს პატრულ ინსპექტორ ირაკლი მარღანიას მიერ ჯ. ფ-ას მიმართ შედგენილი იქნა Nაკ000044196 ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის წარმომადგენელი არ დაეთანხმა ოქმში მითითებულ გარემოებებს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის დადგენილებით ჯ. ფ-ა ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჯ. ფ-ას მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის დადგენილებით ჯ. ფ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის დადგენილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის განჩინებით ჯ. ფ-ას მიმართ N4/ა-68-25წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის დადგენილების სამოტივაციო ნაწილის ბოლო აბზაცში დაშვებული უსწორობა და „თ. ტ-ის“ ნაცვლად მითითებული იქნა ჯ. ფ-ა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებაზე დ. ფ-ას მიერ წარდგენილ იქნა კერძო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის დადგენილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების გაუქმება, 2025 წლის 18 მარტის დადგენილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ფ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია დადგენილების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც არ შეუძლია საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან ის გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება. შესაბამისად საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია, შეაფასოს მოცემულ საკითხზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დადგენილების კანონიერება.

მოცემულ შემთხვევაში, ჯ. ფ-ა სადავოდ ხდის უსწორობის გასწორების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით ჯ. ფ-ას მიმართ N4/ა-68-25წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის დადგენილების სამოტივაციო ნაწილის ბოლო აბზაცში დაშვებული უსწორობა და „თ. ტ-ის“ ნაცვლად მითითებული იქნა ჯ. ფ-ა, რაც ჯ. ფ-ამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით. ამავე განჩინებით ჯ. ფ-ას განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ფ-ას საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის დადგენილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების გაუქმების, 2025 წლის 18 მარტის დადგენილების გაუქმების და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, შეაფასოს პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე გამოცემული სააპელაციო სასამართლოს დადგენილების ან ორინსტანციური სამართალწარმოების ფარგლებში ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედებების სათანადოდ შესრულების კანონიერება, შესაბამისად არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ფ-ას საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე