საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-176 (3კ-24) 10 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ლ.გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე (მესამე პირი შ.ქ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.გ-იმა 2020 წლის 07 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 აპრილის №000074 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 2 მარტის №257 ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ლ.გ-ი გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 აპრილის №000074 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ.გ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ლ.გ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ ლ.გ-ის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე. აგრეთვე, ლ.გ-ი წარმოადგენს პენსიონერს და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახს მინიჭებული აქვს 96290 სარეიტინგო ქულა, რაც ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, სადავო დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან ლ.გ-ის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. ხოლო რაც შეეხება, ქ. თბილისში, ...ში, ...ში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟის დავალებას, პალატის მოსაზრებით, არის კანონშესაბამისი და არ ეწინააღმდეგება საკითხის მომწესრიგებელი ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ.გ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
კასატორი ლ.გ-ი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, საკასაციო პალატის მიერ საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას მოითხოვს და თვლის, რომ საფუძველსაა მოკლებული სასამართლოს მიერ დემონტაჟის დავალება სადავო მშენებლობის მესაკუთრისთვის, რამეთუ მშენებლობა ნაწარმოებია ლ.გ-ის მიერ.
კასატორები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავენ, რომ არ არსებობს დაკისრებული ჯარიმისაგან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი, რამეთუ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე, მოცემულ საქმეში კი, ლ.გ-ის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 25 აპრილს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის, 27 თებერვლისა და 28 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ლ.გ-ის საკასაციო საჩივრები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით ლ.გ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს ლ.გ-ის მიმართ შედგა №000074 მითითება, რომლითაც 3 დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ..., ..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, შ.ქ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ნაწარმოები იყო სამშენებლო სამუშაოები - კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის განთავსება, რომელიც ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული მითითებით ლ.გ-ის, როგორც სამართალდამრღვევს, დარღვევების გამოსწორების მიზნით, დაევალა 25 კალენდარული დღის ვადაში სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, ან ობიექტის დემონტაჟის განხორციელება, უსაფრთხოების წესების დაცვით. 2018 წლის 31 დეკემბერს მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა №000074 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. 2019 წლის 21 იანვარს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გაიმართა ზეპირი განხილვის სხდომა. სხდომაზე გამოცხადდნენ ლ.გ-ი და მისი წარმომადგენელი ა.ა-ი, რომლებმაც დაადასტურეს მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მხარემ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოებია მის მიერ 2016 წელს, ხოლო მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო 1992 წლიდან. 2019 წლის 25 აპრილს მუნიციპალური ინსპექციის სპეციალისტის მიერ ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ ლ.გ-ის მიერ ნაწილობრივ შესრულდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, მსუბუქი კონსტრუქციის ღობის ადგილმონაცვლეობის შედეგად, ის აღარ გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მოქცეულია N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. არ განხორციელდა უნებართვოდ განხორციელებული შენობა-ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი და არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 აპრილის №000074 დადგენილებით ლ.გ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით, ქ. თბილისში, ...ში, ...ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, შ.ქ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის მშენებლობა/განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით ლ.გ-ის დაევალა ქ. თბილისში, ...ში, ...ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, შ.ქ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი. ლ.გ-იმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 აპრილის №000074 დადგენილება 2019 წლის 21 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაასაჩივრა №19/01191412923-01 ადმინისტრაციული საჩივრით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 2 მარტის №257 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ.გ-ის 2019 წლის 21 მაისის №19/01191412923-01 ადმინისტრაციული საჩივარი (1); ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 აპრილის №000074 დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც ლ.გ-ის დაევალა ქ. თბილისში ...ში, ...ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, შ.ქ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი (2); ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 აპრილის №000074 დადგენილება დანარჩენ ნაწილში (3); დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისში ...ში, ...ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, შ.ქ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟის დავალების ნაწილში (4). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 13 მარტის Nც9-20 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 25 აპრილის N000074 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგის სახით: ,,2. ქ. თბილისში, ...ში, ... №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟი“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2020 წლის 02 მარტის №139 დადგენილებით) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); რეკონსტრუქცია; რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დემონტაჟი; ლანდშაფტური მშენებლობა; დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
განსახილველ საქმეში უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ...ში, ...ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, შ.ქ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის მშენებლობები ნაწარმოებია შესაბამისი ნებართვის გარეშე.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ხოლო, კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით.
განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოებია ლ.გ-ის მიერ.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (2019 წლის 18 სექტემბერი, №4964-Iს), რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია, აგრეთვე, ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან).
საქმის მასალებით დადასტურებულად არის ცნობილი, რომ სადავო მშენებლობები განხორციელებულია 2019 წლის 15 იანვრამდე, ხოლო გასაჩივრებული აქტები ჯერ არ არის აღსრულებული. ამასთან, საქმეში დაცული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ლ.გ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია, ამავდროულად, ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების დროისთვის იგი წარმოადგენდა პენსიონერს.
ამდენად, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლ.გ-ი უნდა გათავისუფლდეს მისთვის დაკისრებული ჯარიმისაგან.
რაც შეეხება სადავო აქტებს დემონტაჟის ნაწილში, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება დემონტაჟზე და კანონით გათვალისწინებულ პირებს მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებს. რაც შეეხება დემონტაჟის მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის დავალების თაობაზე მოსარჩელის პრეტენზიას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ლ.გ-ის მიერ უნებართვო წარმოებული შენობა-ნაგებობა განთავსებულია შ.ქ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, არ დასტურდება გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 2 მარტის №257 ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტის უკანონობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საკასაციო პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (საქმე №ბს-129(კს-24)), გარკვეულ შემთხვევებში, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა ნაკლებია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით განსაზღვრულ ოდენობაზე, საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის მიუხედავად, იგი გათავისუფლდება საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეში სახეზეა ლ.გ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.გ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი