საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-443(2კ-25) 23 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და დ.ს-ის ( გ.ს-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 11 აპრილს გ.ს-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 17 აგვისტოს N1040 განკარგულების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის (რომლითაც დაკმაყოფილდება გ.ს-ის მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთზე - ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მ/რ, მე-... კვარტალი, კორპ. ...-ის მიმდებარედ, საერთო ფართი 2155.00 კვ.მ, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე) მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე გ.ს-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 17 აგვისტოს №1040 განკარგულება; დაევალა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც აღიარებული იქნება გ.ს-ის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება ... მ/რ, ... კვ., კორპუსი №...-ის მიმდებარედ, 2155 კვ.მეტრის ოდენობით. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ.ს-ის სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე გ.ს-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 17 აგვისტოს №1040 განკარგულება და დაევალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ქ. თბილისი, ...ის დასახლება ...მ/რ, ...კვ., კორპუსი №...-ის მიმდებარედ, 2155 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გ.ს-ის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა გ.ს-ის სარჩელი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ და „ე“ ქვეპუნქტები, მე-51 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-16 მუხლი, ყურადღება გაამახვილა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 02 ოქტომბრის №5006320623 დასკვნის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის №16-01211412481 წერილის შინაარსზე და გასათვალისწინებლად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ.ს-ის განცხადების საფუძველზე წარმართული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, საკუთრების უფლების აღიარების ხელშემშლელ ერთადერთ გარემოებად მიიჩნია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის დროებითი ხასიათი, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის №16-01211412481 წერილში აღნიშნული გარემოება არ გამხდარა მოსარჩელისათვის ქ. თბილისში, ...ის დასახლება ... მ/რ, ... კვ. კორპუსი №...-ის მიმდებარედ არსებულ 2155 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან კომისიას შეფასება არ მიუცია უფლებაასაღიარებელ ნაკვეთზე სარეკრეაციო (რზ-2) ზონის არსებობის საკითხზე, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის კონკრეტულად თუ რა ნაწილზე ვრცელდება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით დაწესებული შეზღუდვები; ახალი წარმოების ფარგლებში აპელანტი (მოპასუხე) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასევე უნდა იქნეს გამოკვლეული, მოცემული შეზღუდვის გათვალისწინებით, რამდენად არსებობს აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თუნდაც ნაწილზე გ.ს-ის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და დ.ს-ის (გარდაცვლილი გ.ს-ის უფლებამონაცვლე) მიერ.
კასატორი - დ.ს-ი (გარდაცვლილი გ.ს-ის უფლებამონაცვლე) ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება. კასატორი თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა ყოველთვის არ აღჭურავს ადმინისტრაციულ სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებით ისარგებლოს და საქმე ადმინისტრაციულ ორგანოს დაუბრუნოს განსახილველად. მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს ყველა საჭირო მტკიცებულება და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება, აგრეთვე სამართლებრივი დასაბუთება, რომელიც სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერების მსჯელობას შესაძლებელს ხდის.
კასატორი მიუთითებს სამართლებრივ ნორმებზე, ასევე დეტალურად მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის №16-01211412481 წერილის შინაარსზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, 2021 წლის 17 აგვისტოს N1040 განკარგულების მიღების დროს ხელთ ჰქონდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ზემოღნიშნული წერილი აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო (რზ-2) ზონის გავრცელების ინფორმირებულობის შესახებ, თუმცა არაგონივრულად მიიჩნია აღნიშნული დასკვნის გამოყენება, რაც კასატორის მსჯელობით არ გულისხმობს საკითხის სრულად იგნორირებას. მისივე მსჯელობით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა არა სააგენტოს აღნიშული წერილი და შესაბამისად წერილის შინაარსი, არამედ ის გარემოება, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა იყო დროებითი. ამდენად, მიიჩნევს, რომ კონრეტული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების. აკონკრეტებს, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს თვითნებურად დაუფლებულია 2004 წლიდან უწყვეტად, რასაც მისივე მსჯელობით ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა და ორთოფოტოები; შესაბამისად მიიჩნევს, რომ ნაკვეთის თვითნებურად დაუფლება დროში წინმსწრებია აღნიშნული ზონის სარეკრეაციო ზონაში (რზ-2) მოქცევისა.
მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის Nბს-565-558(კ-15) გადაწყვეტილებაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობამ ზიანი მიაყენა მოსარჩელის ინტერესებს, რომლისთვისაც არსებითი მნიშვნელობის მქონე არ ყოფილა მის მიმართ გამოცემული შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუკი სასამართლო აღიარების კომისიას არ დაავალებდა ახალის აქტის გამოცემას, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მოთხოვნა. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, მიიჩნევს, რომ არასწორად განიმარტა კანონი, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი მიუთითებს საკანონმდებლო რეგულაციაზე და განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთს თვითნებურად დაკავებულის კატეგორია არ ენიჭება და საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი ნაგებობა ან/და მსუბუქი კონსტრუქცია (მათ შორის, ხის კონსტრუქცია) რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელთა გამოკვლევისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად არ დადასტურდა გ.ს-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. მისივე მსჯელობით დოკუმენტაციით, ორთოფოტოებითა (აეროფოტოგადაღებით) და ადგილზე დათვალიერებით კომისიის მიერ დადგენილი იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე (ასევე, არსებული მდგომარეობით) განთავსებული იყო დროებითი შენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ" ქვეპუნქტით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. აღნიშნული გარემოებები კასატორის მსჯელობით, წარმოადგენს განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
კასატორი არ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც შედეგობრივად ისე დასაბუთების ნაწილში, ყურადღებას ამახვილებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ ექსპერტის მიერ შეფასებული იქნა 2023 წელს არსებული მდგომარეობა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონი კი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის იმპერატიულად მოითხოვს 2007 წლამდე კაპიტალური შენობის არსებობის ფაქტს. შესაბამისად, კასატორი გაუგებრად მიიჩნევს თუ რატომ დაეყრდნო სასამართლო აღნიშნულს დასკვნას რომელმაც შეაფასა მხოლოდ 2023 წლის მდგომარეობით შენობის კაპიტალურობა.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 02 მაისის განჩინებით, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე .
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 02 მაისის განჩინებით, დ.ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მოსარჩელის, აწ გარდაცვლილი გ.ს-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო მისი შვილი - დ.ს-ი. ამავე განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ.ს-ის უფლებამონაცვლის - დ.ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 17 აგვისტოს N1040 განკარგულების კანონიერება. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლებასთან ერთად კანონმდებლის მიერ გაწერილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდველი გარემოებები, საკასაციო პალატა დეტალურად მიუთითებს შემხებლობაში არსებულ მტკიცებულებებს და აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასება დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივართა და შესაბამისად სარჩელის ბედს. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერებასთან ერთად უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მოპასუხისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 თებერვლის №... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გაიგზავნა გ.ს-ის განცხადება მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის დასახლება ... მ/რ, ... კვ. კორპუსი №...-ის მიმდებარედ, 2155 კვ. მეტრი) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით (2020 წლის 20 და 23 იანვარი) თ.მ-ე და თ.ს-ე ადასტურებენ, რომ გ.ს-ი 2004 წლიდან განცხადების შედგენის დღემდე მუდმივად ფლობდა და სარგებლობდა 2155 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება ... მ/რ, ... კვ., კორპუსი №...-ის მიმდებარედ).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის №16-01211412481 წერილის თანახმად, სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ...ის დასახლება მე-... მ/რ, ... კვ. კორპუსი №... მიმდებარედ 2155 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მიუთითა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო (რზ-2) ზონა.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 17 აგვისტოს №1040 განკარგულებით გ.ს-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის დასახლება ... მ/რ, ... კვ., კორპუსი №...-ის მიმდებარედ, 2155 კვ. მეტრი) საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამავე განკარგულების თანახმად, უარის თქმის საფუძვლად მიეთითა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (ასევე, არსებული მდგომარეობით) განთავსებული იყო დროებითი შენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. ამდენად, კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 02 ოქტომბრის №5006320623 დასკვნაში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ...ის დასახლება ... მ/რ, ... კვ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ გ.ს-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდით №... აღრიცხული შენობა მოწყობილია 2005 წლამდე. ამასთან, აღნიშნული შენობა გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, შენობის მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ ხის ბოძები გრუნტში ჩამაგრებულია წერტილოვანი ბეტონის საძირკველით. შენობა შემოსაზღვრულია ხის ფიცრებით, შემომზღუდავი ხის და ლითონის ელემენტებით და ქმნის გადახურულ სივრცეს.
სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაადგინა კერძო პირების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები. მითითებული კანონის მიზნის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი მიღების პერიოდისათვის არსებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი რეალობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, მიწის ფონდის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების - მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება, §17,46,47). კანონის მიღების მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებობა და თვითნებური დაკავება გახდა, რაც აფერხებდა მიწის ფონდის ათვისებას, მიწის ბაზრისა და მიწის განკარგვის სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის განვითარებას. ამასთანავე, მიუხედავად მოქალაქეთა მიერ აღნიშნული მიწებით მრავალწლიანი სარგებლობისა, მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. არსებული ვითარება განაპირობებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შეფერხებას, რადგან ვერ ხერხდებოდა მიწების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი მიწის გადასახადით დაბეგვრა (იხ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი). სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება (სუს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილება). კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში.
მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტს, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
იმავე მუხლის ,,ე“ პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი. იმავე დათქმას ითვალისწინებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცითტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელშიც ჩამოთვლილია ის შემზღუდველი გარემოებები, რომლის არსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმებისას საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 17 აგვისტოს №1040 განკარგულებით, გ.ს-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის დასახლება ... მ/რ, ... კვ., კორპუსი №...-ის მიმდებარედ, 2155 კვ. მეტრი) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (ასევე, არსებული მდგომარეობით) განთავსებული იყო დროებითი შენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. აღნიშნულის დასასაბუთებლად ყურადღება გამახვილდა ორთოფოტოებზე (აეროფოტოგადაღება) და მიეთითა, რომ ასევე არ დადასტურდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი.
ცალსახაა, რომ სადავო საკითხისადმი რელევანტური კანონმდებლობა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას შესაძლებლად მიიჩნევს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დაკავება 2007 წლამდე პერიოდში და ასევე კანონის ამოქმედებამდე მდგომარეობით (2007 წლამდე) მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, უნდა დასტურდებოდეს საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობა. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის, კანონი შეიცავს რიგ გამომრიცხავ გარემოებებზე მითითებას, მაგრამ კანონის ნორმის მთავარი დათქმა - სანამ საკითხის კვლევა გაგრძელდება გამომრიცხავი გარემოებების კვლევის თვალსაზრისით, მიმართულია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისკენ და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე ჩნდება უფლება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ იმ არგუმენტზე, რომ არ დადასტურდა აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, კანონის ამოქმედებამდე მდგომარეობით და რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (ასევე, არსებული მდგომარეობით) განთავსებული იყო დროებითი შენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს.
აღნიშნულზე მსჯელობის ჭრილში, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება საქმეში წარდგენილ ორთოფოტოებზე, მოწმეთა ჩვენებებზე და ექსპერტიზის დასკვნაზე. საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 02 ოქტომბრის №5006320623 დასკვნის შინაარსზე, კერძოდ მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ...ის დასახლება ... მ/რ, ... კვ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ გ.ს-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდით №... აღრიცხული შენობა მოწყობილია 2005 წლამდე. ამასთან, აღნიშნული შენობა გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, შენობის მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ ხის ბოძები გრუნტში ჩამაგრებულია წერტილოვანი ბეტონის საძირკველით. შენობა შემოსაზღვრულია ხის ფიცრებით, შემომზღუდავი ხის და ლითონის ელემენტებით და ქმნის გადახურულ სივრცეს. აქვე, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის №16-01211412481 წერილზე, რომლის შინაარსის თანახმად, სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ...ის დასახლება მე-... მ/რ, ... კვ. კორპუსი №... მიმდებარედ 2155 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და განმარტა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო (რზ-2) ზონა.
მითითებულ მტკიცებულებათა (ორთოფოტო, ექსპერტიზის დასკვნა, ურბანულის წერილი) და მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ახსნა - განმარტებების არსებობის პირობებში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები, კერძოდ გ.ს-ის (უფლებამონაცვლე დ.ს-ი) მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დადასტურების ან უარყოფის ჭრილში. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
რაც შეეხება საქმეში წარდგენილ და სააპელაციო სასამართლოს მიერ ყურადღებაგამახვილებულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის №16-01211412481 წერილს, სადაც მითითებულია, რომ სადავო აღიარებამოთხოვნილ ტერიტორიაზე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო (რზ-2) ზონა, აღნიშნულზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თუ რა ნაწილში კვეთს სადავო ტერიტორია ზემოხსენებულ ზონას. ამდენად, საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს აღნიშნულზე და მხოლოდ შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს იმ მსჯელობას, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ახალი წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და აწ გარდაცვლილი გ.ს-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დ.ს-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, დ.ს-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 14 აპრილს (საგადახდო დავალება №...) საკასაციო საჩივარზე სს „ ...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და აწ გარდაცვლილი გ.ს-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დ.ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი